როგორ აპირებს მთავრობა ლარის სტაბილიზებას?!- ინტერვიუ ეკონომიკის მინისტრთან - კვირის პალიტრა

როგორ აპირებს მთავრობა ლარის სტაბილიზებას?!- ინტერვიუ ეკონომიკის მინისტრთან

საქართველოს ეკონომიკას ჩინური  ინვესტიციები "დაქოქავს"?!

"ჩინეთის საერთაშორისო გადატვირთვების 1%-იც რომ წამოიღოს საქართველომ თავის სატრანსპორტო კორიდორში, ფაქტობრივად, ტვირთბრუნვა გაორმაგდება"

ცოტა ხნის წინ საქართველოსა და ჩინეთს შორის პროექტ "ახალი აბრეშუმის გზა - ეკონომიკური სარტყელის" ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. პეკინში ვიზიტად მყოფმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეთანხმებას ისტორიული უწოდა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელშესაწყობად შექმნილია "აბრეშუმის გზის განვითარების ფონდი" 40 მილიარდი აშშ დოლარის კაპიტალით. ფონდის დანიშნულებაა მონაწილე ქვეყნების მსხვილ საინვესტიციო პროექტებში ჩართვა. ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრა" ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ესაუბრა.

- მოდი, ეს საკითხი ორ ნაწილად გავყოთ: როგორია საქართველოდან და როგორია ჩინეთიდან დანახული პერსპექტივები? საქართველოს აქვს გამორჩეული გეოგრაფიული მდებარეობა, ფაქტობრივად, ჭიშკარია ევროპისთვის აზიისკენ და პირიქით. გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ყველა მეზობელთან და გასული წლის შემდეგ, უკვე ევროკავშირთანაც. ჩვენ გვაქვს რეალურად დაბალი გადასახადები.

საქართველოში არის სტაბილური გარემო, გამოვირჩევით დემოკრატიის ხარისხით, გვაქვს კორუფციის დაბალი დონე და მარტივი ბიზნესგარემო. ყოველივე ამის გათვალისწინებით, საქართველო განიხილება, როგორც ძალიან საინტერესო ადგილი. ამ თვალსაზრისით, ჩვენგან დანახული ჩინეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის.

დღემდე ჩვენი ეკონომიკური აქტივობა მიმართული იყო მეზობელი ქვეყნებისკენ, შუა აზიის, ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ისკენ, გამომდინარე ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობებიდან. ჩინეთთან ურთიერთობა საკმაოდ შეზღუდულ ჩარჩოებში მიმდინარეობდა. ჩინეთის ეკონომიკურად გააქტიურება ამ რეგიონში კარდინალურად ცვლის სურათს.

ჩინეთის საერთაშორისო გადატვირთვების 1%-იც რომ წამოიღოს საქართველომ თავის სატრანსპორტო კორიდორში, ფაქტობრივად, ტვირთბრუნვა გაორმაგდება.

ამიტომ ჩვენი მიზანია, ჩინეთი დავაინტერესოთ და მეტიც, ტვირთი გადაზიდოს საქართველოს მეშვეობით. გასულ თვეში პირველი კონტეინერმზიდი მატარებელი მივიღეთ ჩინეთიდან, რომელიც საკმაოდ მოკლე დროში, 9 დღეში ჩამოვიდა. ასევე უნდა დავაინტერესოთ ჩინეთი ჩვენი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით ევროკავშირთან, რათა საქართველო ლოგისტიკურ და საწარმოო ჰაბად გამოიყენოს. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი ვიზიტი ჩინეთში.

ჩვენგან დანახული პერსპექტივა კარგად ემთხვევა ჩინეთიდან დანახულს. ეს უკვე გამოიხატა შარშან ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებაში "ახალი აბრეშუმის გზა - ეკონომიკური სარტყელის" აღდგენის შესახებ. რატომღაც ობივატელის დონეზე მიჩნეულია, რომ საქართველო არის ერთადერთი გზა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ასე არ არის. თუ წარმოვიდგენთ ევრაზიას გულად, გარშემორტყმულს კორონარული არტერიებით, მათ შორის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოზე გადის. ჩვენი ვალია, ეს არტერია იყოს მაქსიმალურად გახსნილი, მარტივი, ქმედუნარიანი და დანახარჯების თვალსაზრისით ეფექტური. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს ხელშეკრულება, რომელიც ეკონომიკური სარტყელის შესახებ ინიციატივის პირდაპირი გამოძახილია.

