ლაგოდეხში საქართველოში სოფლის განვითარების ახალი საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა - კვირის პალიტრა

ლაგოდეხში საქართველოში სოფლის განვითარების ახალი საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

"პროგრამის დაწყება კარგ შანსს იძლევა, რომ სოფლის მოსახლეობას ქალაქთან მაქსიმალურად მიახლოებული ცხოვრების პირობები შეექმნას"

რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხი საქართველოში სოფლის განვითარების ახალი საპილოტე პროგრამის პრეზენტაციის ეპიცენტრი აღმოჩნდა, სადაც მედიის წარმომადგენლები ევროკავშირმა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში მიიწვია. პრეზენტაცია ლაგოდეხის ნაკრძალის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.

პროექტი ლაგოდეხში საერთაშორისო ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაცია CARE-ის, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციისა და ესპანური პარტნიორი ორგანიზაცია ETEA-ს ფონდის მიერ ხორციელდება.

მარიამ გელაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპატამენტის უფროსის მოადგილე. სოფლის განვითარების კონცეფციის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი:

- ამ პროგრამის დაწყება კარგ შანსს იძლევა, რომ სოფლის მოსახლეობას ქალაქთან მაქსიმალურად მიახლოებული ცხოვრების პირობები შეექმნას. სრულიად ვეთანხმები იმ აზრს, რომ აღნიშნულის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური მხარდაჭერა როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.

მაგრამ საკითხს თუ სხვა მხრიდან შევხედავთ, პირველ რიგში, ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა დაინახოს ამ პროგრამის მნიშვნელობა. ისინი უნდა იყვნენ მთავარი მოთამაშეები ამ პროცესში. მათ ზუსტად უნდა განსაზღვრონ, თუ რა არის საჭირო მათი სოფლისთვის და ეს უნდა მოხდეს ურთიერთშეჯერებული მოსაზრებების საფუძველზე. ადგილობრივ სამუშაო ჯგუფებში გაერთიანებულმა ადამიანებმა გვერდზე უნდა გადადონ იმის ამბიცია, თუ ვის, რომელ სტრუქტურაში რა პოზიცია უკავია, რომ მხოლოდ მისი აზრი და იდეაა სწორი და მისაღები და დანარჩენები ცდებიან (სამწუხაროდ ქართველებს გვახასიათებს ეს) და ერთად, უანგაროდ შექმნან ისეთი პროექტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია მათი სოფლის უკეთესი მომავლისათვის.

ერთ კვირის წინ სლოვენიაში გახლდით, სადაც პირადად ვნახე თუ რა შეუძლია სოფლის განვითარების პროგრამის საშუალებით ადამიანების მიერ სწორად დაგეგმილ პროექტებს. მათი სოფლების ნახვისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ეს ყველაფერი ვიღაცის უხილავმა ფუნჯმა დახატა. თუმცა აქ არავითარი მისტიკა არ არის. ევროკავშირის ფინანსების გარდა, პირველ რიგში იქ არის საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, უზომო სიყვარული იმ გარემოსი, სადაც ეს ხალხი ცხოვრობს და ნურავინ ჩამითვლის ამ სიტყვებს პათეტიკურ ლოზუნგებად. ზუსტად ასეა, როგორც ვთქვი.

თუმცა იქ ბუნებრივი რესურსების ნახევარიც არ არის იმისა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. ამიტომ, ვთხოვ ყველას, სწორად გამოვიყენოთ ეს შანსი. დონორების მიერ დაწყებული საპილოტე პროექტები ერთ მშვენიერ დღეს დამთავრდება და დაგვრჩება პროდუქტი, რომელსაც ჩვენ უნდა მოვუაროთ და ვაქციოთ იმ დიდი საქმის საწყისად, რასაც ქართული სოფლის კეთილდღეობა ჰქვია.

- ე.ი. პრობლემა ჩვენშია?

- დიახ და ჩვენს მენტალიტეტში, თორემ ყველაფერი შესაძლებელია, თან ძალიან მარტივად. სლოვენია ჯერ არც იყო ევროკავშირის წევრი და არ ჰქონდა თანხები, როცა ლოკალურმა სამუშაო ჯგუფებმა სხვადასხვა საშუალებებით ფულის მოზიდვა დაიწყეს იმიტომ, რომ უნდოდათ, უკეთ ეცხოვრათ, სოფლებიც არ დაცლოდათ.

ჟურნალისტებს საშუალება გვქონდა, საველე გასვლაშიც მიგვეღო მონაწილეობა და დავათვალიერეთ საოჯახო სასტუმროები და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ლაგოდეხსა და სოფელ ლელიანში.

ზოგადად კი, პრეზენტაცია ლაგოდეხში არის იმ ღონისძიების გაგრძელება, რომელიც სექტემბერში სტეფანწმინდაში შედგა და მიზნად ისახავდა მედიისთვის იმ სამი საპილოტე პროექტის წარდგენას, რომელიც ლაგოდეხში, ყაზბეგსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება. პროექტი ევროკავშირის მიერ 3 მილიონი ევროს ოდენობითაა დაფინანსებული ევროპის სამეზობლოს პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში.

სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხში, ყაზბეგსა და ბორჯომში შეიქმნება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები (LAG), რომლებიც შედგება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორისა და თემის წარმომადგენლებისგან. სწორედ ეს ჯგუფები იქნება პასუხისმგებელი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე.

ლალი ფაცია