ლარის კურსი ტრამპზეა დამოკიდებული?! - კვირის პალიტრა

ლარის კურსი ტრამპზეა დამოკიდებული?!

ეკონომიკაზე ზეწოლის შემცირება მთავრობის ამოცანაა და არა ბიზნესის

სპეკულაციური ოპერაციები საბაზრო ეკონომიკის კომპონენტია. ეს ჩვეულებრივი ამბავია. შესაძლოა, ეს არ მოგვწონდეს, მაგრამ ფაქტია და ვერავინ გაექცევა

მიმავალი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური და ეკონომიკური მოვლენების შეფასება პროფესორ ლადო პაპავას ვთხოვეთ. როგორც რესპონდენტმა გვითხრა, ბევრი იფიქრა, რა გაეხსენებინა ყველაზე მნიშვნელოვანი და პოზიტიური ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ ბევრი ვერც ვერაფერი გაიხსენა. სამწუხაროდ, წლის განმავლობაში ეკონომიკამ არცთუ კარგად დაგვამახსოვრა თავი. სირთულე ბევრი იყო, მაგრამ "წლის რეკორდსმენის" ტიტული მაინც ლარს ეკუთვნის, რომელმაც არსებობის ისტორიაში გაუფასურების ყველა რეკორდი მოხსნა...

- გულწრფელად გეტყვით, გამიჭირდა გამორჩევა, რა იყო ეკონომიკური თვალსაზრისით აღსანიშნავი 2016 წელს. მეტიც, შევეცადე ზოგიერთი სახელისუფლებო უწყების წარმომადგენლისთვისაც მეკითხა, რა მოხდა საუკეთესო ეკონომიკური თვალსაზრისით წარმავალ წელს, მაგრამ გამორჩეული მათაც ვერაფერი გაიხსენეს. უფრო სწორად, რაც გაიხსენეს, გამორჩეულთა რიცხვში არ შედის.

დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ 2016 წლის ყველაზე გამორჩეული მოვლენა წლის დასაწყისში მოხდა, როცა საქართველო გადაურჩა რუსეთის ჩაფიქრებულ მზაკვრობას, სომხეთისთვის გატარებულ სატრანზიტო გაზში საქართველოს საფასური აეღო არა ნატურით, არამედ ფულის სახით.

შეგახსენებთ, ენერგეტიკის მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები ამბობდნენ, სხვა გზა არ არის, ტრანზიტის საფასური ფულად სახსრებში უნდა გადავიდესო. ეს რომ ასე მომხდარიყო, უდიდესი შეცდომა იქნებოდა.

2016 წელს გადავრჩით, რადგან ეს ცვლილება არ მომხდარა, თუმცა არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ იგივე არ განმეორდება ახლა. მოგეხსენებათ, ბატონი კალაძე "გაზპრომთან" მოლაპარაკებებზე გაემგზავრა და ეს უკანასკნელი, ალბათ, კვლავ შეეცდება, საკუთარი ინტერესები გაატაროს.

- წლის განმავლობაში აქტუალური იყო ლარის კურსის თემა და, ალბათ, ესეც უნდა შევიდეს 2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენათა ნუსხაში?

- ზემოთ რაც მოგახსენეთ, ეს იყო პოზიტიური მოვლენა ეკონომიკური თვალსაზრისით, ლარი კი... მიუხედავად ჩემი კრიტიკული განწყობისა, ეს ჩემი ქვეყანაა და სულაც არ მინდა, მხოლოდ ცუდი მახსენდებოდეს. მით უფრო, როცა "ქართული ოცნება" მოდიოდა ხელისუფლებაში, მეგონა, რომ "ჩემი" მთავრობა მოდიოდა "ნაცმოძრაობის" მთავრობის წინააღმდეგ. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ ეს იგივე "ნაცმოძრაობაა", ოღონდ შერბილებული ფორმით.

წლის პოზიტიური დასაწყისი წლის დასასრულს უარყოფითი მოვლენებით დაგვირგვინდა. ვგულისხმობ მთავრობის მიერ დაანონსებულ ეკონომიკურ ცვლილებებს, რომელიც ეხება გალარების სქემას, დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირებას, აქციზის განაკვეთის ზრდას, ლარის კურსის ნახტომისებურ ვარდნას...

- ბოლო თვეში ლარმა არაერთხელ "გააუმჯობესა" გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი. ისიც ითქვა, რომ ეს დიდწილად ბაზარზე სპეკულაციებით იყო გამოწვეული. ხმაურიანი განცხადებების იქით საქმე არ წასულა და დღემდე არ ვიცით, შესაძლებელია თუ არა, რომ ერთი, ორი ან თუნდაც ათი კომპანია ლარის კურსს თავისი ინტერესების შესაბამისად "ათამაშებდეს"?

