"წყალქვეშა ომი" ქართული კაბელისთვის - ვინ ჩაიგდებს ხელში 1 200 - კილომეტრიან სტრატეგიულ ობიექტს (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"წყალქვეშა ომი" ქართული კაბელისთვის - ვინ ჩაიგდებს ხელში 1 200 - კილომეტრიან სტრატეგიულ ობიექტს (ექსკლუზივი)

კავკასიური კაბელის ჯადოსნური წრე

"თუ კაბელს აზერბაიჯანული კომპანია იყიდის, დიდი კავკასიური სკანდალი ატყდება"

ინფორმაცია, რომ ინტერნეტპროვაიდერი "კავკასუს ონლაინი" იყიდება, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ჯერ "სილქნეტისა" და "კავკასუსის" შერწყმის შესახებ, შემდეგ კი კომპანია "მაგთიკომის" განაცხადი შევიდა, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ამ უკანასკნელს "კავკასუსის" ინტერნეტის საცალო მომსახურების სერვისის შეძენა სურს. ამის შესახებ "კვირის პალიტრის" წინა ნომერში დეტალურად ვწერდით, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ "კავკასუს ონლაინის" კუთვნილი ინტერნეტკაბელის შეძენით აზერბაიჯანული ბიზნესია დაინტერესებული. დიდი ფინანსური დაინტერესების გარდა, 1200-კილომეტრიანი კაბელი, რომლითაც საქართველო ინტერნეტს ევროპიდან იღებს და შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთსაც აწვდის, პოლიტიკურად დაინტერესებული მხარის ხელში, შესაძლოა საინფორმაციო ნაკადებზე კონტროლის მძლავრი მექანიზმი გახდეს. "კავკასუსის" გასხვისებას კი შესაძლოა, დიდი პოლიტიკური სკანდალი მოჰყვეს.

სარწმუნო წყაროს ცნობით, არანაირ შერწყმაზე "სილქნეტსა" და "კავკასუსს" შორის საუბარი არ არის და ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, ორ ნაწილად იყოფა - საცალო აბონენტებს "მაგთი" წაიყვანს, "სილქნეტს" კი "კავკასუსის" ყველაზე დიდი სიმდიდრე, 1200-კილომეტრიანი ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი დარჩება. ის შავი ზღვის ფსკერზე 2008 წელს ჩაიდო და ინტერნეტი უმოკლესი გზით, პირდაპირ ევროპიდან მიეწოდება. ამ კაბელით "კავკასუს ონლაინი" სომხეთში ინტერნეტის მიწოდების 85%-ს, აზერბაიჯანში - 50%-ს, საქართველოში კი 55%-ს უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანის დაინტერესება არც არის გასაკვირი - სრულად დატვირთვის შემთხვევაში ამ კაბელს დიდი მოგების მოტანა შეუძლია და ამასთან ერთად, აზერბაიჯანზე იქნება დამოკიდებული სომხეთში ინტერნეტმიწოდების 85% და ინფორმაციის ამდენივე ნაწილის გაკონტროლების შესაძლებლობა.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის შეძენით, აზერბაიჯანის უდიდესი ინტერნეტპროვაიდერი "აზერონლაინია" დაინტერესებული. ამ ქვეყნის მსხვილი კომპანიების უმეტესობის მსგავსად, ის ხელისუფლებასთან ასოცირდება.

კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე "კავკასუსის" შეძენასთან დაკავშირებით, "მაგთისა" და "სილქნეტის" გარდა, კომისიაში სხვა განაცხადი არ შესულა. ჩვენი შეკითხვები "აზერონლაინის" დაინტერესებასთან დაკავშირებით "კავკასუსში" უპასუხოდ დატოვეს, თუმცა კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, მის პარტნიორებს განზრახული აქვთ მოლაპარაკებების წარმართვა როგორც საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციებთან.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის შეძენით აზერბაიჯანული მხარე - ალიევების ოჯახთან დაკავშირებული კომპანია, ჯერ კიდევ 2007 წელს იყო დაინტერესებული, როცა შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანა მხოლოდ იწყებოდა.

ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანელები "კავკასუს ონლაინის" მაშინდელ მფლობელ მამია სანადირაძეს კაბელის 50%-ის სანაცვლოდ ძალიან დიდ ფულს სთავაზობდნენ, თუმცა ბიზნესმენს უფრო შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა, ამ კაბელით ინტერნეტი არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ ახლო აღმოსავლეთშიც მიეწოდებინა. თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" დროს სანადირაძის კომპანია სააკაშვილთან დაახლოებული პირების ხელში აღმოჩნდა და ის დღემდე იბრძვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დასაბრუნებლად.

დღეს კი კომპანიასა და მის კუთვნილ კაბელს ახლანდელი მფლობელები, ხვიჩა მაქაცარია და ძმები ყარამანიშვილები ყიდიან. ამ კაბელის შესყიდვით დაინტერესებული კიდევ ერთი პირი "სილქნეტის" მფლობელი გიორგი რამიშვილია, რომელსაც ფართო საზოგადოება "ზარალას" სახელით იცნობს.

"სილქნეტისთვისაც" ხელსაყრელია, ინტერნეტის საკუთარი წყარო ჰქონდეს, რადგან კომპანია მას დიდწილად თურქული სახელმწიფო კომპანიისგან ძვირად ყიდულობს. არის კიდევ ერთი დეტალი. ოპტიკურბოჭკოვანი კაბელით არა მარტო ინტერნეტი, არამედ სატელეფონო მომსახურებაც მიეწოდება. ორი მხარის დაინტერესების შემთხვევაში კი არსებობს აპრობირებული სქემები, რომლითაც საზღვარგარეთ განხორციელებული ზარების კონტროლი შეუძლებელი ხდება. ერთია, რომ ვერავინ აღრიცხავს მათ ღირებულებას და შესაბამისად, ვერც დაბეგრავს, მეორე მხრივ კი კომუნიკაციის ასეთი "ხვრელები" საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობას იძლევა.

მამია სანადირაძე, "კავკასუს ონლაინის" ყოფილი მფლობელი:

"ყველას სურს ეს კაბელი. მე საქართველოს გავუკეთე, მაგრამ ყველაფერი თავზე დამანგრიეს. კავკასიისთვის ეგ უმნიშვნელოვანესი კაბელია, რადგან მთელ რეგიონს აწვდის ინტერნეტს. მანამდე კი ინტერნეტის მოწოდება შესაძლებელი იყო სატელიტური თეფშებით (რომელთაც ძალიან დაბალი გამტარუნარიანობა აქვს), თურქეთიდან "თურქტელეკომით" ან რუსეთიდან "რუსტელეკომით". ორივე სახელმწიფო ორგანიზაცია ფიქსირებული ფასით მუშაობდა და ინტერნეტში ათმაგს გვახდევინებდა. სხვა ალტერნატივა არ არსებობდა და რაც უფრო შორდებოდი მოსკოვსა და სტამბოლს, მით უფრო უარესდებოდა ინტერნეტის ინფრასტრუქტურის და შესაბამისად მისი მიწოდების ხარისხი.

მსოფლიოში ინტერნეტის ორი ცენტრი არსებობს - ევროპა და ამერიკა. როცა რუკას დავხედე, ერთადერთი კავშირი ევროპასთან საქართველოს შეიძლებოდა ზღვის გავლით ჰქონოდა. ჩემი სასოწარკვეთილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ზღვის ფსკერზე 1200 კილომეტრი სიგრძის კაბელი გავიყვანე, რომლითაც საქართველო ინტერნეტს პირდაპირ ევროპიდან იღებს. იმ დროს ასეთი პროექტი, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო, რადგან ჯერ თურქეთის ტერიტორიული წყლები უნდა გაგვევლო და "გაზპრომის" ცისფერ ნაკადზე გადაგვეტარებინა კაბელი. სხვა გზა არ გვქონდა, საქართველოში ინტერნეტზე ძალიან მაღალი მოთხოვნა იყო, რუსეთი და თურქეთი კი ფასს არ ამცირებდნენ. დავუკავშირდი ამერიკულ კომპანიას, საოკეანო ოპტიკურბოჭკოვანი კაბელების გაყვანის 150-წლიანი გამოცდილებით. პროფესიონალიზმისა და მაღალი საინჟინრო ნოუჰაუების გამოყენებით და დიდი წინააღმდეგობების გადალახვით, საქართველო ევროპასთან ძალიან მაღალსიჩქარიანი კაბელით შევაერთეთ. მას ნახევარი საუკუნის განმავლობაში შეუძლია ინტერნეტით უზრუნველყოს არა მხოლოდ საქართველო, არამედ შუა აზიაც. როგორც კი გავიყვანეთ კაბელი, სომხეთი და აზერბაიჯანიც მაშინვე შეურთდნენ და იმათაც სული მოითქვეს.