ჩინეთი ე.წ. ვერტიკალურად იმართება. პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ვთქვათ, ეკონომიკური აქტივობის ექსპანსია მოხდეს კონკრეტული მიმართულებით, ვერტიკალურად გადაეცემა შესაბამის სტრუქტურებს. ეს სტრუქტურები კი გახლავთ ვაჭრობის სამინისტრო, რომელიც ფაქტობრივად ეკონომიკის სამინისტროა, და ფონდები, რომლებიც აბრეშუმის გზის განვითარებისთვის შეიქმნა. 40-მილიარდიანი "აბრეშუმის გზის განვითარების ფონდის" გენერალურ დირექტორთან შეხვედრა ძალიან კარგი შედეგით დასრულდა. პირდაპირ გამოიხატა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ამ ფონდის მიერ დაფინანსების სურვილი.

- რა პირობებით დაფინანსდება ეს პროექტები, პრიორიტეტებს თავად ფონდი განსაზღვრავს? ასევე საინტერესოა, ფონდიდან წამოსული თანხა, სესხი, ინვესტიცია თუ რამე სხვა სახის დაფინანსება იქნება?

- ჩვენ გამოცხადებული გვაქვს ინტერესთა გამოხატვა საქართველოს ინტეგრირებული სივრცითი დაგეგმარების პროექტზე, რაც ნიშნავს, რომ მთლიანად საქართველო - მისი რეგიონული და სხვადასხვა ქალაქის ურბანული განვითარების დინამიკის, ქვეურბანული სტრუქტურის გათვალისწინებით, დაიგეგმოს სოციალური, ეკონომიკური და ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ანუ, გაკეთდეს საქართველოს რეგიონულად ინტეგრირებული მასტერპლანი. როცა ვხედავთ, რომ რეგიონში გასაკეთებელია რომელიმე გზა ან გვირაბია ასაშენებელი, და ყველაფერი ეს ამოვარდნილია კონტექსტიდან, მასტერპლანი სწორედ ამისთვის არის საჭირო. ჩვენ უნდა გვქონდეს როგორც მთლიანი ხედვა ქვეყნის მასშტაბით, ასევე იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება ესა თუ ის ქალაქი, რა დინამიკა გვაქვს, აქედან გამომდინარე, რა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დასჭირდება და ეს კონკრეტული ეკონომიკები როგორ უნდა დაუკავშირდნენ ერთმანეთს, როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმი და სხვ. ამიტომ უნდა შეიქმნას პროექტების ერთიანი დიდი პორტფელი, რომელიც უკვე მზად იქნება ფინანსურ ინსტიტუტებში მიმართვისთვის. ამ სივრცითი დაგეგმარების პროექტისთვის სახელმწიფო კომისიაა შექმნილი და მისი თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი. მასში შედიან როგორც ცენტრალური, ასევე მუნიციპალური რგოლების წარმომადგენლები.

ამ პორტფელებით ჩვენ ინვესტიციები უნდა მოვიზიდოთ და ეს არ იქნება მხოლოდ სესხები. სახელმწიფომ სიმძიმის ცენტრი მაქსიმალურად უნდა გადაიტანოს კერძო სექტორისკენ. აი, აქ ჩნდება უკვე ჩინეთის ეკონომიკური ინტერესი იმ კუთხით, რომ ამ ფონდმა უნდა მიიღოს კაპიტალში მონაწილეობა. იქ, სადაც კერძო სტრუქტურა მარტო მოერევა ამოცანას, სადაც იქნება კომერციულად ნაკლებად მიმზიდველი, მაგრამ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტები, სახელმწიფო სუვერენული დაფინანსებით, სხვადასხვა ინსტიტუტიდან მოზიდული ფულით განახორციელებს ამ პროექტებს. მთლიანობაში, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად დაქოქავს მთელ ეკონომიკას. ყოველი დახარჯული ლარი აუცილებლად მოიტანს უკუგებას.

- ორი ქვეყნის სამომავლო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ითვალისწინებს თუ არა შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ?

- ვაჭრობის მინისტრთან ხელი მოვაწერეთ განცხადებას, რათა დაიწყოს ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის ერთობლივი კვლევა. ორივე მხრიდან შექმნილ ექსპერტულ ჯგუფებს დიალოგი დაწყებული აქვთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო იქნება. კარგად უნდა შევაფასოთ, ამა თუ იმ ბიზნესსფეროში რა პერსპექტივებს გაგვიხსნის ასეთი ვაჭრობის შესაძლებლობა. თავის მხრივ, ჩინეთიც შეაფასებს და მომავალში ეს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით უნდა დაგვირგვინდეს. ეს წინადადება ჩინეთში ჯერ კიდევ შარშანდელი ვიზიტისას გაკეთდა, რათა ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზარზე შესვლის ბარიერები დაგვეწია. გადასახადი, რომელსაც დღეს ქართული ღვინო ჩინურ ბაზარზე შესასვლელად იხდის, ძალიან მაღალია. უმეტესი ქვეყნებისთვის ასეა, ჩილეს გარდა, რომელთანაც ჩინეთს სავაჭრო შეთანხმება აქვს.

- ვის უფრო აძლევს ხელს ეს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, ჩვენ თუ ჩინეთს? ღვინის გარდა, კიდევ რა შეიძლება გავიტანოთ ჩინეთის ბაზარზე?

- საბოლოოდ, ეს მიზანშეწონილობის კვლევამ უნდა განსაზღვროს. მე ღია ეკონომიკის მომხრე ვარ, თუ თამაშის წესები არის დაცული. თუ ორიენტირებული ხარ იმ წარმოების განვითარებაზე, რომელსაც მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი აქვს და თუ ეკონომიკის სამინისტრო და ქვეყანა არის მოწოდების სიმაღლეზე, რომ საკუთარი ექსპორტიორების ინტერესები დაიცვას, მაშინ ქვეყანაში დასაქმების ზრდის გაცილებით მაღალი პოტენციალია.

- გავრცელებული ცნობით, ჩინური სახელმწიფო ენერგოკომპანია Power China ანაკლიის პორტის მშენებლობას 6 თვეში დაიწყებს და ამისთვის ჩინური მხარე 5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მოიზიდავს. ამავე ცნობის მიხედვით, პორტის სიმძლავრე წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება. ხომ არ შეუშლის ხელს ის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულად დატვირთვას?

- მე შევხვდი ამ სოლიდური კომპანიის ხელმძღვანელებს ჩინეთში. ის მსოფლიო ჰიდროელექტროსადგურების 50%-ზე მეტს ფლობს და ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, წინასწარ ვთქვათ, რომ ეს კომპანია პორტის მშენებლობას დაიწყებს. ანაკლიის პორტის თაობაზე ჩვენ ინტერესთა გამოხატვა არ დაგვიმთავრებია. მეორე ეტაპზე რამდენიმე კომპანია გადავიდა და არაეთიკური და კანონსაწინააღმდეგო იქნებოდა ასეთი რამის თქმა. მხოლოდ და მხოლოდ კომისიას, რომლის თავმჯდომარეც პრემიერ-მინისტრია, უფლება აქვს, გამარჯვებული გამოავლინოს.

რაც შეეხება ტვირთბრუნვას, წელიწადში 100 მილიონი ტონა არ არის ხვალინდელი პერსპექტივა.

პირველ ეტაპზე პორტის სიმძლავრე იქნება 500 ათასი TEU (20-ფუტიანი კონტეინერი). 3 წელიწადში ამ მოცულობის გაორმაგება იგეგმება. კიდევ 4 წლის შემდეგ ტვირთბრუნვა 1,5 მილიონ TEU EU-მდე გაიზრდება. ჩინეთის პოტენციალის გათვალისწინებით, რომ ეს მარშრუტი გამოიყენოს, გეგმა რეალურია.

უკვე 12 წლის თავზე საუბარი იქნება ტვირთბრუნვის 3 მილიონ TEU-მდე გაზრდაზე, რაც დაახლოებით 40-42 მილიონი ტონაა.

შემდეგ კი ნებისმიერი გაფართოება დამოკიდებულია მიზანშეწონილობის კვლევაზე, რომელსაც საერთაშორისო კომპანია ჩაატარებს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა კი არ შეუშლის ხელს, პირიქით, რაც მეტი ასეთი სატრანსპორტო არტერია გავა ქვეყანაზე, მით მეტად გაიზრდება ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა.

- საქართველოს მთავრობა საუბრობს 3-ნაწილიან გეგმაზე, რომელიც მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ამოცანებს ისახავს. მაგალითად, მოკლევადიანი გეგმა გულისხმობს დაჩქარებულ პრივატიზაციას, ტურიზმის წახალისებას, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას და სხვ. თუ 3-ნაწილიანი გეგმით გათვალისწინებული ზოგიერთი პუნქტი, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ვერ შესრულდება, თუ არის შეგულებული სანაცვლოდ რამე ღონისძიებები (ან ერთგვარი გეგმა-ბ), რომელიც ასეთ შემთხვევაში ამოქმედდება?

- გეგმის პირველი ნაწილი მოგვცემს მოკლევადიან პერსპექტივაში სავალუტო სტაბილიზაციის ეფექტს. შემდეგი ეტაპები უფრო ქვეყნის განვითარების სტრატეგიასთან არის კავშირში, როგორიც არის ექსპორტის და ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების წახალისება. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, უამრავი ობიექტი მოვამზადეთ საპრივატიზაციოდ, გამოვიტანეთ კიდეც, ნაწილიც მზადდება. აქამდე რატომ არ ვახორციელებდით პრივატიზაციას?

შარშან 100 მილიონი ლარი შემოვიდა პრივატიზაციიდან, რაც ცოტა არ არის. გაჩერებული არ ვყოფილვართ, უბრალოდ, ძალისხმევის გაორმაგებაზეა ლაპარაკი. 100%-ით, რა თქმა უნდა, არაფერი სრულდება.

თუ დანაკლისი გვექნება საპრივატიზაციო მიმართულებით, სათადარიგო გეგმაც გვაქვს. შესაძლოა, ტურიზმით დავაბალანსოთ, შესაძლოა, უფრო მეტი ვალუტის შემოტანა მოხდეს დონორების დაფინანსებით და ინფრასტრუქტურული პროექტების ზესაბიუჯეტო პორტფელის უფრო გაზრდით. რამდენიმე გზა არსებობს, თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იმ ობიექტების მიმზიდველობა, რომლებიც საპრივატიზაციოდ შევარჩიეთ, საკმაოდ მაღალია.

- 2014 წელს პირდაპირი ინვესტიციები გაიზარდა, მაგრამ ეკონომისტები ამბობენ, რომ მილიარდ დოლარზე მეტი დაბანდება საქართველოს ეკონომიკის სტაბილური განვითარებისთვის საკმარისი არ არის და ასახელებენ 4-5 მილიარდს. თქვენი შეფასებით, რამდენია საქართველოს ეკონომიკის მინიმალურად აუცილებელი ინვესტიციების ყოველწლიური მოცულობა?

- 4-5 მილიარდი რომ კარგია, ვეთანხმები, მაგრამ გასულ წელს ამის მიღება წარმოუდგენელი იყო. ქვეყანას ყოველთვის აქვს კაპიტალის განსაზღვრული მოცულობის შეწოვის უნარი. დღეს 4-5 მილიარდზე საუბარი ძალიან ძნელია და დიდი იმედი მაქვს, თავისუფლება, რომელიც დღეს აქვს ბიზნესს, დროთა განმავლობაში შედეგს მოიტანს.

