უცხოური გაკვეთილები ლარისთვის - როგორ მოიქცნენ ჩვენი მეზობლები თავიანთი ვალუტის გამყარებისთვის - კვირის პალიტრა

უცხოური გაკვეთილები ლარისთვის - როგორ მოიქცნენ ჩვენი მეზობლები თავიანთი ვალუტის გამყარებისთვის

"თუ არ ჩავთვლით აზერბაიჯანულ მანათს, რომლის გაუფასურებას ხელოვნურად აკავებდა აზერბაიჯანის ეროვნული ბანკი და ამიტომ აღირიცხა გაუფასურების მკვეთრი ნახტომი, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მეზობელი და პარტნიორი ქვეყნებიდან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ყველაზე მეტად დოლარის მიმართ, თურქული ლირა გაუფასურდა"

ტყუილია, თითქოს კურსზე ზემოქმედება მხოლოდ სავალუტო რეზერვების გაყიდვით არის შესაძლებელი და ეროვნულ ბანკს ლარის მასასა და კურსზე გავლენის მოხდენა სხვა ინსტრუმენტების გამოყენებითაც შეუძლია

უკვე თითქმის ყოველდღე ლარი გაუფასურების ახალ-ახალ რეკორდს ამყარებს. ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი იმ "აჟიოტაჟურ" პიკს მიუახლოვდა, რომელიც მთავრობის ეკონომიკური გეგმების გამოცხადებას მოჰყვა. მართალია, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მათი გეგმები ეკონომიკური გაჯანსაღებისკენ არის მიმართული, რათა მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი და შეხედოს მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებასა და ინფლაციას, თუმცა, სანამ მთავრობა გეგმების შესრულებას შეუდგება და ეს ნაყოფს გამოიღებს, ფასთა ცვლილება სულ უფრო თვალში საცემი ხდება და გაცვლითი კურსი, როგორც ჩანს, გაჩერებას არ აპირებს.

გასულ კვირას პრემიერმა ასევე დაგვამშვიდა, რომ არა მხოლოდ ლარი, არამედ ბოლო 4-წლიან მონაკვეთში, ფაქტობრივად, ყველა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტა არის გაუფასურებული დოლარის მიმართ და ლარზე მეტადაც კი. ჩვენ გადავწყვიტეთ, ლარისა და რამდენიმე პარტნიორი ქვეყნის ვალუტების გაუფასურების მაჩვენებლები გვენახა და თვალი გადაგვევლო იმ ნაბიჯებისთვის, რაც ამ ქვეყნებმა კურსის სტაბილურობისთვის გადადგეს.

ნოდარ ჭიჭინაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ბოლო ერთ წელიწადში დოლარის მიმართ აზერბაიჯანული მანათი 70%-ით არის გაუფასურებული, სომხური დრამის კურსი თითქმის არ შეცვლილა, თურქული ლირა 20%-ით დაეცა, რუსული რუბლი 13%-ით გამყარდა, უკრაინული გრივნა 11%-ით გაუფასურდა, ხოლო ლარი - 13%-ით. აღსანიშნავია, რომ გაუფასურდა ევროც - 5, 5%-ით. შესაბამისად, თუ არ ჩავთვლით აზერბაიჯანულ მანათს, რომლის გაუფასურებასაც ხელოვნურად აკავებდა აზერბაიჯანის ეროვნული ბანკი და ამის გამო აღირიცხა გაუფასურების მკვეთრი ნახტომი, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მეზობელი და პარტნიორი ქვეყნებიდან, ბოლო ერთ წელიწადში დოლართან შედარებით ყველაზე მეტად თურქული ლირა გაუფასურდა".

