"ტენდერებში"ფულის მოხსნის" სამი სქემა" - კვირის პალიტრა

"ტენდერებში"ფულის მოხსნის" სამი სქემა"

"ხანდახან ტენდერში გამარჯვებული კომპანიისა და მისი ქვეკონტრაქტორი ფირმების წარმომადგენლები ერთი და იგივე პირები არიან"

"ტენდერებით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის გამოყოფილი ათასობით ლარი ჰაერში ორთქლდება!" - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია"ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი. როგორ იფლანგება საბიუჯეტო სახსრები და რატომ არ ისჯებიან კორუფციული გარიგებებისთვის ჩინოვნიკები?! ამასთან დაკავშირებით ნატალია ხოხიაშვილი გვესაუბრა:

- რამდენიმე ტენდერი თავად შევისწავლე და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში კორუფციული გარიგებებისა და"ფულის მოხსნის" სქემები თვალსაჩინოდ გამოიკვეთა, რაც უნამუსო ჩინოვნიკებს ფულის კეთების საუკეთესო საშუალებას აძლევს.

სქემა #1 გულისხმობს, რომ ტენდერის პირობები და შესასრულებელი სამუშაოს პროექტი თავიდანვე უვარგისი იყოს! ეს საშუალებას იძლევა, შემსრულებელს დაუწუნონ სამუშაო და ტენდერი რომ ჩაბარებულად ჩაითვალოს,"ატკატი" გადაახდევინონ.

სქემა #2 გულისხმობს, მოკლე ვადაში ერთი და იმავე სამუშაოს შესრულებაზე ტენდერის რამდენჯერმე გამოცხადებას.

სქემა #3-ით კი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შეუძლია დაიქირავოს ქვეკონტრაქტორი ფირმები და დაუდოს ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევებში არაადეკვატური თანხა იხარჯება ამა თუ იმ სამუშაოს შესრულებისთვის. საგულისხმოა ის, რომ ხანდახან ტენდერში გამარჯვებული კომპანიისა და მისი ქვეკონტრაქტორი ფირმების წარმომადგენლები ერთი და იგივე პირები არიან. გვაქვს ამის მაგალითებიც...

- გამოდის, საკუთარ თავს უფორმებენ ხელშეკრულებებს?

- დიახ, ასეა... წალკის რაიონში 25 მარტის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის დასაგებად გამოცხადებული იყო ტენდერი, რომლის ღირებულებაც 360.000 ლარამდე იყო. სამუშაო შპს"მეორე საგზაო სამმართველომ" ჩაატარა, რომლის ხელმძღვანელიც ლევან ჩაგელიშვილი იყო. ეს კაცი ამბობდა, რომ პროექტი თავიდანვე უვარგისი იყო და გადაკეთებას საჭიროებდა (არ იყო გათვალისწინებული სანიაღვრე სისტემა, რომ მოასფალტებული გზიდან წყალი არხებში გადასულიყო), გამოყოფილი თანხა კი ამ სამუშაოს შესრულებისთვისაც საკმარისი იქნებოდა... ამასთან, პროექტი არა მთელი ქუჩის, არამედ ნაწილის მოასფალტებას ითვალისწინებდა. ჩაგელიშვილი ღიად აცხადებს, რომ მას გამგეობიდან თანამდებობის პირები შეხვდნენ და"ატკატი" მოსთხოვეს. თანხმობა რომ ვერ მიიღეს, სამუშაო ჩაბარებულად აღარ ჩაუთვალეს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ გამგეობამ ძალიან მოკლე დროში ისევ გამოაცხადა ტენდერი, რომელიც 25 მარტის ქუჩის მოასფალტებას გულისხმობდა. გაიმარჯვა ფირმამ -"ნიუ კომპანი", რომლის წარმომადგენელიც გიორგი ლომიძე გახლავთ. ჩემი ინფორმაციით, ის გამგებლის მეგობარია. ლომიძემ ქვეკონტრაქტორ ფირმებთან დადო ხელშეკრულებები, სადაც სამუშაოს შესრულებისთვის არაადეკვატურად მაღალი ფასები გაიწერა. აუდიტის სამსახურმა ეს საქმეც შეისწავლა და დასკვნაში დაწერა:"ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის გადახდილსა და ქვეკონტრაქტორი ფირმებისთვის ანაზღაურებულ თანხებს შორის სხვაობა 117.000 ლარია. შესრულებული სამუშაოს სავარაუდო ღირებულების გაანგარიშება კი გონივრულ გათვლებს არ ეფუძნება". გამოდის, ათასობით ლარი თვალსა და ხელს შუა ჰაერშია აორთქლებული. ასეთი ფაქტები სხვა რაიონებშიც უამრავია...

- აუდიტის დეპარტამენტის დასკვნებს სათანადო რეაგირება რატომ არ მოჰყვა?

