"რევოლუციური პროექტი" - როგორ შეიქმნა პირველი კერძო ოპერატორი საქართველოში - კვირის პალიტრა

"რევოლუციური პროექტი" - როგორ შეიქმნა პირველი კერძო ოპერატორი საქართველოში

"ახალი ქსელები" 20 წლისაა

მძიმე მემკვიდრეობა და არახელსაყრელი გარემო - ენთუზიაზმმა, მონდომებამ და რისკმა გაამართლა - ერთ-ერთი პირველი კერძო ოპერატორი საქართველოში ზუსტად 20 წლის წინ შეიქმნა. შემდგომი ნაბიჯებიც საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა ცოდნამ და გამოცდილებამ თავისი გაიტანა. ახალმა ქსელებმა" მაშინდელ გამოწვევებსაც გაუძლო და ტექნოლოგიურ ცვლილებებსაც ფეხდაფეხ მიჰყვა. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ავთანდილ იაშვილის თქმით, წარმატების უმნიშვნელოვანესი საიდუმლო, პროფესიონალიზმსა და თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, პარტნიორთა შორის არსებულ მეგობრობასა და შეხედულებათა თანხვედრაშია.

ავთანდილ იაშვილი: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პროცესები საკმაოდ რთულად განვითარდა, მხედველობაში მაქვს სამოქალაქო ომი, ძარცვა-გლეჯა და ა.შ. განსაკუთრებით აქტუალური იყო სპილენძის ქურდობა. ბუნებრივია, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა იყო კავშირგაბმულობის სფეროშიც. ამ პერიოდში პარლამენტში რამდენიმე სახის საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა, მათ შორის, ჩვენი დარგის მხრიდანაც. ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი ინიციატივა დარგის ლიბერალიზაციის დაწყებას ეხებოდა. ეს იყო 90-იან წლებში. სწორედ მაშინ, პირველად ისტორიაში, მიიღეს კანონი, რომლითაც განისაზღვრა კერძო საკუთრების უფლება კომუნიკაციის სფეროში. აი, ეს გახდა საფუძველი, რომ ჩვენს ქვეყანაში პირველად, კავშირგაბმულობის, სატელეკომუნიკაციო სფეროში, შექმნილიყო პირველი კერძო ოპერატორი.

კავშირგაბმულობის ექსმინისტრის, ამჟამად "ახალი ქსელების" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ფრიდონ ინჯიას ინფორმაციით, კანონის პროექტი, რომელზეც ბატონი ავთანდილი საუბრობს, კავშირგაბმულობის სამინისტროს მიერ იყო ინიცირებული. მისმა მიღებამ კი სფეროს განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

ფრიდონ ინჯია: კანონის მიღებამ და სამინისტროს პოლიტიკამ სახელმწიფო საწარმოებთან ერთად კერძო საწარმოების შექმნა განაპირობა, რამაც, თავის მხრივ, ინვესტიციების მოზიდვისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და კონკურენციის გაზრდა გამოიწვია. კონკურენციას მოჰყვა მომსახურების დონის ამაღლება, ფასების კლება, პასუხისმგებლობის მომატება და კავშირგაბმულობის სფეროდან ბიუჯეტში შემოსავლის მნიშვნელოვანი ყოველწლიური ზრდა. მოგვიანებით, მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა საქართველო, კომუნიკაციის სფეროში ინვესტიციების მოზიდვის მხრივ, სამაგალითო ქვეყნად შეაფასეს და პარალელი იმ პერიოდში ზემოაღნიშნული მიმართულებით საკმაოდ სწრაფი ტემპით მზარდ ქვეყნებთან - სინგაპურთან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან გაავლეს, თუმცა კონკრეტულ შედეგამდე და მსგავსი შეფასების მიღებამდე სფეროს წარმომადგენლებს საკმაოდ რთული გზის გავლა მოუხდათ.

იდეა ადრე გაჩნდა, მისი ხორცშესხმა კი 1996 წლის 2 აგვისტოს მოხერხდა - პირველმა კერძო ოპერატორმა ფუნქციონირება სწორედ ამ ეტაპიდან დაიწყო. ახლა კომპანია ახალი სირთულის წინაშე აღმოჩნდა - შემდგომი განვითარებისთვის რაიმე სახის თანადგომის იმედი სახელმწიფოსგან არ უნდა ჰქონოდა, არადა, სრულფასოვანი მუშაობისთვის აპარატურის შეძენა იყო საჭირო. ნებისმიერი უცხოური კომპანია კი მათგან სახელმწიფო გარანტიას ითხოვდა.

