"გაფლანგული ფული და ბიუჯეტის ხარჯზე დაფინანსებული ესთეტიკური ოპერაციები..." - კვირის პალიტრა

"გაფლანგული ფული და ბიუჯეტის ხარჯზე დაფინანსებული ესთეტიკური ოპერაციები..."

შპს "მშენებელი XXI+"-ისთვის გადარიცხულია 869.000 ლარი. მას მდინარის გამაგრების სამუშაოები უნდა შეესრულებინა, რაც გულისხმობდა ბეტონის ფილების კედლისა და ორი ხიდის აგებას... ბეტონის კედლის ნაწილი სამუშაოს ჩაბარებამდე დაინგრა, შპს-მ კი თანხა დროულად და სრულად მაინც მიიღო (?!)

"დუშეთის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, რომელიც "ოცნებაში" პორტირებული "ნაციონალია", თავს მაინც არხეინად გრძნობს..."

აუდიტის სამსახურმა დუშეთის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ სკანდალური ანგარიში წარმოადგინა. ვცადეთ, გაგვერკვია, რა წერია დასკვნაში და რას ედავებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დუშეთის გამგებელ ვაჟა ჩოხელს.

"გამგეობის ფავორიტი შპს-ები"

ნატალია ხოხიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის - "ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე: - ამა თუ იმ ტენდერში გამარჯვებული ზოგიერთი მეწარმე ჩვენს წარმომადგენლებთან აცხადებს, რომ მაღალჩინოსნები მათ "ატკატის" გადახდას აიძულებენ.

მეწარმე თუ "ატკატზე" თანხმობას განაცხადებს, შესრულებული სამუშაოს მიხედვით თანხის ნაწილ-ნაწილ ჩარიცხვას ეღირსება, თუ არადა - არა! ვინც ბინძურ გარიგებას თანხმდება, თანხას უყოყმანოდ, ეტაპობრივად და სრულად ურიცხავენ, მიუხედავად იმისა, სამუშაო შეასრულა თუ არა, რამდენად ხარისხიანად შეასრულა და ა.შ.

- ასეთ განცხადებებს ფაქტებით დადასტურება სჭირდება...

- აუდიტის დასკვნაში ასეთი არაერთი ფაქტია. მაგალითად გამოდგება შპს "მშენებელი XXI+"-თან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლისთვისაც გადარიცხულია 869.000 ლარი. ამ შპს-ს მდინარე დუშეთისხევის გამაგრების სამუშაოები უნდა შეესრულებინა, რაც გულისხმობდა 1577 მ სიგრძეზე ბეტონის ფილების კედლისა და ორი ხიდის აგებას. აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ სამუშაო უხარისხოდ შესრულდა, კერძოდ, ბეტონის კედლის ნაწილი სამუშაოს ჩაბარებამდე დაინგრა, შპს-მ კი მისთვის ასანაზღაურებელი თანხა დროულად და სრულად მიიღო. მართალია, ბოლოს გამგეობა იძულებული გახდა, მასთან ხელშეკრულება გაეწყვიტა, მაგრამ 869.000 ლარი უკვე გადარიცხული იყო.

