როდის დასტაბილურდება ლარის კურსი?! - ექსკლუზიური ინტერვიუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან
როდის დასტაბილურდება ლარის კურსი?! - ექსკლუზიური ინტერვიუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან
"კურსის ხელოვნურად გამყარება სპეკულაციას შეუწყობს ხელს და ეკონომიკისთვის კიდევ უფრო დამაზიანებელი იქნება"

ლარის კურსი არის ის, რასაც გასული წლის განმავლობაში ალბათ ყველაზე ხშირად ახსენებდნენ საქართველოში. ეროვნული ვალუტის გაუფასურების კვალდაკვალ, სულ უფრო ხშირად ისმოდა შეკითხვები ეროვნული ბანკის დანიშნულებისა და კურსის სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში­ მისი როლის შესახებ. მართალია, წლის ბოლო დღეებში ლარმა დოლარის მიმართ გამყარება დაიწყო, თუმცა შეკითხვა - როგორი იქნება კურსი 2017 წელს, კვლავაც მწვავეა. ჩვენ შევეცადეთ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტ
You must have Flash Player installed in order to see this player.
კობა გვენეტაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საზოგადოებისთვის საინტერესო შეკითხვებზე მიგვეღო პასუხი.


- მას შემდეგ, რაც ლარის კურსი დოლარის მიმართ უფასურდება, მთავრობისგან ძირითადად გვესმის ახსნა, რომ მთავარი მიზეზი რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენებია. ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას შეცდომა, ფაქტობრივად, არ ყოფილა დაშვებული და ყველაფერი საგარეო ფაქტორების ბრალია?

- 2015-2016 წლებში საქა­რთველო, ისევე როგორც ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნები, საგარეო შოკის წინაშე დადგა. ასეთ დროს მოვლენები რამდენიმე სცენარით შეიძლება განვითარდეს: პირველი - კურსის ხელოვნური გამყარებაა, რაც რეზერვების ხარჯვის, ან მონეტარული პოლიტიკის ზედმეტად გამკაცრებით მიიღწევა. ამას კი,
თავის მხრივ, გარდაუვალად მოჰყვება ეკონომიკის ზრდის­ შეფერხება და უმუშევრობის ზრდა. შარშან სავალუტო შოკზე რეაგირების ამგვარი გზა რეგიონის რამდენიმე ქვეყანამ აირჩია, შედეგად მიიღეს ეკონომიკის ზრდის ტემპისა და დასაქმებულთა რიცხვის შემცირება. რა თქმა უნდა, კურსის გაუფასურება, თუნდაც მოკლევადიან პერიოდში, მტკივნეულია. განსაკუთრებით მათთვის,
ვისაც სესხები დოლარით აქვთ აღებული. მიუხედავად ამისა, გრძელვადიან პერიოდში ის არბილებს­ საგარეო შოკის გადმოცემას და უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას.

სწორედ გაცვლითი კურსის მერყეობაზე სწორი რეაგირებაა იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ საქართველოში,­ ძლიერი საგარეო შოკის ზეგავლენის მიუხედავად, მაინც არის ეკონომიკისა და დასაქმების ზრდა. და ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკა მცირდება.
ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის შეფასებით, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი პროგნოზები აქვს. კურსის გაუფასურების პროცესში ხელოვნურ ჩარევაზე უარი არის ყველაზე სწორი რეაქცია საგარეო შოკზე, რაც უზრუნველყოფს შოკის გადატანას ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯით.

- არჩევნებამდე, როგორც მოსალოდნელი იყო, ლარის კურსის მკვეთრ ნახტომებს ეროვნული ბანკი ინტერვენციებით "არბილებდა". რატომ აღარ კეთდება ეს არჩევნების შემდეგ, მით უფრო, რომ ლარის კურსი ზოგჯერ უფრო მეტადაც კი იცვლება?

- იმ პერიოდში გაცვლით კურსზე დროებითი, ერთჯერადი ხასიათის ტრანზაქციები ახდენდა გავლენას, რასაც დაემატა წინასაარჩევნო გაურკვევლობით გამოწვეული უარყოფითი მოლოდინი ბაზარზე. ასეთ პირობებში ცენტრალურ ბანკს შესაძლებლობა აქვს, კურსის მერყეობა სავალუტო ინტერვენციებით შეამციროს. მაგრამ ეს ინტერვენციები კონტრპროდუქტიულია ეკონომიკის გრძელვადიანი შოკის, წმინდა სავალუტო შემოდინებების მუდმივი შემცირების ან დოლარის გლობალური გამყარების პირობებში. ასეთ შემთხვევებში, უცხოური ვალუტის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსება შეუძლებელია ინტერვენციებით. მეტიც - ამ დროს რეზერვების გაყიდვა და გაცვლითი კურსის ხელოვნურად გამყარება სპეკულაციას შეუწყობს ხელს და ეკონომიკისთვის კიდევ უფრო დამაზიანებელი იქნება. ეროვნული ბანკის ბოლო სავალუტო ინტერვენცია გამოწვეული იყო იმით, რომ, მიმდინარე კურსი უფრო მეტად იყო გაუფასურებული, ვიდრე ამას ფუნდამენტური ფაქტორები (დოლ­არის გლობალური გამყარება, თურქული ლირის გაუფასურება) განაპირობებდა.

