"ხანდახან მგონია, ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს, საქართველოს მოქალაქეები ფინანსურ მონებად იქციოს" - კვირის პალიტრა

"ხანდახან მგონია, ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს, საქართველოს მოქალაქეები ფინანსურ მონებად იქციოს"

ონლაინსესხების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტი უკვე კვირაზე მეტია შევიდა ძალაში, შესაბამისად, დაიწყო როგორც გალარების, ასევე ონლაინსესხებისთვის ახალი რეგულაციების ამოქმედების პროცესი. შეგახსენებთ, თავადაპირველად პრემიერმა კვირკაშვილმა ბრძანა, რომ ონლაინსესხები საერთოდ აიკრძალებოდა, თუმცა მალევე ხელისუფლებამ ეს გადიფიქრა და მხოლოდ რეგულაციების დაწესებით შემოიფარგლა. ჩვენში დღესაც ბევრი მიიჩნევს, რომ ეს მიმართულება ასაკრძალია და როგორ ყველა ფინანსურ პირამიდას, მასაც საბოლოოდ სრული კრახი ელოდება.

სანდრო თვალჭრელიძე:

- რატომღაც მგონია, რომ მართლაც სურდათ აკრძალვა, რასაც მივესალმებოდი, ისევე, როგორც ონლაინკაზინოების შეზღუდვას, თუმცა რატომღაც ეს ვერ გაიტანეს. სამწუხაროდ, ეს ონლაინსესხები მუქთახორების ბიზნესია, რომლებიც სახლიდან გაუსვლელად აშენებენ ფინანსურ პირამიდებს - ერთს ართმევენ, მეორეს ასესხებენ და ა.შ. ერთ დღეს ეს ხუხულა, ვფიქრობ, აუცილებლად ჩამოინგრევა.

შესაბამისად, ამ ცვლილებებს მხოლოდ მივესალმები. აქამდეც მითქვამს, რომ კრედიტების დოლარით გაცემა ანტიკონსტიტუციურია, შესაბამისად, არ მომწონს, რომ 100 000 ლარის ზემოთ კრედიტის დოლარით გაცემა ისევ შესაძლებელი იქნება. მე, ხელისუფლების ადგილას, მთლიანად ეროვნულ ვალუტაზე გადავიდოდი. ჩემი აზრით, გალარების პროცესი ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციაზე ირიბად იმოქმედებს, თუმცა რამდენად ძლიერი იქნება ამის შედეგი, კიდევ საკითხავია. რაც შეეხება ონლაინსესხებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, მიმაჩნია, რომ ეს რეგულაციები უფრო ხისტი უნდა იყოს. ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ ავკრძალავდი ამ ორგანიზაციებს.

როგორც რამდენიმე დღის წინ გვითხრეს, თურმე საქართველოში გაცემულია 400 მილიონი ერთეული ონლაინსესხი. გამოდის, ჩვენი მოსახლეობის 80% ამ საკრედიტო ხაფანგშია გაბმული. ალბათ, ყოფილხართ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში. სადმე შესაძლებელია ონლაინსესხის მიღება? თითქმის არსად. სესხი თუ გჭირდება, არსებობს ბანკები და მათი მომსახურებით უნდა ისარგებლოთ. მევახშეობა დასაძრახი საქმიანობაა. ეს ორგანიზაციები კი წმინდა წყლის პირამიდები, ანუ ფულის მკეთებელი მანქანებია, რომლებიც არანაირ პროდუქტს არ ქმნიან. ვიმეორებ,

ონლაინსესხები უნდა აიკრძალოს! ეს ლარის კურსზეც ახდენს უარყოფით გავლენას. ამ მევახშე ორგანიზაციების წყალობით ზედმეტი ლარია ბრუნვაში. ხანდახან მგონია, ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს, ქვეყნის მთელ მოსახლეობას დაუგროვოს უიმედო დავალიანებები და ადამიანები ფინანსურ მონებად იქციოს. პასუხისმგებლობა მართებთ მოქალაქეებსაც. როდესაც ონლაინსესხის ან ბანკიდან კრედიტის აღებას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, რა სახსრებით აპირებთ მის გასტუმრებას. (იხილეთ სრულად)