ლარის 2 საშველი - კვირის პალიტრა

ლარის 2 საშველი

"მოსალოდნელია, რომ ტურიზმი გაზაფხულზე გამოცოცხლდეს, მაგრამ გაზაფხულამდე როგორმე უნდა მივაღწიოთ"

ლარის კურსი გაუფასურების ახალ რეკორდებს ხსნის. პარასკევის ვაჭრობის შემდეგ, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, 1 დოლარი უკვე 2,17 ლარი ღირს. ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში კი დოლარი კიდევ უფრო ძვირად იყიდება. გაგრძელდება თუ არა ლარის კურსის ვარდნა და რა შეაჩერებს ეროვნულ ვალუტას? - ახლა საზოგადოებას ყველაზე მეტად ეს კითხვები აწუხებს, მთავრობას კი პასუხად ის აქვს, რომ ვითარება მარტივი არ არის, მაგრამ გამოსწორებას ექვემდებარება.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ლარის კურსის დასტაბილურებისთვის მთავრობა სავალუტო ფონდს დამატებით თანხას სთხოვს. ჯერ არ არის ცნობილი, რა მოცულობის სესხის აღებას აპირებს აღმასრულებელი ხელისუფლება, თუმცა, გეგმავენ, რომ ეს თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩადონ(?!). საერთაშორისო სავალუტო ფონდში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ მისია საქართველოში 23 თებერვალს ჩამოვა და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა კონკრეტული დეტალები. ზოგადი კომენტარებით შემოიფარგლებიან ხელისუფლებაშიც და გვპირდებიან, რომ ეროვნულ ბანკთან კოორდინირებული მუშაობით ამ პრობლემას მალე გადაჭრიან. ამ დროს, მხოლოდ ბოლო 6 თვეში, ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ უკვე 24,8%-ით გაუფასურდა. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში, უკრაინული გრივნა გაუფასურდა 108%-ით, რუსული რუბლი - 61,6%-ით, სომხური დრამი - 17%-ით, ხოლო თურქული ლირა - 10%-ით. მეზობლად მიმდინარე პროცესები დამშვიდების საფუძველს ნამდვილად არ გვაძლევს. საგარეო ფაქტორებთან ერთად, ლარის კურსის შემცირებაზე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც ზემოქმედებს.

მთავრობამ უკვე აღიარა, რომ წლეულს დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის 5%-იან მაჩვენებელს გადახედავს და რადგან ლარის გაუფასურებამ უარყოფითი გავლენა იქონია მოქალაქეების ჯიბეებსა და კომპანიებზე, მზად არიან, ქამრები შემოიჭირონ.

რამდენით და როდის შეამცირებს მთავრობა ადმინისტრაციულ ხარჯებს, მომავალში გამოჩნდება, თუმცა, ლარის მსყიდველობითი უნარის შემცირებამ მოქალაქეებსაც და კერძო სექტორსაც ქამრების შემოჭერა უკვე აიძულა.

ლევან კალანდაძე, ეკონომიკის ექსპერტი: "ლარის გაუფასურება როგორმე უნდა შეჩერდეს. დაშვებულია შეცდომები ხელისუფლების მუშაობაში: არ არის საკმარისი კოორდინაცია ეროვნულ ბანკსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, გვიანდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მაგალითად, ეროვნულმა ბანკმა დაგვიანებით დაიწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და თავად აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ აჰყვა ეროვნულ ბანკს ამ ქმედებებში. ეს პრობლემები უნდა მოიხსნას და ეროვნულმა ბანკმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სინქრონულად იმუშაონ. ფორსირებულად, დაჩქარებული ტემპით უნდა გადაწყდეს ორი მთავარი საკითხი: ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, უნდა გააკეთოს მოზომილი სავალუტო ინტერვენციები; აღმასრულებელმა ხელისუფლებამ 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული გრანტებისა და კრედიტების პირველი ტრანშები მაქსიმალურად დროულად უნდა მოიზიდოს და აითვისოს. მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რომ სავალუტო ფონდს მიმართავენ დასახმარებლად და ამ თანხას ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩადებენ. ვფიქრობ, ეს არასწორია, რადგან, ჯერ ერთი, ჩვენ 2015 წლის ბიუჯეტით ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის უკვე გამოყოფილი გვაქვს თანხები და ზეგეგმური თანხების გამოყოფაზე რატომ არის საუბარი წლის დასაწყისში, გაუგებარია. ჯერ ის თანხები ავითვისოთ და მერე ვისაუბროთ, დაგვჭირდება თუ არა წლის ბოლოს დამატებით რამე. მეორეც, სავალუტო ფონდი არასოდეს გამოყოფს თანხას ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. სავალუტო ფონდის მიზანია თანხის, კრედიტის გამოყოფა ლარის სტაბილურობისთვის, სავალუტო რეზერვის შესავსებად და საბიუჯეტო პროცესის სისტემური მხარდაჭერისთვის.

