ვინ სარგებლობს ლარის დევალვაციით? - კვირის პალიტრა

ვინ სარგებლობს ლარის დევალვაციით?

მხოლოდ 2014 წლის დეკემბრის თვეში, კომერციული ბანკების საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 23 მლნ ლარი შეადგინა

1 ნოემბრიდან დღემდე ეროვნულმა ვალუტამ 24%-იანი დევალვაცია განიცადა. ლარის დევალვაციამ სესხების მაღალი დოლარიზაციის გამო საზოგადოების დიდი ნაწილის დაზარალება გამოიწვია. გარდა ამისა, მოხმარებაში იმპორტირებული საქონლის მაღალი წილის გამო, დევალვაცია იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდას იწვევს, რაც კიდევ უფრო აზარალებს მოსახლეობას.

ამ ფონზე არის საბანკო სექტორი, რომელიც ლარის კურსის დევალვაციის შედეგად მოგებული რჩება. ბანკების შემოსავლის წყაროს წარმოადგენს საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლები. არასაპროცენტო შემოსავლები კი თავის მხრივ იყოფა საკომისიოდან მიღებულ შემოსავლებად და საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულ წმინდა მოგებად. 2014 წელს ბანკებმა საკომისო შემოსავლებიდან 284 მილიონი ლარი მიიღეს, ხოლო საკონვერსიო ოპერაციებიდან 118 მილიონი. საკონვერსიო ოპერაციები ნიშნავს ვალუტის ყიდავა-გაყიდვის ოპერაციებს. საბანკო სექტორის ზრდასთან ერთად შემოსავლებიც იზრდება, თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ლარის დევალვაციის პარალელურად, ბანკების მიერ ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები საკმაოდ გაიზარდა. 2014 წლის მონაცემებით, თუ საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებული წმინდა მოგება თვეში საშულოდ 9 მილიონზე ოდნავ მეტს შეადგენდა, დეკემბრის თვეში ბანკების შემოსავალი აღნიშნული წყაროდან მკვეთრად გაიზარდა და 23 მილიონი ლარი შეადგინა.

საინტერესოა, რა განაპირობებს ბანკების ასეთ მაღალ მოგებას ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შედეგად."ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტი, ნოდარ ჭიჭინაძე ბანკების მიერ ასეთ მოგების მიღების მიზეზად კურსის დადგენის არსებულ მექანიზმს მიიჩნევს, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს.

"კურსის დადგენის მთავარი პრობლემა იმ მექანიზმში მდგომარეობს, რომელიც დღეს საქართველოშია. კერძოდ, არის დახურული სავალუტო ბირჟა, სადაც მხოლოდ ბანკებს აქვთ მონაწილეობის უფლება და მხოლოდ მათი ვაჭრობის შედეგად დგინდება კურსი მაშინ, როდესაც განვითარებული ფინანსური სისტემის მქონე ქვეყნებში სავალუტო ბირჟაზე მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც ბანკებს, ისე სხვადასხვა ტიპის ფინანსურ ორგანიზაციებს – სადაზღვევოებს, ექსპორტიორ და იმპორტიორ კომპანიებს და ფიზიკურ პირებსაც. ქვეყანაში საკურსო პოლიტიკის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს სისტემა არის დახურული და ხელმისაწვდომია მხოლოდ ბანკებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბანკები ამ შემთხვევაში უკანონოდ არ მოქმედებენ, ფაქტია, რომ ამ გზით ძალიან დიდ შემოსავალს იღებენ – 2014 წლის მთელი მოგების მეოთხედი არის უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვით მიღებული მოგება," - აცხადებს ჭიჭინაძე.

იხილეთ სრულად