შესაძლებელია წყალდიდობებისა და ხანძრების პრევენცია?! - როგორ შეიძლება იქცეს ქართული ტყე მსოფლიო ბრენდად? - კვირის პალიტრა

შესაძლებელია წყალდიდობებისა და ხანძრების პრევენცია?! - როგორ შეიძლება იქცეს ქართული ტყე მსოფლიო ბრენდად?

"საქართველოს ტყეებში სავალალო მდგომარეობაა. ტყეების ეკოსისტემის მთლიანი დეგრადაცია მიდის, ამას ემატება ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, უკანონო ჭრა, რომელიც საქართველოში არსებულ უნიკალურ და უიშვიათეს ხის ჯიშებს ანადგურებს"

ისრაელის კომპანია J GROUP Global (JGG) საქართველოს ტყეების გადასარჩენად უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტს იწყებს. იგეგმება ქართული ტყის მსოფლიო ბრენდად ქცევა. პროექტში ისრაელის სამი უნივერსიტეტის მეცნიერები ჩაერთვებიან, რომლებიც ქართული ეკო სისტემის აღდგენის გარდა, საქართველოში ისეთი უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაზე იმუშავებენ, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება მოსალოდნელი წყალდიდობების წინასწარ დადგენა და მისი პრევენცია, ასევე ტყეებში ხანძრების გაჩენის პრევენცია. "კვირის პალიტრას " აღნიშნული პროექტის დეტალებზე J GROUP Global (JGG)ის კვლევისა და განვითარების ექსპერტი, თელავივის უნივერსიტეტის მეცნიერებათა კანდიდატი ალექსანდრე ზოგასი ექსკლუზიურ ინტერვიუში ესაუბრა.

- რამდენიმე თვის წინ საქართველოს პატრიარქთან შეხვედრაზე ვიყავით და ამ შეხვედრის შემდეგ საქართველოს ტყეებით დავინტერესდით. საქართველოს ტყეები წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილს, რომელსაც მსოფლიო მნიშვნელობა აქვს. აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოს ტყეებში სავალალო მდგომარეობაა. ტყეების ეკოსისტემის მთლიანი დეგრადაცია მიდის, ამას ემატება ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, უკანონო ჭრა, რომელიც საქართველოში არსებულ უნიკალურ და უიშვიათეს ხის ჯიშებს ანადგურებს. ეკოლოგიური გარემოსადმი მოსახლეობის დამოკიდებულება სამწუხაროდ გულგრილია. ჩვენი კომპანიის საპატრიარქოსთან, გარემოსდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, შევთანხმდით, რომ ავაღორძინოთ ქართული ტყეები. ამ პროექტში მონაწილეობას მიიღებს ისრაელის სამი უნივერსიტეტის მეცნიერები და შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს უნივერსიტეტებთნ ერთად. ქართული ნიადაგების ხეების ჯიშების და მისი დაავადებების მეცნიერული შესწავლა და მისი აღდგენა მოხდება.

- რამ გამოიწვია ტყეების ეკოსისტემის დეგრადაცია, ხეების დაავდება და ნიადაგის ეროზია?

- ორი ძირითადი მიზეზია. ერთ-ერთი კლიმატის ცვლილებაა. ძირითადად უფრო ადამიანური ფაქტორის გამო დაიწყო ტყეების დეგრადაცია. სხვა ფაქტორებიც არის. ამ ეტაპზე ზუსტად არ შეგვიძლია მიზეზის დადგენა. ამიტომ არის კვლევები საჭირო. ისრაელის სამი უნივერსიტეტის პროფესორების ხელმძღვანელობით და უახლესი ტექნოლოგიებით სერიოზული სამეცნიერო კვლევები ჩატარდება.

- ეს ეხება მხოლოდ ტყეებს, თუ სოფლის მეურნეობის ნიადაგების შესწავლაც მოხდება?

- ამ ფონდის მიზნობრიობა პირველ ეტაპზე მხოლოდ სატყეო სისტემის გაჯანსაღებაზე ზრუნვაა. ისრაელში არის ადგილები, სადაც თავიდან აღდგა ტყეები. ახლიდან გავაშენეთ. ამ პროცესში ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება იყო უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვა. უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჩვენი კომპანიის პოლიტიკაა. გვაქვს ისეთი ტექნოლოგია, რომლის დანერგვის შემთხვევაში მოსალოდნელი ხანძრების შესახებ წინასწარ შეტყობინების გაგზავნა შეუძლია. ხანძრების შემთხვევაში, ზიანდება არა მხოლოდ ტყე, არამედ სასოფლო სამეურნეო ნიადაგებიც, რაც დიდ ზარალს აყენებს ასევე სოფლის მეურნეობას. პროექტის მიზანია ასევე, საქართველოს მოსახლეობამ ტყესთან დამოკიდებულების გადაფასება მოახდინოს. ქართულ მოსახლეობაში რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის მხოლოდ ეკონომიკური დამოკიდებულება, მოჭერი გათბი, ან გადაამუშავე.

- ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში ტყეების ძალიან დიდი ფართობი გაიჩეხა. პროექტის ფარგლებში გარდა დაავადებული ტყეების გაჯანსაღებაზე ზრუნვისა, იგეგემება თუ არა ხელახალი განაშენიანებაც?

- მხოლოდ ხის დარგვით ტყეს ვერ გააშენებ. ჩვენ ამას უფრო სიღრმისეულად ვუდგებით. ჯერ მეცნიერულად ვსწავლობთ ნიადაგს ვიკვლევთ რა ჯიშის ხე იყო აქ ისტორიულად, რომელი ხე უფრო შეეგუება იმ ნიადაგს და ამ კვლევების მიხედვით ვწყვეტთ ხის ჯიშს, რომელიც იმ ადგილას უნდა გაიზარდოს. კლიმატის, ტენიანობის, ნიადაგების, ლანდშაფტის შესწავლის მიხედვით. ამის გამოცდილება ჩვენ გვაქვს ისრაელში და სხვა ქვეყნებშიც ვაკეთებთ ამას.

- ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, თანხების გაღება ქართულ სახელმწიფოს მოუწევს თუ დაფინანსების სხვა წყარო არსებობს?

- ასეთი ფართო მასშტაბის პროექტების დაფინანსებას ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოებიც კი ვერ ახერხებენ. არის საერთაშორისო ფონდები, რომლებიც მზად არიან მსგავს პროექტებში დიდი თანხები ჩადონ. საქართველოში ჩვენი ფონდი იმიტომ ყალიბდება, რომ საქართველოს ტყეები მსოფლიო ბრენდი უნდა გახდეს, რადგან ქართული ტყე არის უნიკალური. სართაშორისო ფონდებიდან დაფინანსების მისაღებად საჭიროა სპეციალისტები, რომლებიც ზუსტად დაწერენ და აჩვენებენ რისი გაკეთება შეიძლება ქართულ ტყეებში. ისე ფულს არავინ არავის არ მისცემს. მთავარია საჩვენებლად რაღაც გაკეთდეს რომ პერსპექტივა დაინახონ. ისრაელში სპეციალური მეთოდოლოგიით და ტექნოლოგიებით შეგვიძლია განვსაზღვროთ, რამდენიმე წელიწადში კონკრეტულ რეგიონში კონკრეტულ ნიადაგზე რა ცვლილება შეიძლება მოხდეს, რომ იმის მიხედვით დაიგეგმოს სოფლის მეურნეობა. რომელი მცენარეები უნდა შეირჩეს იმ კლიმატისთვის და ა.შ. ჩვენი პრიორიტეტია მსგავსი კვლევა აქაც ჩატარდეს, რომ იცოდეთ, სად რა მოხდება. რაღაც მომენტში თბილისის წყალდიდობა თქვენთვის მოულოდნელი იყო. აქ მეცნიერული კვლევები რომ ყოფილიყო ჩატარებული რის ჩატარებასაც მომავალში ჩვენ ვგეგმავთ, გეცოდინებათ, სად რომელ რეგიონში რა წყალდიდობა იქნება მოსალოდნელი. წყალდიდობების რისკების შემცირება შესაძლებელია თუ სწორად შერჩეულ ადგილზე სწორად შერჩეული ხის ჯიშებით მოხდება ტყის გაშენება. ჩვენი გამოცდილებით, სწორად შერჩეული ხის ჯიშების დარგვის შედეგად მოსული ნალექების 90 პროცენტს ხეები იწოვს და ორთქლდება. რჩება მხოლოდ ათი პროცენტი. ამ ათი პროცენტიდან 7 პროცენტი მიწის ზედა წყლებს წარმოქმნის, ხოლო სამი პროცენტი მიწის ქვეშა შიდა წყლებს. საშიშ ზონებში, ტყის არ არსებობის შემთხვევაში, ან ისეთი ჯიშის ხეების არსებობის პირობებში, რომელიც დიდი რაოდენობით წყლის შეწოვას და აორთქლებას ვერ ახერხებს დარჩენილი ნალექის რაოდენობა 7 პროცენტზე ბევრად დიდია და ბევრად მეტ საშიშროებასაც ქმნის.

