ბანკებს მოგება "ახრჩობთ"(?!) - კვირის პალიტრა

ბანკებს მოგება "ახრჩობთ"(?!)

როგორ ამოვიდეთ სავალო ორმოდან

იშვიათად მეგულება დღეს ვინმე, საბანკო სესხით არ სარგებლობდეს. ვალის ტვირთი განსაკუთრებით მათ დაუმძიმდა, ვინც თავის დროზე შედარებით დაბალი პროცენტის გამო სესხის დოლარში აღება გადაწყვიტეს. ამ ტვირთის შესამსუბუქებლად მთავრობამ ლარიზაციის გეგმა შეიმუშავა და სესხის დოლარიდან ლარში გადაყვანა შესთავაზა. ბანკები ამ ინიციატივას მცირე პაუზის შემდეგ გამოეხმაურნენ, მას წინგადადგმული ნაბიჯი უწოდეს და განმარტეს, რომ სამომხმარებლო სესხების დიდი ნაწილი იმიტომ არის გაცემული უცხოურ ვალუტაში, რომ დეპოზიტების უმეტესობაც დოლარშია განთავსებული.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, წლეულს იანვარ-ოქტომბერში ბანკების წმინდა მოგებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა. ასევე ისტორიულ, ოღონდ მინიმუმზეა ლარის გაცვლითი კურსი, თუმცა, როგორც თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განმარტა, "ლარის ვარდნა არც ბანკს აწყობს, რადგან კაპიტალის შემცირებასა და ინვესტიციების დაკარგვას იწვევს, მეორე მხრივ, ვარდნა ჩვენს კლიენტურას უქმნის პრობლემას. მათ სესხის დაბრუნება უჭირთ. მათი თანხა რეზერვში მიდის და ბანკის შემოსავალს აკლდება. ამ მიზეზების გათვალისწინებით, ცხადია, ბანკი დაინტერესებულია, რომ მყარი ეროვნული ვალუტა გვქონდეს". თუმცა სანამ ლარი გამყარდება, ხალხს ვალი ახრჩობს, ბანკს კი მოგება.

მიხეილ დუნდუა, ეკონომიკის ექსპერტი: - საქართველოს საბანკო სექტორი მომგებიანობის მიხედვით ევროპაში ლიდერობს. მომგებიანობის ორი მაჩვენებელი არსებობს, რაც ფინანსურის სტაბილურობის მსოფლიო ანგარიშში აისახება და მას საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) აქვეყნებს. ესენია მომგებიანობა აქტივებზე და მომგებიანობა კაპიტალზე. აქტივებზე მომგებიანობის მიხედვით, საქართველოს კომერციული ბანკები ევროპაში მეორე ადგილზე არიან (მსოფლიოში - 18-ზე), კაპიტალზე მომგებიანობით კი ევროპაში მესამე ადგილზე.

საქართველოს კომერციული ბანკების მომგებიანობის მკვეთრი მატება 2013 წლიდან დაიწყო და 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაიზარდა. ეს მოხდა არა ბიზნესის დაკრედიტების, არამედ საცალო სექტორის, შინამეურნეობების დაკრედიტების ზღვარგადასული ზრდის შედეგად. ამ საკითხზე კვლევა ჩაატარეს გერმანიის განვითარების ბანკმა და ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლამ. დოკუმენტში ვკითხულობთ: "საქართველოს საბანკო სექტორს მცირედი წვლილი შეაქვს ეკონომიკურ ზრდაში, იგი აფინანსებს მოხმარებას და ივიწყებს მცირე და საშუალო ბიზნესს, განსაკუთრებით არასაქალაქო ტიპის დასახლებებში". გერმანიის განვითარების ბანკი ყურადღებას ამახვილებს ლარში სესხების მაღალ განაკვეთებზე და აცხადებს, რომ საქართველოში "ადგილობრივ ვალუტაში სესხების მარჟა არის უკრაინაზე ორჯერ მაღალი და სომხეთის მარჟის 265%" (2005 წ. ივნისი).

