"ჰით ბათუმი 2015" - კვირის პალიტრა

"ჰით ბათუმი 2015"

6 ივლისს, სასტუმრო "ჰილტონ ბათუმში" ადგილობრივი და ცენტრალური მედიის წარმომადგენლებისთვის "ჰით ბათუმი 2015"-ის პრეზენტაცია გაიმართა. ბათუმის საზაფხულო სეზონის ერთიანი კამპანიისა და მასშტაბური ივენთპროექტის დეტალური განხილვის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა და ღონისძიების ორგანიზატორებმა უპასუხეს.

"ჰით ბათუმი 2015" წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით "ჰით ბათუმი".

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი "კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი", ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი "ჰით ბათუმი" სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

"ჰით ბათუმის" ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი ესტუმრება. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

6 ივლისიდან 12 ივლისამდე ჩატარდება ფოლკლორული დღეები, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები კონცერტებს ბათუმის ბულვარის კოლონდებთან და საზაფხულო თეატრში გამართავენ. 13-16 ივლისს დაგეგმილია ბათუმელი შემსრულებლების კონცერტები. შემდეგი დღეები, კერძოდ, 17-19 ივლისი სანრემოს ვარსკვლავების კონცერტებს დაეთმობა. 20 ივლისიდან დაიწყება ჯაზის დღეები, რომელიც 26 ივლისს Snoop Dogg-ის კონცერტით დასრულდება. მომდევნო კვირეულებში ჩატარდება საბავშვო დღეები, თანამედროვე მუსიკის დღეები, ქუჩის თეატრის დღეები, ელექტრონული მუსიკის დღეები, კლასიკური მუსიკის დღეები, ბათუმობის ღონისძიებები. "ჰით ბათუმი 2015"-ს 15 სექტემბერს ელისო ბოლქვაძის მუსიკალური ფესტივალი პიაცაზე გამართული გალა კონცერტით დაასრულებს.

"ჰით ბათუმი 2015" საპილოტე პროექტი და იგეგმება მისი ყოველწლიურად განხორციელება.