"ორფაზიანი" გაუფასურება

"ლარის დევალვაციის თავდაპირველი ტალღა 2014 წლის ბოლოს დაიწყო, შემდეგ შეჩერდა, მერე კი 2015 წლის მეორე ნახევრიდან გაუფასურება კვლავ გაგრძელდა და საკმაოდ მაღალ ნიშნულზეც ავიდა. მაშინ ძირითადი მიზეზი საგარეო ფაქტორები იყო და როცა მათი ზემოქმედება ამოიწურა, ლარმაც გამყარება დაიწყო. გვახსოვს, გაცვლითი კურსი 2,12-იან ნიშნულამდეც შემცირდა, ახლა კი კურსი 2,70-იან ნიშნულს უახლოვდება. გაუფასურების ამ მეორე ფაზის მიზეზი, ჩემი აზრით, შიდა ფაქტორებია.

ქვეყანაში დოლარის შემოდინების პრობლემა, შეიძლება ითქვას, მოიხსნა, ვგულისხმობ, მათ შორის, უცხოურ ინვესტიციებსა და ფულად გზავნილებს, მაგრამ ლარი მაინც უფასურდება. ეს უკვე მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედებით აიხსნება. თუ გადავხედავთ პარამეტრებს, რომელთა მიხედვით საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის შეფასება შეგვიძლია, დავინახავთ, რომ შემცირდა რეფინანსირების განაკვეთები და შესაბამისად, კომერციული ბანკების დაკრედიტებამაც მოიმატა; გაიზარდა ბანკებისადმი სარეზერვო მოთხოვნები დოლარში, რაც ნიშნავს, რომ ყოველი მოზიდული დოლარიდან ბანკს უფრო ნაკლების გაშვება შეუძლია ეკონომიკაში. ამას ემატება ფასიანი ქაღალდები ღია ბაზარზე, სავალუტო აუქციონები... მოკლედ, შეიქმნა ლარის მიწოდების წახალისებისა და დოლარის შეზღუდვის ტენდენცია, რაც დედოლარიზაციის პოლიტიკით აიხსნა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს უფრო გრძელვადიანი ამოცანაა და დღევანდელ ვითარებაში, როცა კურსი მერყევია, დედოლარიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, სულ ცოტა, ნაკლებად ეფექტიანი იქნება. საჭიროა ჯერ ლარის დასტაბილურება რაღაც დონეზე და უკვე შემდეგ ფიქრი დედოლარიზაციაზე.

სებ-ის წინა პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის დროს კამათი მიმდინარეობდა მხოლოდ იმ ჭრილში, რომ კურსზე ზეგავლენა შესაძლებელია მხოლოდ სავალუტო ინტერვენციებით (ანუ რეზერვების ხარჯვით), რაც სწორი არ არის.

ნებისმიერი ობიექტური ეკონომისტი დაადასტურებს და ამის შესახებ სებ-ის ვებგვერდზე წერია, რომ მისი ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის ე.წ. მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი ლარზე. მაგალითად, სებ-ს შეუძლია ასწიოს ეს განაკვეთი, ამით ფული "გააძვიროს" და მისი გამყარება გამოიწვიოს. შესაბამისად, ტყუილია, თითქოს კურსზე ზემოქმედება მხოლოდ სავალუტო რეზერვების გაყიდვით არის შესაძლებელი და ეროვნულ ბანკს ლარის მასასა და კურსზე გავლენის მოხდენა სხვა ინსტრუმენტების გამოყენებითაც შეუძლია.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გარდა, მაგალითად, რეფინანსირების სესხების შეზღუდვით, სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოყენებით და სხვ. წლის დასაწყისიდან დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი ფულის მასის სხვადასხვა აგრეგატი იმ პირობებში, როცა დოლარის შემოდინება ნამდვილად არ არის გაზრდილი იმავე მოცულობით".

