სექტემბერში აჭარაში რეგისტრირებულ განთავსების ობიექტებში ტურისტების 1,4 %-იანი ზრდა დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

სექტემბერში აჭარაში რეგისტრირებულ განთავსების ობიექტებში ტურისტების 1,4 %-იანი ზრდა დაფიქსირდა

სექტემბერში აჭარაში რეგისტრირებულ განთავსების ობიექტებში ტურისტების 1,4 %-იანი ზრდა დაფიქსირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სექტემბერში აჭარაში რეგისტრირებულ განთავსების ობიექტებში ტურისტების 1,4 %-იანი ზრდა დაფიქსირდა , - ამის შესახებ ნათქვამია სტატისტიკაში, რომელიც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.

რაც შეეხება 2015 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდს (9 თვე), აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით ტურისტების 2,83%-იანი ზრდა შეინიშნება.

"ზრდის დადებითი ტენდენცია განსაკუთრებით დიდია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შემოსულ საერთაშორისო ვიზიტორებში. 2015 წლის სექტემბრის თვეში ბათუმის აეროპორტში 11 792 საერთაშორისო ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც 54%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სექტემბრის თვის ასეთი გააქტიურება სეზონის გახანგრძლივების ტენდენციაზე მიუთითებს, რაც სხვადასხვა მიმართულებით ჩარტერული ფრენების გაგრძელებითაც გამოიხატა", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატისტიკის თანახმად, სექტემბრის ფრენების შედეგად განსაკუთრებული ზრდა შეინიშნებოდა ისრაელის (+142%), ბელორუსიის (+101%), უკრაინის (+46%), რუსეთის (+26%) და თურქეთის (+31%) მიმართულებით.

"რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იანვარ-სექტემბრის მონაცემებს, გასულ წელთან შედარებით 12%-ითაა გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა (სულ 64 667 ვიზიტორი). 9 თვის მონაცემებით ქვეყნების მიხედვით გამოიკვეთა შემდეგი სამეული: უკრაინა (+24%), რუსეთი (+13%), ბელორუსია (+73%). აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით 2015 წლის სექტემბრის თვეში საქართველოს 568,663 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.6%-ია. მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, 15.8%-ით არის გაზრდილი", - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2015 წლის სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში თურქეთიდან (+9.0%), სომხეთიდან (+6,9%), აზერბაიჯანიდან (+6.0%), რუსეთიდან (+12,6%) და უკრაინიდან (+11,7%) განხორციელდა.

"საქართველოს ტურიზმის სტატისტიკა ეყრდნობა შსს-ს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ყოველთვიურ და კუმულატიურ სტატისტიკურ კვლევას", - ნათქვამია განცხადებაში.