აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბიუჯეტი იზრდება - კვირის პალიტრა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბიუჯეტი იზრდება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბიუჯეტი იზრდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონში მზარდ ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბიუჯეტი იზრდება.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან გვაცნობეს, ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვისა და დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშემწყობი პროექტებისათვის დეპარტამენტი 1 326 000 ლარს დახარჯავს.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე აჭარის ტურისტული მარკეტინგის განსახორციელებლად ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი - 3 777 000 ლარია გათვალისწინებული. ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებისათვის კი 864 800 ლარი.

"2016 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებებისათვის სულ 5 967 800 ლარის დახარჯვა იგეგმება. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ბიუჯეტი 3 308 000 ლარს, ხოლო მიმდინარე წლის ბიუჯეტი 4 582 000 ლარს შეადგენდა. 1 მილიონი ლარით იზრდება სამიზნე ქვეყნებში სარეკლამო კამპანიების ბიუჯეტიც, რაც მომავალ წელს რეკლამის უფრო მძლავრ და ინტენსიურ კომპონენტებს მოიცავს. გარდა ტრადიციული მარკეტინგული ღონისძიებებისა, დეპარტამენტი ინტენსიურად გაააგრძელებს რეგიონის ონლაინ რეკლამირებას (თურქეთი, ისრაელი, ბელორუსია, ლიტვა, პოლონეთი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და სოხეთი) სოციალური მედია-ინსტრუმენტებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით (240 ათასი ლარი). გაზრდილია ასევე რეგიონის ტურისტული პოტენციალის ქვეყნის შიგნით რეკლამირების ხარჯებიც. 2016 წლისთვის ამ მიმართულებით 384 000 ლარის დახარჯვა იგეგმება.", - აცხადებენ დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, 2016 წლის პროგრამულ ბიუჯეტში სიახლეები რამდენიმე ახალი პროექტითაა წარმოდგენილი: კვლევები და სტატისტიკა დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის მიმართულებით, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ შექმნილი ხარისხის ნიშნის ("რეკომენდებულია ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ") ტურისტული ობიექტებისთვის მინიჭება, ტურიზმის ინდუსტრიაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისების მიმწოდებელი ობიექტების გამოვლენა/დაჯილდოება, ტურისტული გიდებისთვის შესაბამისი პროფილის სერთიფიკატის მინიჭება და წლის საუკეთესო გიდის დაჯილდოება. დეპარტამენტი 2016 წელს კვლავ ჩაატარებს შემოდგომისა და ფრინველების ფესტივალებს, ასევე მონაწილეობას მიიღებს სეზონის გახსნისა და საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაში. გაზრდილი ბიუჯეტით განახორციელებს ეკო და სოფლად ტურისტული პროდუქტების განვითარებას, გააგრძელებს ტურიზმის დარგში მომსახურე პერსონალის უფასო გადამზადებას, ასევე "იდუმალი სტუმრის" მეთოდოლოგიის გამოყენებით ტურისტულ ობიექტებში მომსახურების ხარისხის რეგულარულ მონიტორინგსა და შეფასებას.