- ვესაუბრე ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზურაბ ბუცხრიკიძეს. მითხრა, რომ მათ კრიტიკული დასკვნები დადეს და სათანადო ორგანოებსაც გადასცეს, გამოძიების შედეგები კი არ არის ცნობილი, მუნიციპალიტეტში დარღვევა ცხელ კვალზეც აღმოგვიჩენია და ინფორმაცია მთავარ პროკურატურას მაშინვე გადავეცითო... რადგან წალკის ტენდერებზე გესაუბრეთ, იმასაც შეგახსენებთ, თუ ვინ არის ამ მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი. ეს გახლავთ ილია საბაძე... ის კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსია, რომლის მოღვაწეობა წინა ხელისუფლების დროსაც ეჭვებს აჩენდა. თუმცა მან შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის დახმარებით ახალი ხელისუფლების პირობებშიც მოახერხა ჩინოვნიკის სავარძელში მოკალათება. არადა, ეს კაცი თავის დროზე"ქართულ ოცნებას" ყველანაირად უშლიდა ხელს, რომ წალკაში ოფისი ჰქონოდათ."გამგეობის თანამშრომლებს"ატკატის" მიცემაზე არ დავთანხმდი"

ლევან ჩაგელიშვილი, ბიზნესმენი: შპს"მეორე საგზაო სამმართველოს" ხელმძღვანელი: - გამგებელი ცრუობს, რადგან 25 მარტის ქუჩა 973 მეტრი სიგრძისაა, ჩვენ კი 735 მეტრი მოვაასფალტეთ, რაც პროექტით იყო გათვალისწინებული. ისე, პროექტი თავიდანვე უვარგისი იყო და ზოგან უკვე გაკეთებული სამუშაოს შესრულებასაც ითვალისწინებდა. საპროექტო სამსახურს ვუთხარი, რომ გამოყოფილი თანხა მაძლევდა საშუალებას, პროექტი გადამეკეთებინა და სამუშაო სრულყოფილად და ხარისხიანად შემესრულებინა, მაგრამ ამის ნებართვა არ მომცეს. ამიტომ საქმეს პროექტის მიხედვით შევუდექი, მხოლოდ ერთი-ორ შემთხვევაში მომიხდა დამატებითი სამუშაოს შესრულება, რაც გამგეობის წარმომადგენელთა თხოვნით განვახორციელე. თუმცა, საბოლოოდ, სამუშაო შესრულებულად არ ჩამითვალეს და თანხა სრულად არ გადმომირიცხეს (147.000 ლარი სადავო გახდა). ამის მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ გამგეობის თანამშრომლებს"ატკატის" მიცემაზე არ დავთანხმდი. და კიდევ, ვწუხვარ, რომ მათი შემოთავაზება ფარული კამერით არ ჩავწერე. ამ ხელისუფლების პირობებშიც ასეთ რამეს თუ გაბედავდნენ, ვერ წარმომედგინა.

"რას ნიშნავს"ატკატები", ასეთი რამ პირველად გავიგე"

"კვირის პალიტრა" წალკის გამგებელ ილია საბაძესაც დაუკავშირდა: - ნატალია ხოხიაშვილი არაერთ სიბინძურეს ამბობს. მე არ ვთვლი, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ჩვენთან მნიშვნელოვანი დარღვევები გამოავლინა. ლევან ჩაგელიშვილს არ გადაერიცხა თანხა ბოლომდე, რადგან ასფალტი უხარისხოდ დააგო და ამაზე სამხარაულის დასკვნაც არსებობს.

- როგორც ვიცი, სამხარაულის ექსპერტიზის სხვა დასკვნაც არსებობს, რომელიც საწინააღმდეგო შინაარსისაა...

- კი ბატონო, ამ საკითხზე დავა მიმდინარეობს. ჩაგელიშვილმა ადგილობრივ სასამართლოში პროცესი წააგო და ახლა ზემდგომ ინსტანციებში ასაჩივრებს...

- ჩაგელიშვილი აცხადებს, რომ გამგეობიდან მას"ატკატებს" სთხოვდნენ...

- ეს აბსურდია! ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?! საერთოდ რას ნიშნავს"ატკატები", ასეთი რამ პირველად გავიგე...

- რაც შეეხება 25 მარტის ქუჩას, მოკლე პერიოდში ისევ რატომ გამოაცხადეთ მის მოასფალტებაზე ტენდერი?

- არანორმალური უნდა ვიყო, რომ შესრულებულ სამუშაოზე ისევ გამოვაცხადო ტენდერი. 25 მარტის ქუჩა 800 მეტრამდე სიგრძისაა, თუ სწორად მახსოვს, გაკეთებული იყო 200 მეტრი, ამიტომ გასაკეთებელ ნაწილზე გამოცხადდა ტენდერი.

-"ნიუ კომპანის" წარმომადგენელი გიორგი ლომიძე თქვენი მეგობარია?

- რას ამბობთ, რა მეგობარი?! ერთხელ ვნახე ეს ადამიანი.

ეკა ასათიანი