"ნაცნობი" გაზი უცნობი ფასით - კვირის პალიტრა

"ნაცნობი" გაზი უცნობი ფასით

რა ფასად ვყიდულობთ გაზს აზერბაიჯანისგან

"გაზპრომსა" და "სოკარს" შორის მოლაპარაკებაში ენერგეტიკის სამინისტრომ ზამთარი გალია და აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმებას გაზაფხულზე მიაღწია. რაც შეეხება "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს, კახი კალაძის ინფორმაციით, საქართველო რუსეთისგან კვლავ გატარებული აირის 10%-ს მიიღებს.

მაშინ, როცა კალაძე "გაზპრომის" წარმომადგენლებთან საიდუმლო შეხვედრებს მართავდა და აცხადებდა, რომ "სოკარს" გაზის დამატებითი მოცულობების მოწოდების ტექნიკური შესაძლებლობები არ ჰქონდა, სურათი რადიკალურად შეიცვალა და აზერბაიჯანს დამატებით 500 მილიონი კუბმ ბუნებრივი აირის მოწოდების შესაძლებლობა გაუჩნდა. გარდა ამისა, "სოკარმა" გამოთქვა მზადყოფნა, 1000 კუბმ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი. ამასთან, ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს "სოკარისგან" შესასყიდი სოციალური გაზის ფასი შეუმცირდა, მაგრამ რამდენით, არ აკონკრეტებენ. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო კვლავ განაგრძობს ლარის გაუფასურების გამო გაძვირებული სოციალური გაზის სუბსიდირებას, "სოკარის" ფასდაკლება არც ისე დიდი მოცულობის უნდა იყოს. მოკლედ, სანამ რუსული გაზის მოცულობების ზრდაზე უარის თქმა გვახარებს, ყურადღების მიღმა რჩება ბუნებრივი აირის ფასწარმოქმნის მექანიზმი, რომელიც დღემდე მკაცრად გასაიდუმლოებულია.

დავით მირცხულავა, საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი: "ჩვენ დაახლოებით 1,2 მილიარდ კუბმ გაზს ვყიდულობთ "სოკარისგან". კიდევ, სპეციალური ფასით ვყიდულობდით 500 მილიონ კუბმ-ს და 200 მილიონიც - სატრანზიტო მოცულობის 5%, ემატებოდა აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენიდან. რუსეთიდან ტრანზიტის 10% 200 მილიონი კუბმ-ია. ჯამში 2,1 მილიარდი კუბმ გამოდის, ქვეყანას კი 2,4 მილიარდი სჭირდება, ანუ დეფიციტი აშკარად გვქონდა. 500 მილიონი კუბმ-ის მოწოდება "შაჰ-დენიზის" მილსადენით მოხდება, რადგან ძველ მილსადენს ნამდვილად აქვს დამატებითი აირის გატარების ტექნიკური პრობლემა. უცნობია, როგორ და რა ფასად მიიღებს საქართველო ბუნებრივ გაზს.

- თუმცა "სოკარი" ამბობს, რომ ბუნებრივი აირის ფასს შეამცირებს.

