აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უცხოელ ვიზიტორთა კვლევის მესამე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა - კვირის პალიტრა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უცხოელ ვიზიტორთა კვლევის მესამე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უცხოელ ვიზიტორთა კვლევის მესამე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, კვლევის შედეგად, რომელიც 2016 წლის იანვარ-მარტის პერიოდს ეხება 1000 უცხოელი ვიზიტორი საქართველოში არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ქვეყნის დატოვებამდე გამოიკითხა.

მათი ცნობით, როგორც კვლევამ აჩვენა, იანვარ-მარტის პერიოდში აჭარას 42,7 % ინდივიდუალური მოგზაური, ხოლო 35,2 % ჯგუფური მოგზაური სტუმრობს და მათი უმრავლესობა რეგიონში საშუალოდ 4 ღამით რჩება.

"კვლევის წინა ორი ეტაპისგან განსხვავებით, რომელიც აგვისტო-სექტემბრისა და ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდს ეხება გაზრდილია ერთი ტურისტის მიერ რეგიონში 1 დღეში დახარჯული თანხის რაოდენობა, რაც საშუალოდ 451.15 ლარს შეადგენს.

კვლევის წინა ორი ეტაპისგან განსხვავებით მესამე ეტაპზე ასევე შეცვლილია მონაცემები რეგიონში ტურისტების ჩამოსვლის ძირითადი მიზნების შესახებაც. ისინი აჭარაში ძირითადათ ღირსშესანიშნაობათა, ბუნებისა და ლანდშაფტების დასათვალიერებლად (38,8 %), მეგობრების მოსანახულებლად (16,6 % ) და აზარტული თამაშებისთვის (12, 5 % ) ჩამოდიან. თუმცა მათ მიერ რეგიონში ყოფნისას განხორციელებულ აქტივობებში აზარტულ თამაშებს მხოლოდ 0,32 % უჭირავს, მაშინ როცა ეკოტურიზმით ტურისტების 59%, ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმით 26,80%, ხოლო კულტურული ტურიზმით 14,74 % ტურისტია დაკავებული.

უცხოელ ვიზიტორთა კვლევის წინა ეტაპებისგან განსხვავებით, აჭარაში იანვარ-მარტის პერიოდში მყოფი ტურისტებისთვის მთავარ პრობლემას უამინდობა (1,36%) და პატრულთან დაკავშირებული პრობლემები (1,13 %) წარმოადგენს, თუმცა მცირე პროცენტობით პრობლემებში ფიგურირებს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მაღალი ფასები და სიძვირე კვების ობიექტებში, მომსახურების დონე და უცხო ენის პრობლემა. 2015 წლის აგვისტო-სექტემბრისა და ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდის კვლევისას კი მომსახურების დაბალი დონე, სიძვირე, მოძრაობის წესები და ინფრასტრუქტურა ყველაზე მთავარ პრობლემებად სახელდებოდა", - ნათქვამია ტურიზმის დეპარტამენტის განცხადებაში.

მათივე ცნობით, კვლევის მესამე ეტაპზე, წინა ორი ეტაპის მსგავსად ტურისტების უმრავლესობა (51,7%) ისევ კმაყოფილია რეგიონში დასვენებით და გამოკითხულთა 95 % -ს სურვილი აქვს აჭარას განმეორებით ეწვიოს.

"ჩვენს მიერ ჩატარებული უცხოელ ვიზიტორთა კვლევის შედეგები 10-ვე სამიზნე ქვეყნის მიხედვით არის გაანალიზებული. შედეგები ერთი მხრივ საშუალებას გვაძლევს პიარ და მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვისას ქვეყნების მიხედვით გავითვალისწინოთ რეგიონის თუ რომელ ტურისტულ პროდუქტებსა და პოტენციალს გავუწიოთ პოზიციონირება კონკრეტულ ქვეყანაში და რა გზებით. გარდა ამისა, რა ტიპის პრობლემებს აწყდება ტურისტები რეგიონში სტუმრობისას და როგორ შეიძლება მათი მოგვარების გზების დაგეგმვა -განხორციელება. ჩვენ ვაგრძელებთ უცხოელ ვიზიტორთა კვლევას და 2016 წლის სრულ მონაცემებს კვლევების დასრულებისას გამოვაქვეყნებთ", - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

უცხოელ ვიზიტორთა კვლევის სამივე ეტაპის შედეგების ნახვა შესაძლებელია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ -გვერდზე gobatumi.com.