თბილისში 17 ქვეყნის რკინიგზის ადმინისტრაციების საბჭოს სხდომა იმართება - კვირის პალიტრა

თბილისში 17 ქვეყნის რკინიგზის ადმინისტრაციების საბჭოს სხდომა იმართება

თბილისში, სასტუმრო ”რედისონში” 17 ქვეყნის რკინიგზის ადმინისტრაციების საბჭოს რიგით 64-ე სხდომა მიმდინარეობს.

ღონისძიებაში ქვეყნების - საქართველოს, ბელორუსის, უკრაინის, ლიტვის, ლატვიის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, რუსეთის, ტაჯიკეთის, ირანის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ფინეთის, ესტონეთის, სულ 180 წარმომადგენელი მონაწილეობს.

ღონისძიება ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და ”საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ გახსნეს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სარკინიგზო კომუნიკაცია და გადაზიდვები არის პატარა თუ დიდი ხიდები ჩვენს ქვეყნებს შორის.

”ეს არის კავშირი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. სიამაყით გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს რკინიგზას წამყვანი როლი უკავია ამ გეოინტეგრაციულ კომუნიკაციაში. ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე ისტორიულად იყო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი. ჩვენს ქვეყანაზე გადიოდა და გადის სავაჭრო, ეკონომიკური თუ კულტურული კავშირების უმოკლესი და ეფექტური გზა”, - განაცხადა კახა კალაძემ და რკინიგზის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, აღნიშნული საერთაშორისო ფორუმი სარკინიგზო ინდუსტრიაში მთავარ ღონისძიებად ითვლება.

”საქართველოში ასეთი ღონისძიება 10 წელზე მეტია არ ჩატარებულა. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი რკინიგზისთვის. განსახილველ საკითხებში შედის როგორც ტექნიკური, ასევე კომერციული ხასიათის პროექტები. გარდა ამისა, ჩვენ გუშინ მოვაწერეთ ხელი ახალ გამჭოლ ტარიფებს, რომელიც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად გაგვიადვილებს დამატებითი ტვირთების მოზიდვას”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საბჭო 1992 წელს შეიქმნა და წელიწადში ორჯერ იმართება. მისი მიზანია შეიმუშაოს ტექნოლოგიური და ტექნიკური დოკუმენტები იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს საბჭოს წევრი ქვეყნების რკინიგზების ურთერთთანამშრომლობას საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლაში.

64-ე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა - მატარებლების მოძრაობის გრაფიკის ნორმატივები; 2015 წელს სატვირთო კონტეინერების გადაწერის შედეგებისა და 2016 წელს სატვირთო ვაგონების გადაწერის პროცედურის მომზადება; რკინიგზის ადმინისტრაციებს შორის ანგარიშსწორების მდგომარეობა 2015 წელს და 2016 წლის პირველ კვარტალში.

17 ქვეყნის რკინიგზის ადმინისტრაციების საბჭოს რიგით 64-ე სხდომა ხვალ დასრულდება.