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისი სწორედ საცალო სექტორის ჭარბი დაკრედიტების გამო დაიწყო. 2008 წლის შემდეგ მსოფლიო გადავიდა საბანკო სექტორის რეგულირების ახალ, ნეოკეინსიანურ მოდელზე, რაც საცალო სექტორის ჭარბი დაკრედიტების შეზღუდვასა და ეკონომიკის განმავითარებელი დარგების დაკრედიტების წახალისებაში გამოიხატება. ამ პროცესს ეროვნული ბანკები მართავენ. 2013 წლის, ანუ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ქადაგიძის ეროვნულმა ბანკმა უგულებელყო სექტორის რეგულირების თანამედროვე პრინციპები და თავისი მოქმედებით თუ უმოქმედობით სამომხმარებლო სექტორის ჭარბ დაკრედიტებას გზა გაუხსნა. ამ ობსტრუქციულმა პოლიტიკამ განაპირობა, რომ 2013 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე უცხოურ ვალუტაში საცალო დაკრედიტება (დოლარში დათვლილი) 75%-ით გაიზარდა, ადგილობრივი ბიზნესსექტორისა კი მხოლოდ 1,3%-ით. ლარის შემოღების დღიდან ლარში საცალო დაკრედიტებით 2012 წლამდე უფრო ნაკლები საბანკო ვალი დაგროვდა, ვიდრე 2012 წლის შემდეგ დღემდე.

- სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო ხშირად მოსახლეობის გაღარიბება ბანკებს ბრალდება, მაგრამ ეს ხომ ნებაყოფლობითია - ვისაც არ უნდა, სესხს არ აიღებს და პირიქით. უნდა არსებობდეს თუ არა ქვეყანაში მექანიზმი, რომელიც ბანკების მოქმედებასაც გააკონტროლებს და არც ვალის ტვირთს აჰკიდებს იმ მოქალაქეს, ვისაც მისი ზიდვა არ შეუძლია?

- ეროვნული ბანკის ძველმა მენეჯმენტმა პროცესი თვითდინებაზე მიუშვა და ყველა საერთაშორისო სტანდარტი დაივიწყა. სესხი გაიცემოდა შემოსავლის ცნობის გარეშეც. ჩვენთან წარმოიშვა ფენა, რომელიც შემოსავლის 100%-ზე მეტსაც კი იხდიდა ვალის მომსახურებაში.

სსფ-ის გამოკვლევით, სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს მოსახლეობა მისი განკარგვადი შემოსავლიდან ვალების მომსახურებისთვის ყველაზე დიდ ნაწილს იხდის - 2015 წელს საშუალოდ 21,5%-ს (რუსეთში - 17,4%-ს, აშშ-ში - 10,1%-ს, გერმანიაში კი 1,5%-ს), 2013 წლამდე კი მხოლოდ 16%-ს იხდიდა. 2016 წლის პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა უკვე 24%-ს მიაღწია. ვალების მომსახურების ტვირთის დამძიმება დიდწილად ლარის გაუფასურებას უკავშირდება, რადგან საქართველოში ძალიან მაღალია უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი და ამ მხრივაც მსოფლიოში მეათე ადგილზე ვართ, სომხეთის შემდეგ.

სსფ-ის კიდევ ერთი გამოკვლევის მიხედვით, საქართველო თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზეა ბანკის ვალის მქონე მოსახლეობის სიჭარბით. აღმოჩნდა, რომ ჩვენთან ყოველი 1000 ზრდასრულიდან 676-ს ბანკის ვალი აქვს. მესამე ადგილზე ვართ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების სიჭარბით სესხების მთლიან მოცულობაში და როგორც გერმანიის განვითარების ბანკი აღნიშნავს, "ეს აქტივები ძალზე პრობლემურია".

