"საუბარი, რომ ნაზღაიძის შემთხვევაში სამართალდარღვევასთან გვაქვს საქმე, რეალობასთან შეუსაბამოა" - კვირის პალიტრა

"საუბარი, რომ ნაზღაიძის შემთხვევაში სამართალდარღვევასთან გვაქვს საქმე, რეალობასთან შეუსაბამოა"

"ანალოგიური რამ მოხდა ელიზბარაშვილების ქონების გამოსყიდვის შემთხვევაშიც"

ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეების კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასა და მათზე სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მერიის მიერ გაცემული კომპენსაციის რეალური ბენეფიციარის, ზვიად ჩოხელის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის, ასევე საჯარო რეესტრის მონაცემების, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და საკრებულოს განკარგულებების შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ობიექტურ დამკვირვებელს არ მისცემს საფუძველს, მტკიცებით ფორმაში დაასკვნას, რომ ნატა ნაზღაიძის ოჯახის მიერ სტიქიის შედეგად დაზარალებული ნაკვეთის საკომპენსაციოდ, ერთ მილიონ ლარამდე თანხა ქრთამის სახით გაიცა.

რა პროცედურა გაიარა ერთმა მილიონმა მერიიდან დაზარალებულამდე, "კვირის პალიტრასთან" თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კარლო ლაფერაძე საუბრობს:

- მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს, თანხა სამართლებრივი წესების სრული დაცვით ჩაერიცხა და დოკუმენტაციაც სამართლებრივი წესების აბსოლუტური დაცვით შედგა. გავყვეთ პროცესებს ქრონოლოგიურად: 2012 წლის 12 ნოემბერს სოფიო ქათამაძემ, რომელიც ზვიად ჩოხელის მეუღლეა, ზვიად ნაზღაიძეს მიწის ნაკვეთი მიჰყიდა. მათ შორის ზეპირი შეთანხმება შედგა, რომ თუ ნაზღაიძე ჩოხელს თანხას სრულად ვერ გადაუხდიდა, მიწა ისევ ჩოხელს უნდა დაჰბრუნებოდა. ზვიად ნაზღაიძემ ვერ შეძლო თანხის სრულად დაფარვა, შესაბამისად, ჩოხელის ოჯახს მიწის უკან დაბრუნების უფლება გაუჩნდა. თუმცა, სანამ ჩოხელი ნაზღაიძეს უკვე გადახდილ თანხას არ დაუბრუნებდა, ფორმალურად ნაკვეთის მფლობელად ისევ ნაზღაიძე მიიჩნეოდა. ამასობაში, ზვიად ჩოხელმა დაიწყო ინვესტორის ძიება, რომელიც ნაკვეთზე მრავალფუნქციურ შენობასაც ააგებდა და თან ბანკში დავალიანების გადახდასაც იკისრებდა. ნაკვეთი ბანკში თავიდანვე იპოთეკით დატვირთული იყო.

2013 წლის 27 მარტს თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიამ ზვიად ნაზღაიძეს თანხმობა მისცა ყიფშიძის ქ. N2-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის განთავსებაზე (აღსანიშნავია, რომ ზვიად ნაზღაიძის სახელით კომისიაში საქმეს ზვიად ჩოხელი წარმართავდა). თუმცა, იმავე წელს, "საქართველოს ბანკსა" და ზვიად ნაზღაიძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, პროცენტების გადაუხდელობის გამო, უძრავი ქონება "საქართველოს ბანკის" საკუთრებად დარეგისტრირდა. ოღონდ ინვესტორის მიყვანა და ნაკვეთის ბანკისგან გამოსყიდვა ზვიად ნაზღაიძეს კვლავინდებურად შეეძლო.

მოგვიანებით, 2015 წლის 3 ივნისს, სოფიო ქათამაძესა და ინვესტორს, "ფროფერთი მენეჯმენტს" შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც კომპანია მზად იყო, შეეძინა უძრავი ქონება 902.550 აშშ დოლარად იმ პირობით, თუ აღნიშნული თანხით დაიფარებოდა "საქართველოს ბანკის" მიმართ არსებული ფულადი დავალიანება. ამასობაში კი, 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის გამო, ეს უძრავი ქონება სტიქიური უბედურების ზონაში მოექცა. 2015 წლის 29 ივნისს "ფროფერთი მენეჯმენტმა" სოფიო ქათამაძეს აცნობა, რომ უარს აცხადებდა ამ მიწის შეძენაზე, რადგან მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიის ზონაში მშენებლობა აიკრძალა. უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მიერ დახმარების გაწევის თხოვნით პირველი განცხადება თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 3 ივლისს შემოვიდა. იმის გამო, რომ ტერიტორიაზე სტიქიამდე გარკვეული ეკონომიკური აქტივობა იყო დაშვებული, მიწის ნაკვეთის მფლობელისთვის კომპენსაციის მიცემა გადაწყდა. 2016 წლის 23 დეკემბერს კი საკრებულომ თანხმობა მისცა დედაქალაქის მთავრობას, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზვიად ნაზღაიძისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების გზით გადაცემაზე.

