ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დანერგილი მკურნალობის თანამედროვე მიდგომები ინსულტის პრევენციის გარანტია! - კვირის პალიტრა

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დანერგილი მკურნალობის თანამედროვე მიდგომები ინსულტის პრევენციის გარანტია!

აქ თავის ტვინის ინსულტის მქონე მძიმე პაციენტები დაინვალიდებისგან იხსნეს

მედიცინის განვითარებას, მაღალტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას და თანამედროვე მეთოდების დანერგვას სიცოცხლის გადარჩენა-გახანგრძლივების ერთადერთი კეთილშობილური მიზანი აქვს. აღნიშნულ გამოწვევას კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი სათანადოდ და ღირსეულად პასუხობს.

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა ხშირი პათოლოგიაა, რომელიც მძიმე გართულებებს იწვევს, ჩვეულებრივ, ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციების დარღვევით მთავრდება (მოძრაობისა და კოორდინაციის დარღვევით), აზროვნების და მეხსიერების პრობლემებით და ზოგჯერ ლეტალური გამოსავლითაც. თანამედროვე მიდგომა სიცოცხლის გახანგრძლივებას და ინვალიდობის თავიდან არიდებას განაპირობებს (მაღალი ალბათობით). როგორ აღწევენ წარმატებას გამოცდილი ექიმები? ამჯერად, "კვირის პალიტრა" სწორედ ამ თემით დაინტერესდა.

გიორგი ეგუტიძე, ნეიროქირურგი: ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მოხვედრილ პაციენტებს პირველ რიგში ინსტრუმენტული გამოკვლევები უტარდებათ, - თავის შიდა და გარე სისხლძარღვების დუპლექსსკანირება, ანგიოკონტრასტული კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, პერფუზიის განსაზღვრა, რაც სრულფასოვანი დიაგნოზის დასმის და გამომწვევი მიზეზის დადგენის შესაძლებლობას იძლევა. ე.წ. იშემიური ინსულტის შემთხვევაში უხშირესად ადგილი აქვს თავის ტვინის სისხლძარღვების გამავლობის შეწყვეტას ან გაუარესებას და ტვინის ქსოვილის იშემიას, რადგან მას სისხლის საჭირო რაოდენობა აღარ მიეწოდება.

მწვავე პერიოდში, როცა სისხლძარღვი ათეროსკლეროზული ფოლაქით ან თრომბით გადაკეტილია, მასზე ღია წესით ჩარევა მოწოდებული არ არის. ჩარევის და სისხლძარღვის განვლადობის აღდგენის გარეშე ასეთი პაციენტები ( თუკი მათი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა) დიდი ალბათობით ინვალიდობისთვის არიან განწირული.

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის ქირურგიული მკურნალობის მეთოდებიდან აღსანიშნავია ენდოვასკულური მეთოდი - თავის ტვინისა და ხერხემლის სისხლძარღვთა პათოლოგიების მკურნალობა უსისხლო, მცირე ინვაზიური მანიპულაციით. ტვინის არტერიების დახშობისა და შევიწროების დროს მკურნალობის ნაცადი გზაა არტერიული სტენტირება: ბარძაყის არტერიიდან კათეტერით შედიან საძილე არტერიაში, აფართოებენ მის შევიწროებულ ნაწილს და დგამენ სტენტს, - ზრდიან სისხლძარღვის გამავლობას.

ღია ოპერაციებიდან შიგნითა საძილე არტერიის დაზიანებისას ყველაზე ხშირად მიმართავენ კაროტიდულ ენდარტერექტომიას საძილე არტერიიდან ათეროსკლეროზული ფოლაქის ამოღებას. ამ ოპერაციის ჩვენებებია სანათურის დახშობა 70%-ზე მეტით (რღვევის ფაზაშია ათეროსკლეროზული ფოლაქი).

ჩამოთვლილი მეთოდების უეფექტობისას მკურნალობის ერთადერთ გზად რჩება თავის ტვინის სისხლძარღვთა შუნტირება, რომელსაც ასეთ სიტუაციებში ალტერნატივა არ გააჩნია. ეს ოპერაცია გულის სისხლძარღვების შუნტირების ანალოგიურია და გულისხმობს თავის ტვინში სისხლმომარაგების აღდგენას შემოვლითი გზით: ხელიდან ან ფეხიდან აღებული ვენის ერთ ბოლოს საძილე არტერიას ან მის განშტოებას აკერებენ, მეორეს - თავის ტვინის იშემიურ უბნის სისხლძარღვს. ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი, მაგრამ შედეგიანი ჩარევაა, რაზეც მსოფლიო ნეიროქირურგიის გამოცდილება მეტყველებს.

