"დაკოდვა" განბაჟებით
პროცედურები ზოგჯერ კურიოზამდე მიდის, დაზარალებული მხარე ყოველთვის მეწარმეა
ბოლო დროს იმპორტიორები სულ უფრო ხშირად ჩივიან, რომ საბაჟო ტერმინალებში ტვირთს უმიზეზოდ უჩერებენ და სოლიდურ ჯარიმებსაც აკისრებენ. განსაკუთრებით თურქეთიდან შემოსული ტვირთების განბაჟება ჭიანურდება და როგორც იმპორტიორები ირწმუნებიან, საბაჟო ტერმინალის საწყობებში "დაპატიმრებული" ტვირთის ტევა არ არის. ერთ-ერთ ასეთად აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე საბაჟო დამუშავების ტერმინალი "გაკო" სახელდება.
თურქეთიდან შემოტანილი ტვირთების "დაპატიმრების" მიზეზების გასარკვევად "ეკოპალიტრა" საბაჟო ტერმინალის სერვისცენტრს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ტვირთის გაჩერება ჩვეულებრივი პროცედურაა და დეკლარაციაში მითითებული კოდების შემოწმებას დრო სჭირდება. მაგრამ რა დრო სჭირდება ამ კონკრეტულ პროცედურას, საბაჟო ტერმინალში ვერ ასახელებენ.
იმპორტიორები ტვირთის დაყოვნებით მიღებულ ზარალს ითვლიან და მართალია, პრესასთან საუბრისას კონფიდენციალობის შენარჩუნებას ამჯობინებენ, მაგრამ დეტალურად ყვებიან, როგორ "ატყავებენ" მათ საბაჟოზე.
"ჩემი ტვირთი საბაჟოზე 9 თებერვალს შევიტანე. ტვირთი ე.წ. ყვითელ კორიდორში გაატარეს, მაგრამ ორი დღის განმავლობაში საბაჟოდან პასუხი არ მაღირსეს. ორი დღის შემდეგ გავიგე, რომ ჩემი ტვირთის ნიმუშები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაუგზავნიათ, რადგან მიიჩნიეს, რომ დეკლარაციაში ტვირთის კოდები არასწორად მქონდა მითითებული. ამის უფლება ჩემს გარეშე არ ჰქონდათ. ჩავეყენებინე საქმის კურსში, იქნებ კერძო ექსპერტიზის დანიშვნას ვითხოვდი. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში კი გამომიცხადეს, რომ ნიმუშების ექსპერტიზის ჩასატარებლად ერთი თვის ვადა აქვთ... ბუნებრივია, ამდენ ხანს ვერ მოვიცდიდი. ტვირთი იმისთვის შემოვიტანე, რომ წარმოებაში უნდა ჩამეშვა. გარდა ამისა, საბაჟოს საწყობი ტვირთის გაჩერებისთვის დამატებით გადასახადს ითხოვს.
ექსპერტიზის ბიუროში საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი მომთხოვეს, რაც რამდენიმე წუთში გამომიგზავნეს პარტნიორებმა თურქეთიდან. უამრავი ხალხი ჩავრიე, რათა ექსპერტიზის ბიუროს დაჩქარებული წესით ჩაეტარებინა ექპსერტიზა და ხუთი დღის შემდეგ საბაჟო ტერმინალს მიაწოდეს დასკვნა, რომ ტვირთი, რომელიც მე შემომქონდა და რომელიც საჭრელი დანადგარის ნაწილია, სინამდვილეში არის პლასტმასი და 12%-იან დაბეგვრას ექვემდებარება. მეორე ტვირთი კი, რომელიც სინამდვილეში პოლიგრაფიული პუდრია, ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, წებოვანი ნივთიერება აღმოჩნდა.
არადა, საბაჟო სამსახური თავიდან მხოლოდ დანადგარის ნაწილზე მედავებოდა და რომ ვუთხარი: მეორე ტვირთი მაინც გამატანეთ-მეთქი, ამის შემდეგ დაიწყეს პუდრთან დაკავშირებით მიზეზების ძებნა.
