14-სართულიანი კორპუსებით გარშემორტყმულ ეზოში 25-სართულიანი შენობის ნებართვა გაიცა(?!) - კვირის პალიტრა

14-სართულიანი კორპუსებით გარშემორტყმულ ეზოში 25-სართულიანი შენობის ნებართვა გაიცა(?!)

"მრავალსართულიანი შენობის აშენების შემთხვევაში ისეთი სიმჭიდროვე იქნება, რომ მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების პრობლემაც შეიქმნება"

76-მეტრიანი მონსტრი საბავშვო სკვერის ნაცვლად?!

თბილისი რომ ქაოსური მშენებლობების ქალაქად იქცა, ბევრჯერ გვსმენია არქიტექტორებისა თუ ქალაქმგეგმარებლებისგან, თუმცა ის, რაც ცინცაძის ქუჩის რამდენიმე კორპუსის მოსახლეობის თავს ხდება, სრულიად განსხვავებული შემთხვევაა. იქ, სადაც ახლა სკვერი უნდა იყოს და ბავშვები თამაშობდნენ, დიდი თხრილია, რომელიც წვიმის წყლით ივსება და შიგ ბაყაყები ყიყინებენ.

რამდენიმე წლის წინ ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს ქუჩა) #56 და #58-ში მობინადრეებმა მშენებელი კომპანია "ახალი სტილისგან" ჯერარაშენებულ კორპუსებში ბინები შეიძინეს. პროექტის თანახმად, მრავალბინიან სამშენებლო კომპლექსს 2 500 კვადრატულ მეტრზე გადაშლილი, გამწვანებული ეზო ექნებოდა, სადაც ავტომობილები არ იმოძრავებდნენ. სამშენებლო კომპლექსის რამდენიმე ბლოკის მშენებლობა დასრულდა, თუმცა ნაწილი მშენებელმა შექმნილი პრობლემების გამო მიატოვა ისე, რომ სადარბაზოების, ლიფტების ნაწილი და ეზო დაუსრულებელი დარჩა, თუმცა მობინადრეებისთვის პრობლემები ამით არ დასრულებულა. გავიდა ხანი და მოსახლეობამ გაიგო, რომ ტერიტორია, სადაც მათი გამწვანებული ეზო უნდა ყოფილიყო, გაიყიდა. როგორ გაიყიდა ეზო, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებს ეკუთვნოდა, ცალკე საკითხია, თუმცა ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ახალმა მეპატრონემ იქ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა გადაწყვიტა. მოსახლეობა საკუთარი უფლებების დაცვას სამართლებრივი გზით ცდილობს.

უჩა ზახაშვილი, ცინცაძის ქუჩის მცხოვრებთა ადვოკატი: "განაშენიანების გენერალური გეგმის თანახმად, რომელიც მთავარი არქიტექტურული დოკუმენტია და რომელსაც წინ უძღოდა არაერთი კვლევა, განისაზღვრა, როგორ უნდა მომხდარიყო ამ ტერიტორიის განაშენიანება. გენგეგმაში აღინიშნა, რომ ეს იქნებოდა 14-სართულიანი, მრავალბლოკიანი კორპუსი, რომლებსაც წინ დიდი სარეკრეაციო ზონა ექნებოდა. ეს დამტკიცებული იყო ქალაქგეგმარებითი დოკუმენტით, რომელიც კომისიამ დაამტკიცა და სამშენებლო ნებართვასა თუ პროექტზე უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მოქალაქეები, ვინც ამ კორპუსში იშენებდნენ ბინას, დარწმუნებული იყვნენ, რომ დახვდებოდათ ის, რაც დოკუმენტით იყო გათვალისწინებული.

