სავალუტო ჯოჯოხეთი რუსეთში - კვირის პალიტრა

სავალუტო ჯოჯოხეთი რუსეთში

"შავი ორშაბათის" შემდეგ მოსკოვის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გუშინ "შავი სამშაბათი" დადგა

საზოგადოებაში უკმაყოფილება დღითიდღე მატულობს. ქვეყანა, პრაქტიკულად, დეფოლტისა და სახალხო მღელვარების საფრთხის წინაშე დგას

რუსეთის სავალუტო ბირჟაზე ისევ პანიკაა. მიუხედავად ცენტრალური ბანკის მიერ ძირითადი საპროცენტო განაკვეთის 10,5%-დან 17%-მდე გაზრდისა, რუბლის კურსმა გუშინ მორიგი კატასტროფა განიცადა. "შავ სამშაბათს" ერთმა დოლარმა - 80 რუბლს, ევრომ კი 100 რუბლს მიაღწია. სავალუტო გადამცვლელ პუნქტებში ევროსა და დოლარის დეფიციტია, კომერციული ბანკები კი კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების გაზრდისთვის ემზადებიან.

რუსეთის ცენტრალური ბანკი საფინანსო ბაზარზე არსებულ სიტუაციას კრიტიკულად აფასებს.

გუშინვე "ბრენტის" ტიპის ნავთობზე ფასი 60 დოლარს ჩამოცდა, "ლაითის" მარკის ტეხასური ნავთობის ფასი კი 55 დოლარამდე დაეშვა. ამ დროს კი, როგორც რუსული მედია წერს, საზოგადოებაში უკმაყოფილება დღითიდღე მატულობს. ქვეყანა, პრაქტიკულად, დეფოლტისა და სახალხო მღელვარების საფრთხის წინაშე დგას. კურსის ცვალებადობის გამო სავაჭრო ობიექტები ფასების ცვლას ვერ აუდიან. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში უცხოურ ვალუტაში ვაჭრობა კანონით აკრძალულია, ზოგიერთმა მაღაზიამ პროდუქციის გაყიდვა უკვე დოლარში დაიწყო.

"შავი ორშაბათის" შემდეგ მოსკოვის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გუშინ "შავი სამშაბათი" დადგა. რუბლის კურსი იმდენად სწრაფად ეცემოდა, რომ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები ცნობების განახლებას ვერც ასწრებდნენ. ვაჭრობის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ევრო და დოლარი კიდევ უფრო გამყარდა და დღის მეორე ნახევარში ევრომ 92 რუბლს, დოლარმა კი - 74 რუბლს მიაღწია. უფრო მოგვიანებით ევროს კურსმა 100 რუბლს გადააჭარბა, დოლარმა კი - 80 რუბლს მიუკაკუნა. გუშინდელი ვარდნა დენომინირებული რუბლისათვის უპრეცედენტოა. რუსული ვალუტის მსგავსი მასშტაბის გაუფასურება 1998 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

რუსეთის ცენტრალური ბანკის 17 დეკემბრის რუბლის ოფიციალური კურსი კი დოლართან მიმართებაში 61,15-ია, ევროსთან - 76,15. რუბლის გუშინდელი რეკორდული ვარდნა ვერ შეაჩერა ვერც ცენტრალური ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ აუქციონზე გასაყიდად გამოტანილმა 10 მლრდ დოლარმა და ვერც ცენტრალური ბანკის 700 მლნ-იანმა სავალუტო ინტერვენციამ. ევროსა და დოლარის გამყარებას ხელი ვერ შეუშალა ვერც ძირითადი საპროცენტო განაკვეთის 10,5%-დან 17%-მდე ზრდამ.

სტატია ვრცლად იხილეთ