შედეგად ის მივიღე, რომ კოდების არასწორად მითითებისთვის თითოეულ ტვირთზე 200-200 ლარის გადახდა დამაკისრეს, 1000 ლარითაც იმისთვის დამაჯარიმეს, რომ სახელმწიფოს გადასახადი დავუმალე და ტვირთი. გარდა ამისა, სატრანსპორტო კომპანიამ, რომელიც სამი დღით მყავდა დაქირავებული, დამატებითი დღეებისთვის 1200 დოლარის გადახდა დამაკისრა. მართალია, ამ ყველაფრის შემდეგ, ერთკვირიანი "პატიმრობიდან" ჩემი ტვირთი დავიხსენი, მაგრამ ახლა სხვა რამ მაფიქრებს -ეს ორივე ტვირთი თურქეთიდან საქართველოში ხშირად ჩამომაქვს და ალბათ მომავალშიც დამჭირდება მათი ჩამოტანა.
შემდეგ ჯერზე რომ ავდგე და პუდრზე მივუთითო, რომ წებოვანი ნივთიერებაა, ხოლო საჭრელი დანადგარის ნაწილი დეკლარაციაში პლასტმასად გავატარო -რა გარანტია მაქვს, რომ საბაჟო ისევ არ შემომედავება, კოდები არასწორად გაქვს მითითებულიო?!
მოკლედ, შავ დღეში ვართ. ასეთი წნეხის ქვეშ ბევრი ქართველი მეწარმე და იმპორტიორია. დღის მეორე ნახევარში საბაჟო ტერმინალში უამრავი ხალხი იყრის თავს და ტვირთის გათავისუფლებას ითხოვს. ზოგს ველოსიპედი ჩამოუვიდა უცხოეთიდან შვილისთვის და არ ატანენ: გასაყიდად გინდაო. ზოგს პლასტმასის კანტები და ედავებიან: გინდა თუ არა, შენი ტვირთი ბურბუშელა არისო. ერთი მეწარმე ვნახე, რომელსაც წარმოებისთვის პერიოდულად თურქეთიდან პოლიგრაფიული სითხე ჩამოსდის და საბაჟო უჩერებს: ბენზინიაო. ასეთ ვითარებასაც შევესწარი, კაცი ეხვეწებოდა მებაჟეებს: ოღონდ სახლში გამიშვით, შარი არ მომდოთ, არ დამიჭიროთ და ჩემი ტვირთის წაღებაზეც უარს ვამბობო. როგორც გავარკვიე, სახლისთვის 125 კილოგრამი ჟალუზი ჩამოუტანია, 21 დღის განმავლობაში გაუჩერეს საბაჟო ტერმინალში და ასჯერ უფრო ძვირი დაუჯდა ტვირთი, ვიდრე რეალურად ღირდა", -გვიამბო ერთ-ერთმა იმპორტიორმა.
"ეკოპალიტრა" ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა და სცადა გარკვევა, საბაჟო სამსახურს ტერმინალში ტვირთის რამდენი ხნით გაჩერების უფლება აქვს. როგორც მოსალოდნელი იყო, აღმოჩნდა, რომ კანონი უპირატეს მდგომარეობაში მაკონტროლებელს აყენებს, მეწარმე კი მისი ნება-სურვილის აღმსრულებელია. "თუ დეკლარაციაში საქონლის კოდები არასწორად არის მითითებული, ეს შესაძლოა იწვევდეს გადასახადის შემცირებას, ან საბაჟო გადასახადისგან თავის არიდებას. სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ გადაეგზავნება საბაჟო სამსახურს, ტვირთს როგორ გამოატარებენ? სანამ საქონელი არ იქნება დეკლარაციით დამოწმებული, საწყობის მფლობელსაც კი არ აქვს ტვირთის გამოშვების უფლება. თუ ექსპერტიზა მისცემს დასკვნას, რომ საქონელი რეალურად სხვა არის და იმპორტიორს სხვა კოდი აქვს მითითებული, ეს სამართალდარღვევაა..". -განგვიმარტეს ქვეყნის მთავარ ფინანსურ უწყებაში.
რა თქმა უნდა, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს, მაგრამ როცა საბაჟო ტერმინალებზე მეწარმეებს, იმპორტიორებსა თუ რიგით მოქალაქეებს მასობრივად ადანაშაულებენ კანონის დაუმორჩილებლობაში და ამის საფუძველზე აჯარიმებენ, ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ კანონს ბოროტად იყენებენ, რაც ასევე სამართალდარღვევაა.