- არ შემიძლია არ გკითხოთ - თქვენი ვარაუდით, რა დიაპაზონში დასტაბილურდება ლარი?

- მცურავი გაცვლითი კურსის­ პირობებში შეუძლებელია კურსის მოკლევადიანი პერიოდის ცვლილების პროგნოზირება. ამავე დროს, როგორიც უნდა იყოს მოლოდინებით გამოწვეული კურსის მოკლევადიანი მერყეობა, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ის ყოველთვის უბრუნდება გრძელ­ვადიან, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით განპირობებულ ტრენდს, რადგან შეუძლებელია ფუნდამენტური ფაქტორებიდან მნიშვნელოვნად გადახრილი კურსის დიდხანს შენარჩუნება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კურსის მოკლევადიანი მერყეობა ხელს უწყობს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას. გრძელვადიან პერიოდში გაცვლითი კურსის დინამიკა დამოკიდებულია, ერთი მხრივ, ქვეყანაში პროდუქტიულობის ზრდის ტემპზე, და მეორე მხრივ - ინფლაციის დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის­ ტემპი ბოლო წლებში შემცირდა, ის მაინც უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებშია.

- ლარის კურსის მკვეთრი ავარდნა, რამდენიმე ეკონომისტმა კომერციული ბანკების მოქმედებებით ახსნა. თუ ბანკები ასეთ ბერკეტებს­ ფლობენ, რით ვართ დაზღვეული, რომ მსგავსი რამ მომავალშიც არ განმეორდება?

- ეს, დილეტანტური შეფასებაა, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. კომერციული ბანკი არის თავისი აქციონერების წინაშე ანგარიშვალდებული კორპორაცია და ის ვერ აიღებს თავის თავზე იმ ზედმეტ სავალუტო რისკს, რომელიც წარმოიქმნება სავალუტო ბაზარზე მაღალი მერყეობისას. ეს კონტროლდება როგორც სამეთვალყურეო საბჭოების მხრიდან, ასევე სებ-ის მიერ, რომელსაც საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ბანკებისთვის ლიმიტები აქვს დაწესებული, რომელთა დარღვევისთვის ბანკი ჯარიმდება.

გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ფინანსურ სექტორში აქციონერები ძირითადად უცხოელები არიან, ლარის გაუფასურება მათთვის პირდაპირ ნიშნავს, რომ მცირდება დაბანდებული ინვესტიციიდან მოსალოდნელი უკუგება მათ საანგარიშგებო ვალუტაში. მეტიც,
მაღალი დოლარიზაციის პირობებში მკვეთრი გაუფასურება დიდ პრობლემებს უქმნის ბანკის კლიენტებს და, ამდენად, შეიძლება ბევრად უფრო სერიოზული, გრძელვადიანი პრობლემა/ზარალი მოიტანოს ბანკისთვის, ვიდრე ის თეორიული მოკლევადიანი მოგებაა, რომელსაც ბანკი კურსის მერყეობის გამო შეიძლება იღებდეს.

ასევე, მერყეობა გაურკვევლობას ზრდის ეკონომიკური აგენტებისთვისაც, რაც უარყოფითად აისახება ბიზნესაქტივობასა და მის დაკრედიტებაზე და ამ მხრივაც არასასურველია ბანკების ძირითადი საქმიანობისთვის.

- როცა დედოლარიზაციის პროგრამის გამო სებ-ი იღებს ვალდებულებას, ეკონომიკას ლარი საკმარისად მიაწოდოს (ანუ მოსალოდნელია, რომ ლარის მასა უფრო გაიზრდება), ცხადია, ეს დოლარის გაძვირებას შეუწყობს ხელს. ეს რისკი რეალურია, და რას აპირებთ ამის საწინააღმდეგოდ?

