საინფორმაციო ტურების მნიშვნელობა ტურისტული რეგიონის პოპულარიზაციაში - კვირის პალიტრა

საინფორმაციო ტურების მნიშვნელობა ტურისტული რეგიონის პოპულარიზაციაში

სარეკლამო კამპანიებთან ერთად, დეპარტამენტისათვის საზოგადოებასთან ურთიერთობის უმნიშვნელოვანეს ბერკეტს წარმოადგენს საინფორმაციო ტურების მოწყობა ტურიზმის დარგში მომუშავე პროფესიონალებისათვის. საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთი წამყვანი საშუალება - მედია და საინფორმაციო ტურები, ორგანიზაციას საშუალებას აძლევს, ჰქონდეს მუდმივი კონტაქტი სამიზნე აუდიტორიასთან. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში სამიზნე აუდიტორიად შერჩეულია 9 ქვეყანა (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ბელორუსია, უკრაინა, პოლონეთი, ისრაელი, ლიტვა). სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ხდება მედიასაშუალებებისა და ტურისტული კომპანიებისა თუ ტუროპერატორების მოწვევა, რაც პარალელურად მიმდინარე სარეკლამო კამპანიებთან ერთად (ბილბორდები, ფოტოები და აფიშები 20-მდე ქალაქის გაჩერებებზე, ავტობუსებზე, ხალხმრავალ ადგილებში) კიდევ უფრო ინტენსიურს ხდის კომუნიკაციას. რამდენად მნიშვნელოვანია საინფორმაციო ტურების ორგანიზება და რა უპირატესობები აქვს მას, ამის შესახებ გვესაუბრება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების უფროსი თაკო მგელაძე:

- საინფორმაციო ტურები უცხოური თუ ადგილობრივი მედიისათვის ეფექტურია იმ თვალსაზრისით, რომ კონტაქტის დამყარება, ისევე როგორ სასურველი მესიჯის მიწოდება, ხდება რამდენიმე მედიასაშუალებით: ეს შეიძლება იყოს ბეჭდური თუ ონლაინმედია, ტელე და რადიომაუწყებლობა, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და ბლოგერებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფები და სხვ. მედიატური საუკეთესო საშუალებაა, მოვახდინოთ ორგანიზაციის მისიის, მიზნებისა და პროგრამული ღონისძიებების სამიზნე აუდიტორიისათვის სწორად მიწოდება, მათი ინფორმირება, თუ საით მიიღწვის ორგანიზაცია და რა შედეგებზეა იგი ორიენტირებული. დიდი უპირატესობა აქვს ასევე საინფორმაციო ტურების ორგანიზებას ტურისტული კომპანიებისათვის. ერთ ჯგუფში გაერთიანებული ტუროპერატორები პირდაპირი კონკურენციის პირობებში თავიანთ შემოთავაზებებს უფრო მოქნილსა და ხელმისაწვდომს ხდიან. დეპარტამენტი მათ უშუალოდ აცნობს კერძო სექტორის წარმომადგენელებს და ამით ერთდროულად უწყობს ხელს უცხოელი ტურისტების შემოდინებასა და სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის ურთიერთთანამშრომლობას. საინფორმაციო ტურები ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, გქონდეს უწყვეტი და უშუალო კავშირი სამიზნე ქვეყნების აუდიტორიასთან, აწვდიდე მას ინფორმაციას ახალ პროდუქტებსა და შესაძლებლობაზე და იმავდროულად, ლოიალურად განაწყობდე მათ მასპინძელი ორგანიზაციის მიმართ.

- რამდენად ხშირად ატარებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საინფორმაციო ტურებს?

- აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი პროგრამული ბიუჯეტის ფარგლებში ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს მინიმუმ 25 საინფორმაციო და პრესტურს. 2015 წლის გაზაფხულის სეზონზე დეპარტამენტმა უკვე ჩაატარა 17 საინფორმაციო ტური, რომელთა ფარგლებშიც უმასპინძლა სამიზნე ქვეყნებიდან მოწვეულ 68 ჟურნალისტსა და 79 ტუროპერატორს. წელს საინფორმაციო ტურები მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება, წლის ბოლომდე კი სულ 35 პრეს- და ინფოტური ჩატარდება.