ამასთან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მიწის ნაკვეთი 2016 წლის დასკვნით შეფასდა სტიქიამდე არსებული მდგომარეობით 971.260 ლარად. საბოლოოდ, 1641 კვმ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, მესაკუთრეს გადაეცა სანდრო ეულის ქუჩა¹5-ში მდებარე 5001 კვმ მიწის ნაკვეთი, რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასა 515.460 ლარად, ასევე, საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა სხვაობა 455.800 ლარის ოდენობით.

- მთავარი კითხვა, რაც ამ საქმეში გაჩნდა - სტიქიიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ რატომ ჩაიწერა დოკუმენტში, რომ დაზარალებულისთვის კომპენსაციის გაცემა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა? თანაც იმ ფონზე, როდესაც არსებობენ სხვა დაზარალებულები, რომლებიც მერიის შეთავაზებული კომპენსაციით უკმაყოფილონი არიან და ახლა სასამართლოში დაობენ.

- 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს შორის აღმოჩნდა 13 ოჯახი, რომელთაც არ გააჩნდათ საკუთრების მოწმობა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, თბილისის მერიამ მათ მაინც შესთავაზა საცხოვრებელი და ფულადი დახმარება, რასაც 8 ოჯახი დაეთანხმა, ხუთმა კი ჯერ თანხმობა, ხოლო მოგვიანებით უარი განაცხადა. ამ დაზარალებულებს უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლების მოწმობა არ ჰქონდათ, თუმცა, ამის მიუხედავად, მუნიციპალიტეტისგან უფრო მასშტაბური ფულადი დახმარება მოითხოვეს. რაც შეეხება გადაუდებელი აუცილებლობის საკითხს, ტერმინმა კანონმდებლობაში ნაკლებად გათვითცნობიერებულ ნაწილში კრიტიკა გამოიწვია, თუმცა "გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ" კანონში წერია, რომ სტიქიის შემდეგ, სანამ ქონების ჩამორთმევა და კომპენსაციის გაცემა მოხდება, დეტალურად უნდა დაიწყოს ქონების შესწავლა, შეფასება და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცეს ანაზღაურება. სამართლიანობა დაირღვეოდა, თუ ჩვენ სტიქიამდე არსებულ ღირებულებას არ გადავუხდიდით.

- ნაზღაიძის გარდა, არსებობს პრეცედენტი, როდესაც დაზარალებულს ქონების გამოსყიდვისას ფართობიც მიეცით და თანხაც?

- ანალოგიური რამ მოხდა ელიზბარაშვილების ქონების გამოსყიდვის შემთხვევაშიც, როდესაც მათი ქონება სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაახლოებით მილიონ-ნახევარ ლარად შეაფასა და ამ თანხის ნაწილი ანაზღაურდა მიწის ნაკვეთებით, ხოლო ნაწილი ფულადი ფორმით.

- თუ ყველაფერი გამჭვირვალეა და კანონიც არ დარღვეულა, რატომ ამბობს თბილისის მერი საკრებულოში ოპოზიციის შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე უარს?

- ოპოზიციამ ეს საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა. თავდაპირველად, დოკუმენტებიც კი არ გამოუთხოვიათ იმის დასადგენად, რეალურად, როგორ გაიცა კომპენსაცია და რა პროცედურები გაიარა ამ საქმემ.

ირაკლი აბესაძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი: - ფაქტია, თბილისის მერიამ დანაშაული ჩაიდინა, რაზეც კონკრეტულმა პირებმა პასუხიც უნდა აგონ. საერთოდ, ამ მოცულობის თანხის გადახდა იმ ფონზე, როდესაც სხვა დაზარალებულებიც არსებობენ და მერია მათ ვერ აკმაყოფილებს, ნაზღაიძე იქნებოდა, ჩოხელი, აბესაძე, პეტრიაშვილი თუ სხვა, ჩანასახშივე უკანონობაა.

რუსუდან შელია