აჭარა პოლონურ დელეგაციას მასპინძლობს - კვირის პალიტრა

აჭარა პოლონურ დელეგაციას მასპინძლობს

29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე აჭარა პოლონეთიდან სილეზიის რეგიონის თანამდებობის პირებს უმასპინძლებს.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან გვაცნობეს, მეგობრული ურთიერთობები ორ რეგიონს შორის უკვე რამდენიმე წელია არსებობს, თუმცა ბოლო ორი წელია თანამშრომლობის ფორმატი კიდევ უფრო გაიზარდა და დღეს უკვე ტურიზმთან ერთად ჯანდაცვის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის სფეროებს მოიცავს. დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელ პირებთან. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი დღეს პოლონელი სტუმრებისათვის სპეციალურ პრეზენტაციას გამართავს, სადაც რეგიონის ტურისტულ პოტენციალთან ერთად, სილეზიასთან თანამშრომლობის მიმდინარე თუ სამომავლო პროექტები იქნება განხილული.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისათვის ერთ-ერთი პირველი და უმსხვილესი ტურისტული ბაზარია ევროპაში, სადაც მარკეტინგული ღონისძიებები ყოველწლიურად ტარდება. 2015 წელს სარეკლამო კამპანიის ფარგლებში აჭარა-ბათუმის პოპოულარიზაცია ერთდროულად პოლონეთის რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობდა. ესენია: ვარშავა, კატოვიცე, პოზნანი, ჩესტოხოვა, გლივიცე. რეკლამების გეოგრაფიული არეალი მოიცავდა ასევე სილეზიის რეგიონის ქალაქებს: ზაბჟე, ტიხი, ჩელადზ, მისლოვიცე და სხვა. აჭარის შესახებ პოლონეთის წამყვან ბეჭდურ და ონლაინ მედიაში გავრცელებული სტატიების თუ სატელევიზიო სიუჟეტების წვდომამ მიმდინარე წელს 15 მილიონი შეადგინა. აჭარის ტურუზმის დეპარტამენტი დამოუკიდებლად თუ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ვარშავის, კატოვიცეს, პოზნანის, გლდანსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობდა. თავის მხრივ, სილეზიის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ყოველწლიურად ღებულობენ მონაწილეობას ბათუმის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "ექსპო ბათუმი".

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელშეწყობით ჩარტერული ფრენები პოლონეთიდან უკვე მე-4 წელია ხორციელდება. 2014 წელს სამი სხვადასხვა ქალაქიდან (ვარშავა, პოზნანი და კატოვიცე) კვირაში ორჯერ განხორციელებული ფრენების წყალობით აჭარას 6000-მდე პოლონელი ტურისტი ესტუმრა. ყოველწლიურად მზარდია ტურისტთა რაოდენობა პოლონეთიდან - 2014 წელს ტურისტების 29,1% ზრდა დაფიქსირდა. მიმდინარე წელს იანვარ-აგვისტოს მონაცემებით აჭარის განთავსების ობიექტებში 12 703 პოლონელი ტურისტი დაფიქსირდა, რაც 2,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება სილეზიის რეგიონთან სამომავლო თანამშრომლობის ფორმატს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გეგმავს პოლონური გამოცდილების გაზიარებას სასტუმროების კლასიფიკაციასთან და გიდების ლიზენზირებასთან დაკავშირებით. დაგეგმილია ასევე პოლონელი ექსპერტების ვიზიტი აჭარაში და მათი მომსახურების სფეროს ასამაღლებელ ტრენინგებში ჩართულობა.