აჭარაში ჩამოსულ უცხოელ თუ შიდა ტურისტებს „რეკომენდებული“ სასტუმროები და რესტორნები მოემსახურება - კვირის პალიტრა

აჭარაში ჩამოსულ უცხოელ თუ შიდა ტურისტებს „რეკომენდებული“ სასტუმროები და რესტორნები მოემსახურება

აჭარაში ტურიზმის განვითარების პარალელურად იზრდება ტურისტული ობიექტების, მათ შორის სასტუმროების, რესტორნების, გასართობი თუ კულტურული ობიექტების რაოდენობა. მიმდინარე წლის ბოლომდე რეგიონს 2000-მდე განთავსების ადგილი შეემატება, რაც წინა წელთან შედარებით 12,68 პროცენტიან მატებას გულისხმობს. რეგიონს ნამდვილად შეუძლია იამაყოს იმ ბრენდული და მაღალი კლასის სასტუმროებით, რომლებიც აჭარაში ყოველ წელს იხსნება და ტურისტებს არჩევანის კარგ საშუალებას აძლევს. გასული წლებისგან განსხვავებით, წელს აჭარაში ჩამოსულ უცხოელ თუ შიდა ტურისტებს „რეკომენდებული“ სასტუმროები და რესტორნები მოემსახურება. ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ტურისტული ობიექტის სტუმრებისთვის უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენის, ტექნიკური და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების მინიმალურ დონეზე არსებობას გულისხმობს. პროექტის უპირატესობებზე, მის სარგებელსა და მნიშვნელობაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილების უფროსი თამარ კაიკაციშვილი ისაუბრებს.

- რას ითვალისწინებს ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ?

- პროექტს, რომელსაც ვახორციელებთ დიდი მნიშვნელობა აქვს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისათვის. ეს დასაწყისია იმ დიდი გამოწვევების, რომელმაც საბოლოო ჯამში დიდი მნიშვნელობა უნდა შეიძინოს ტურიზმის სფეროს მომსახურების ხარისხის განვითარებაში.

პროექტში ჩართვა ნებისმიერ დაინტერესებულ განთავსების და კვების ობიექტს შეუძლია. პროექტი არის ნებაყოფლობითი, თუმცა მასში ჩართვა ამავდროულად გულისხმობს პასუხიმგებლობის აღებას იმ ძირითად კრიტერიუმებზე, რომლებიც პროექტის ფარგლებში იქნა შემუშავებული. აღსანიშნავია, რომ აქამდე სახელმწიფო დაწესებულებას არასდროს განუხორციელებია ტურიზმის მიმართულების მსგავსი სახის პროექტი.

პროექტი წელს პირველად დავიწყეთ და პირველ ეტაპზე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ 30-ზე მეტი ობიექტიდან მხოლოდ 18 განთავსებისა და კვების ობიექტს გადასცა. ამ ობიექტებმა შეძლეს პროექტით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილება.

- როგორ შემუშავდა კრიტერიუმები, რომელიც აუცილებელია ხარისხის ნიშნის მისაღებად?

- პროექტში წარმოდგენილ კრიტერიუმებზე მუშაობისას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა საყოველთაოდ აღიარებული Hotrec და Hotel Star Union-ის კრიტერიუმებით იხელმძღვანელა, პროცესში აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ტურიზმის გერმანელი ექსპერტი ჰანს ულრიხ ტროსიენი, რომელმაც აღნიშნული კრიტერიუმები ქართული რეალობისთვის შესაბამისი და ადაპტირებადი გახადა.

კრიტერიუმების დამუშავებისას გათვალისწინებული იქნა უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობის, სანიტარული მდგომარეობის, ტექნიკური და ოპერაციული უზრუნველყოფის საბაზისო საკითხები, რადგანაც აღნიშნული თემები პრობლემური და მნიშვნელოვანია ჩვენს რეალობაში.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე საკითხი, რომელიც უსაფრთხოებას ეხება საქართველოს კანონმდებლობით დარეგულირებულია, თუმცა ტურისტული საქმიანობის დაწყებისას ან მის შემდგომ არ ხდება მათი გათვალისწინება. პროექტის ფარგლებში მოხდა ცალკეული კრიტერიუმის გამოყოფა და ამ სახით მათი კიდევ ერთხელ ხაზგასმა და კონკრეტიზაცია.

წარმოდგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილებით თითოეული ტურისტული ობიექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტურიზმის დარგის განვითარებაში, კერძოდ, პროექტში ჩართული ობიექტები ბაზარზე დაამკვიდრებენ მინიმალური კრიტერიუმების არსებობას და მის სავალდებულობას, რომლის გარეშეც დარგის შემდგომი, სწორი მიმართულებით განვითარება წარმოუდგენელია.