ლარს "გამრავლება" ვერ გაამყარებს

"ოფიციალური მონაცემები და 2020 წლამდე დაგეგმილი პოლიტიკა მიანიშნებს, რომ შემდგომ წლებში ფულად-საკრედიტო პოლიტიკა იქნება ლიბერალური - არ მოხდება გამკაცრება და წახალისდება ფულის მიწოდება. თუ გადავხედავთ ეკონომიკური განვითარების საშუალოვადიან ტენდენციებს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს აქვს, 2020 წლისთვის, მაგალითად, ფულადი აგრეგატი M2, საპროგნოზო მაჩვენებლის მიხედვით, გაორმაგდება; სებ-ის მიერ ბანკების დაკრედიტება გასამმაგდება და ა.შ. სამომავლოდ ეს ოფიციალური დოკუმენტი, შესაძლოა, შეიცვალოს, მაგრამ რაც დღეს არსებობს, იმის მიხედვით, მომავალში ლარის მიწოდება ძალიან წახალისებული იქნება. ეს უნდა დაბალანსდეს დოლარის მასის შემოდინებით, ოღონდ არა ისე, როგორც დღეს ხდება. შემოდის მთავრობის აღებული კრედიტები, გრანტები და მიდის სებ-ის რეზერვებში. შესაბამისად, ეკონომიკაში ეს დოლარი არ ხვდება. მეტიც, როცა ის განთავსდება ეროვნული ბანკის რეზერვში, მისი ეკვივალენტი ლარი გამოდის ბაზარზე, რაც მოხდა რამდენიმე კვირის წინ, როცა აზიის განვითარების ბანკის გადმორიცხული 100 მილიონი დოლარი სავალუტო რეზერვებში განთავსდა. თუ ასეთი პოლიტიკა იქნება შენარჩუნებული, რომელიც წაახალისებს ლარის მიწოდებას და ეკონომიკის დოლარით დაკრედიტებას შეზღუდავს, ეროვნული ვალუტის, სულ ცოტა, გამყარებას არ უნდა ველოდოთ".

უცხოეთში თავისი გასჭირვებიათ

"რუსეთსა და აზერბაიჯანს უცხოური ვალუტა, ძირითადად, ნავთობის გაიაფების გამო დააკლდათ. ამას დაემატა რუსეთში პოლიტიკური ფაქტორები და სანქციები, რის გამოც ორივე ქვეყანაში ბოლო 4 წელიწადში ვალუტები მნიშვნელოვნად დევალვირდა. ამ 4-წლიან პერიოდში დოლარის მიმართ რუსული რუბლი გაუფასურებულია თითქმის 100%-ით, ხოლო აზერბაიჯანული მანათი კიდევ მეტად - 126%-ით. მოგეხსენებათ, საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან შემოდის, აზერბაიჯანთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს, შესაბამისად, მათ მიერ დოლარში შემოსავლების დაკარგვამ ჩვენზეც მოახდინა გავლენა.

ეროვნული ვალუტების გაუფასურების ტენდენცია შეინიშნებოდა ჩვენს სხვა მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებშიც. მაგალითად, გასული 4 წლის განმავლობაში თურქული ლირა 94%-ით გაუფასურდა, სომხური დრამი 19%-ით, უკრაინული გრივნა 208%-ით, ლარი 65%-ით.

თუ გადავხედავთ, როგორ მოიქცნენ ქვეყნები ადგილობრივი ვალუტების გაუფასურებისგან დასაცავად, ვნახავთ, რომ რუსეთმა რუბლის დასტაბილურებისთვის რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მათ შორის, დაიწყო კომერციული ბანკების დაკრედიტება დოლარში, განახორციელა სავალუტო ინტერვენციები, დოლარსა და რუბლში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები თითქმის ერთნაირი გახდა, გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები, ანუ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდა. 2014 წელს განაკვეთები 6-ჯერ შეიცვალა გაზრდისკენ და 5,5%-დან 17%-ზე ავიდა. შედეგად, სახეზე გვაქვს რუბლის გამყარება და 2017 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დადებითია.