საამისოდ ყველა წინა პირობა არსებობს. საქართველოსთვის ძალიან კარგია წელიწადში 2-2,5 მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია და მეტი, რა თქმა უნდა, კარგი იქნება.

- გასაგებია, რომ ზუსტი ციფრის დასახელება შეუძლებელია, მაგრამ თუ მთავრობის ეკონომიკური გეგმები, ძირითადად, შესრულდება და დავუშვებთ, რომ დოლარის კურსი სხვა ვალუტების მიმართ აღარ შეიცვლება, ასეთ შემთხვევაში, რა ნიშნულზე ან რა დიაპაზონში შეიძლება ლარის კურსი დასტაბილურდეს და რამდენ ხანში?

- ძალიან რთულია ამის თქმა, თუმცა, ძველ ნიშნულზე ლარის კურსის დაბრუნებას გამოვრიცხავ.…

შესაძლოა, ზაფხულში უფრო დასტაბილურდეს ვითარება და ლარი გამყარდეს. თუმცა, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მისაღწევად რა იქნება უკეთესი - არ დავუშვათ ლარის გამყარება, იმავე დონეზე დავტოვოთ თუ სხვა, ამას ეროვნული ბანკი გადაწყვეტს. შემოდგომის ვითარება კი დიდად არის დამოკიდებული ჩვენ გარშემო პოლიტიკური სიტუაციის განვითარებაზე.

თუმცა, მნიშვნელოვან რყევებს ნამდვილად აღარ ველოდებით. ჩვენ გარშემო ქვეყნებსა და მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან ჩვენი ვალუტის გამყარების შედარებითი მაჩვენებლები უნდა იძლეოდეს საფუძველს ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისთვის, ექსპორტის წახალისებისთვის.

- ის, რაც ახალისებს ექსპორტს, მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობის ჯიბეს. მიზნობრივ ინფლაციას თან უნდა სდევდეს მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის შენარჩუნება მაინც. ასეთ ვითარებაში როგორ უნდა აუხსნან ხალხს, რომ ლარის გაუფასურებაშიც კი შეიძლება პოზიტივის დანახვა?

- სამწუხაროდ, იმის მექანიზმები არა გვაქვს, რომ ამ ადამიანებს მოკლე ვადაში დავუკომპენსიროთ ზარალი. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვეძლო და გავაკეთეთ, ვთხოვეთ კომერციულ ბანკებს, მაქსიმალურად გაეთვალისწინებინათ კლიენტების პრობლემები. გარდა ამისა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებს, რომლებიც ლარის დევალვაციის გამო დაზარალდნენ, სახელმწიფო შეღავათებს დაუწესებს. ძალიან ბევრ პროექტსა და კომპანიას შეექმნა საფრთხე, რომ წინა გამოცხადებული ფასებით (და მოგეხსენებათ, რომ ფასები არის ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული) ვერ შეძლებენ პროექტების დასრულებას. ძალიან ბევრ შემთხვევაში ჩვენ მოგვივიდა სიგნალი, რომ კომპანიები არ იწყებენ სამუშაოს და მათ ისიც კი ურჩევნიათ, რომ საგარანტიო თანხები დაკარგონ, ვიდრე სამუშაოები დაიწყონ და უფრო მეტი ზარალი განიცადონ. ამიტომ მთავრობამ იმსჯელა ამ პრობლემაზე და გადაწყვიტა, გამოიყენოს შესაბამის კანონქვემდებარე აქტში არსებული შესაძლებლობა და ამ ფირმებს შეღავათები დაუწესოს; თუ შესყიდვების დროს გაუფასურების ეფექტი 10%-ს აჭარბებს ან უცხოურ ვალუტაში შესყიდვების კომპონენტი უფრო მეტია, შექმნას უწყებათაშორისი ფორმატი, რომელშიც ყველა ასეთი შემთხვევა განიხილება ფინანსთა სამინისტროს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსა და შემსყიდველი ორგანიზაციების მონაწილეობით და იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ასეთ სამუშაოებს ასრულებენ, კომპენსირებულ იქნეს დევალვაციის ეფექტი.