აუცილებელია ვალუტის შემოსვლის მაქსიმალურად გაზრდა, რაც ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობაა. ასე უცებ ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს ვერ გავზრდით, ვერც რუსეთიდან და უკრაინიდან გადმორიცხვების რაოდენობას შევცვლით. მოსალოდნელია, რომ ტურიზმი გაზაფხულზე გამოცოცხლდება, მაგრამ გაზაფხულამდე როგორმე უნდა მივაღწიოთ. შესაბამისად, ჩვენთვის მთავარია, მსხვილი საინვესტიციო პროექტები მაქსიმალურად მოკლე ვადებში დავძრათ და ავამოქმედოთ, მათ შორის არის ხუდონჰესი, ანაკლიის პორტი და სხვ.

თუ ეს ყველაფერი არ გაკეთდება, მაშინ ლარის მცურავი კურსი გადაიზრდება ნახტომისებურ კურსში, რაც ინფლაციას გაზრდის, ხოლო ცხოვრების გაძვირება საბოლოოდ კრიზისში შეგვიყვანს.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "იქიდან გამომდინარე, რომ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, ვფიქრობ, ლარის კურსის ვარდნა ძალიან რთულად აისახება კომპანიებზე, რადგან მათ ბუნებრივად უჩნდებათ ფასების მომატების საჭიროება. ძალიან ბევრი კომპანიაა მიბმული სახელმწიფო შეკვეთებზე და იქ ფასები ლარში ფიქსირდება, მათ შორის - ტენდერებში. ეს კომპანიებს პრობლემებს შეუქმნის, შემდეგ კი ეს ყველაფერი მომხმარებელზე აისახება, რაც გადაიზრდება ძალიან სერიოზულ სოციალურ პრობლემატიკაში. უარყოფითი მოვლენების მთელ ჯაჭვთან გვექნება საქმე, რომელთა შორის, ალბათ, ყველაზე მძიმე მაინც სოციალური რისკებია, რაც, სამწუხაროდ, გარდაუვალია. ვფიქრობ, ხელისუფლება ვალდებულია, სიცოცხლის უფლებით უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ინფლაციის პროპორციულად უნდა მოახდინოს მათი მწირი შემოსავლების - პენსიების, დახმარებების, შემწეობების ინდექსაცია. მართალია, ეკონომიკურად ეს არ არის სასარგებლო და გამართლებული ნაბიჯი, მაგრამ არსებობს მორალური ვალდებულებები... ასევე, იმის გამო,  რომ რეგიონებში უინიციატივობა და სრული უუნარობაა ვერ ხორციელდება საინვესტიციო პროექტები. რაც ლარის კურსს ურტყავს...

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ გარდაუვალია ბუნებრივი აირის ტარიფების გაძვირება და ეს ალბათ, ენერგოტარიფებზეც აისახება.

გარკვეულ ეტაპამდე, კომპანიებთან მოლაპარაკების გზით, მთავრობა ენერგორესურსების გაძვირებას შეაჩერებს, თუმცა, ხანგრძლივად წაგებაზე არავინ იმუშავებს. თეორიულად, ერთადერთი, რასაც ინფლაციური მოვლენები ხელს უწყობს, ექსპორტია, მაგრამ ჩვენ საექსპორტო პროდუქცია, ფაქტობრივად, არ გვაქვს...

მთავრობა სავალუტო ფონდიდან მიღებული თანხით აპირებს ვითარების დასტაბილურებას. ამაში არის ლოგიკა - ნაღდი ფულით ვალუტის შემოსვლა ნაწილობრივ გააუმჯობესებს სავალუტო ბაზრებზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსს და შემდგომ დევალვაციას შეაფერხებს ან შეარბილებს, მაგრამ ეს არის ერთჯერადი ღონისძიება და ასე პროცესი არ შეჩერდება.

მოზიდული თანხა დაიხარჯება და გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემა არ გადაიჭრება. ისევე როგორც არ გადაიჭრება პრობლემა ეროვნული ბანკის ინტერვენციებით. ერთადერთი გზა არის ნორმალური, ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობების დამკვიდრება. მთლიანად სისტემური მიდგომა, ეკონომიკური ხედვაა შესაცვლელი, რათა რაღაც დროის შემდეგ სტაბილიზაცია მივიღოთ. ხელისუფლებამ არ უნდა იმოქმედოს პრობლემის გადაგორების პრინციპით. ლარის გაუფასურების პრობლემა შეიძლება ერთი-ორი თვით შეაჩერო, მაგრამ ორი თვის შემდეგ უარესი პრობლემა მიიღო.