- გაზგასამართი სადგურებისთვის გაზის 35-40 დოლარით შემცირებაზეა ლაპარაკი. დღეს იქ 1000 კუბმ-ის ფასი 315-320 დოლარის ფარგლებში მერყეობს, გამოვაკლოთ დაპირებული 35-40 დოლარი და ფასი 275-280 დოლარამდე შემცირდება. თუ ამას რეგულირებისა და ტრანსპორტირების ხარჯს გამოვაკლებთ, რეგიონში მაინც ყველაზე ძვირი გაზი გამოგვდის. ევროპულ ბაზარზე კი გაზის ფასი მხოლოდ 35-40 დოლარით არ შემცირებულა, იქ უკვე 1000 კუბმ-ზე 182,8 დოლარზე ქვემოთ ჩამოდის. ეს ფასი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 40,75%-ით ნაკლებია. ამიტომ შემცირება ჩვენთანაც გარდაუვალი იყო, თუმცა ნამდვილად არ დაუკლია 40%-ით. ბუნებრივი აირის ფასი ჩვენთანაც მაქსიმუმ 157-160 დოლარის დიაპაზონში უნდა იყოს. თუმცა, გაზის ფასზე საუბარი მაინც ჭირს, რადგან საკითხი კონფიდენციალურია. ლაპარაკია, რომ რაღაც X თანხას 35-40 დოლარი აკლდება. ეს ინფორმაცია უნდა გაიხსნას: რა ფასად ვყიდულობთ გაზს აზერბაიჯანისგან? რა ფასად ხდება იმ გაზის მონეტიზაცია, რომელსაც ტრანზიტიდან ვიღებთ? ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა თქვას უარი ე.წ. სოციალურ გაზზე. თითქოს კეთილ განზრახვაში უსამართლობაა ჩადებული - აუცილებელია იმ სოციალური ჯგუფების დახმარება, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება და არა ყველასი თანაბრად. გაზის ფასი სოციალური კი არ უნდა იყოს, არამედ საბაზრო.

ბუნებრივი გაზის სექტორში უამრავი პრობლემაა, რაც ამ დარგის მოწესრიგებას, გნებავთ, გამჭვირვალობას უკავშირდება. მაგალითად, ენერგეტიკის მინისტრმა 2007 წლის ბრძანებით (#69) გაზის მიწოდების ნაწილობრივი დერეგულირება გამოაცხადა. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ამ ბრძანების გაუქმება. ვერ გაიგებ, დღეს ვინ აწვდის გაზს სხვადასხვა ორგანიზაციას, მაშინ როცა შემომტანი ერთი გვყავს - "სოკარი". თუ ეს ბრძანება გაუქმდება, მარეგულირებელი შემოვა და გაზის მომწოდებლები გონივრულ მოგებას დასჯერდებიან.

- ენერგეტიკის მინისტრის ცნობით, "გაზპრომთან" ფაქტობრივად მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველო ტრანზიტის საფასურად კვლავ გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს მიიღებს. შეთანხმებას მხოლოდ ხელმოწერა აკლია და ის წლის ბოლომდე იმოქმედებს...

- ეს ყველაზე კარგი პირობაა საქართველოსთვის და ქართული დელეგაციის ყველაზე მაღალი მიღწევა სწორედ მისი შენარჩუნება იქნება. ბუნებრივია, შეთანხმება არ იქნება გრძელვადიანი, ასეთი მოლაპარაკებები ყოველწლიურად ეწყობა. ამიტომაც იყო აქ დაწყებული აჟიოტაჟი აბსოლუტურად მოგონილი... ქართული მხარისთვის ამ პირობის შენარჩუნება ნამდვილად მიღწევა იქნება.

- აზერბაიჯანს აქამდე თუ არ ჰქონდა გაზის მოწოდების გაზრდის რესურსი, ახლა რა მოხდა?

- ძველ მილსადენს, რომლითაც საქართველო გაზის ძირითად მოცულობას იღებს, ნამდვილად არ ჰქონია ამ ეტაპზე ბუნებრივი გაზის დამატებითი გატარების შესაძლებლობა. ამ 500 მილიონ კუბმ-ს საერთაშორისო კონსორციუმის მილსადენ "შაჰ-დენიზის" საშუალებით მივიღებთ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მაქსიმალურად ცდილობს საექსპორტო მოცულობების შენარჩუნებას. ამისთვის, მაგალითად, საკუთარი თბოელექტროსადგურები გაზის ნაცვლად მაზუთზე გადაჰყავს, ისინი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებენ და, ფაქტობრივად, გაზის მოცულობის ზღვარზე არიან, სანამ "შაჰ-დენიზ 2" ამოქმედდება.