აუდიტის დასკვნით ჩანს, რომ გამგეობას ჰყავს ფავორიტი შპს-ები - "პრომშენი" და "ტექსერვისი". შპს "პრომშენი" რამდენიმე დღის შექმნილი იყო, როცა მასთან გამგეობამ ტენდერის გარეშე გააფორმა ხელშეკრულება... სხვადასხვა ხელშეკრულებით, სულ "პრომშენისთვის" ნახევარ მილიონამდე ლარია გადარიცხული. შპს "ტექსერვისი" კი ისედაც დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ არის დაფუძნებული და მისი კრიტიკა დასკვნაშიც მოხვდა "ტექსერვისს" ევალებოდა ოშპიტლის ხიდის გაფართოება სპეციალური მასალით, მისი ფუნქციონირების შეუჩერებლად, რაც ვერ მოახერხა, ამიტომ "ტექსერვისმა" ტენდერის პირობების შეცვლა მოითხოვა, რაზეც გამგეობა დათანხმდა(?!). გამგეობა ვალდებული იყო, ხელშეკრულება გაეწყვიტა და თუკი პირობების შეცვლა აუცილებელი იყო, ახალი ტენდერი გამოეცხადებინა. არადა, არაერთი კეთილსინდისიერი მეწარმე, რომელიც ტენდერს იგებს, გამგეობის მხრიდან მძიმე მდგომარეობაში ვარდება. ისინი პერიოდულად უგზავნიან მუნიციპალიტეტს შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ ფორმას და ითხოვენ თანხის გადარიცხვას, თანხა კი გვიანდება. ამის შედეგად მეწარმეს სამუშაოს შესრულება უგვიანდება და ჯარიმებს აკისრებენ. ამ დროს მასთან მიდის გამგეობასთან დაახლოებული ე.წ. შუამავალი და სთხოვს თანხის ნაწილს, თან ჰპირდება, რომ ამ წინადადებაზე დათანხმების შემთხვევაში ყველა გზა ხსნილი ექნება. თუ მეწარმე ამას დათანხმდება, ხომ კარგი, თუ არადა, შპს დარჩება დაზარალებული.

ფარული ჩანაწერით გაირკვა, რომ ერთ-ერთ მეწარმეს ვიღაც კაცი ემუქრებოდა, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მას დაჭერა არ ასცდებოდა. ეს ადამიანი მცხეთა-მთიანეთის ფინანსური პოლიციის თანამშრომელი, ტარზან მანგოშვილი აღმოჩნდა. მასთან ერთად დააკავეს გოჩა ლოთიკაშვილი, რომელიც გამგეობასთან დაახლოებული შპს "პრომშენის" თანამშრომელია, მისი ძმა ელდარ ლოთიკაშვილი კი შპს "ტექსერვისის" დირექტორია. დუშეთის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, რომელიც "ოცნებაში" პორტირებული "ნაციონალია", თავს მაინც არხეინად გრძნობს, არც თანამშრომლებზე ზრუნვა ავიწყდება.

გამოვლინდა, რომ თანამშრომლებზე სხვადასხვა სამკურნალო თანხაა დახარჯული, სულ 2.800 ლარი. საფინანსო სამსახურის ყოფილ უფროსს, ახლა უკვე გამგებლის მრჩეველს, ბიუჯეტის ფულით დაუფინანსდა ანალიზები და ბალნეოლოგიური თერაპია; სოციალური სამსახურის თანამშრომელსა და მის შვილს - წონის რეგულირებასთან დაკავშირებული ანალიზები, ხოლო საკრებულოს მთავარ სპეციალისტს - ცხვირის ძგიდის ოპერაცია.

ფაქტობრივად, გამგეობა გაჭირვებულთა ფულით თანამშრომელთა ესთეტიკურ პროცედურებს აფინანსებდა.

"რას ჰქვია, ხელს ვინ აწერს?!"

"კვირის პალიტრა" დუშეთის გამგებელს, ვაჟა ჩოხელს დაუკავშირდა: - არაფერი დასამალი არ გვაქვს. ეს ეხება 2014-2015 წლების მუშაობას. შემდეგ მოეწყო კონკურსი, ახალი კადრები დავნიშნეთ... ყველამ ის მიიღო, რაც ეკუთვნოდა, ზოგმა - გაფრთხილება, ზოგმა - საყვედური, ზოგიც სამართალდამცავებს გადავეცით...

- ვინ აგებს პასუხს თქვენი თანამშრომლების წონის კორექციის, ბალნეოლოგიური თერაპიის, ძგიდის ოპერაციის დაფინანსებაზე?

- ასე არ არის. შეგიძლიათ, მომწეროთ ოფიციალურად...

- არ დაგიფინანსებიათ თქვენი მრჩევლის ბალნეოლოგიური თერაპია?