- რა ტიპის პრობლემები გამოვლინდა ტურისტული ობიექტების ტექნიკური შემოწმებისას?

- მონიტორინგის პირველ და მეორე ეტაპზე ცალკეულ ობიექტებში შემოწმებისას გამოვლინდა ისეთი სახის პრობლემები, როგორებიცაა ობიექტებში უსაფრთხოების მანიშნებლების, ცეცხლმაქრების, საევაკუაციო გეგმების, სამედიცინო ყუთების არ არსებობა და სხვა ტექნიკური სტანდარტები. ობიექტებმა, რომლებმაც გამოასწორეს აღნიშნული ხარვეზები შეძლეს კრიტერიუმების დაკმაყოფილება და შესაბამისად, ხარისხის ნიშნის მიღება. პროექტში ჩართულ ობიექტებში, ასევე შემოწმდა სანიტარული და სურსათუვნებლობის სტანდარტები სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მიერ. მონიტორინგის პარალელურად სერვისის ხარისხი ტურისტულ ობიექტებში „იდუმალმა სტუმარმა“ დაადგინა. ობიექტებმა, რომლებმაც ყველა სამსახურისგან დადებითი დასკვნები მიიღეს დღეს ჩვენგან ხარისხის ნიშანი აქვთ.

როგორც აღინიშნა, პროექტში ჩაბმა ერთგვარ პასუხისმგებლობასაც ნიშნავს. კვებისა და განთავსების ობიექტები ვალდებულნი არიან შეასრულონ ის კრიტერიუმები, რომელიც პროექტის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ფარგლებშია წარმოდგენილი. ჩვენ პირველი ეტაპისათვის შეგნებულად არ შევთავაზეთ კერძო სექტორს რთული კრიტერიუმების ნაკრები. პირიქით, აქცენტი გავაკეთეთ აუცილებელ, მაგრამ მნიშვნელოვან ფაქტორებზე.

- რამდენად მნიშვნელოვანია ტურისტული ობიექტებისთვის ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ?

- ხარისხის ნიშნის მინიჭება თითოეული ობიექტისათვის მნიშვნელოვანია. უცხოურ გამოცდილებას თუ გადავხედავთ, ნებისმიერი მსგავსი ხარისხის ნიშნის მქონე ობიექტი უფრთხილდება ერთხელ მიღწეულ შედეგს, იცავს, ინაჩუნებს მას და ცდილობს კიდევ უფრო გააუმჯობესოს, დახვეწოს და არ დასჯერდეს უკვე ერთხელ მიღწეულ შედეგს.

მაგალითისთვის, მოვიყვან ყველასათვის ნაცნობ Tripedviser და booking.com მაგალითებს. ყოველწლიურად ისინი მათ მიერ შემუშავებული სტრატეგიის და კრიტერიუმების მიხედვით გამოარჩევენ ხოლმე სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებს და აჯილდოვებენ. მნიშვნელოვანი და პერსტიჟულია თუ სასტუმრო ან რესტორანი ყოველწლიურად ინარჩუნებს ხარისხის ნიშანს და შეფასების ქულებიც წინა შედეგებთან შედარებით გაუმჯობესებულია.

სწორედ მსგავსი სისტემის ჩამოყალიბება გვსურს ჩვენს. დასაწყისისთვის გვინდა, განთავსების და კვების ობიექტებმა ის საერთო-საბაზისო კრიტერიუმები დააკმაყოფილონ, რომელიც ისედაც აუცილებელია და ეს საკონონმდებლო დონეზეც რეგულირდება. მაგალითად, სახანძრო უსაფრთხოების საკითხები, რომელიც მთავრობის დადგენილების შესაბამისად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ზოგადი სანიტარული და ჰიგიენური მგდომარეობა, სურსათის უვნებლობის საკითხები, რომლებიც შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით უნდა შესრულდეს.

ამას მოსდევს ის მინიმალური კრიტერიუმები, რომელიც მოეთხოვებათ განთავსების და კვების ობიექტებს, იქნება ეს სასტუმროს ოთახის ზომა და აღჭურვილობა თუ საკვები ობიექტის ინტერიერში განთავსებული ავეჯი თუ ჭურჭელი. კრიტერიუმები მოიცავს ასევე მენეჯმენტის საკითხებსაც. მნიშვნელოვანია ფაქტორია ისიც, რომ პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მოიცავს მეორე ასევე მნიშვნელოვან პროექტს „იდუმალი სტუმარი“, რომელიც უშუალოდ ამოწმებს მომსახურების ხარისხის დონეს და მიღებული შედეგების მიხედვით საზღვრავს სერვისის განვითარების განყოფილების სამომავლო სამოქმედო გეგმებს.

- როგორაა შესაძლებელი პროექტში ჩართვა?