თურქეთმა გაზარდა საპროცენტო განაკვეთები ლირაზე (1-კვირიან სესხებზე 7,5%-დან 8%-მდე და 1-დღიან სესხებზე - 8,25%-დან 8,5%-მდე), მსხვილ სავაჭრო პარტნიორებთან აპირებს გარიგებების დადებას ეროვნული ვალუტით და დოლარის "ამოგდებას". ექსპერტები ლირის გადარჩენის ერთადერთ გზად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ასახელებენ. ხელისუფლება ცდილობს, ემოციურ ფაქტორზეც მოახდინოს ზემოქმედება და მოსახლეობას მოუწოდებს, მათ ხელთ არსებული უცხოური ვალუტა ლირაში გადაახურდაონ, რადგან სამშობლოს ასე სჭირდება...

მოკლედ, იკვეთება ორი ტენდენცია და პრობლემის გადაჭრის ორი გზა: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის აწევა და დოლარის როლის შემცირება. საინტერესოა ასევე ბელორუსიის მაგალითი, სადაც დაწესდა 30%-იანი "გადასახადი" ვალუტის მსხვილ გადახურდავებაზე, შეიზღუდა ფულის მასის ზრდა, იქაც გაზარდეს საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაზე, შეზღუდეს ცენტრალური ბანკის მიერ ბანკების ლიკვიდობის მხარდაჭერა. რაც შეეხება სომხეთს, აქ კურსის შენარჩუნება, ძირითადად, სავალუტო ინტერვენციებით მოხდა. აზერბაიჯანი თავიდან მხოლოდ დოლარის ინტერვენციებით ცდილობდა მანათის კურსის დასტაბილურებას, თუმცა შემდეგ სხვა ინსტრუმენტებიც გამოიყენა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი აზერბაიჯანში თითქმის 5-ჯერ, 3%-დან 15%-მდე გაიზარდა და ასევე შეიზღუდა ფულის მასის ზრდა.

ყველა ამ ქვეყანამ სავალუტო კრიზისისგან თავის დასაცავად გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა. იმიტომაც ჰქვია პოლიტიკას მონეტარული, რომ რამდენიმე ინსტრუმენტი უნდა გამოიყენო და არა ერთი რომელიმე. ზოგან, შესაძლოა, მეტად, ზოგან ნაკლებად, მაგრამ მონეტარული პოლიტიკა ყველამ გაამკაცრა, მაშინ როცა ჩვენთან პირიქით მოხდა.

როგორც კი ლარზე ზეწოლის საგარეო შოკი მოიხსნა, შვება ვიგრძენით და დავინახეთ, რომ რაღაც დონემდე ლარი გამყარდა, სებ-მა მაშინვე მონეტარული პოლიტიკის შერბილება დაიწყო. გახსოვთ, რეფინანსირების სესხები 200-300 მილიონი ლარის დიაპაზონზე იყო ჩამოსული, ახლა კი მათი მოცულობა 1 მილიარდზე მეტია. ბოლოს და ბოლოს, აშშ-მა დაიწყო განაკვეთის მომატება და ჩვენ პირიქით ვიქცევით. ბევრი ამბობს, ლარი რომ არ გაუფასურებულიყო, ადგილობრივ წარმოებას იაფი იმპორტირებული პროდუქცია მოკლავდაო.

განსაზღვრულ დონემდე ლარის გაუფასურება ლოგიკური და გარდაუვალი იყო, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, უკვე საგანგაშოა, რადგან ვალუტა სტაბილურობას ერთი კვირის განმავლობაშიც ვერ ინარჩუნებს. ეს განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში აყენებს იმპორტიორებს, რომლებმაც არ იციან, დღეს დაფიქსირებული კონტრაქტისთვის ხვალ რა თანხის გადახდა მოუწევთ.

მოკლედ, დღეს რაც ლარის თავს ხდება, გაურკვევლობას უქმნის ბიზნესს. შესაბამისად, ლარისა და მონეტარული პოლიტიკის ასე მიშვება, ჩემი აზრით, გამართლებული არ არის - მიუხედავად სებ-ის განცხადებებისა, ინფლაცია დაბალია და ჩემკენ ხელს ნუ იშვერთო".