- თუ შეგიძლიათ, ბოლო პერიოდის ყველაზე რთული შემთხვევები გაიხსენოთ?

- რა თქმა უნდა, შემიძლია. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჩვენთან 50 წლის მამაკაცი შემოიყვანა უმძიმეს მდგომარეობაში. მას იშემიური ინსულტი დაუდგინდა, კვლევებით დადასტურდა საძილე არტერიის 80 %-ის სტენოზი. მას სწორედ ზემოთ აღნიშნული მეთოდით გავუკეთეთ ოპერაცია, რის შემდეგაც პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, გაწერისას თავს გრძნობდა დამაკმაყოფილებლად, ხანმოკლე სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ ის პრაქტიკულად ჯანმრთელად ჩაითვლება.

ასევე, მახსენდება სხვა შემთხვევა, როცა ურთულესი ოპერაცია გავუკეთეთ ერთ 46 წლის ქალბატონს, რომლის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმე იყო. მას ნათხემში (ერთ-ერთი ყველაზე რთული ადგილია) აღმოაჩნდა კავერნომა. ეს არის სიმსივნური ჯგუფის სისხლძარღვოვანი წარმონაქმნი კეთილთვისებიანი მიმდინარეობით. მოხდა კავერნომის გასკდომა, გამოიწვია სისხლჩაქცევა, რაც ღეროსთან, - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ცენტრთან იყო ახლოს. ამ პაციენტსაც გავუწიეთ დახმარება, ჩაუტარდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა უკვე სტაბილური და ნევროლოგიური თვალსაზრისით ადეკვატურია. აღნიშნული ქირურგიული ჩარევა რომ არ მომხდარიყო, პაციენტებს ორივე შემთხვევაში ელოდათ სიცოცხლის ხარისხის მკვეთრი გაუარესება (ვეგეტატიურ მდგომარეობაში აღმოჩენაც კი), რაც ძალიან მძიმეა როგორც ავადმყოფისთვის, ასევე მისი ოჯახის წევრებისთვის.

თეა გამეზარდაშვილი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის ადმინისტრირების მაგისტრი: განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობის და ადამიანის შესაძლებლობათა შეზღუდვის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მაგისტრალურ სისხლძარღვთა და სწორედ თავის ტვინის არტერიების ათეროსკლეროზია მიჩნეული. ეს არის თანამედროვე ცივილიზაციის ფართოდ გავრცელებული დაავადება, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან გაახალგაზრდავდა. ემართებათ არა მარტო ხანდაზმულებს, არამედ ახალგაზრდა ადამიანებსაც. თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა შეიძლება ნებისმიერმა ფაქტორმა გამოიწვიოს, რომელიც მეტ-ნაკლებად ახშობს არტერიების სანათურს: ეს შეიძლება იყოს ათეროსკლეროზული ფოლაქი, თრომბი, სისხლძარღვოვანი სპაზმი, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება. განსაკუთრებით ხშირია შიგნითა და გარეთა საძილე არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანება, რაც იშემიური ინსულტის, სისხლძარღვოვანი ენცეფალოპათიისა და სისხლძარღვოვანი დემენციის ძირითად მიზეზად გვევლინება.

ხელშემწყობ ფაქტორებად ითვლება ასაკი, გენეტიკური წინასწარ განწყობა, მამრობითი სქესი, ლიპიდური ცვლის მოშლა, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, გლუკოზის ცვლის დარღვევა, ფსიქოემოციური გადაძაბვა, სტრესული გარემო. დაავადება საკმაოდ ვერაგია, საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მისი დიაგნოსტირებისთვის თანამედროვე მეთოდების და მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენებას გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი აქვს.

ამ ურთულესი მანიპულაციების შესრულებისთვის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვას გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში კი მართლაც ყველანაირი პირობა არსებობს. უახლესი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი (TOSHIBA Vantage Elan) გარდა იმისა, რომ საუკეთესოა გამოსახულების მაღალი ხარისხით და უხმაურო რეჟიმით, გამოირჩევა იმ ფუნქციებით, რაც ადრეულ ეტაპზევე დაავადების გამოვლენის საშუალებას იძლევა.

ზუსტი დიაგნოზის დადგენას მკურნალობაც ადეკვატური უნდა მოჰყვეს. თანამედროვე მეთოდების დანერგვა მხოლოდ მაღალხარისხიანი აპარატურით არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღიჭურვა ჩარლ ძეისს ენტერო 800 -ით, ვამონტაჟებთ იაპონური წარმოების უახლეს ანგიოგრაფს თრინიას B12-ს. ყველაფერი ეს ღონისძიება, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვა, პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის და გახანგრძლივების გარანტია.

ეკა ასათიანი