ტვირთად ქცეული საბანკო სექტორი - "ბანკი არაფერზე აგებს პასუხს, ყველაფერზე პასუხისმგებელი მომხმარებელია" - კვირის პალიტრა

ტვირთად ქცეული საბანკო სექტორი - "ბანკი არაფერზე აგებს პასუხს, ყველაფერზე პასუხისმგებელი მომხმარებელია"

"თუკი ტოტალური უმუშევრობაა და ეკონომიკა სულს ღაფავს, საბანკო სისტემა როგორ შეიძლება წარმატებული იყოს?!"

"თუ არ შეიცვალა ეროვნული ბანკის პოლიტიკა, ძალიან სუსტი სამთავრობო პოლიტიკის ფონზე, ადგილობრივი წარმოება არ განვითარდება"

ქვეყანაში ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას ეროვნული ვალუტის გაუფასურება კიდევ უფრო ართულებს. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში ის მოქალაქეები აღმოჩნდნენ, ვისაც ვალი ამერიკულ დოლარში აქვთ აღებული, ხელფასს კი ლარში იღებენ. საბანკო სექტორში კი, ყველაფერი რიგზე რომ არ არის, ამის საილუსტრაციოდ, თუნდაც, ბანკისგან დაზარალებული მრავალრიცხოვანი მეანაბრეების გამოუვალი მდგომარეობაც გამოდგება. თუმცა, ერთი შეხედვით, საბანკო სისტემა საკმაოდ მხნედ გამოიყურება და, უფრო მეტიც, ქვეყნის მდგრადობის ერთ-ერთ მყარ სეგმენტად მოიაზრება. არის თუ არა საბანკო სექტორში ჩაბუდებული სიმახინჯეები ეკონომიკის მუხრუჭის მაპროვოცირებელი?! - გვესაუბრება ანალიტიკოსი, დემურ გიორხელიძე.

- როგორც ცნობილია, მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა ჟურნალმა "The Banker", ევროპის 2014 წლის საუკეთესო ეროვნული ბანკის მმართველად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე დაასახელა. დღევანდელი საბანკო სისტემა სახელმწიფოს სიმყარის განმაპირობებელ ერთ-ერთ წარმატებულ მექანიზმად მოიაზრება. რა არის ის, რასაც ეფუძნება საბანკო სისტემის წარმატებულობა?

- როგორც წესი, ყველაფერი იზომება ეკონომიკის განვითარების ხარისხით, მოსახლეობის ცხოვრების დონით. ჩვენ გვაქვს დეფორმირებული ეკონომიკა. საექსპორტო პოტენციალი სერიოზულია, მაგრამ ღირებული არაფერი იქმნება. ჩვენი ექსპორტი ხილი, ღვინო და ავტომობილებია, რომელიც სხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს და მერე ვყიდით. 21-ე საუკუნეში ასეთ მწირ ექსპორტზე ვართ ჩამოკიდებულნი. რა პერსპექტივაზე შეიძლება ლაპარაკი. არცერთი ინსტიტუტი, რომელიც დამახასიათებელია დასავლური, ცივილური საბაზრო ეკონომიკისთვის, არ ფუნქციონირებს. ქვეყანა გაყოფილია. ძალიან მცირე ჯგუფი შესანიშნავად ცხოვრობს. სხვები კი მოწყვეტილნი არიან იმას, რომ თავისი ნიჭით, უნარით და შრომით სახელმწიფოსგან პერსპექტივაში მაინც მიიღონ სარგებელი. თუკი ტოტალური უმუშევრობაა და ეკონომიკა სულს ღაფავს, საბანკო სისტემა როგორ შეიძლება წარმატებული იყოს?!

- მოკლედ, ალოგიკურია, ეკონომიკის არცთუ სახარბიელო მდგომარეობის ფონზე ბანკი ძლიერდებოდეს...

- არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე საბანკო სექტორის მოძლიერება იმის შედეგია, რომ აწყობილია მახინჯი, ჩაკეტილი სისტემა. ბანკებს აქვთ სხვა ბიზნესების წარმოების, არაპროფილური აქტივების ფლობის უფლება. ბუნებრივია, ბანკები ამ უფლებას იყენებენ და აკეთებენ იმას, რისი გაკეთების უფლებასაც მათ ხელისუფლება, კანონი აძლევს. ამიტომაც გახდა საბანკო სექტორი ტვირთი ქვეყანაში, რადგან კაბალური პოლიტიკით, უსამართლო კონტრაქტებით, (რომელსაც ეროვნული ბანკი უნდა აკონტროლებდეს და თამაშის წესებს აწესებდეს), უმძიმეს მდგომარეობაში აყენებენ ადამიანებს. ბანკი არაფერზე აგებს პასუხს, ყველაფერზე პასუხისმგებელი მომხმარებელია. ამიტომაც არის, რომ წელს მათი მოგება ერთნახევარჯერ აღემატება გასული წლის მოგებას. ისინი არსებულ ფინანსურ ნაკადებს მათ მიერ დაფუძნებული, ან, მეგობარი ფირმების მეშვეობით მართავენ და ამუშავებენ. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ფულის გასესხება სხვა ანალოგიურ ბიზნესებში, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამას მათ ვერც მოსთხოვ, რადგან კლასიკური საბანკო საქმიანობა იგნორირაბულია. ჩვენს ქვეყანაში ბანკი უშუალოდ გახდა ბიზნესის მწარმოებელი.

- რამდენად ამუხრუჭებს მახინჯი საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარებას, თუნდაც, იქიდან გამომდინარე, რომ ე.წ. ,,სასარგებლო ფულს" ბანკი არ იძლევა. ანუ, მხოლოდ მათ აფინანსებს, ვისი დაფინანსებაც მათთვის ხელსაყრელია მოგების თვალსაზრისით.

- არა მხოლოდ ამუხრუჭებს. უფრო მეტიც, იგი სპობს ყველანაირ პერსპექტივას ეკონომიკის განვითარებისთვის. საქმე ის არის, რომ საბანკო სექტორი, იმპორტიორი ჯგუფები კოორდინატთა ერთ სისტემაში არიან მოქცეულნი. მათ არანაირად არ აძლევთ ხელს კონკურენციის არსებობა, ახალი ბიზნეს ჯგუფების გაჩენა, ადგილობრივი წარმოების განვითარება. თუმცა, ბანკს ვერ უსაყვედურებ, ამ მახინჯ სისტემაში რატომ ფუნქციონირებს. სისტემა აძლევს მათ ამის საშუალებას...

- საინტერესოა, ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ მახინჯი საბანკო სისტემა ეკონომიკისთვის სერიოზული მუხრუჭია? იქნებ, ფრთხილობს, რომ გარკვეულმა ბიძგებმა ნგრევა და ქაოსი არ გამოიწვიოს?

- ხელისუფლება ამ სისტემის ნაწილია. არაფერს არ ცვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგად გრძნობს თავს ამ სისტემაში. უფრო მეტიც, რეკლამირებასაც კი უკეთებს. ეს მაშინ, როცა რეალური შედეგი არ ჩანს. ყველაფერი შესანიშნავად იქნებოდა და არსებულ საბანკო პოლიტიკასაც გამართლება მოეძებნებოდა, რაღაც მაინც რომ იცვლებოდეს. შეუძლებელია, 16-მილიარდიანი ეკონომიკა გქონდეს, 70% აღწევდეს რეალური უმუშევრობა და ამბობდე, რომ საბანკო სისტემა ღერძია ეკონომიკის. თუ საბანკო სისტემა ქართული ეკონომიკის ხერხემალია, მაშინ ამ ეკონომიკის ფინიში უკვე გარანტირებულია. და ეს იქნება გამათხოვრებული ქვეყანა, რადგან ასეთ სისტემაში განვითარება ნულოვანია.

- ლარის კურსის ბოლოდროინდელი ცვლილებები, გარკვეულწილად, ამ კონტექსტში ხომ არ უნდა განვიხილოთ?

- სამარცხვინოა საქართველოს ეროვნული ბანკის ქმედებები, რომელიც რეგულირების ნაცვლად ამ პრივილეგირებულ ჯგუფებს ემსახურება და ქვეყანას ახვევს ლარის კურსს რამდენიმე ბანკის მოთხოვნის შესაბამისად. ისინი მალავენ იმფორმაციას დოლარზე ყოველდღიური მოთხოვნის შესახებ. არ აწესებენ იმ კურსს, რომელიც უნდა განისაზღვროს მიწოდებისა და მოთხოვნის რეალური მდგომარეობის საფუძველზე. მახინჯი თამაში ლარის კურსისა, ბანკებზე სესხების სრულიად უადგილო დროსა და ადგილას გაცემა, იმპორტიორების სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯები მიმართულია იქითკენ, რომ უპერსპექტივო გახადონ წარმოება ქვეყანაში. და როდესაც ამას პრემიერმინისტრი აქებს, რა თქმა უნდა, პრემიერმინისტრიც სერიოზულ შეცდომას უშვებს. თუ არ შეიცვალა ეროვნული ბანკის პოლიტიკა, ძალიან სუსტი სამთავრობო პოლიტიკის ფონზე ადგილობრივი წარმოება არ განვითარდება.

- რა ბერკეტები აქვს ხელისუფლებას ჯანსაღი საბანკო სისტემის შესაქმნელად... რამდენად შეზღუდულია ხელისუფლება, ჩაერიოს ამ სფეროში?

- არანაირი შეზღუდვა მთავრობას არ აქვს. საუბარია არა ბოლშევიკური მეთოდების გამოყენებაზე. არამედ პოლიტიკურ ნებაზე - საკანონმდებლო კუთხით გამაწონასწორებელი მექანიზმების ჩადებაზე. ჯერჯერობით, ვერ ვხედავ, რომ რომელიმე ხელისუფლებას დასავლური ორიენტაცია საქმეში გამოევლინოს. თუ დასავლურ სახელმწიფო მოდელს არ ავამოქმედებთ, საბაზრო ეკონომიკის მექანიზმს მოქმედებაში არ მოვიყვანთ, მხოლოდ სიტყვები ტყუილი ლაპარაკი იქნება და მეტი არაფერი. ეს ყველაფერი შედეგებიდანაც კარგად ჩანს. კარგი რომ იყოს არსებული საბანკო სისტემა, შედეგიც, შესაბამისად, დადებითი იქნებოდა.

ნონა ბურნაძე (სპეციალურად საიტისთვის)