- ინფლაციის ტარგეტირების­ რეჟიმი გულისხმობს სებ-ისგან­ ეკონომიკისთვის იმდენი ლარის მიწოდებას, რამდენზეც იქნება მოთხოვნა მოქმედი საპროცენტო განაკვეთის პირობებში. თუ ლარზე მოთხოვნა გაიზარდა, მაშინ ეროვნული ბანკი დამატებით მიაწვდის­ ლარს ეკონომიკას და პირიქით, მოთხოვნის შემცირების პირობებში, ლარის მიწოდებაც შემცირდება. ანუ სებ-ი მონეტარულ პოლიტიკას განახორციელებს ისე, რომ ლარზე მოთხოვნა და მიწოდება ყოველთვის ერთმანეთს უტოლდებოდეს.

ცალკეა აღსანიშნავი სესხების გალარების პროგრამა. ამ პროგრამის მიხედვით, მიმოქცევაში ლარის მასა არ გაიზრდება. სესხების გალარებისთვის დოლარის საჭირო მოცულობას ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს უშუალოდ მიაწვდის. შესაბამისად, ეს არ მოახდენს გავლენას არც გაცვლით კურსზე და არც ბანკების სავალუტო პოზიციაზე. აქვე კვლავ აღვნიშნავთ, რომ სებ-ის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობაა. საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობისთვის რისკების წარმოქმნის შემთხვევაში, სებ-ი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს.­ მას აქვს ინსტრუმენტები, რომ მაღალი ინფლაცია არ დაუშვას. თავის მხრივ, დაბალი ინფლაცია ეკონომიკის მდგრად ზრდასა და გაცვლითი კურსის გრძელვადიან სტაბილურობას განაპირობებს.

- რის საფუძველზე გადაწყდა 100 ათას ლარამდე, იპოთეკით დატვირთული სესხების გალარება და არა ასევე სხვა სავალუტო სესხებისაც, ასეთი უზრუნველყოფის გარეშე?

- სესხის გალარების შესაძლებლობა ყველას აქვს. სესხის გალარება სავალუტო რისკისთვის თავის არიდებას ნიშნავს. რაც შეეხება მთავრობის ინიციატივას, ეს არის ერთჯერადი სოციალური აქცია, რომელშიც გალარებული სესხების ნაწილობრივი სუბსიდირებაა გათვალისწინებული. პროგრამას მთავრობა აფინანსებს­ და ცხადია, ის საბიუჯეტო ხარჯებთან­ არის დაკავშირებული. იპოთეკით­ უზრუნველყოფილი სესხები ძირითა­დად გრძელვადიანია და სწორედ ეს მსესხებლები დაზარალდნენ ყველაზე მეტად კურსის მერყეობით. ამ მსესხებლების გადახდისუნარიანობის გაუმჯობესებამ კი ფინანსურ სტაბილურობაზე დადებითად უნდა იმოქმედოს. მთავრობა მოსახლეობის იმ ჯგუფს ეხმარება ნაწილობრივ, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ლარის გაუფასურებით. ამასთან, მსესხებლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა დოლარში აღებული სესხის ნაშთის გალარება.

- ლარის კურსის შემცირების მიუხედავად, მიზნობრივ ინფლაციასთან (5%) ახლოსაც არ ვართ. რით აიხსნება ეს და რას უნდა ველოდოთ, როცა აქციზის გაზრდილი განაკვეთები შევა ძალაში და მთელ რიგ პროდუქტებზე ფასები გაიზრდება?

- 2016 წელს ინფლაციის შემცირებაზე სხვადასხვა ფაქტორმა იმოქმედა. მთავარი მიზეზი შესუსტებული შიდა მოთხოვნა გახლდათ. ინფლაციის ვარდნის პარალელურად, შემცირდა ინფლაციური მოლოდინებიც. ასევე, საერთაშორისო ბაზრებზე ფასებმა მოიკლო ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფზე. რაც შეეხება აქციზის განაკვეთის დაგეგმილ აწევას, ეს ფასების ზრდას გამოიწვევს, თუმცა ინფლაციაზე მხოლოდ ერთჯერადი, დროებითი ეფექტი ექნება. ხოლო თუ ფასების ეს მატება ინფლაციის მოლოდინების ზრდას გამოიწვევს, სებ-ი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს, რათა საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შეინარჩუნოს. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიზნობრივი მაჩვენებელი არ ნიშნავს, რომ ფაქტობრივი ინფლაცია ზუსტად უნდა უდრიდეს მიზნობრივს და არ უნდა გადასცდეს ან ჩამორჩეს.

