რატომ მივდივარ GEM ფესტ-ზე - კვირის პალიტრა

რატომ მივდივარ GEM ფესტ-ზე

პაატა საბელაშვილი: "ეს არის დასვენება ცხოვრებაში..."

პაატა საბელაშვილმა კლუბური ცხოვრება და მუსიკა დიდი ხანია დააგემოვნა. მალევე მიხვდა, რომელიც იყო მისი საყვარელი მუსიკალური ჟანრი, როცა დაღლილსაც კი, შეეძლო კლუბში წასვლა და იქაური გარემოთი სიამოვნების მიღება...

პაატა:

- ალბათ, სკოლის დროიდან ვუსმენ ელექტრონულ მუსიკას. პირველი კლუბი იყო "ლაგიბასი", სადაც ვეზიარე ამ მუსიკას. იმ დროიდან რა კლუბებიც კი ყოფილა, ყველგან დავდიოდი. მუსიკას ისედაც ხომ უსმენს ადამიანი და შემდეგ საკუთარ მიმართულებას პოულობს. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ღამის 2 საათზე პარასკევს, სერიოზული ნაშრომი ჩამიბარებია და თავისთვის ძალა დამიტანებია, რომ ავმდგარიყავი და კლუბში წავსულიყავი. შესვლისთანავე, პირველ დეციბალს დაღლილობა სრულად მოუხსნია. დადებითად ვიმუხტები კლუბში. თუკი მუსიკა კარგია, გარემოც და ხმაც, ფაქტობრივად, საუკეთესო საშუალებაა, რომ რეალობიდან გახვიდე.

- ღია ცის ქვეშ ფესტივალზე რას ფიქრობ?

- დადებითი აზრის ვარ, რადგან ბუნებაც მიყვარს და თუკი მუსიკასთანაა შერწყმული, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და სულ სხვა დინამიკა აქვს, ვიდრე დახურულ სივრცეს.

- მოვედით GEM ფესტ-ამდეც, რომელიც ერთსაც გულისხმობს და მეორესაც. რას ელოდები ანაკლიაში ფესტივალისგან?

- ძალიან კარგი არტისტები არიან, როგორც მოწვეული, ასევე ადგილობრივები. გუნდი, რომელიც ფესტივალზე მუშაობს, ვფიქრობ, შემოგვთავაზებს ისეთ მუსიკას, რომელსაც ველოდებით. ამოჩემებული და საყვარელი დიჯეის დასახელება არ მიყვარს, რადგან კარგი არტისტებიც ზოგჯერ არ გვთავაზობენ საუკეთესოს. წინასწარი განწყობები არ მაქვს.

- თუ გაიხსენებ საინტერესო ამგვარ ივენთს, თუნდაც უცხოეთში...

- საზღვარგარეთ ბევრ ფესტივალზე ვყოფილვარ, მაგრამ შარშანდელ კაზანტიპს გამოვყოფ, მიუხედავად ყველანაირი კრიტიკისა, რომელიც ხვდა წილად, მე მაინც ჩავწვდი, რატომ ვიყავი იქ. მზის ციკლზე ვიყავით აწყობილი, რადგან კარვებში ვცხოვრობდით, ღამეც კი მუსიკაზე გვეძინა, ზღვასა და მიწასთან ახლოს ვიყავით. არ ყოფილა წუთი, როცა მუსიკა არ იყო ჩემ გარშემო... როცა თბილისში დავბრუნდი, ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება მქონდა იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც იქ ვიყავი. უფრო შინაურული, იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ, კლუბში გაცნობილ ადამიანთან შეიძლება გქონდეს.

- ანუ ზოგადად, ამგვარი ფესტივალები არ არის მხოლოდ მუსიკის შესახებ...

- ნამდვილად არა. ეს არის დასვენება ცხოვრებაში, როცა გაქვს საშუალება, შვებულება გაატარო თანამოაზრეებთან ერთად, ვისაც მოსწონს იგივე მუსიკა, რაც შენ და რაც მთავარია, კარგ გარემოში...

შეგახსენებთ, რომ ფესტივალის 9-დღიანი მულტი-პასი, რომლითაც ნებისმიერ ივენთს დაესწრებით, ევენტერ.გე-ზე იყიდება, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ GEM ფესტ-ის ოფისშიც და ასევე TBS-ს სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც.

GEM-fest ის ოფიციალური მხარდამჭერია www.kvirispalirta.ge