ავთანდილ იაშვილი: ჩვენ იმ დროს არანაირ აპარატურას არ ვაწარმოებდით და შესაბამისად, ყველაფერი უცხოეთში უნდა შეგვეძინა. ამისთვის საჭირო იყო ვალუტა. მიდიოდა მოლაპარაკებები უცხოელებთან, მწარმოებლებთან, თუმცა... ყველა სახელმწიფო გარანტიებს ითხოვდა. იმ დროისთვის საქართველოში აქტიურად მუშაობდა მსოფლიო ბანკი, რომელიც ასეთ პროექტებსა და მასშტაბურ მშენებლობებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის საშუალებას არ იძლეოდა.

დამფუძნებლებმა გამოსავალი აქაც მოძებნეს - მწარმოებლები კრედიტის გაცემაზე დაითანხმეს, დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში კი კომპანიის მფლობელებმა საკუთარ თავზე ბიზნესის დათმობის ვალდებულება აიღეს.

ავთანდილ იაშვილი: ამ შეთანხმებით მწარმოებელი არაფერს კარგავდა. ის დაამონტაჟებდა აპარატურას, აიღებდა ბაზას, ჩვენ ჩავრთავდით აბონენტებს, ანუ ის აპარატურა გახდებოდა ცოცხალი, და თუ ვერ გადავუხდიდით ფულს, ანუ თუ ვითარება ისე არ წარიმართებოდა, როგორც გვინდოდა, ჩვენი კომპანია მთლიანად გადავიდოდა მათ საკუთრებაში. აი, ამ მოდელმა იმუშავა და "ახალმა ქსელებმა" ქართულ ბაზარზე სტარტი აიღო.

პირველი თანამშრომლობა "დეუ ტელეკომთან" შედგა. მათი დათანხმება 8 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტზე სახელმწიფო გარანტიის გარეშე რთული აღმოჩნდა, თუმცა ხანგრძლივი ორჭოფობის შემდეგ ხელშეკრულება მაინც გაფორმდა.

ავთანდილ იაშვილი: ეს იყო ჩვენი პირველი პროექტი. აქციონერები თანხმდებოდნენ იმაზე, რომ ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე მთლიანად წაიღებდა ბიზნესს თავისი აბონენტებით და აპარატურით. მერე ისინი გაყიდდნენ კომპანიას და ა.შ. სხვა რესურსი არ გვქონდა. ფაქტობრივად, ყველაფერი ცარიელი ხელებით, ნულიდან დავიწყეთ. საწესდებო კაპიტალი სულ 2 000 ლარი იყო. მოგვიწია ინვესტორების დარწმუნებამ, რომ ჩვენ ყველაფრის ორგანიზებას - ოპერირებას, ჩართვას, გადართვას შევძლებდით და შემოსავალსაც დანიშნულებისამებრ გამოვიყენებდით. ხელშეკრულების გაფორმებამდე "დეუ ტელეკომის" პრეზიდენტს, რომელიც საქართველოს სტუმრობდა, სამთავრობო სტრუქტურებში კიდევ ერთხელ აუხსნეს, რომ ამ ტიპის პროექტებზე არავითარი სახელმწიფო გარანტიები არ იქნებოდა. რასაც ჩვენ ვთავაზობდით, ეს იყო ღია მოდელი, რომლითაც შეეძლოთ ესარგებლათ, თუ ჩვენს ბაზარზე შემოსვლა უნდოდათ.

პროექტი შედგა. პირველად საბურთალოს ზონაში რამდენიმე თანამედროვე ციფრული სატელეფონო სადგური ჩაირთო, რომელიც 45 000 აბონენტზე იყო გათვლილი. ეს რევოლუციური ნაბიჯი გახლდათ. პროექტის წარმატებულად განხორციელების შემდეგ კომპანიის დამფუძნებლებმა ანალოგიური მოდელი სხვებსაც შესთავაზეს. მეორე პროექტი 1997 წელს განხორციელდა. ამჯერად კომპანიის წარმომადგენლებმა ავლაბარი-აეროპორტის ტერიტორიები მოიცვეს. შემდეგ ნელ-ნელა გაფართოვდნენ და დედაქალაქიდან რეგიონებშიც გადაინაცვლეს.

