"გაზის ომი" - რა უნდა "გაზპრომს" საქართველოში?! - კვირის პალიტრა

"გაზის ომი" - რა უნდა "გაზპრომს" საქართველოში?!

"რუსულ გაზზეა მთელი ევროპა და მე მგონი, ამით ევროპა არ დაქცეულა. რაც შეეხება ივანიშვილის წილებს, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს რამდენი აქვს. მივესალმები, თუ დიდი წილი ექნებოდა "გაზპრომში"

"გაზპრომი" და "სოკარი" საქართველოსთვის გაზის ომს იწყებენ" -  ამ სათაურით სტატი ააზერბაიჯანულმა ვერპორტალმა  "ჰაქინ.აზიმ" გამაოქვეყნა, რომელშიც განხილულია  საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადება -  ცუდი არ იქნება, თუ საქართველო  რუსეთიდან გაზის მეტ რესურსს მიიღებსო.

ამ ორიოდე კვირის წინ პირველად გახმაურდა ინფორმაცია კალაძისა და "გაზპრომის" წარმომადგენლების საიდუმლო შეხვედრის თაობაზე. მალევე ამას  "ყაზტრანგაზის" ოფიციალური განცხადება მოჰყვა, სადაც კომპანია საკუთარი ინვესტიციის უკან წაღებაზე ალაპარაკდა.

ბუნებრივად ისმის კითხვა, რა ხდება, რა ინტერესები აქვს რუსულ კომპანიას, რომელიც კრემლის ხელში პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტადაა ქცეული და რას აპირებს საქართველო?

"ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის განცხადება, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ "გაზპრომი" და "სოკარი" ქართული ბაზრისთვის ახალ ბრძოლას იწყებენ. უნდა აღინიშნოს, რომ "სოკარს" ბუნებრივი აირის ქართული ბაზრის 90% უკავია. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობაში გადაწყვიტეს, აზერბაიჯანის გაზის მონოპოლიას ბოლო მოუღონ", - ნათქვამია აზერბაიჯანულ ინტერნეტგამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ამასთანავე, აზერბაიჯანული მედია აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელი სწორედ რომ აზერბაიჯანია, აზერბაიჯანული გაზის საფასური საქართველოსთვის გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე რუსული გაზის საფასური სომხეთისთვის.

აზერბაიჯანული მედია იმასაც წერს, რომ "გაზპრომის" 1%-იანი წილის მფლობელი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილია.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს გაზს ნაკლებ ფასში აწვდის, ენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ განაცხადა: "ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა ფიქრობს ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირებაზე, აქ საუბარი არ არის მხოლოდ დამატებითი მოცულობის შემოტანაზე რუსეთიდან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ირანთან მიმართებაშიც, რადგან ვხედავთ, რეალური შესაძლებლობაა იმისა, რომ მოვახერხოთ ირანიდან ბუნებრივი აირის წამოღება და საქართველო გახდეს სატრანზიტო ქვეყანა. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მაგალითად, ირანიდან წამოღებული გაზი მოხვდეს თურქეთში და თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებში. ამიტომ ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებს ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ისე, როგორც შაჰდენიზის შემთხვევაში".

მისივე თქმით, თუ კომერციულ კომპანიებს ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა მათ შეუძლიათ ბუნებრივი აირი წამოიღონ რუსეთიდან.

უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაური უცნაურს ვერაფერს ხედავს იმაში, თუ რუსეთიდან საქართველოში გაზი შემოვა.

"უნდა ინახოს პირობები, თუ რა პირობებით აპირებენ დაბრუნებას და ამის შემდეგ აიწონ-დაიწონოს ყველაფერი, თუ რამდენად მისაღებია ეს ყველაფერი ჩვენთვის. რუსულ გაზზეა მთელი ევროპა და მე მგონი, ამით ევროპა არ დაქცეულა. რაც შეეხება ივანიშვილის წილებს, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს რამდენი აქვს. მივესალმები, თუ დიდი წილი ექნებოდა "გაზპრომში" , - განაცხადა მეჭიაურმა. მის აზრს არ იზიარებს უმრავლესობისვე წევრი, დეპუტატი ანი მიროტაძე, რომელიც აცხადებს:

"ქვეყანასთან, რომელიც მტრულად არის განწყობილი და მუდმივად მცოცავ ოკუპაციას აწარმოებს, ვერ გექნება მერე რა მოხდა, არაუშავს პოზიცია, თუნდაც ეკონომიკური მიმართულებით".

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რაც ხდება "გაზპრომთან" დაკავშირებით, პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს, თუმცა ამას კატეგორიულად გამორიცხავს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი.

მისი თქმით, "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ დეტალებზე კომენტარები ენერგეტიკის სამინისტროში გაკეთდება.

"რაც შეეხება ჩემს მიმართულებას, ქვეყნისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია დივერსიფიკაცია როგორც ექსპორტში, ასევე იმპორტში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალებით მოამზადა ეკა გადახაბაძემ