სამუშაოსთვის მზაობა, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება - სამი საკვანძო მიმართულება, რომელიც საქართველოს პოზიტიურ ეკონომიკურ მომავალს განაპირობებს - კვირის პალიტრა

სამუშაოსთვის მზაობა, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება - სამი საკვანძო მიმართულება, რომელიც საქართველოს პოზიტიურ ეკონომიკურ მომავალს განაპირობებს

2015-2016 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით მიმდინარე „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს’’ რვა პროგრამის პილოტირების ფართომასშტაბიანი პროცესი დასრულდა. პროგრამები, რომელთა განხორციელების ერთერთი წინაპირობა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში სამეწარმეო და ბიზნეს-განათლების ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადება იყო, ორ მიმართულებას მოიცავს: პირველი მიმართულება ეს არის ბიზნესის უნარ-ჩვევები დაწყებით განათლებაში და მორე - მეწარმეობის საფუძვლები 10-11-12 კლასებისთვის.

„ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს’’ დაწყებითი კლასების სასწავლო პროგრამების ძირითადი მიზნები მოსწავლეებისთვის დასაქმებისთვის მზაობის, ფინანსური წიგნიერებისა და მეწარმეობის უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. მათ შორის არის საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-Pried), რომელიც აშშ - ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში 1-6 კლასების მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ ჩართულიყვნენ ბიზნეს უნარ - ჩვევების პროგრამაში, აღმოეჩინათ საკუთარ თავში მეწარმეობის უნარი და გამოემუშავებინათ ყაირათიანობის, შრომისმოყვარეობის უნარ - ჩვევები. დაწყებითი საფეხურის თითოეული პროგრამა მოსწავლეებს ეკონომიკისა და მეწარმეობის საკვანძო ტერმინებსა და ცნებებს აცნობს. პროგრამაში ერთმანეთთან ინტეგრირებულია სოციალური მეცნიერებები, მათემატიკა, წერა, კითხვა, ანგარიში და STEM უნარები.

2015-2016 სასწავლო წლის განმავლობაში პროგრამა მხოლოს საჯარო სკოლებში მოქმედებდა. როგორც “კვირის პალიტრასთან” საუბრისას საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-Pried) ბიზნესის უნარ-ჩვევების დირექტორი, ნიკოლოზ ჩაჩხიანი აღნიშნავს, სასურველია პროგრამა კერძო სკოლებშიც შევიდეს, რათა მასში მეტი ბავშვი ჩაერთოს:

”დიდი სურვილი მაქვს ”ჯუნიორ ეჩივმენტის” პროგრამა ყველა სკოლაში შევიდეს, რომ საქართველოში მოსწავლე ყველა ბავშვმა და ახალგაზრდამ მათი გავლა შეძლოს. ძალიან მნიშვნელოვან უნარებს ავითარებს. ეს არის გუნდური მუშაობა, კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება და ა.შ. მე დიდი სურვილი მაქვს ყველამ ისწავლოს, რადგან ეს აისახება საქართველოს ეკონომიკურ მომავალზე. ”ჯუნიორ ეჩივმენტის” პროგრამების შედგენაზე პროფესიონალთა ჯგუფი მუშაობდა, რათა პროგრამები ასაკოვან ჯგუფთან შესაბამისობაში მოდიოდეს”, - აცხადებს ნიკოლოზ ჩაჩხიანი.

რაც შეეხება მეწარმეობის საფუძვლების პროგრამას, მისი მიზანია: გამოუმუშავოს მოსწავლეებს მეწარმეობის პრაქტიკული უნარ–ჩვევები, გააცნოს მათ ბიზნესისა და ეკონომიკის საფუძვლები მოქმედებაში, დაანახოს თავისუფალი მეწარმეობის ღირსებები, გაუჩინოს პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილი და აქციოს ისინი თავისუფალ მოქალაქეებად დემოკრატიული საბაზრო ეკონომიკის საქართველოში.