- სპეკულაციური ოპერაციები საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი კომპონენტია. ეს ჩვეულებრივი ამბავია. შესაძლოა, ეს არ მოგვწონდეს, მაგრამ ფაქტია და ვერავინ გაექცევა. ამიტომ მთავრობის, ეროვნული ბანკისა და ხელისუფლების ამოცანაა, ყოველთვის გაითვალისწინონ შესაძლო სპეკულაციური ეფექტები. ბიზნესის ამოცანაა მაქსიმალური მოგების მიღება რაც შეიძლება სწრაფად, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, ეს კი ყველაზე ადვილი გასაკეთებელია სპეკულაციური ოპერაციებით. ამაში ბიზნესს არ ვადანაშაულებ.

ნუ მოვთხოვთ ბიზნესმენს კეთილშობილებას. მხოლოდ ათასში ერთი გამონაკლისი არსებობს და ასეთი მეცენატები და ქველმოქმედები საქართველოსაც ახსოვს, მაგრამ მეცენატობა ბიზნესის მამოძრავებელი ძალა არ არის.

- თუ ვამბობთ, რომ ბიზნესი მიდრეკილია მაქსიმალური მოგების მიღებისკენ და ამაში გარემოც ხელს უწყობს, მაშინ უნდა არსებობდეს ვიღაც სხვა, ვინც ვითარებას დაარეგულირებს და ასეთ ზეწოლას თუნდაც ლარის კურსზე შეარბილებს...

- თუ ეს ეხება ეკონომიკას, უნდა დაარეგულიროს მთავრობამ, თუ ეხება მონეტარულ სფეროს - ეროვნულმა ბანკმა.

მთავრობას, ეროვნულ ბანკს იმისთვის ვინახავთ და გვჭირდება, რომ ქვეყნის ინტერესები დაიცვან, ხოლო ბიზნესმენს ნუ მოვთხოვთ იმაზე მეტს, ვიდრე მას ევალება, რადგან ის არ არის ვალდებული, იყოს კეთილშობილი გმირი და არც თავგანწირვა მოეთხოვება.

ერთი შემთხვევის შესახებ მინდა გიამბოთ. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი რომ ვიყავი, უნივერსიტეტს რობოტოსკანერის შეძენა სჭირდებოდა. ეს სკანირების უნიკალური ტექნოლოგიაა, ფანტასტიკურად მაღალი წარმადობით. მისი შეძენა დაახლოებით 300.000 ლარი გვიჯდებოდა. მივმართე სხვადასხვა ბიზნესორგანიზაციას, მათ შორის ბანკებს და ვთხოვე, ეყიდათ და ეჩუქებინათ ეს დანადგარი სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. არც ერთმა არ მოისურვა ამის გაკეთება, ხოლო ერთ-ერთი ცნობილი ბანკიდან შემომითვალეს: უნივერსიტეტს ჩვენს ბანკში რომ აქვს გახსნილი ანგარიში, საპროცენტო განაკვეთს შეგიმცირებთ და ამ თანხით გიყიდით სასურველ დანადგარსო. ანუ რა გამოვიდოდა - საპროცენტო განაკვეთს უნივერსიტეტის ანგარიშზე არსებულ თანხაზე შეამცირებდნენ, შესაბამისად, უნივერსიტეტი ნაკლებ თანხას მიიღებდა და დაზოგილი თანხით, ბანკი უნივერსიტეტს რობოტოსკანერს უყიდდა. ფაქტობრივად, ბანკი ატყუებდა უნივერსიტეტს. იმ ბანკში (ისევე როგორც ბევრ სხვა ინსტიტუტში) ხელმძღვანელ თანამდებობებზე ჩემი ყოფილი მოსწავლეები არიან და კარგად იცოდნენ, რომ ამგვარ ბრიყვულ წინადადებას არ დავთანხმდებოდი. გავბრაზდი, მაგრამ რას ვიზამთ, ბიზნესში ასეთი ხალხია. ეს ჩვეულებრივი ამბავია და არა მხოლოდ საქართველოში.

- რადგან ბანკების თემას შევეხეთ, ეროვნული ბანკი რამდენად იყო მთელი წლის განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე?

- ეროვნულ ბანკს რთული პერიოდის გავლამ მოუწია. გახსოვთ, ჯერ კიდევ შარშან პარლამენტმა მიიღო უკიდურესად მცდარი, შეიძლება ითქვას, ბრიყვული გადაწყვეტილება, რომ ეროვნული ბანკი დაეშალა ორ უწყებად და ზედამხედველობის სამსახური ცალკე გამოეტანა. ეს იქნებოდა ერთხელ დაშვებული შეცდომის განმეორება.