ირაკლი ლექვინაძე, ეკონომიკის ექსპერტი: "წლეულს როგორი წელიწადი გვექნება, ორ მთავარ პირობაზეა დამოკიდებული: პირველია საგარეო შოკები და ეკონომიკური განვითარების ტემპი; მეორე არის ქვეყნის შიდასაინვესტიციო აქტივობა. ამ პირობებზეა დამოკიდებული ლარის კურსის სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც. ამ გადასახედიდან, 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ძალიან სათუო და თითქმის შეუძლებელია, რადგან საგარეო ფაქტორების დინამიკა კვლავ უარყოფითია, ის ასახულია ექსპორტზეც და ფულად გზავნილებზეც. მიუხედავად იმისა, რომ რუსული რუბლი ახლა შედარებით სტაბილურია, კრიზისის პიკს მარტში ელოდებიან. პრობლემები მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანაშია, რომლებიც რუსეთზე არიან დამოკიდებული ექსპორტით, ტურიზმითა და ვაჭრობით. ახლახან დუბაიში ვიყავი და იქაც ტურისტების ნაკლებობაა. ამბობენ, რომ დიდი ჩავარდნა აქვთ, რადგან რუსეთიდან ფულის მხარჯველები შემოაკლდათ. საგარეო გამოწვევებისთვის მაქსიმალურად მზად უნდა ვიყოთ და კარგად გათვლილი ნაბიჯებით ლარის კურსი უნდა დავასტაბილუროთ.

მეორე აუცილებელი ნაბიჯი საინვესტიციო პროექტებია.

რაც უნდა ვილაპარაკოთ, რომ ტურიზმი უნდა გააქტიურდეს და საექსპორტო ქვეყნების დივერსიფიკაცია მოხდეს, ამას სჭირდება დრო და შესაბამისი პროდუქტები.

შეიძლება მოთხოვნა გქონდეს, მაგრამ პროდუქტიც უნდა გიწყობდეს ხელს. ეს გრძელვადიანი საკითხებია. ამიტომ მოკლე ვადაში რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, სწორედ საინვესტიციო პროექტებია.

შარშან რიგი გადაწყვეტილებები დაგვიანდა და ეს სწორედ ახლა, დღეს გვიქმნის პრობლემას. ეს თემები უნდა გააქტიურდეს და ბოლოში გავიდეს, რათა ქვეყანაში კაპიტალის შემოდინება დაიწყოს.

სავალუტო ფონდის სესხი, ჩემი აზრით, უფრო რეზერვების შევსებასა და გამყარებას მოხმარდება, ვიდრე ინფრასტრუქტურაში ფულის ჩადებას. ერთი რამეც არის გასათვალისწინებელი: უკრაინასა და რუსეთში კრიზისია, მაგრამ ამ ქვეყნებიდან კაპიტალიც მეტ-ნაკლებად გადის და თავისუფალ გარემოს ეძებს. ამ ვითარების გამოყენებაც უნდა შევძლოთ. ევროპასთან ასოცირებაც შესაძლებლობას გვაძლევს, დამატებით უპირატესობაზე ვისაუბროთ. ამ ორ მთავარ თემას ექნება გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე 2015 წელს. თუ ზემოხსენებული პირობები შესრულდა, ლარის კურსი დოლარის მიმართ საკმაოდ დაიწევს. ვფიქრობ, რაც გასულ კვირას ლართან დაკავშირებით მოხდა, ცოტა აჟიოტაჟური პროცესების ბრალი იყო. ეს იგრძნობოდა ბლუმბერგის პლატფორმაზეც (რის მიხედვითაც ოფიციალურ კურსს ადგენენ) და სავალუტო ჯიხურებშიც, რადგან დიდი იყო შუალედი დოლარის ყიდვა-გაყიდვის კურსს შორის.

ინფორმაციის დროული მიწოდება აუცილებელია, რადგან ბაზარი ამაზე მყისიერად რეაგირებს. მთავრობამ უნდა უთხრას საზოგადოებას, არსებობს თუ არა ეკონომიკური გეგმა, ხედვა, რომ ეკონომიკური გუნდი ერთიანია.

აუცილებლად უნდა შეჩერდეს უაზრო კანონპროექტები, რაც აჩენს გარკვეულწილად ნეგატიურ მოლოდინს. მათ შორის შრომის ინსპექციის შესახებ, მიგრაციის შესახებ, ვიზებთან დაკავშირებითაც არსებობს ბარიერები. ეს არის სწრაფად მოსაგვარებელი საკითხები და ამაშიც უნდა იყოს მეტი ერთიანობა და კოორდინირება.

არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ პარლამენტში ერთს განიხილავდნენ, ხოლო მთავრობაში მეორეზე იყოს საუბარი".