როგორც ”ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გეგეშიძე ”კვირის პალიტრასთან” საუბრისას აღნიშნავს, დღეს მთელს მსოფლიოში სამეწარმეო მმართველობის ჩამოყალიბების პრობლემა აქტუალურია. განსაკუთრებით კი ეს პრობლემა პოსტ საბჭოთა ქვეყნებში იჩენს თავს, რადგან 70 წლის განმავლობაში ამ ქვეყნებში მბრძანებლური ეკონომიკური სისტემა მუშაობდა და საქართველოს მოქალაქეებში საბაზრო მექანიზმების ფუნქციონირების აღქმის დეფიციტია. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ისეთი ქმედებების განხორციელება, რაც ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის შექმნისთვის არის საჭირო.

”განსაკუთრებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღის წესრიგში ამ საკითხის დადგომა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება ბაზარზე ორიენტირებული, რათა მოქალაქეებმა შეიგრძნონ რა არის თავისუფლება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში”, - აღნიშნავს ეკა გეგეშიძე.

სწორედ ამიტომ, ”ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო” 2002 წლიდან საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებს ახორციელებს, რომლებშიც, წლების განმავლობაში, 100 000 - ზე მეტი ახალგაზრდა და პედაგოგი ჩაერთო. თავისი პროექტებით ”ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო” აქტიურად უწყობს ხელს მეწარმეობისა და თავისუფალი საბაზრო სისტემის პრინციპებისა და ღირებულებების გავრცელებას. ორგანიზაცია, პროგრამების განხორციელებას საგანმანათლებლო და ბიზნეს სექტორის ჩართულობის გზით უზრუნველყოფს. ბიზნეს სექტორისა და სახელმწიფოს მაქსიმალური ჩართულობისა და ურთიერთანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობს ”კვირის პალიტრასთან” სს ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, აიეტ კუკავა:

”კარგი იქნება თუ ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობა გადაიჯაჭვება, ვინაიდან ეს ჩვენი მომავალია და ძალიან სერიოზულ შედეგს მივიღებთ”, - აღნიშნავს აიეტ კუკავა და საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის მეწარმეობის საფუძვლების პროგრამის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:

”აქ ახალგაზრდები საწყის ეტაპზევე ხედავენ რა მნიშვნელობა აქვს გუნდურობას, ფუნქციების განაწილებას, კონკურენციის ბაზარზე სიტუაციის შეფასებას, გაყიდვის უნარ-ჩვევებს, პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს, ძალისმხევის ბოლომდე დახარჯვას, ფოკუსირებას - ეს ყველა არის ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც, ფაქტობრივად, ბიზნესის წარმატებას უზრუნველყოფს”, - ამბობს აიეტ კუკავა და დასძენს: ”ჩვენ, როგორც ბიზნესი, მზად ვართ როგორც ფინანსური, ასავეე არამატერიალური თვალსაზრისით, ყველანაირად მხარში დავუდგეთ ამ ინიციატივას.”

მეწარმეობის საფუძვლების პროგრამა საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის ”ჯუნიორ ეჩივმენთ მსოფლიოს” (Ja Worldwide) ”მოსწავლეთა კომპანიის” (Student Company Programme) ქართულ ანალოგს და პრინციპს ”სწავლება კეთებით” ეფუძნება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2015 – 2016 სასწავლო წლის განმავლობაში სკოლებს შესაძლებლობა მიეცათ, არჩევითი საგნის სტატუსით მეწარმეობის საფუძვლები აერჩიათ. 51 - ე საჯარო სკოლა, ერთერთია, რომელმაც აღნიშნული საგანი აირჩია:

”ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოსთან” თანამშრომლობა სექტემბრიდან დავიწყეთ, როდესაც განათლების სამინისტროდან იყო შემოთავაზება, არჩევითი საგნის ფარგლებში, მეწარმეობის საფუძვლები აგვეღო. ჩვენ, ხუთი პარალელიდან, ორ კლასში შევიტანეთ ეს საგანი. შდეგები მართლაც განსაცვიფრებელი იყო. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი: ”წლის კომპანია საქართველო 2016”, მივიღეთ მონაწილეობა, ავიღეთ პრიზი, გოგონებმა შექმნეს მინიკომპანია, რომელიც აწარმოებს სუნამოებს. ეს იყო მართლაც დიდი გამოწვევა ჩვენი მოსწავლეებისთვის იმიტომ, რომ აბსოლუტურად ახალ სივრცეში, ახალ შეხედულებებთან მოუწიათ კონტაქტმა და მათთვის იყო ძალიან საინტერსო. რეალური შედეგი ნამდვილად დაიდო”, - აღნიშნავს 51 - ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე თინიკო ყენია ”კვირის პალიტრასთან” საუბრისას.

მისივე თქმით, პროექტი წარმატებით განხორციელდა სხვა სკოლებშიც. თინიკო ყენია ფიქრობს, რომ სამომავლოდ მეტი სკოლა ჩაერთვება პროგრამაში: ”რამდენადაც ვიცი, პროგრამა წარმატებით განხორციელდა სხვა სკოლებშიც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 226 სკოლაში აიღეს ეს საგანი. სამომავლოდ, თუ ამისი მხარდაჭერა იქნება, აუცილებლად მეტი სკოლა ჩაერთვება”, - აცხადებს თინიკო ყენია.

ამავე სკოლის მოსწავლე, პროექტის მონაწილე ნინო ლომიძე კონკურსის დეტალებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კონკურსი საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა:

”დიდხანს ვფიქრობდით იდეის თაობაზე. ამ ყველაფერში ჩემთან ერთად ჩართულები იყვნენ ნინი აფციაური, გვანცა ამაღლობელი და მარიამ გიორგაძე. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა მოტივაციური დანიშნულების სუნამო. მივიღეთ კონკურსში მონაწილეობა, შევიმუშავეთ ბიზნეს გეგმა და ამ გეგმას მივყვებოდით მთელი პროექტის განმავლობაში. ამ პროექტმა ძალიან საჭირო უნარ-ჩვევები მოგვცა. ჩვენ ვისწავლეთ კომპანიებთან კონტაქტი, გამოვიმუშავეთ კომუნიკაციის უნარი, მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა. ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს სად ჩავაბარებ და რა პროფესიას დავეუფლები, მაგრამ ამ პროექტმა დიდი როლი ითამაშა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში”, - აცხადებს ნინო ლომიძე.

კონკურსის ჟიურის ერთერთი წევრი, სს ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” აღმასრულებელი დირექტორი აიეტ კუკავა კონკურსზე წარმოდგენილ პროექტებს კონკურენტუნარიანად აფასებს და აღნიშნავს, რომ მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე ოპერირების შესაძლებლობების მქონე პროექტებიც იყო:

”რამდენიმე პროექტი საკმაოდ კონკურენტუნარიანია საქართველოში. ბევრ ბიზნესს დააინტერესებდა ეს იდეები და პროდუქტი, რომ განეხორციელებინა ინვესტიცია და ამ ახლაგაზრდების პარტნიორი გამხდარიყო. ერთი-ორი საერთაშორისო პერსპექტივის პროექტი დავინახე. კარგი პარტნიორებისა და ინვესტორების ხელში შეუძლიათ პატენტის დარეგისტრირება და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა. ამ პროცესმა ბავშვებსაც დაანახა, რომ წარმატება არ არის რთული, მთავარია გიყვარდეს შენი საქმე და გჯეროდეს წარმატების. აქ ახალგაზრდები საწყის ეტაპზევე ხედავენ, რა მნიშვნელობა აქვს გუნდურობას, ფუნქციების განაწილება, კონკურენციის ბაზარზე სიტუაციის შეფასებას, გაყიდვის უნარ-ჩვევებს, პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს, ძალისმხევის ბოლომდე დახარჯვას, ფოკუსირებას - ეს ყველა არის ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც ფაქტობრივად, ბიზნესის წარმატებას უზრუნველყოფს”, - აღნიშნავს აიეტ კუკავა.