სააკაშვილის დროს დაშალეს ეროვნული ბანკი, მიხვდნენ, რომ ეს შეცდომა იყო და შემდეგ გამოასწორეს. ახლა პრობლემა იყო გიორგი ქადაგიძესთან და დააპირეს ეროვნული ბანკის კვლავ დაშლა, მაგრამ გაგვიმართლა, გადაგვარჩინა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც ვეტო დაადო ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელმაც ეს პროცესი შეაჩერა. მერე კი შეიცვალა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, რომელსაც პროფესიონალიზმი არ აკლია, მაგრამ მეტი სიმკაცრე ესაჭიროება.

- ბანკების თემას თუ განვაგრძობთ, წლის გარიგებად შეიძლება შეფასდეს გამსხვილება საბანკო სექტორში, როცა "თიბისი ბანკმა" "ბანკი რესპუბლიკა" შეიძინა. სხვათა შორის, ამ გარიგებიდან მოკლე ხანში ლარი კიდევ ერთხელ ნახტომისებურად გაუფასურდა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მაშინ თქვა, რომ კურსის მკვეთრი ცვლილებები რამდენიმე მსხვილმა ტრანზაქციამ გამოიწვია. ეს, ფაქტობრივად, მინიშნება იყო, რომ "სოსიეტე ჟენერალმა" "ბანკ რესპუბლიკაში" მიღებული თანხა გაიტანა საქართველოდან...

- ეს ობიექტური მიზეზია, მაგრამ სწორედ ამას ვამბობ, რომ ასეთ საკითხებში ეროვნული ბანკი უფრო მკაცრი უნდა იყოს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, არ მივცემდი უფლებას, ასე გამსხვილებული და მონოპოლიზებული იყოს საბანკო სისტემა. მეორეც, შესყიდვა უნდა მომხდარიყო ისეთი ტრანზაქციებით, რომლებიც ეროვნულ ბანკთან იქნებოდა შეთანხმებული, რათა ლარის კურსის ასეთი რყევა არ გამოეწვია. შესაძლოა, ამის მიზეზი ის იყო, რომ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც მუშაობს საბანკო ზედამხედველობის კუთხით, მაღალი დონის სპეციალისტი ოთარ ნადარაია, ამ გარიგების დროს უკვე წასული იყო თანამდებობიდან, ხოლო ახალი ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია ჯერ დანიშნული არ იყო. შესაძლოა, ამის გამო ვერ განახორციელა ეროვნულმა ბანკმა საჭირო ზედამხედველობა.

- თუ წლის რეკორდსმენებზე ვისაუბრებთ, ალბათ, ისიც უნდა ითქვას, რომ კომერციულმა ბანკებმა წლეულს რეკორდული მოგება მიიღეს, რომელმაც, სებ-ის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა...

- ასეც არის, აბა, ვის უნდა მიეღო მაღალი მოგება, რომელი ბიზნესი გვაქვს ასე განვითარებული? ყველაზე მსხვილი ბიზნესი საქართველოში არის ბანკები და ახლა კიდევ უფრო გამსხვილდა, რაც, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი. შეიძლება ითქვას, ეროვნულმა ბანკმა ამ საკითხში სისუსტე გამოიჩინა.

ეკონომიკის ყველა სექტორი უნდა ვითარდებოდეს. რატომღაც ყველამ დაივიწყა ჯერ კიდევ 2014 წელს მთავრობის მიერ მიღებული "საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020", რომელიც ძალიან კარგი დოკუმენტია. მასში ჩადებულია შესანიშნავი იდეები, რომ საქართველოში ინოვაციური ეკონომიკა უნდა შექმნილიყო. შემდგომში ამას სჭირდებოდა სამოქმედო გეგმების მომზადება სამინისტროების მიხედვით, მაგრამ მსგავსი არაფერი გაკეთებულა. მოგვიანებით კი ბატონმა კვირიკაშვილმა ყოვლად გაუგებარი ოთხპუნქტიანი გეგმა შემოგვთავაზა. მხოლოდ მოგების გადასახადის იმ სქემით შეცვლა, რომელსაც გვთავაზობს, ქვეყანას ვერ ააყვავებს. ეს არის ეკონომიკური პრიმიტივიზმი. როცა ასეთ გადაწყვეტას გვთავაზობს მთავრობა, ეს ადასტურებს, რომ დღეს საქართველოს მთავრობას ეკონომიკური განვითარების ხედვა პრინციპულად არ გააჩნია.

- რადგან კვირიკაშვილი ახსენეთ, ორიოდე დღის წინ მან განაცხადა, რომ 2017 წელი ძალიან მაგარი წელი იქნება.