ვიბრძოდი, რომ თბილისი ამიერკავკასიის ინტერნეტცენტრი გამხდარიყო. ზოგადად არსებობს რეგიონული ინტერნეტკვანძების შექმნის პრაქტიკა, მაგალითად ისინი არის ლონდონში, ფრანკფურტში, ბუდაპეშტში და მეზობელი ქვეყნები იძულებული არიან, ამ კვანძებს მიუერთდნენ. შესაბამისად, ქვეყანა, რომელიც ასეთ კვანძს შექმნის, მოგებული რჩება. მაშინ, როცა ჩვენ თბილისში გვსურდა ასეთი კვანძის შექმნა, აზერბაიჯანსაც ჰქონდა პრეტენზია, რომ თავად ყოფილიყო კავკასიაში ინტერნეტის ცენტრი, მაგრამ რადგან სომხეთი მას არასოდეს მიუერთდებოდა, უპირატესობა ჩვენ მხარეს იყო. აზერბაიჯანს ეხმარებოდა რუსეთი, რომელსაც სურდა, თვითონ მიეწოდებინა ინტერნეტი რეგიონისთვის, რადგან ამ შემთხვევაში კავკასიაც და ახლო აღმოსავლეთიც ბაქოს მიურთდებოდა და რუსეთს კონტროლი მთელ ამ საინფორმაციო ნაკადებზე ექნებოდა.

მოგეხსენებათ, "ნაციონალური მოძრაობის" ბანდა დამესია და დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანე. ის კი შევძელი, რომ სომხეთი და ირანი მივაერთე თბილისს ინტერნეტკაბელით. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი შეეცდება, დაეუფლოს კაბელს, ამაში მათი ნაციონალური ინტერესია. სომხები მათთან ინფორმაციას აღარ გაატარებენ და კვლავ რუსეთს დაუკავშირდებიან საქართველოს გავლით. საქართველოც იძულებული იქნება, ბაქოსა და რუსეთს მიუერთდეს. არადა, ამ კაბელს ნახევარი საუკუნის განმავლობაში დაეყრდნობოდა საქართველოსა და რეგიონის ციფრული განვითარება. ჯერ "ნაციონალური მოძრაობისა" და შემდეგ დღევანდელი მთავრობის ხელშეწყობით, ეს კაბელი შესაძლოა არაკეთილმოსურნეთა კონტროლს დაექვემდებაროს".

ზაალ კასრელიშვილი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში:

"სომხეთში ყველა სტრატეგიული ობიექტი და დიდი წარმოება რუსი ბიზნესმენების ხელშია. მათ შორის სომხეთის გაზი, წყალი, ელექტროენერგია, კაუჩუკის ქარხანა, ატომური რეაქტორი და ცემენტის დასამზადებელი კომპონენტების საბადო. დამოუკიდებელი სომხეთის ხელში მხოლოდ სავაჭრო ობიექტებია.

მინდა ქართველ ბიზნესმენებს ვურჩიო, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებსა და კომპანიებს ნუ გაასხვისებენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რადგან ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება. ნუ გაურთულებენ მოსახლეობას ცხოვრებას.

კონკრეტულად ამ ფაქტს რაც შეეხება, აზერბაიჯანი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ არათუ "კავკასუს ონლაინი", არამედ ყულევის ნავთობტერმინალიც კი, რომელიც აზერბაიჯანელებზე რამდენიმე წლის წინ გასხვისდა, უკან უნდა გამოვისყიდოთ. არა ჯიბრით, კონკურენციის გამო ან რამე გაუგებრობით ჩვენს ქვეყნებს შორის, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში ჩვენი უფლება იყოს დაცული".