"საქსტატის" ბოლო მონაცემებით, 2016 წლის ნოემბერში, წინა ნოემბერთან შედარებით, სამომხმარებლო კალათაში შემავალი 295 პროდუქტიდან ფასი 146 პროდუქტზე შემცირდა, 133 პროდუქტზე­ გაიზარდა და 16 პროდუქტზე იგივე დარჩა. საბოლოოდ, ინფლ­აციის დონე წინა წლის ნოემბერთან შედარებით 0,2%-ს შეადგენდა­. მაგალითისთვის, ნოემბერში ინფლაციის დაბალ მაჩვენებელზე საგრძნობი გავლენა მოახდინა წინა წელთან შედარებით საწვავის ფასების, კერძოდ, დიზელის საწვავ­ისა და ბენზინის ფასების კლებ­ამ. ცალკეული საქონლის ფასები მნიშვნელოვანია, თუმცა ინფლაცია არის ფასების საერთო დონის ზრდა და სწორედ ის ახდენს ეკონომიკაზე გავლენას. ჩვენი ამოცანაა, რომ ფასების საერთო დონის ზრდა იყოს დაბალი, მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში, რაც გრძელვადიან მდგრად ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.

- მთავრობის ახალი გეგმის მიხედვით, მოგების გადასახადის შემცირება აქციზის გაძვირებამ უნდა გაანეიტრალოს, ბიუჯეტის შევსების მიზნით. აქციზის გაძვირება ნამდვილად შეუწყობს ხელს ინფლაციის გაზრდას, მაგრამ როგორ აფასებთ, მოგების გადასახადის ბიზნესისთვის დატოვება ეკონომიკის საკმარის ზრდას უზრუნველყოფს?

- მოგების რეინვესტირების შემთხვევაში გადასახადისგან გათავისუფლება დამატებითი სტიმული იქნება ახალი ინვესტიციების დაბანდებისთვის. აქციზის ზრდა ცალკეულ პროდუქტებზე, ჩვენი შეფასებით, მაღალ ინფლაციას არ გამოიწვევს და მისი გავლენა ინფლაციის მაჩვენებელზე 2%-ის ფარგლებში უნდა იყოს. აქციზის ზრდაზე საუბრისას ასევე უნდა გავითვალისწინოთ მისი გავლენა­ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე­ - ავტომობილები,­ საწვავი და თამბაქოს ნაწარმი მსხვილი მუხლებია იმპორტში. მათზე აქციზის გაზრდა, და შედეგად, მოხმარების შემცირება, ხელს შეუწყობს მთლიანად იმპორტისა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას. დეფიციტის დიდი მოცულობა საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მაკროეკონომიკური გამოწვევაა და მისი შემცირება საინვესტიციო გარემოს გააუმჯობესებს, რაც კარგ წინა პირობას ქმნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის.

- ბრძანეთ, რომ 3-4%-იანი საბანკო სესხები არარეალურია, მაშინ, საბაზრო ლოგიკიდან გამომდინარე, დღევანდელი განაკვეთების სადამდე შემცირება იქნებოდა მიზანშეწონილი?

- სესხების საპროცენტო განაკვეთები დგინდება თავად კომერციული ბანკების მიერ, ბაზარზე არსებული კონკურენციიდან გამომდინარე. ბანკები სესხებს დეპოზიტების სახით მოზიდული რესურსიდან გასცემენ, შესაბამისად, სესხების განაკვეთები დამოკიდებულია დეპოზიტების განაკვეთებზე. ზოგადად, განვითარებად ეკონომიკებში საპროცენტო­ განაკვეთები უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ეკონომიკებში.­ სტატ­ისტიკა გვიჩვენებს, რომ ბოლო წლებში სესხების საპროცენტო განაკვეთები მცირდება.

მსოფლიო ბანკის სტატისტ­იკით, საქართველოში სესხების საპროცენტო განაკვეთები 2015 წლის მონაცემების მიხედვით ყველაზე დაბალია რეგიონში.

ემა ტუხიაშვილი
"კურსის ხელოვნურად გამყარება სპეკულაციას შეუწყობს ხელს
მკითხველის კომენტარი (2)
ალექს
16 იანვარი 2017 10:27
როცა მთელი ქვეყნის მოთხოვნა მიწოდებით ქართულ საფონდო ბირჟაზე დადგინდება კურსი !
და არა ბლუმბერგზე 4 თუ 8 ბანკის კარტელური გარიგებით,როგორც დღესაა,ან როგორც იყო-დიქტატორის დაკვეთით !
10 იანვარი 2017 14:37
ამ კაცმა ლარის ვითომდაც გასამყარებლად "რეზერვუარებიდან" 240 მილიონი დოლარი გაფლანგა და ამას როგორ გინდათ დავუჯეროთ?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
26-06-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
26-06-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა