რატომ ზრდის სილქნეტი ტარიფებს? - კომპანია ჩვენს სტატიას გამოეხმაურა - კვირის პალიტრა

რატომ ზრდის სილქნეტი ტარიფებს? - კომპანია ჩვენს სტატიას გამოეხმაურა

"ამ ინვესტიციების შედეგია ინტერნეტის სიჩქარეების ისეთი მკვეთრი მატება, რომელსაც მარტიდან ვგეგმავთ. იცვლება ინტერნეტისა და ტელევიზიის ფასები."

გასულ კვირას ჩვენს საიტზე გამოქვეყნდა სტატია "სილქნეტი ტარიფებს ზრდის - რატომ ხდება, რომ საქართველოში მომხმარებელი ყოველთვის მტყუანია?!", რის შემდეგაც გამოგვეხმაურნენ კომპანიიდან და ისურვეს იმ კითხვებზე, რაც სტატიაში იყო დასმული, წერილობით ეპასუხათ.

- რითია განპირობებული ასე რადიკალურად ტარიფების ზრდა, რომელიც 4 მარტიდან იგეგმება სილქნეტის მომხმარებლებისთვის და თვლით თუ არა, რომ მომხმარებელთა უფლებები უგულვებელყოფილია?

- დღეს მკვეთრად გაზრდილია მოთხოვნა ინტერნეტის სიჩქარეზე. იზრდება ინტერნეტში ჩართული მოწყობილობების რაოდენობა. ჩვენი აბონენტი ითხოვს სულ უფრო მეტ და მრავალფეროვან კონტენტს ტელე-სერვისზე. კომპანიამ ფეხი აუწყო ამ ახალ რეალობას და მოთხოვნებს. დებს მნიშვნელოვან ინვესტიციას და რესურს ამ მიმართულებით. მომხმარებელი 4 მარტიდან 100%-200%-ით მეტ ინტერნეტის სიჩქარეს მიიღებს თითქმის ყველა პაკეტში.

სწორედ ამ ინვესტიციების შედეგია ინტერნეტის სიჩქარეების ისეთი მკვეთრი მატება, რომელსაც მარტიდან ვგეგმავთ. იცვლება ინტერნეტისა და ტელევიზიის ფასები.

მაგალითად: ოპტიკურ მინიმალურ პაკეტში ინტერნეტის სიჩქარე 5მბ/წმ გაორმაგდება და 10მბ/წმ გახდება. მისი ფასი 20 ლარის ნაცვლად 26 ლარი იქნება. დსლ ინტერნეტის მომხმარებლებისთვის შეთავაზებული იქნება 6 პაკეტის ნაცვლად 3 - გაზრდილი სიჩქარეებით. მინიმალური სიჩქარე 1მბ/წმ მაგივრად 3მბ/წმ-მდეა...

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ჩვენს საიტზე იხილოთ.

არის პაკეტები, რომლის ტარიფი არ იცვლება. ეს არის "სტანდარტ" პაკეტი - ტელევიზიაზე. მისი ფასი კვლავ 9 ლარი იქნება. არ იცვლება ფასი მაქსიმალურ პაკეტში ოპტიკურ ინტერნეტზე. ასევე მნიშვნელოვან ფასდაკლებას იღებს მომხმარებელი, თუ რამდენიმე სერვისს გააერთიანებს და ერთ პაკეტში მოაქცევს. ასეთია სამმაგი შეთავაზების პაკეტები. ერთიანი პაკეტის არჩევით მომხმარებელი დაზოგავს საკუთარ ბიუჯეტს : 67 ლარის ნაცვლად 58 ლარს გადაიხდის, რაშიც შევა ინტერნეტი Drive 35 მბ/წმ, ტელევიზია Light , ტელეფონის სააბონენტო.

მომხმარებელს აქვს საშუალება თავად შეარჩიოს სხვადასხვა კომბინაცია და "ორმაგი შეთავაზების" პაკეტი დააკომპლექტოს ინტერნეტის და ტელევიზიის სასურველი პაკეტებით: თუ არ სურს 35 მბ/წმ, შეუძლია მინიმალური, 10 მბ/წმ სიჩქარე შეარჩიოს და ტელე-პაკეტებიდანაც მინიმალური პაკეტით, რომლის ფასი 9 ლარია, ისარგებლოს.

აღნიშნული ცვლილების თაობაზე თითოეულ მომხმარებელს ეცნობა სმს შეტყობინებების გზით და ტელე-ამონათებით. სილქნეტის ოფიციალურ საიტზე დეტალურად არის განმარტებული ახალი პაკეტები და ფასი. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი. მუდმივი ინტერაქტივით მიმდინარეობს სილქნეტის "ფეისბუკის" გვერდზე სიახლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

- აქციის ვადის ამოწურვისას, ანუ, აქციის ბოლო დღეს, მომხმარებლის დარეკვის და მოთხოვნის შემთხვევაშიც კი, რატომ არ თუ ვერ ხერხდება აქციის შეჩერება მანამ, სანამ არ ჩაირთვება სტანდარტული ტარიფები იმ პაკეტების, რომლითაც მომხმარებელი აქციის პერიოდში სარგებლობდა? ოპერატორის პასუხი, რომ ეს პროგრამას არ შეუძლია და მხოლოდ გააქტიურების შემდეგ არის შესაძლებელი ცვლილებების შეტანა, მომხმარებელთა ნაწილს არ აკმაყოფილებს...

- კომპანია სილქნეტი უზრუნველყოფს აქციის მოქმედების ვადის, ასევე აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდგომ მოსალოდნელი დარიცხვების შესახებ აბონენტების წინასწარ სრულ ინფორმირებას, როგორც მომსახურებაზე რეგისტრაციისას, ასევე ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას. დამატებით უზრუნველყოფს აბონენტების წინასწარ გაფრთხილებას სმს შეტყობინებების გზით, რაც, აბონენტს აძლევს შეუზღუდავ უფლებას, აქციის ვადის დასრულების შემდგომ, გააკეთოს არჩევანი აქციის პირობებით შერჩეული პაკეტის გაგრძელებაზე ან გაუქმებაზე, ან სხვა პაკეტით შეცვლაზე.

იხილეთ ასევე