2016 წელს კი მოხდა წარმოუდგენელი რამ - სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც სკვერი უნდა გაშენებულიყო, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა 2 500 კვმ-ზე (ეზოს ფართი) 76 მეტრი სიმაღლის, 25-სართულიანი შენობა-ნაგებობის აშენების ნებართვა გასცა. დავანებოთ თავი იმას, რომ ეს შენობა ბევრად მაღალი იქნება უკვე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებზე და ინსოლაციის პრობლემა შეიქმნება, აუცილებლად გაჩნდება ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემაც, რადგან არსებული სატრანსპორტო კვანძები არ არის გათვალისწინებული ასეთ დიდ დატვირთვაზე. იმ კორპუსებში, რომლის მოსახლეობის უფლებებსაც მე ვიცავ, დაახლოებით 900 კაცი ცხოვრობს და, სულ ცოტა, ნახევარს ხომ მაინც ეყოლება ერთი ავტომობილი. ამას თუ დაემატება იმ მრავალფუნქციური კომპლექსის მობინადრეების თუ იქ დასაქმებულების სატრანსპორტო საშუალებები, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რომ მანქანით შენობებთან მისვლაც კი შეუძლებელი იქნება. რატომღაც მერიამ მშენებლობის ნებართვის გაცემისას ეს გარემოება არ გაითვალისწინა. მეტიც, ერთხელ მაინც რომ ჩაეხედათ გენგეგმაში, ამ ტერიტორიაზე შენობის აშენების ნებართვა არ უნდა გაეცათ. კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ ჩვენ წერილობით მივმართეთ საგანგებო სიტუაციების სამსახურს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დადგენა და დაცვა ევალება. ვითხოვდით, მოეცათ განმარტება ამ ტერიტორიაზე დამატებით 25-სართულიანი სახლის აშენებისას თუ იქნებოდა დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და შეძლებდნენ თუ არა, მაგალითად, სახანძრო ავტომობილები საჭიროების შემთხვევაში გადაადგილებას. ისეთი პასუხი მოგვწერეს, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა - ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედისო.

თვალის შევლებითაც ჩანს, რომ არათუ დიდი გაბარიტის ავტომობილებს, ამ მრავალსართულიანი შენობის აშენების შემთხვევაში ამ ტერიტორიაზე ისეთი სიმჭიდროვე იქნება, რომ მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების პრობლემაც შეიქმნება. ამ ყველაფერს ემატება ზარალი, რომელიც მობინადრეებმა მიიღეს. ეზოსა და მწვანე ზოლის არარსებობის გამო მათი უძრავი ქონების ღირებულება, აუდიტორული დასკვნებით, 20%-ით უფასურდება. არის კიდევ დიდი საშიშროება - 25-სართულიანი სახლის მშენებლობა ბინებში არსებულ ბზარებს კიდევ მეტად გაზრდის.

24 მარტს წერილობით მივმართეთ მერიას. შეკითხვებზე საპასუხოდ მას ერთთვიანი ვადა ჰქონდა, თუმცა არავინ გვიპასუხა არც 24 აპრილს და არც ორი თვის შემდეგ. ამის შემდეგ მივმართეთ სასამართლოს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მშენებლობის ნებართვის მოქმედება შეაჩერა, რასაც ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში ინვესტორი - "იკონია კაპიტალი".

სეტ ედვარდ ბლაი ჩერი, "იკონია კაპიტალის" დირექტორი: "სამშენებლო ნებართვა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მივიღეთ. თქვენ ლაპარაკობთ მობინადრეთა მცირე ნაწილის ინფორმაციაზე დაყრდნობით. ჩვენი საქმიანობა სრულიად ლეგალური და გამჭვირვალეა. ჩემს კომპანიასა და ადვოკატებს ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ. მეც მაქვს პოლიტიკოსებთან კონტაქტები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩვენს საქმიანობას საქართველოში. ჩვენ ბევრჯერ დაგვიპირისპირდა პირთა მცირე ჯგუფი. ისინი თავიანთ პოლიტიკურ კონტაქტებს იყენებენ, რათა არალეგალური ქმედებებით შეაფერხონ ჩვენი საქმიანობა, რაც დაახლოებით ერთი წლით უკვე შეფერხდა და ჩვენ მილიონობით ამერიკული დოლარი ინვესტიციები დავკარგეთ. ჩვენთან დაპირისპირებულ პირებს იმ მოსამართლის მხარდაჭერა აქვთ, რომელსაც, სხვათა შორის, გარკვეულ დანაშაულებში სდებენ ბრალს. ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას, ვაგრძელებთ დავას სასამართლოში. ისე ამ ყველაფრის შემდეგ, რომელი ამერიკული კომპანია მოინდომებს საქართველოში ჩამოსვლასა და ინვესტიციის დაბანდებას?!".

ემა ტუხიაშვილი