საინფორმაციო ტურებისათვის დეპარტამენტში მუშავდება სპეციალური პროგრამა, რომელიც ხშირად მედიაჯგუფისა თუ კონკრეტული ტურისტული კომპანიის ინტერესებსაც ითვალისწინებს. ჯგუფებში გვხვდებიან ისეთი ჟურნალისტები, რომლებსაც ეკოტურიზმი, გასტრონომია ან რომელიმე კონკრეტული მიმართულება აინტერესებთ. განსხვავებული ინტერესები ტუროპერატორებშიც შეინიშნება, როდესაც ისინი კონკრეტული პროდუქტების, მაგალითად, სპატურიზმის ან სათამაშო ტურიზმის მიმართ გამოხატავენ ინტერესს. შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ საინფორმაციო ტურებისათვის შემუშავებულ პროგრამებში გათვალისწინებულია როგორც მოწვეული სტუმრების ინტერესები, ისე რეგიონის ტურიზმისათვის უმთავრესი მიზანი - აჭარის ტურისტული პოტენციალის სრული სურათისა და დადებითი იმიჯის შექმნა. საინფორმაციო ტურები, ძირითადად, 3-4 დღე გრძელდება და მოიცავს რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაციებს, მთავარი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას, ტურისტული მარშრუტებისა და ტურიზმის სახეობების, ადგილობრივი სამზარეულოს, ტრადიციებისა და ფოლკლორის გაცნობას.

- როგორ ხდება საინფორმაციო ტურების დაგეგმვა და შედეგებზე ორიენტირება?

- მნიშვნელოვანია, ნათლად ჩამოვაყალიბოთ, რა შედეგის მიღება გვსურს კონკრეტული მედია ან ინფოტურის შემდეგ. მოსამზადებელი სამუშაო იწყება იმის განსაზღვრით, თუ რომელი სამიზნე ქვეყნის რომელი სეგმენტისთვის მზადდება კონკრეტული ტური. შემდეგ ვარჩევთ მედიასაშუალებებსა და ტუროპერატორებს, ვახდენთ მათ დეტალურ ანალიზს: მედიის შემთხვევაში ვაფასებთ მათი საშუალებების წვდომების ეფექტურობასა და პოპულარობას, ტუროპერატორების შემთხვევაში კი მათ მიერ ჯგუფების გაყვანის ინტენსიურობასა და სიხშირეს კონკრეტულ ტურისტულ ბაზრებზე. შემდეგ დეპარტამენტის თანამშრომლები გადადიან უშუალო კონტაქტზე და მოლაპარაკებების შედეგად თანხმდება თარიღები და პირობები. აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ტურების ფარგლებში მოწვეული სტუმრები გზის ხარჯებს, ძირითადად, საკუთარ თავზე იღებენ, დეპარტამენტი კი ადგილზე უზრუნველყოფს მათ გადაადგილებას, განთავსებასა და კვებას. საინფორმაციო ტურების ყველაზე დიდი უპირატესობა მდგომარეობს მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური შედეგის მიღწევაში. ხშირად რომელიმე ქვეყნის სატელევიზიო გადაცემაში ან პოპულარულ ჟურნალ-გაზეთში სარეკლამო ხასიათის სიუჟეტისა და სტატიის განთავსება დაკავშირებულია იმაზე დიდ თანხებთან, ვიდრე მედიატურის ორგანიზებაა.

საინფორმაციო ტურები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაში. მათი საშუალებით არა მარტო ზოგადი ტურისტული პოტენციალის, არამედ კონკრეტული, კერძო ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციასაც ვუწყობთ ხელს. საინფორმაციო ტურების მსვლელობისას მიმდინარეობს ინტენსიური საკოორდინაციო სამუშაო რეგიონის ტურიზმის სექტორის სხვადასხვა მოთამაშესთან (ტურისტული ატრაქციები, ტურისტული სააგენტოები, სასტუმროები, რესტორნები, გიდები, სატრანსპორტო კომპანიები) და ა.შ. მედიატურების შედეგად აღნიშნული კერძო ტურისტული ობიექტების მოხსენიება თუ ჩვენება უცხოელი ჟურნალისტების სტატიებსა და სიუჟეტებში ხდება, საინფორმაციო ტურების დროს კი ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, რეგიონიდან გასვლისა და საკუთარი რესურსების გამოყენების გარეშე დაამყარონ კონტაქტები უცხოელ ტუროპერატორებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საინფორმაციო ტურებს ორმაგი შედეგი მოაქვს: ერთი მხრივ, რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე, მეორე მხრივ კი ადგილობრივი ტურისტული სექტორის სტიმულირება და ხელშეწყობა.