თემურ ჭყონია: "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე იმდენი ადამიანი მოვიდა... ეს მლიქვნელობის დემონსტრირება გახლდათ" - კვირის პალიტრა

თემურ ჭყონია: "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე იმდენი ადამიანი მოვიდა... ეს მლიქვნელობის დემონსტრირება გახლდათ"

გთავაზობთ ნაწყვეტებს ბიზნემენ თემურ ჭყონიას ინტერვიუდან, რომელიც ვებპორტალ bpn -ს მისცა:

- რამდენიმე დღის წინ, კვირკაშვილისა და ბიზნესმენების შეხვედრაზე არ იმყოფებოდით...

- არავის მივუწვევივარ და სიმართლე გითხრათ, მსგავსი შეხვედრების მომხრეც არ ვარ. იქ მხოლოდ ერთმანეთს ვეპრანჭებით. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზეც იმდენი ადამიანი მოვიდა - თქვენ გვერდით ვართო, ხალხი ფეხზე იდგა. ესეც მხოლოდ მლიქვნელობის დემონსტრირება გახლდათ და არა საქმიანი შეხვედრა. საერთოდ, მლიქვნელობა საქართველოს ყველაზე დიდი ავადმყოფობაა. რატომ არ შეიძლება საქართველოში ბიუჯეტის შემვსებ ბიზნესმენებს თუნდაც ფინანსთა მინისტრი სათითაოდ შეხვდეს? ნოდარ ხადური ხშირად იბრალებს - ბიუჯეტი შევასრულეთო, მაგრამ ბიზნესმენებზე არასოდეს არაფერს ამბობს. ქართულმა ბიზნესმა იმუშავა პატიოსნად და ბიუჯეტი შენ როგორ შეავსე? ხადური გეგმას ვერ ასრულებს, ის მხოლოდ ჩვენს მიერ შეტანილ ფულს ითვლის. ბიზნესმენებს მხოლოდ კვირიკაშვილმა გადაგვიხადა მადლობა სახელმწიფოს წინაშე შესრულებული ვალდებულებებისთვის.

***

- ბიზნესმენების ნაწილი ცვლილებას საკანონმდებლო ზეწოლად აფასებს, თქვენც ამ პოზიციაზე ხართ?

- ცვლილებას ზეწოლად ვერ შევაფასებ, უბრალოდ, უფრო სახელმწიფოებრივად აზროვნებაა აუცილებელი. აქციზის საკითხზე ხადურთან შეხვედრა რამდენჯერმე ვცადეთ, თუმცა ეს მას არ აინტერესებს. შესაძლოა, ხადური შეიცვალოს. მჯერა, რომ პრემიერი ბევრად ღრმა შეხვედრებს გამართავს და რეალურ ბიუჯეტსაც შეადგენს. ხშირად საუბრობენ ბიზნესმენები წნეხისგან გათავისუფლდნენო. კი ბატონო, მაგრამ ამის დამადლებაც არასწორია. გულახდილად რომ ვთქვათ, წინა წლებთან შედარებით, დღეს ბიზნესი ბევრად აქტიურია, მაგრამ სახელმწიფოსგან მეტი ხელშეწყობაა აუცილებელი. დღეს მაღალჩინოსნები საქართველოს ისე მართავენ, თითქოს ინდოეთში არიან. გეგონება, აქ მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და თვალუწვდენელი ტრამალებია. რითი განსხვავდება ქართველი მინისტრი გერმანელი კოლეგებისგან? არ უნდა იცოდე, რომ სამმილიონიან ქვეყანას მართავ, რომლის ბიუჯეტი "კაპიკებია?!" სახელმწიფო ხარჯები ვალუტის კურსზე აისახება. ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, ვალუტის ცვალებადობა ბიზნესისთვის მტკივნეული არ არისო, ფული თუ არ გაქვს, როგორ არ იქნება მტკივნეული? კი ბატონო, საგარეო ფაქტორებიც არსებობს, ყველაფერს ხელისუფლებას ვერ დავაბრალებთ, მაგრამ ხელისუფლებამ ხარჯები უნდა შეამციროს. გაბერილი შტატები უნდა შემცირდეს, სამინისტროები, კერძოდ, ე.წ. შერიგების სამინისტრო გაუქმდეს. მსგავსი სამინისტრო სხვა სახელმწიფოში გინახავთ? 25 წელია ვერ შევრიგდით, დავიშალოთ ახლა და სხვა სახელი დავარქვა

***

- მეჭიაურის განცხადებით, გიორგი ქადაგიძეს პარლამენტში გამოსვლა მხოლოდ შოუს მოსაწყობად სჭირდება...

- მოდით, მეჭიაური ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ან მრჩევლად მაინც დავნიშნოთ და ყველა პრობლემა გადაწყდება. იქნებ, ისიც გვითხრას, ლარის კურსის განვითარება როგორი იქნება. თვითონ მოვიდნენ და მოგვიარონ... ყველა განცხადება არჩევნებზეა ორიენტირებული, რაც უნდა დამთავრდეს და მეტი პროფესიონალური შეფასება გაკეთდეს. სხვათა შორის, ვიზალიბერალიზაციის მიღება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია. ეს არამხოლოდ ახალგაზრდებს სთავაზობს უსაზღვრო პოტენციალს, პროდუქციის სტანდარტიც ამაღლდება. ამ სიკეთეებზე ხელისუფლებამ ხალხს სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

იხილეთ სრულად