ამ პრობლემების მოსაგვარებლად 2015 წლის იანვარში სსფ-მა სქელტანიანი კვლევა გამოაქვეყნა და სებ-ს საგანგებო რეკომენდაციები მისცა - თანამედროვე მსოფლიოში აპრობირებული ანბანური ჭეშმარიტებები. მაგალითად, საცალო დაკრედიტების სფეროში ლიმიტების დაწესება: აღკვეთოს უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემა სავალუტო რისკისგან დაუცველ მოსახლეობაზე; დაფარვის გრაფიკი ისე უნდა იყოს გადანაწილებული, რომ სესხის ამღები ყოველთვიურად ვალის მომსახურებისთვის შემოსავლის მცირე ნაწილს იხდიდეს. ეს ყველაფერი სებ-ის რეგულაციებით უნდა იყოს განსაზღვრული და გაკონტროლებული. სამწუხაროა, რომ 2015 წლის იანვარში გასაკეთებელ საქმეს 2016 წლის დეკემბერში ვიწყებთ. ამ დაგვიანებას ლომის წილი აქვს როგორც ლარის გაუფასურებაში, ისე ვალების გამო მოსახლეობის გაღარიბებაში.

ზემოხსენებულ დოკუმენტში სსფ შეშფოთებას გამოხატავს, რომ ჯერ კიდევ 2013-2014 წლების შედეგების მიხედვით, ანუ ლარის დევალვაციამდე, საქართველოში ყოველი მესამე საცალო სესხის ამღები თავის შემოსავლის ნახევარზე მეტს იხდიდა ვალის მომსახურებისთვის (60% იხდიდა შემოსავლის 40%-ზე მეტს, 20% - 60%-ზე მეტს, 5% კი საერთოდ წარმოუდგენელს - 100%-ზე მეტს). წარმოგიდგენიათ, ახლა როგორი ვითარება იქნება, როცა კურსი 2,60-ის ფარგლებშია?!

- გასულ კვირას თქვენს განცხადებას ბანკების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ითქვა, რომ იძულებული არიან სესხები დოლარში გასცენ, რადგან დეპოზიტების უმეტესობა დოლარშია.

- კომერციულმა ბანკებმა ჭარბი სამომხმარებლო დაკრედიტებიდან აქტივობა ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტებაზე უნდა გადაიტანონ. ეს მათ მომატებულ მომგებიანობას შეამცირებს, მაგრამ გრძელვადიანი მდგრადი განვითარების საშუალებასაც მისცემს.

- რამდენად ჯანსაღია კონკურენცია საბანკო სექტორში და აქვთ თუ არა ამ ბაზარზე შემოსვლის შანსი და სურვილი უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს უფრო კონკურენტული საბანკო პროდუქტებითა და დაბალი საპროცენტო განაკვეთებით?

- როგორც სავალუტო ფონდი აღნიშნავს, საქართველოს საბანკო სექტორი მკვეთრად კონცენტრირებულია. ძირითადად, ორი წამყვანი ბანკი დომინირებს. კონცენტრაციის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ სავალუტო ფონდი სსფ კვლევასა და რეკომენდაციებში აღნიშნავს, რომ აუცილებელია, სულ ცოტა, სამი წამყვანი ბანკისთვის ე.წ. კაპიტალის გადასახადის დაწესება, ანუ მაღალი მოთხოვნები კაპიტალზე. ეს ნორმა, რომელიც "ობამას საბანკო გადასახადით" არის ცნობილი, მოფიქრებულია იმისთვის, რომ დომინანტმა ბანკებმა თავიანთი მდგომარეობით ზედმეტად არ ისარგებლონ, შეამცირონ მაღალრისკიანი დაკრედიტებები და საშუალება მისცენ სხვა ბანკებს, განვითარდნენ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში. სასურველია, სწორედ ეს ნორმა გახდეს ეროვნული ბანკის 10-პუნქტიანი გეგმის მე-11 პუნქტი, რაც საქართველოში ახალი ბანკების შემოსვლასაც შეუწყობს ხელს და სექტორში კონკურენციას გააჯანსაღებს.

ემა ტუხიაშვილი