ავთანდილ იაშვილი: წარმოიდგინეთ, როგორი სიტუაცია იყო მაშინ. ერთი ქუჩიდან მეორეზე დარეკვა ჭირდა, ისეთი ამორტიზებული იყო ძველი ქსელი. ჩვენ რევოლუციური ნაბიჯი გადავდგით სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი თანადგომის გარეშე. პირველი პროექტის წარმატებულად განხორციელების შემდეგ უფრო გავთამამდით. მეორე პროექტი 1997 წელს განვახორციელეთ. ახლა "ტელრადთან" მუშაობა დავიწყეთ და თბილისში იმავე მოდელით 7-იანების ზონა (ავლაბრიდან აეროპორტამდე) ავითვისეთ. შევქმენით შვილობილი კომპანია "ახტელი", რომელიც იმავე მოდელით და პირობებით მოქმედებდა. გავაფორმეთ მწარმოებელთან ხუთწლიანი კრედიტი. ანალოგიური სიტუაცია იყო ქუთაისშიც და ექვსიანების ზონაშიც თბილისში. წარმატებული თანამშრომლობა შედგა სხვა ორგანიზაციებთანაც - "ალკატელთან", "ისკატელთან" და "სისკოსთან". ყველა კომპანიასთან პირნათლად შევასრულეთ ვალდებულებები და მათგანაც ავიღეთ სათანადო წერილები, რომ მომავალში რაიმე გაუგებრობას არ ჰქონოდა ადგილი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან შეგვიწყო ხელი თიბისი ბანკმაც, რომელთანაც 2000 წლიდან ვთანამშრომლობთ. სწორედ მათი თანადგომით, მათ მიერ ჩვენი კომპანიისთვის გაცემული კრედიტებით მოხერხდა არაერთი პროექტის განხორციელება. ასე რომ, კომპანია დაარსების დღიდანვე წარმატებით ფუნქციონირებს და აქტიურად მიჰყვება იმ ტექნოლოგიურ ცვლილებებს, რომელიც ზოგადად, გვხვდება ბაზარზე როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.

გარკვეული დროის შემდეგ ფიქსირებულის ჩანაცვლება მობილურმა ქსელმა სცადა. პარალელურად, ბაზარზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ. ამან კონკურენციაც გაზარდა და სიახლის მოთხოვნაც, თუმცა "ახალ ქსელებს" ახალი ტექნოლოგიების ათვისება და დანერგვა არ გასჭირვებია, შესაბამისად, ბაზრის მკაცრი კანონების შემოტევებსაც გაუძლო.

ავთანდილ იაშვილი: ამ ტექნოლოგიური ცვლილებების ფონზე, მუდმივი წინსვლის, განვითარების გარეშე, გადარჩენა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. მას შემდეგ, რაც ბაზარზე მობილური ქსელი გამოჩნდა, ფიქსირებულის შენარჩუნება გართულდა. შემდეგ ოპტიკური ქსელის მშენებლობის გზა მოიძებნა, ბინაზე ინტერნეტის მიყვანა დავიწყეთ. მანამდე DშL ტექნოლოგიები აითვისა კომპანიამ და ა.შ. დღეს ჩვენი აბონენტები მაღალი ხარისხის ინტერნეტით სარგებლობენ და ფიქსირებულ ქსელებსაც ინარჩუნებენ. საერთო ჯამში, ჩვენ მივაღწიეთ, რომ ტელეფონის 160 ათასი და სადღაც 60 ათასი ინტერნეტის აბონენტი შევიძინეთ. ვვარაუდობთ, რომ ინტერნეტაბონენტთა რიცხვი უახლოეს 2-3 წელიწადში 100 ათასამდე გაიზრდება.

"უწყვეტი, სწრაფი და ხარისხიანი" მომსახურების სრული პაკეტი ინტერნეტთან ერთად ტელევიზიასაც გულისხმობს. "ახალმა ქსელებმა" საკუთარ აბონენტებზე ამ მიმართულებითაც იზრუნა და ერთ-ერთი ოპერატორი კომპანიის დაშვება განახორციელა, რომელიც მომხმარებლებს "MARTV"-ის მომსახურებას და საკმაოდ მრავალფეროვან სატელევიზიო არხებს სთავაზობს.

ავთანდილ იაშვილი: სურვილის შემთხვევაში, აბონენტებს ინტერნეტთან ერთად ტელევიზიის მიღებაც შეუძლიათ. ჩვენ ამ ტელევიზიის დაშვებას ვახორციელებთ, ანუ ოპერატორ კომპანიას, რომელსაც სატელევიზიო არხები გააჩნია, ჩვენს ქსელზე ვუშვებთ და ისინი აბონენტებისთვის ტელევიზიის შეუფერხებლად მიწოდებას ახორციელებენ. რაც შეეხება

ინტერნეტს, ჩვენ ყველაზე ბოლო თაობის ოპტიკურ ქსელს ვაშენებთ, "სისკოს" თანამედროვე სვიჩებით, რომელიც აბონენტამდე მიდის პირდაპირ ოპტიკური ძარღვით ყოველგვარი გაყოფის გარეშე. ასე ნებისმიერი სასურველი სიჩქარის მიღებაა შესაძლებელი. სწორედ ესაა ჩვენი უპირატესობა.

