"ამ ელექტროსადგურებმა საერთო სისტემის მხოლოდ 10%-მდე შეიძლება აითვისოს" - როგორია ქარის ელექსტროსადგურების პერსპექტივა საქართველოში? - კვირის პალიტრა

"ამ ელექტროსადგურებმა საერთო სისტემის მხოლოდ 10%-მდე შეიძლება აითვისოს" - როგორია ქარის ელექსტროსადგურების პერსპექტივა საქართველოში?

საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური "ქართლის" შენდება, რომლისთვის საჭირო ტურბინები უკვე საქართველოშია.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სადგურის ტურბინების დასამონტაჟებლად საძირკველი მზადდება და სამშენებლო სამუშაოების დასრულება სექტემბერში იგეგმება. მას შემდეგ, რაც ელექტროსადგური გამოცდას გაივლის, დეკემბერში სახელმწიფო ელექტროსისტემა მიღებულ ელექტროენერგიას ენერგოქსელში გაანაწილებს. ქარის ელექტროსადგურის დაგეგმილი სიმძლავრე 20 მეგავატია.

"მოხმარების თვალსაზრიისთ, საშუალოდ, დაახლოებით 20 000 ოჯახზეა გათვლილი გამომუშავებული ელექტროენერგია. სახელმწიფოსთან გაფორმებულია ათწლიანი გარანტირებული სიმძლავრის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით 10 წლის განმავლობაში, გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოს ენერგოსისტემას მოხმარდება", - განმარტავს შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ყაზარაშვილი.

რა სარგებელს უნდა ველოდოთ და რამდენად ეფექტურია მსგავის ტიპის პროექტები? - გვესაუბრება ენერგეტიკის ექსმინისტრი დავით მირცხულავა.

- ხელისუფლებამ მოამზადა ქარის ელექტროსადგურების საპილოტე პროექტს, რომელიც პირველ ეტაპზე შიდა ქართლში განხორციელდება. მიმაჩნია, რომ ეს სწორი ნაბიჯია, თუმცა ამ სადგურებთან დაკავშირებით ერთი სირთულეა - მათი ინტეგრაცია საერთო ელექტროსისტემაში, რადგან ესაა სიხალე ქართული ენერგეტიკისთვის.

- თეორიულად მაინც თუა შესაძლებელი, რომ ამ ენერგიით მოხდეს სხვა ალტერნატიული ენერგიების ჩანაცვლება?

- ამის შანსი თეორიულადაც არ არსებობს, რადგან ნებისმიერი ასეთი წყარო მოითხოვს სისტემაში სარეზერვო წყაროს არსებობას, რომელსაც შეუძლია სწრაფი მანევრირება და სიმძლავრის სწრაფი აღება. იმის გამო რომ ქარის სიჩქარე ხასიათდება ძალიან მაღალი ფლუქტუაციით (ფლუქტუაცია - რაიმე სიდიდის შემთხვევითი გადახრა მისი საშუალო მნიშვნელიდან - ავტ.), სწორედ ამისთვისაა საჭირო რეზერვები, რომელიც დააბალანსებს ამ ფლუქტუაციას. ასეთი სარეზერვო სადგურებია ჰიდროაკუმულაციური (ღამის საათებში წყალს ქაჩავენ წყალსაცავში და შემდეგ პიკის საათებში იყენებენ - ავტ.) და წყალსაცავიანი სადგურები, ასევე შესაძლებელია ეს ორივე იყოს კომბინირებული. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ჰიდროაკუმულაციური სადგურები, ამიტომ სწორედ წყალსაცავიან სადგურებს მოუწევს ფლუქტუაციის დაბალანსება. საუკეთესო პერსპექტივით, ქარის ელექტროსადგურებმა საერთო სისტემის მხოლოდ 10%-მდე შეიძლება აითვისოს, შეიძლება ვინმეს ეს ძალიან მცირედ მოეჩვენეოს, თუმცა ეს ცალსახად ძალიან წინგადადგმული და დადებითი მოვლენაა.

- გარდა გორისა, სხვაგან თუა საქართველოში ადგილები, სადაც შესაბამისი პირობები ამგვარი სადგურის ასამუშავებლად?

- ძალიან კარგი ადგილია საბუათის მთა, რომლის შესწავლა დიდი ხანია მიმდინარეობს. სხვა ადგილებიც გვაქვს, მაგალითად, დასავლეთ საქართველოში.

- რამდენად ხარჯიანი ეს პროექტი და სახელმწიფოს თუ ექნება მოგება აქედან?

- ქარის ელექტროსადგურების სრულ ხარჯს სახელმწიფო გაიღებს, ეს საპილოტე პროექტია, რომელიც კარგ გამოცდილებას მოგვცემს. მაგალითად იმისას, თუ როგორ უნდა იმუშაონ დისპეჩერებმა, როცა ქარის სიჩქარის ცვლილება ხდება. რაც შეეხება მოგებას, სასურველია თუ გამოჩნდებიან ინვესტორები, რომლებიც ჯერჯერობით, სამწუხაროდ, მხოლოდ ჰიდროსადგურებით ინტერსდებიან.

- რა უნდა გააკეთოს ხელისუფლება ინვესტორის დასაინტერესებლად?

- ნებისმიერ ქვეყანაში, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებისთვის ხორციელდება სპეციალური პროგრამები და ინვესტორის მოსაზიდად სხვადსხვა შეღავათებს აწესებენ. ბევრგან ესაა ფიქსირებული ტარიფი, სახელმწიფო ინვესტორს აძლევს გარანტიას, რომ გარკევული პერიოდის განმავლობაში მოპოვებულ ენერგიას შეიძენს ამ ფიქსირებული ტარიფით. ისეთ დიდ და განვითარებულ ქვეყანაში როგორიცაა გერმანია, სახელმწიფომ ინვესტორს მისცა დიდი და გრძელვადანი გარანტია ფიქსირებული ტარიფის და ამას მოჰყვა, ის, რომ ძალიან სწრაფად განვითარდა განახლებადი ენერგიის სადგურების მშენებლობა. სხვადსახვა ქვეყანაში სხვადსხვა პროგრამებია, იქ, სადაც ღია და თავისუფალია ბაზარია, კონკურენტულ ტარიფს, სახელმწიფო რაღაც პერიოდით უმატებს გარკვეულ თანხას, ხდება საგადასახადო შეღავათების მიცემა, იმიტომ, რომ ასეთი ტიპის მხარდაჭერის გარეშე ბუნებრივია დიდი ინტერესი ინვესტორს არ ექნება. ამიტომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს ამ და სხვა ტიპის მხარდამჭერ პროგრამებზე.

ლადო გოგოლაძე (სპეცილაურად საიტისთვის)