- ისრაელის გარდა, თქვენს კომპანიას სხვა რომელ სახელმწიფოებში უმუშავია და რა სახის პროექტები გაქვთ განხორციელებული?

- მაგალითად თურქმენეთის უდაბნოში 10 000 ჰექტარი ტყე დავრგეთ. სხვა სახელმწიფოებში ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტების დროს დარგული ხეების 90 პროცენტმა გაიხარა. საქართველოში ტყეები კი გაქვთ, მაგრამ თუ არაფერი გაკეთდა, დადგება მომენტი, როცა ვერავინ ისარგებლებს ამ ტყეებით. ჩვენი მიზანია ეს არ მოხდეს, მითუმეტეს, როცა ვხედავთ საქართველოს უზარმაზარ პოტენციალს ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია მოსახლეობის დამოკიდებულების გადაფასება გარემოს დაცვასთან მიმართებაში. მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა საკმარისი არაა, სამოქალაქო განათლება და მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანია. პროექტის ფარგლებში მოლაპარაკება მიდის ქართული უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებთან , რომ საზოგადოებაში დაინერგოს გარემოს დაცვის შესაბამისი პოლიტიკა. მოსახლეობის მიდგომა შეიცვალოს. გარდა ამისა საჭიროა სკოლებში ბავშვებთან დაიწყოს შესაბამისი სწავლება.

- საქართველოში გვაქვს ნაყოფიერი მიწები , წყალი, ყველა შესაბამისი ბუნებრივი პირობა, მაგრამ ისრაელისგან განსხვავებით წარმატებული სოფლის მეურნეობის შექმნა ვერ მოვახერხეთ? როგორც სოფლის მეურნეობის საკითხების ექსპერტი, რას ფიქრობთ ამაზე, რა არის მიზეზი?

- საქართველოს ისრაელთან შედარებით საოცარი ბუნებრივი პოტენციალი აქვს. აქ არის კარგი კლიმატი, მიწები. ისრაელთან შედარებით ყველა კუთხით მაღლა დგახართ. მაგრამ თქვენი პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა და ფერმერების ნაკლები ცოდნა და განათლება ამ სფეროში. ასევე თანამედროვე ტექნოლოგოების არ ქონა. თუ მოვახერხებთ საქართველო-ისრაელს შორის ამ კუთხით თანამშრომლობას, ჩვენი მხრიდან მოხდება არამარტო სპეციალისტების იმპროტი, ადგილობრივი კადრების მომზადებასაც შევუწყობთ ხელს, რომლებიც თვითონ შეძლებენ კვლევის ჩატარებას და მეურნეობის განვითარების სწორად დაგეგმარებას. არსებობს საერთაშორისო ფონდები, რომლებსაც მსგავსი პროექტებისთვის ფინანსების გამოყოფა შეუძლიათ. საჭიროა მხოლოდ მათი სწორად გამოყენება. ტექნოლოგია გადამწყვეტი არაა. ტექნოლოგია შეგიძლია იყიდო, მაგრამ მთავარია ადგილობრივებს ასწავლო, როგორ გამოიყენონ ის. საქართველოში არის მითი რომ არის ბევრი წყალი, მაგრამ ამ წყალს როგორ იყენებთ ეგ ცალკე საკითხია. თქვენთან გარემოზე ზრუნვისთვის არც შესაბამისი განათლება არსებობს და არც დამოკიდებულება. საქართველოში ერთ მდინარეზე რამდენიმე საკალმახე მეურნეობა იყო გაკეთებული. მდინარის თავში საკალმახე ვისაც ჰქონდა გაკეთებული უკონტროლო რაოდენობის ანტიბიოტიკები ჩაუყარა თევზს, მდინარემ წამოიღო ანტიბიოტიკი და ყველა საკალმახე მეურუნეობას ჩამოუარა. მერე ზემოთ რამდენიმე თევზი ავად გახდა, ის დაავადება წყალმა დაბლა სხვებთანაც ჩაიტანა და დიდი რაოდენობით თევზი დაავადდა, უკონტროლო თევზის მეურნეობას ზიანი მოაქვს, აბინძურებს მდინარეეებს, რომელიც ხვდება ნიადაგში. ნიადაგიდან მცენარეებში, ხეში, ტყეში. ჯაჭვური პროცესია. ამიტომაც მსგავსი პროცესების კონტროლის სისტემა უნდა არსებობდეს, რომლის უკანაც ასეთი ფონდები იდგება.

მარი ინეზაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)