დღეს ბაზარზე საკმაოდ კონკურენტული გარემოა და ბუნებრივია, დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ორგანიზაციამ ლიდერული პოზიციები შეინარჩუნოს. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამას უკვე 20 წელია ვახერხებთ. აბონენტებს არ ვატყუებთ, ვაწვდით ინტერნეტს იმ სიჩქარით, რაც არის განსაზღვრული ხელშეკრულებით, ვცდილობთ, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ხარისხი, შევთავაზოთ შედარებით დაბალი ფასები, ინოვაციური პროექტები და ზოგადად, ვცდილობთ, ყველა გადაწყვეტილება აბონენტთა ინტერესებს მოვარგოთ.

პიარკამპანიაზე რატომღაც უარის თქმა არჩიეს, თუმცა ამის გამო კომპანია აბონენტთა ნაკლებობას არ შეუწუხებია. გაზრდილ კონკურენციასაც უკეთესი ცვლილებების მოლოდინით შეხვდნენ - გეგმა დასახეს და ამ გეგმას მიჰყვებიან. მათთვის ყველაზე დიდი რეკლამა - მომსახურების ხარისხი, ხოლო საუკეთესო შედეგის მაჩვენებელი - კმაყოფილი აბონენტია.

ავთანდილ იაშვილი: კონკურენცია ხარისხის გაზრდას უწყობს ხელს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვეწევით აქტიურ პიარკამპანიას, მაგრამ ის, რომ 60 000 მომხმარებელი გვყავს, ნიშნავს, რომ აბონენტი კმაყოფილია. მიზანიც ასეთი იყო - სადაც ფიქსირებული ტელეფონები გვქონდა და ზონები გვეკავა, ძირითადად იმ ტერიტორიებს ვავითარებდით. პირველ რიგში, ჩვენს აბონენტებს ვცემთ პატივს და ამიტომ. ისინი უკვე 20 წელია, ჩვენ გვერდით დგანან, შესაბამისად, პრიორიტეტებიც არიან და იქნებიან ყოველთვის. ვცდილობთ, მაქსიმალურად ხარისხიანი მომსახურება მივაწოდოთ, მომენტალურად აღმოვფხვრათ ყველა ტექნიკური პრობლემა, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა. ზოგადად, ვცდილობთ, მრავალმხრივ დავაზღვიოთ ქსელი და ამით უზრუნველვყოთ მომსახურების უწყვეტობა. იმის თქმა მინდა, რომ ერთ მომწოდებელზე არ ვართ დამოკიდებულები. როცა რაღაც ხდება ერთი მიმართულებით, ავტომატურად ერთვება მეორე და პრობლემაც მარტივად გვარდება.

ნებისმიერ საკითხს კომპანია კორპორატიული მმართველობის საფუძველზე აგვარებს. მართვაში სამი რგოლი მონაწილეობს. სამივე მათგანი - დამფუძნებლები, სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი - 20 წელია, შეთანხმებულად მოქმედებს. პრობლემებს მმართველობით დამოკიდებულებაში ამ ხნის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია. ამის მთავარი მიზეზი პარტნიორების სწორად შერჩევა და ურთიერთპატივისცემაა.

ავთანდილ იაშვილი: კომპანიის მმართველობის ამ ტიპმა, ჩვენს შემთხვევაში, გაამართლა. ამას ის შედეგები ამტკიცებს, რაც გვაქვს. როცა 20 წელი კომპანია ბაზარზეა და ის მომგებიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი სწორადაა აწყობილი. გეტყვით იმასაც, რომ ბიზნესში უმნიშვნელოვანესი პარტნიორებს შორის ურთიერთობაა. სწორი პარტნიორის არჩევა წარმატების საფუძველია - ეს უდავოა. ყველა რგოლში ისეთი ადამიანები არიან შეკრებილები, რომლებიც ძალიან იოლად ურთიერთობენ ერთმანეთთან, ემთხვევა მათი შეხედულებებიც, საერთო, გლობალური... ამიტომაც არის წარმატება გარანტირებული. ჩვენ ერთად ვაკეთებთ საერთო საქმეს, ერთად ვნერგავთ სიახლეებს, ერთად ვქმნით ინოვაციურ პროექტებს, ერთად ვცდილობთ, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენს აბონენტებს და უზრუნველვყოთ უწყვეტი, სწრაფი და ხარისხიანი სერვისის მიწოდება.

(R)