- პროექტის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი www.recommend.ge, სადაც შეგანთავსებულია ყველა ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებული მომსახურების ხარისხის განვითარებაათან. ამავე ვებ-გვერდზეა შესაძლებელი ობიექტების დარეგისტრირება და პროექტში ჩართვა. სატრენინგო განრიგის გაცნობა და სასურველის არჩევა. პარალელურად გამოიცა აღნიშნული პროექტის და ასევე სხვა პროექტების შესახებ მიძღვნილი საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც უსასყიდლოდ გადაეცათ აჭარის რეგიონში არსებულ განთავსების და კვების ობიექტებს.

პროექტის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ უკვე მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველი ეტაპზე დარეგისტრირებული ობიექტებიდან ხარისხის ნიშანი 18 განთავსების და კვების ობიექტმა მიიღო, მეორე ეტაპისათვის უკვე მიმდინარეობს ობიექტების დარეგისტრირება და აგვისტოს დასაწყისისთვის კიდევ რამდენიმე რეკომენდებული ობიექტი შეემატება აჭარის რეგიონს.

ტურისტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მომსახურება მიიღონ „რეკომენდებულ“ ობიექტებში, შეუძლიათ ხარისხის ნიშნით აღჭურვილი ობიექტების სიას გაეცნონ ვებ გვერდების www.recommend.ge და www.gobatumi.com -ის მეშვეობით, ამას გარდა ყველა „რეკომენდებულ“ ობიექტს გადავეცით სტიკერები, რომლებიც განათავსეს თავიანთი ობიექტების ექსტერიერზე და სპეციალური სადგამი ნიშანი, რომელთა ხილვაც უკვე ობიექტების ინტერიერშია შესაძლებელი. ამას გარდა, ნებისმიერ დაინტერესებულ პიროვნებას შეუძლია იქვე ადგილზე გაეცნოს (ქართულ და ინგლისურ ენებზე) იმ კრიტერიუმებს, რომლის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის შესრულების შემდგომ შესაძლებელი გახდა „რეკომენდებული“ ობიექტის სტატუსის მიღება.

- რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამ პროექტს, როგორია მოლოდინი?

- პროექტი აუცლებლად გაგრძელდება და მომავალში სხვადასხვა ელემენტებით გამდიდრდება. მნიშვნელოვანია მომსახურების ობიექტებში მინიმალური დონე მეტ ნაკლებად გავათანაბროთ, რათა შევძლოდ სამომავლო პერსპექტივაში იმ წამყვანი ევროპული ქვეყნების გამოცდილების დანერგვა დავიწყოთ, რომლებიც ამ კუთხით უკვე წარმატებულნი და მაგალითის მომცემები არიან ჩვენთვის.

- სხვა რა პროექტები ხორციელდება რეგიონში იმისთვის, რომ მომსახურების ხარისხი ამაღლდეს?

- აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებია აქტიურად ეწევა სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადებას. სულ 2013 წლიდან დღემდე აჭარის რეგიონის კერძო ტურისტულ ობიექტებში (განთავსების და კვების ობიექტები) 955 ადამიანი გადამზადდა, წლის ბოლომდე კი ეს ციფრი 1300-მდე გაიზრდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში მიმდინარე წლიდან მოქმედებს სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრი, სადაც ტურიზმის დარგში დასაქმებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიაროს ტრენინგი მისთვის საჭირო თემაზე. ჩვენ ერთდღიან ტრენინგებს ამ ეტაპისატვის სასტუმროების, რესტორნებისა მოქმედი თანამშრომლებისთვის ყოველკვირეულად ვატარებთ. მიმდინარე წელს, სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრში 25-მდე ტრენინგი ჩატარდა, რის შედეგადაც ტურიზმის სექტორში არსებული სტანდარტების შესახებ 200-მდე განთავსების და კვებისა მოქმედი თანამშრომელი გადამზადდა. პირველ კვარტალში ტრენინგები ძირითადათ განთავსების ობიექტების ადმინისტრატორებს, რეზერვაციის სამსახურის თანამშრომლებს, კვების ობიექტების მენეჯერებს და მიმტანებს ჩაუტარდათ. ასევე ონლაინ დაჯავშნების, საკვები პროდუქტების ინსპექტირების, სარესტორნო ბიზნესის მართვის, სერვისის ხარისხის გაუმჯობესების, სახანძრო უსაფრთხოების და პიარ კომუნიკაციების თემატიკის შესახებაც ჩატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრენინგი-სემინარი. წლის ბოლომდე კი დეპარტამენტში 30-მდე ტრენინგია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც 300-მდე ადამიანის გადამზადება იგეგმება. ეს მუდმივი პროცესია და ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული კადრების დატრენინგებას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მომავალშიც მეტი აქტიურობით გააგრძელებს.

(R)