"გაჭირვებულ მოხელეს" დახმარება აღმართში მიეწია... - კვირის პალიტრა

"გაჭირვებულ მოხელეს" დახმარება აღმართში მიეწია...

როგორ "უმკურნალა" მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ იმავე მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებს

მეც შემიძლია გავავრცელო უფრო ღიმილის მომგვრელი ვერსია, რომ თითქოს ერთჯერადი დახმარება გაიცემა საკრებულოს წევრზე, შემდეგ ამ დახმარებას უკან ართმევს დეპუტატი და ამ ფულით კოსმოსში გაფრენას აპირებს

როგორც ცნობილია, ჩვენს ქვეყანაში სოციალურ დახმარებას ეკონომიკურად ყველაზე შეჭირვებული მოქალაქეები იღებენ. ბევრი ისეთი ფაქტიც გახმაურებულა, როცა ოჯახებს სოციალური შემწეობა იმიტომ მოუხსნეს, რომ შინ ტელევიზორი ან მაცივარი აღმოაჩნდათ, ან ოჯახის წევრი დროებით დასაქმდა სადმე... ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული დახმარების გარდა, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს დამატებით შეუძლიათ შემწეობა აღმოუჩინონ შეჭირვებულ მოსახლეობას. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომაც დადგენილებით დაამტკიცა მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა, თუმცა დახმარების მიმღები პირების სხვადასხვა კატეგორიასთან ერთად, სოციალური დახმარების პროგრამის მიმღებთა რიგებში მცხეთის მუნიციპალიტეტისა და გამგეობის თანამშრომლებიც შეიყვანა(?!).

მცხეთის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის 30 იანვარს დაამტკიცა და დაადგინა, რომ

ეკონომიკურად გაჭირვებულ პირებთან, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ თუ მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახის წევრებთან ერთად, ამ პროგრამით მოსარგებლეები არიან მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებიც.

რამდენიმე დღის წინ იმავე საკრებულომ ამ დადგენილებაში დამატებითი მოთხოვნა შეიტანა, რომლის თანახმად, სოციალური დახმარების მიმღები პირი არანაკლებ ექვსი თვის განმავლობაში უნდა იყოს რეგისტრირებული მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. სწორედ ამის შემდეგ გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ საჯარო მოხელეები თურმე სოციალური დახმარების პროგრამაში არიან ჩართული. ამ ფაქტით დაინტერესების შემდეგ, საჯარო მოხელეებზე სოციალური შემწეობის გაცემის ასეთი ვერსიაც მოვისმინეთ - თითქოს გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებზე ერთჯერად ფულად დახმარებას გასცემენ 100 ლარის ოდენობით, შემდეგ კი მათ ამ თანხის უკან დაბრუნება უწევთ და მერე ეს ფული მოქმედი დეპუტატისთვის წინასაარჩევნოდ სარეკლამო ბროშურებისა და პლაკატების დასაბეჭდად იხარჯება. იმის გადამოწმება, მართლა გაიცემა თუ არა დახმარება ფულადი სახით, შესაბამისი სამსახურების საქმე და კომპეტენციაა.

მოგეხსენებათ, ქვეყანაში დახმარების მიმღებთა კატეგორიები მკაფიოდ არის განსაზღვრული და ამ დადგენილების ჩამონათვალში საჯარო მოხელეთა დამატება ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს - თუ ასე წავიდა საქმე, მაშინ რატომ არ შეიძლებოდა პროგრამით მოსარგებლეთა ნუსხისთვის ნებისმიერი სხვა კატეგორიის, ვთქვათ, უხუცეს პედაგოგთა დამატება? მით უმეტეს, რომ მათი ხელფასი მოხელეების ანაზღაურებაზე მაღალი არ არის. საყოველთაო ჯანდაცვაც ყველას ეხმარება და როცა ის მაინც არასაკმარისია, გამოდის, რომ მოხელეები დამატებითი თანხის მიღებისას უპირატესობით ისარგებლებენ...

მადონა ჯიქია, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე: "თქვენ საუბრობთ სოციალური დახმარების პროგრამაზე, რომელიც შეიმუშავა გამგეობამ, შეიტანა დასამტკიცებლად საკრებულოში და საკრებულომ დაამტკიცა. სოციალურ დახმარებაში იგულისხმება ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითა და კერძო დაზღვევით მოსარგებლე პირებისთვის სამედიცინო მომსახურების იმ წილის დაფინანსება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითა და კერძო დაზღვევით არ ფინანსდება, აგრეთვე არ ფინანსდება რომელიმე კერძო ან სახელმწიფო პროგრამითაც.

დადგენილებაში ერთ-ერთ პუნქტად ნამდვილად არის მითითებული, რომ საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლები არიან ამ სოციალური პროგრამით მოსარგებლენი, მაგრამ ისინი ფულად დახმარებას არ იღებენ, არამედ სარგებლობენ მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული ჯანდაცვის პაკეტის ნაწილით.

მაგალითად, თუ გამგეობის ან საკრებულოს თანამშრომელს სჭირდება ოპერაციისთვის ან ძვირად ღირებული სამედიცინო კვლევებისთვის განსაზღვრული თანხით დაფინანსება, ჩვენ მოგვმართავს დახმარებისთვის. რა თქმა უნდა, პროგრამით მოსარგებლეს ხელზე ფულს არავინ აძლევს. ჩვენ ვუკავშირდებით კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებას და კლინიკიდან მიღებული ანგარიშფაქტურის საფუძველზე გავცემთ საგარანტიო წერილს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანს საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდება, ვანაღდებთ საგარანტიოს, ანუ თანხას ვურიცხავთ კლინიკას.

