ლიტვური ტურ-ოპერატორი Novaturas ბათუმით ინტერესდება - კვირის პალიტრა

ლიტვური ტურ-ოპერატორი Novaturas ბათუმით ინტერესდება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ლიტვის უმსხვილეს ტუროპერატორის - Novaturas ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონის მთავარი ღირშესანიშნაობებისა და სასტუმრო პოტენციალის გაცნობის შემდეგ, ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით, ლიტველი ტურ-ოპერატორები ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში ლიტვის მიმართულებით ახალი საინტერესო პროექტების განხორციელება დაიგეგმა.

ბოლო ერთი თვის მანძილზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მხოლოდ ლიტვიდან მესამე საინფორმაციო ტურს მასპინძლობს: 26-29 აპრილს რეგიონს ლიტვის წამყვანი მედია საშუალებები სტუმრობდნენ, რის შედეგადაც ლიტვის მედია სივრცეში აჭარა-ბათუმის შესახებ სარეკლამო ხასიათის სიუჟეტები და სტატიები დღემდე ვრცელდება. მაისის დასაწყისში დეპარტამენტმა უმასპინძლა ასევე ლიტვური ტურისტული კომპანიების წარმომადგენელთა ჯგუფს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ლიტვის ტურისტულ ბაზარზე მუშაობა ვილნიუსიდან საქართველოს მიმართულებით დანიშნული რეგულარული ფრენების შემდეგ დაიწყო. უკვე მეორე წელია ლიტვაში რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა პიარ-ატივობა ხორციელდება. 2015 წელს სარეკლამო კამპანია კიდევ უფრო გაფართოვდა. 6 აპრილიდან ლიტვის სამ ქალაქში (ვილნიუსი, კლაიპედა და კაუნასი), აჭარა-ბათუმის შესახებ სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს.

ლიტვის მოსახლეობა სარეკლამო ხასიათის ბილბორდებს, ავტობუსებზე განთავსებულ სარეკლამო აფიშებსა და სხვადასხვა ტიპის რეკლამას აჭარა-ბათუმის ტურისტული დესტინაციის შესახებ 14 ივნისამდე იხილავენ.