მისივე თქმით, სს ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” მმართველი გუნდის მფლობელობაში არსებობს კომპანია, რომელიც ინვესტიციების კუთხით მუშაობს. სწორედ ამ კომპანიაში განიხილება ამჟამად, კონკურსზე წარმოდგენილი რამდენიმე პროექტის იდეა:

”ჩვენ ერთი კომპანია გვაქვს, რომელიც კონკრეტულად, ინვესტიციების კუთხით მუშაობს. მათ უკვე გადავეცით რამდნეიმე პროექტის იდეა და ვფიქრობთ, როგორ ვითანამაშრომლოთ. ჩვენ ვთვლით, თუ აქ ინვესტიციას განახორციელებ და მხარში ამოუდგები, დიდი წარმატების მიღწევა შეიძლება. მომავალში ინტერესთა კონფლიქტი რომ არ იყოს, გვირჩევნია ხელი შევუწყოთ ამ კომპანიას ჩვენთვის კომერციული მოგების გარეშე და პროექტი წარვუდგინოთ ინვესტორებს. პროექტები, რომლებსაც განვიხილავთ, ეხება ისეთ პროდუქტებს და მომსახურებას, რომლითაც საქართველო არა მარტო ესქპორტიორი იქნებოდა, არამედ, თუ ამ ინტელექტუალურ საკუთრებას დააპატენტებს, შესაძლებელია სხვა ქვეყნებშიც მოხდეს წარმოება”, - ამბობს აიეტ კუკავა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეს, რომელმაც კონკურსში მონაწილეობა მიიღო, საშუალება ეძლევა გახდეს ” ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს” უმცროსი ტრენერი (მენტორი) და სხვა მოსწავლეებს თავისი გამოცდილება გაუზიაროს. გიორგი ჩუბინიძე 199 - ე საჯარო სკოლის მოსწავლეა, რომელიც 2013-2014 სასწავლო წელს ჩატარებული ანალოგიური კონკურსის გამარჯვებული გუნდის წარმომადგენელია. კონკურსში მონაწილეობის მიღებამ (კონკურსის მიმდინარეობისას გიორგი ჩუბინიძე მე-10 კლასის მოსწავლე იყო) გიორგი ჩუბინიძეს შესაძლებლობა მისცა, თავად გამხდარიყო მენტორი 2014-2015 სასწავლო წლის განმავლობაში.

”პირველ რიგში, მენტორობა მოიაზრებს იმას, რომ გაუზიარო მოსწავლეებს ის გამოცდილება, რომლიც კონკრეტული პროექტიდან მიიღე. ასევე უნდა მისცე რჩევები, ჩაუტარო პრაქტიკული გაკვეთილები, რომ თავად შეძლოს წარმატებული ბიზნესის კეთება. მაგრამ მენტორს არანაირი უფლება აქვს ჩაერიოს მოსწავლეების საქმიანობაში. მენტორმა უნდა მისცეს სწორი მიმართულება და დაეხმაროს მათ, ბიზნეს უნარ-ჩვევების გამომუშავებაში”, - ამბობს გიორგი ჩუბინიძე და დასძენს, რომ როგორც კონკურსში მონაწილეობამ, ასევე მენტორობამ მას საინტერესო და საჭირო გამოცდილება შესძინა.

”უნარ-ჩვევები, რომლებიც ”ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ” მომცა, ისეთი უნარ- ჩვევებია, რომელსაც წიგნში მარტივად ვერ ამოიკითხავ. ეს უნდა შეიმეცნო და გამოიმუშავო საკუთარი გამოცდილებით. პირველ რიგში, ეს არის გუნდურობა; ვერცერთი კომპანია ვერ იმუშავებს კარგად, როგორი კადრებითაც უნდა იყოს დაკომპლექტებული, თუ გუნდური მუშაობის პრინციპი არ არსებობს. თუ გუნდი ერთ დიდ ორგანიზმს არ წარმოადგენს; ასევე მნიშვნელოვანია სწორი პიარისა და მარკეტინგის დაგეგმვის უნარ-ჩვევები; ასევე, ურთიერთობა ხალხთან. შეიძლება ბიზნეს გეგმა ძალიან კარგად გქონდეს გაწერილი, მაგრამ ხალხთან ურთიერთობა, მათთვის საკუთარი პროდუქტის სწორად გაცნობა არ შეგეძლოს; ასევე ძალიან საინტერესო იყო პრობლემასთან გამკლავების და მისი გადაჭრის უნარ-ჩვევების გამომუშავება”, - აღნიშნავს გიორგი ჩუბინიძე და დასძენს, რომ თუ სამომავლოდ განათლების მიღებას ბიზნესის მიმართულებით გადაწყვეტს, ეს დიდწილად ”ჯუნიორ ეჩივმენტის” პროგრამებით მიღებული გამოცდილებით იქნება განპირობებული:

”ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, რა მიმართულებით გავაგრძელებ უმაღლესში სწავლას. მაგრამ თუ ბიზნესის მიმართულებით ჩავაბარე, ეს ნამდვილად ”ჯუნიორ ეჩივმენტის” დამსახურება იქნება. თუმცა მიღებული უნარ-ჩვევები დამეხმარება გავხდე წარმატებული ადამიანი ნებისმიერ სფეროში” - ამბობს გიორგი ჩუბინიძე.

ააიპ ”ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო” მსოფლიოში უდიდესი და უძველესი სამეწარმეო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციის ”ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს” წარმომადგენელია საქართველოში. ”ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო” ქართველ ახალგაზრდებს 15 წელზე მეტია სხვადსხვა ინოვაციურ ბიზნეს და სამეწარმეო უნარ-ჩვევბის გამომუშავების პროგრამებს სთავაზობს. ორგანიზაცია ახორციელებს პროგრამებს, რომლებიც სამ საკვანძო მიმართულებაზეა ფოკუსირებული: სამუშაოსთვის მზაობა, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება. ყველა მათგანი 21-ე საუკუნის სამუშაო ძალის მოთხოვნების საფუძველზეა დახვეწილი და STEM სტანდარტებს ეფუძნება. პროგრამებში ინტეგრირებულია სოციალური მეცნიერებები, მათემატიკა, უცხო ენა და ტექნოლოგიები.

”ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს” პროგრამები 2015 წელს ევროპის კომისიის მთავარი დირექტორისა და ევროპის ტრენინგ-ფონდის (ETF) მიერ საუკეთესო პრაქტიკად იქნა აღიარებული სამეწარმეო განათლებაში. ”ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს” მთავარი მიზანია: გაათვითცნობიერებინოს საქართველოს მოქალაქეებს ”რა არის თავისუფლება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის სისტემაში”.

რაც შეეხება ”ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს” ხედვას:

”შთაგონებული, ინიციატივიანი საქართველოს ახალგაზრდები ახალი მეთოდებით იყენებენ წარმოებისა და მომსახურების ინოვაციურ მიდგომებსა და ხერხებს, საკუთარი საქმიანობითა და ძალისხმევით: უზრუნველყოფენ ოჯახს, ასაქმებენ სხვებს, ზრუნავენ გარემოზე, იხდიან გადასახადებს და ანგარიშს სთხოვენ მთავრობას გაწეული მუშაობის შესახებ”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

თამარ კორკოტაშვილი

(R)