- ოცნებას კაცი არ მოუკლავს... ვფიქრობ, ეს გამოთქმა გადატანითი მნიშვნელობითაც კარგად ჟღერს. ნაციზმს, მათ შორის "ქართულ ნაცობას", კაცი მოუკლავს, "ოცნებას" კი არა...

- წლის სამთავრობო "კარუსელიც" უნდა აღვნიშნოთ, როცა ძირითადი ცვლილება მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეეხო. ზოგმა ამ კარუსელის "დატრიალებისას" ერთი ნაბიჯი წინ გადადგა, ზოგმა კი - ორი ნაბიჯი უკან...

- საზოგადოებაში მეტწილად მაინც არაობიექტური იყო ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის კრიტიკა, რასაც მე პრინციპულად არ ვიზიარებ. რა, ჯეჯელავა საჭმელს არ ჭამს და ხადური ჭამდა საჭმელს? ეს ხომ შეურაცხმყოფელია. შემიძლია გავაგრძელო მინისტრების ჩამოთვლა, რომლებიც ძალიანაც გემრიელად მიირთმევდნენ და ახლაც მიირთმევენ საჭმელს, მაგრამ ეს არავის აწუხებს.

სანამ ხადური იყო მთავრობაში, ისეთი ბრიყვული რაღაცები, როგორიც არის აქციზების ზრდა, ესტონური მოდელის გატარება, არ ყოფილა ბიუჯეტში გათვალისწინებული. გამოდის, ხადური ყოფილა ამ მცდარი გადაწყვეტილებების შემაკავებელი ძალა.

რაც შეეხება სხვა გადანაცვლებებს მინისტრთა კაბინეტში, ვფიქრობ, აქ ყველაზე კარგი ახსნა არითმეტიკულია, რომელიც გვასწავლის, რომ "შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება".

- 2016 წელს საქართველოს ბაზარზე რუსული კომპანია "იანდექს ტაქსი" შემოვიდა. მის შემოსვლას დიდი ხმაური მოჰყვა. შეიძლება ამ კომპანიის ბაზარზე შემოსვლას წლის ყველაზე ხმაურიანი ინვესტიცია ვუწოდოთ?

- ხმაურიან კომპანიებს შორის, რაც ქვეყანაში შემოდიოდა, "იანდექსი" ყველაზე წვრილმანია. ნუ დაგვავიწყდება, რომ მობილური კავშირგაბმულობის სფეროში გვყავს რუსული კომპანია, ელექტროენერგეტიკაშიც ოპერირებს რუსული კომპანია, საბანკო სექტორში გვყავს საკმაოდ მსხვილი რუსული ბანკი. შესაბამისად, მათ ფონზე "იანდექსი" დიდი არაფერია, მაგრამ ხმაური მაინც მოჰყვა.

შესაძლოა, უფრო დიდი ხმაური დაგვჭირდეს იმის გამო, რომ მთავრობამ მაგისტრალური გაზსადენისა და საქართველოს რკინიგზის 25-25%-ის პრივატიზაცია გადაწყვიტა. ამაზე კი უნდა ავტეხოთ განგაშის ზარი.

ეს ის საკითხია, რაშიც პრემიერ-მინისტრს პრინციპულად უნდა შევეწინააღმდეგოთ და თუ საჭირო გახდება, მთელი საზოგადოება დავუპირისპირდეთ, რათა საქართველოს სახელმწიფო გადავარჩინოთ. თავის დროზე, "ნაციონალურ მოძრაობას" უნდოდა ამ ობიექტების გაყიდვა.

- 2017 წლის პროგნოზი რომ გავაკეთოთ... ხალხს ახლა ყველაზე მეტად ის აინტერესებს, ლარის კურსი როგორ შეიცვლება, გაიზრდება თუ არა ფასები პროდუქტებზე, შეიცვლება თუ არა უკეთესობისკენ სოციალური მდგომარეობა?

- ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, როგორ პოლიტიკას გაატარებს აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ამერიკაში, ისე საერთაშორისო დონეზე.

თუ ტრამპმა პროტექციონისტული ზომების გატარება და იმის შესრულება დაიწყო, რასაც ამომრჩეველს დაჰპირდა, ეს დოლარის კურსის დაცემას გამოიწვევს. ჩვენს ლარზე კი აისახება დადებითად დოლარის კურსის დაცემა, მაგრამ, მეორე მხრივ, ამერიკის ეკონომიკაში თუ დაიწყო პრობლემები, ნუ დაგვავიწყდება, რომ ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ეს ნამდვილად არ იქნება კარგი საქართველოსთვის.

ემა ტუხიაშვილი