ამ სოციალური პროგრამის ფარგლებში საკრებულოსა და გამგეობის წევრების დაფინანსების სულ ოთხი-ხუთი შემთხვევა თუ გვქონდა და მცირე თანხები გავეცით. რა თქმა უნდა, არ ვაფინანსებთ პლასტიკურ ოპერაციებს. საუბარია ისეთი ადამიანების დაფინანსებაზე, ვისაც 450 ლარი და შესაძლოა, უფრო ნაკლებიც აქვთ ხელფასი. ლაპარაკია ოპერაციებზე, რომელთა დაფინანსებასაც თავად ვერ ახერხებენ.

აღსანიშნავია განაცხადების განხილვის პროცედურაც: პირველ რიგში, განაცხადს უნდა ერთვოდეს გამგებლისა და დეპუტატის შუამდგომლობა, რომ მათ განმცხადებლის ეკონომიური მდგომარეობა შეისწავლეს და მას ნამდვილად ესაჭიროება დახმარება. ამის შემდეგ განაცხადს კომისია შეისწავლის და საკითხს ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტს. კომისიის წევრები არიან საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და მას ესწრებიან საკრებულოს დეპუტატები, რომლებიც ყოველთვის ხალხის მხარეს არიან".

დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: "სასაცილოა, სხვა რა შემიძლია ვთქვა იმ ინფორმაციაზე, რაც თქვენგან მოვისმინე... მაგრამ, თუ სერიოზულად მივუდგებით საკითხს, საკრებულო და თვითმმართველობა დამოუკიდებელი ორგანოებია და დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს. თქვენს შეკითხვასთან დაკავშირებით - შეიძლება თუ არა, რომ საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლები იყვნენ სოციალური პაკეტით მოსარგებლეები, ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. მით უმეტეს, რომ სოციალური პროგრამით სარგებლობისთვის ექვსთვიანი ბარიერია შემოტანილი.

ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვასა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია. არსებობს ძვირად ღირებული სამედიცინო მომსახურება, რომელსაც თუნდაც გამგეობის ან საკრებულოს თანამშრომლის ანაზღაურება ვერ გასწვდება. არიან საკრებულოშიც და გამგეობაშიც თანამშრომლები, რომელთა ანაზღაურება 400-500 ლარს არ აღემატება. ასე რომ, გასაკვირი არ არის, მათ ეს დახმარება მიიღონ. გარდა ამისა, საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ სოციალურ პაკეტში იგულისხმება მხოლოდ სამედიცინო პროცედურების თანადაფინანსება და არა სხვა სახის დახმარება.

რამდენადაც ვიცი, არც ერთი ფაქტი, რომ სხვა სახის სოციალური დახმარება მიეღოთ საკრებულოსა და გამგეობის წევრებს, არ ყოფილა.

ის, რომ ვიღაც ახლა ამის გარშემო ქმნის სასაცილო ზღაპარს, რომელიც ბავშვისთვისაც კი არ არის საინტერესო, წინასაარჩევნო შავი პიარის ნაწილია - თითქოს ერთჯერადი ფულადი დახმარება ვინმეზე გაიცემა, შემდეგ კი ამ ფულს უკან ართმევს დეპუტატი საარჩევნოდ ბროშურების დასაბეჭდად და დასარიგებლად. ასეთივე წარმატებით მეც შემიძლია გავავრცელო უფრო ღიმილის მომგვრელი ვერსია, რომ თითქოს ერთჯერადი დახმარება გაიცემა საკრებულოს წევრზე, შემდეგ ამ დახმარებას უკან ართმევს დეპუტატი და ამ ფულით კოსმოსში გაფრენას აპირებს".

დიმიტრი ბიძინაშვილი, მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" თავმჯდომარის მოადგილე: "მაშინ, როცა ქვეყანაში ამდენი სოციალურად დაუცველია, ეს არის, სულ ცოტა, მოქალაქეების დაცინვა. არ შეიძლება ასეთი უპასუხისმგებლო ჩანაწერის გაკეთება მცხეთის მუნიციპალიტეტის დადგენილებაში, რაც სახელმწიფო მოხელეების სოციალურად დაუცველებთან ერთად ყოფნას ითვალისწინებს. არ არის საჭირო შეხსენება, რომ გამგეობის თანამშრომლები ბიუჯეტიდან ყოველთვე იღებენ ხელფასებს, დანამატებსა და პრემიებს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს აწვება. ამასთან, ეს დადგენილება საარჩევნოდ ნებისმიერ ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, მარტივად ჩაურიცხოს ერთჯერადი დახმარებები გამგეობის თანამშრომლებს და ამ თანხების პირდაპირ მიმართვა მოხდეს თავისივე პარტიის აგიტაციისთვის.

მმართველ ძალას არა აქვს იმხელა ნდობა, რომ ამგვარმა ჩანაწერებმა შეკითხვები არ გააჩინოს. მიმაჩნია, რომ ეს დადგენილება უნდა გაუქმდეს. გარდა პოლიტიკური შეფასებისა, ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასებაც აუცილებლად უნდა მიეცეს, არ შეიძლება, აღნიშნული ფაქტი მთავრობამ შეფუთოს, როგორც იურიდიულად გამართული. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ხელისუფლება კანონს საკუთარ თავზე ირგებს".

ემა ტუხიაშვილი