აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი "ქუჩის პიანინოების პროექტს" წარმატებულს უწოდებს - კვირის პალიტრა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი "ქუჩის პიანინოების პროექტს" წარმატებულს უწოდებს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი "ქუჩის პიანინოების პროექტს" წარმატებულს უწოდებს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ "ქუჩის პიანინოები" ბათუმის ქუჩის მხატვრობასთან ერთად, ქალაქისათვის უდაოდ წარმატებული პროექტი იყო.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან გვაცნობეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ქუჩის პიანინოები და იმპროვიზებული კონცერტები ბოლო წლებია სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება და პოპოულარულიც ხდება.

"ქუჩის პიანინოების პროექტმა ახალი ხიბლი შესძინა ისედაც ხიბლიან ქალაქებს - ნიუ იორკს, ბარსელონას, ლონდონს, სან-პაოლოს, ჟენევას. სასიხარულოა, რომ ასეთი პროექტი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულ ქალაქშიც გამოჩნდა და მთელი ზაფხული ბათუმის მაცხოვრებლებისა თუ მისი სტუმრებისათვის სასიამოვნო სიახლედ იქცა. ბათუმის 10 ხალხმრავალ ადგილზე განთავსებული ქუჩის პიანინოები საზღვაო ქალაქის მომხიბვლელობას ორიგინალური მოხატულობითა და ფერადოვნებით უსვამდნენ ხაზს. ის, რომ პროექტი წარმატებული იყო და ადამიანები ფერადი პიანინოებისადმი კეთილგანწყობილნი, ამას სოციალური ქსელებში ყოველდღიურად გაზიარებული ფოტოები და კომენტარებიც მოწმობს. ყველაზე ხშირად სოციალურ ქსელში ბათუმის ბულვარში იტალიელი მომღერლების მიერ შერულებული ცნობილი სიმღერა "Guarda che luna, guarda che mare" (შეხედე რა მთვარეა, შეხედე რა ზღვაა) ვრცელდებოდა https://www.youtube.com/watch?v=T2z2J9PlT38", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, სულ ახლახანს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალ Biaff-ის ფარგლებში საპატიო სტუმრის სტატუსით მყოფი ნასტატია კინსკიც არ დარჩენილა გულგრილი ფერადი პიანინოს მიმართ და ბათუმის ევროპის მოედანზე მსოფლიო კინოვარსკვლავმაც რამდენიმე იმპროვიზებული აკორდი ააჟღერა.

"ნიჭიერი მხატვრებისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ მოხატული ინსტრუმენტები პროექტ "ჰით ბათუმი 2015"-ის ფარგლებში ქალაქის მერიის უშუალო ხელშეწყობით დაიდგა. წელს ბათუმში ხავერდოვანი საზღვაო სეზონი განსაკუთრებით გახანგრძლივდა, ამიტომაც პიანინოებს სექტემბრის ბოლომდე დატოვებენ, შემდეგ კი საწყობებში განათავებენ. მიუხედავად იმისა, რომ პიანინოების ნაწილი სერიოზულად დაზიანდა უამინდობის თუ დაუდევარი მოპყრობის გამო, მსგავსი პროექტების განხორციელებას ქალაქის მერია მომავალშიც გეგმავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურისტთა სიმრავლის გამო სუვენირების ჯიხურების თუ სანაგვე ურნების მომრავლებამ მათი ორიგინალურად შეფუთვისა და სახალისოდ გაფორმების აუცილებლობაც მოიტანა. ამ კუთხით საერთაშორისო გამოცდილების მაგალითები და შესაძლებლობები ბევრია - http://www.wegotalent.com/le-top-10-des-poubelles-version-street-art, თანაც ურნების თუ ჯიხურების მოხატვა მინიმალურ დანახარჯებთანაა კავშირში", - აცხადებენ ტურიზმის დეპარტამენტში.

ტურიზმის დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ "ქუჩის პიანინოები" ბათუმის ქუჩის მხატვრობასთან ერთად იყო უდაოდ წარმატებული პროექტი ტურისტული ქალაქისათვის.

"მსგავსი პროექტების პოპულარიზაციას დეპარტამენტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო თუ ადგილობრივ ტურისტულ ბაზრებზე რეკლამირების გზით. https://www.facebook.com/visitbatumi/photos/a.167376090003180.41692.159556497451806/905139832893465/?type=3&theater", - ნათქვამია განცხადებაში.