"თუ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ლარში აიღოს სესხი, ამის საშუალება უნდა იყოს" - კვირის პალიტრა

"თუ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ლარში აიღოს სესხი, ამის საშუალება უნდა იყოს"

"მოსახლეობას, კომპანიებს შეუძლიათ განათავსონ დეპოზიტები ლარში, დოლარში ან ნებისმიერ ვალუტაში"

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, დედოლარიზაციის პროცესი ახალი არ არის და ეს ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, თუ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ლარში აიღოს სესხი, ამის საშუალება უნდა იყოს.

„დედოლარიზაციის პროცესი არ არის რაღაც ახალი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ახლა დაიწყო. ეს პროცესი ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო და ძალიან ფართოდ იყო განხილული. მე ამ დროს არ ვიყავი საქართველოში, მაგრამ თუ გადავხედავთ ეროვნული ბანკის ძველ წლიურ ანგარიშგებებს, იქაც ფართოდაა ეს საკითხი განხილული. ასე რომ, დედოლარიზაციის პროცესი ძველია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ეს პროცესი არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ხელოვნურ ჩარევას ან ძალდატანებითი მექანიზმების გამოყენებას.

„არავითარ შემთხვევაში არანაირი შეზღუვა არ არის და არ იგეგმება იგივე დედოლარიზაციასთან დაკავშირებით ანუ, მოსახლეობას, კომპანიებს შეუძლიათ განათავსონ დეპოზიტები ლარში, დოლარში ან ნებისმიერ ვალუტაში. ლაპარაკია უბრალოდ საბაზრო მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე და არანაირად არ არის დაგეგმილი რაიმე ძალდატანებითი ან ხელოვნური პროცესის ჩართვა ამაში“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.