როგორ აისახება თურქეთში განვითარებული მოვლენები საქართველოს ეკონომიკაზე - კვირის პალიტრა

როგორ აისახება თურქეთში განვითარებული მოვლენები საქართველოს ეკონომიკაზე

"მხოლოდ შაჰ-დენიზის მეორე ფაზის ფარგლებში ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში 1 მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა. შეიძლება ითქვას, რომ სამუდამო პროექტია, რითაც ბევრ პრივილეგიას მივიღებთ, მათ შორის - იაფ გაზს"

თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ქვეყანაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში თურქეთის ხელისუფლებას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად დააწესოს შეზღუდვები: აკრძალოს ქვეყნიდან გასვლა და შემოსვლა; ქუჩაში გასვლა; ქვეითად ან ტრანსპორტით თავისუფლად გადაადგილება და სხვ. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები ვარაუდობენ, რომ თურქეთს პოლიტიკური არასტაბილურობის ხანგრძლივი პერიოდი ელოდება, რის გამოც იქ უცხოური კაპიტალი აღარ შევა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ცოდნა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს თურქეთში მიმდინარე თუ მოსალოდნელმა მოვლენებმა საქართველოზე. გარდა იმისა, რომ თურქეთი ეკონომიკურად დაწინაურებულია, ის ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორი ქვეყანაა.

თურქეთის მნიშვნელობა კარგად ჩანს ანგარიშში, რომელიც "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა" მოამზადა. ანგარიშის თანახმად, დღეს საქართველოსა და თურქეთს შორის 76 ხელშეკრულება და შეთანხმებაა გაფორმებული თითქმის ყველა სფეროში. მათ შორის აღსანიშნავია ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. ორ ქვეყანას შორის მოგზაურობა გამარტივებულია და საზღვრის გადასაკვეთად მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა არის საჭირო. გარდა ამისა, საქართველოში 3 200-ზე მეტი თურქულ-ქართული ერთობლივი კომპანია მოქმედებს. "თურქეთსა და საქართველოს აკავშირებს ორი ძირითადი მილსადენი - სამხრეთ კავკასიის ბუნებრივი აირის მილსადენი (ცნობილი, როგორც ბაქო-თბილისი-ერზრუმის ან შაჰ-დენიზის გაზსადენი) და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი," - ნათქვამია ანგარიშში.

ირინა გურული, "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" პროგრამების მენეჯერი: - თურქეთი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა და შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შემცირდეს რუსეთზე საქართველოს ენერგეტიკული დამოკიდებულება. რეგიონში არასტაბილურობა უნდა განვიხილოთ ნავთობისა და გაზის მილსადენების ფაქტორის გათვალისწინებით, ასეთ ვითარებაში საფრთხე დაემუქრება სამომავლო ინიციატივებსა და ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის გაღრმავებასაც.

ბესიკ ნამჩავაძე, საქართველოს რეფორმების ასოციაციის წარმომადგენელი, ეკონომისტი: - თითქმის 1 წელიწადია, თურქეთში რთული მდგომარეობაა. ჯერ იყო პოლიტიკური კრიზისი, რასაც დაემატა გახშირებული ტერაქტები, შემდეგ დაძაბულობა რუსეთთან, ერაყიდან და სირიიდან ემიგრანტების მასობრივად შედინება და ბოლოს - სამხედრო გადატრიალების მცდელობა. კიდევ მიკვირს, რომ თურქეთის ეკონომიკამ ამდენს გაუძლო. ეს რომ სხვა ქვეყანას შემთხვეოდა, ყველაფერი ჩამოიშლებოდა, თურქეთის ეკონომიკა კი შარშან 3%-ით მაინც გაიზარდა. თურქეთი მსოფლიოში მე-6 ადგილზეა ტურისტების მიღებით და ცხადია, ამ მხრივ დაზარალდება, რადგან ტურისტი ნაკლები ჩავა. თურქეთის საგარეო ვაჭრობაში კი რამე სერიოზულ ჩავარდნას ჯერ ვერ ვხედავ.

საქართველოდან თურქეთში დიდი რაოდენობით გადის ტექსტილის პროდუქცია, რომელიც, ძირითადად, ისევ თურქი ინვესტორების მიერ აქ დაფუძნებულ ფაბრიკებში იკერება. საქართველოში თურქული ინვესტიციები ასევე მოიცავს რამდენიმე მსხვილ პროექტს, მათ შორის - შაჰ-დენიზის გაზსადენსა და ბაქო-ყარსის რკინიგზას.

მხოლოდ შაჰ-დენიზის მეორე ფაზის ფარგლებში ბოლო 2 წელიწადში საქართველოში 1 მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა. შეიძლება ითქვას, სამუდამო პროექტია, რითაც ბევრ პრივილეგიას მივიღებთ, მათ შორის - იაფ გაზს. ასევე

დაწყებულია ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რომლითაც საქართველო თურქეთის გავლით ევროპის საერთო ენერგოსისტემაში უნდა ჩაერთოს. ამით დაიწყება ქართული ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპის ქვეყნებში.

ეს იმდენად მსხვილი პროექტებია, რომ მათი შეფერხებით გამოწვეულ ფინანსურ დანაკარგს ვერ გადაწონის ცოტა მეტი რუსი და უკრაინელი ტურისტის თურქეთის ნაცვლად საქართველოში ჩამოსვლა.

შარშან თურქეთიდან საქართველოში 1,5 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა, წლეულს კი უკვე ნახევარ მილიონზე მეტი, რაც ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია. მოკლედ, თურქეთი დიდ როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

რადგან თურქეთი ჩვენი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, ბუნებრივია, მისი ვალუტის კურსი გავლენას ახდენს ლარზე. თუ თურქული ლირა გაუფასურდება და სამხედრო ამბოხის შემდეგ გაუფასურდა კიდეც, ეს გამოიწვევს ქართული პროდუქციის გაძვირებას თურქეთში და პირიქით, თურქული პროდუქციის იმპორტი საქართველოში გაიაფდება. ეს კი უარყოფითად იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბალანსზე, ანუ საქართველოდან უფრო მეტი ვალუტა გავა თურქეთში, იქიდან კი ნაკლები შემოვა, რაც ლარის კურსზე უარყოფითად აისახება.

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: - საქართველოს ხელისუფლებამ მუდმივად უნდა ადევნოს თვალყური თურქეთში მიმდინარე პროცესებს, რადგან ეს ქვეყანა ჩვენი არა მხოლოდ სამხრეთელი მეზობელი, არამედ ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და თურქეთს აქვთ ძალიან ბევრი ერთობლივი პროექტი, მათ შორის ერთ-ერთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაა. იმისთვის, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა არსებობდეს, საქართველომ თითქმის 900 მილიონი დოლარის კრედიტი აიღო აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან. მართალია, მისი გახსნა 2017 წლამდე გადაიდო, მაგრამ მაშინაც კი რომელიმე ერთ ქვეყანაში არასტაბილურობა გამოიწვევს ტვირთბრუნვის შემცირებას. ამაზეა დამოკიდებული მოგება, რითაც საქართველომ ვალები უნდა გაისტუმროს. გარდა ამისა, ბევრი ჩვენი თანამემამულე თურქეთში მუშაობს და იქიდან გამოგზავნილი ფულით არჩენენ ოჯახებს. თურქული ლირის გაუფასურების შემთხვევაში მათი გადმორიცხული თანხები შემცირდება, ხოლო ამ ქვეყანაში ჩვენი შრომითი მიგრანტების მდგომარეობა გაუარესდება.