- არსებობს სოციალური პროგრამა, დებულებაც... ასე არ ხდება, რომ ვთქვათ, გამგებელმა რაღაც მოისურვა, ან რომელიმე სამსახურის უფროსმა და დააფინანსა...

- აუდიტის სამსახურმა ამ პროცედურების დაფინანსება დარღვევად დააფიქსირა...

- გიხსნით, რომ არსებობს დებულება, რის მიხედვითაც ყველაფერი გაწერილია.

- რა დებულება გაქვთ ასეთი და ხელს ვინ აწერს?

- რას ჰქვია, ვინ აწერს?! დებულების შემუშავება როგორ ხდება, არ იცით?!

- მაჩვენეთ დებულება, სადაც წერია, რომ საბიუჯეტო ფულით ესთეტიკური პროცედურების დაფინანსება შეგიძლიათ...

- მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთს უნდა, თითიდან გამოწოვილი თემები ააგოროს! 3 000 ადამიანს დავეხმარეთ! ამაზე რატომ არაფერს წერთ?!

- ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გკითხავთ - შპს "მშენებელი XXI+"-ს სრული თანხა (869.000 ლარი) რატომ გადაურიცხეთ, როცა უხარისხოდ შეასრულა მდინარე დუშეთისხევის გამაგრების სამუშაო?

- ჯერ ერთი, არ წერია დასკვნაში, რომ თანხა სრულად არის გადარიცხული.

- აუდიტის დასკვნაში წერია.

- შესყიდვის ხელშეკრულებას ხელს საკრებულოს თავმჯდომარე აწერს. 2013 წელს ჯერ კიდევ "ნაციონალების" დროინდელი საკრებულო იყო...

- არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგეობას ჰყავს ფავორიტი კომპანიები, მაგალითად, "ტექსერვისი", რომელსაც ტენდერის პირობებით, ოშპიტლის ხიდის გაფართოება ევალებოდა, მან კი წინასწარ განსაზღვრული პირობები შეცვალა...

- ასეთი ფაქტი მართლაც მოხდა. მაგრამ თუ პროექტი იცვლება და ექსპერტიზით დამოწმებულს მოგვიტანენ, გამგეობა ვერაფერს იზამს... რაც შეეხება ტენდერს, ის ელექტრონულად იმართება, ყველას შეუძლია მასში მონაწილეობა. ამ შემთხვევაში ვერავის გაამარჯვებინებ, რადგან ეს არის დაფარული, ელექტრონული ტენდერი.

- და მხოლოდ ერთი შპს "ტექსერვისი" იღებდა მონაწილეობას?

- ტენდერში მონაწილეობას ერთი მიიღებს თუ ცხრა, ამის განსაზღვრა ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

"დებულება არ წარმოუდგენია"

გიორგი მამრიკიშვილი, აუდიტის დეპარტამენტის უფროსი: - ბევრი შემთხვევა გამოვლინდა, როცა სამუშაო უხარისხოდ იყო შესრულებული, თანხები კი ასეთ შპს-ებს სრულად ჰქონდათ ანაზღაურებული.

- "ტექსერვისმა" თვითნებურად როგორ შეცვალა შესასრულებელი სამუშაოს ტენდერით განსაზღვრული პირობები?

- ტენდერის პირობები ითვალისწინებდა ხიდის გაფართოებას შესაბამისი მასალით, რომელიც "ტექსერვისმა" ვერ შეიძინა - რესურსი არ აღმოაჩნდა. ტენდერის პირობებით, ეს სამუშაო გზის გადაკეტვის გარეშე უნდა შესრულებულიყო. "ტექსერვისმა" მუნიციპალიტეტს მისწერა, რომ ვერ იყიდა საჭირო მასალა და მოითხოვა პირობების შეცვლა - ხიდის დაშლა და იმისთვის, რომ მოსახლეობა არ შეფერხებულიყო, გვერდით დროებითი ხიდის აშენება. გამოვიდა, რომ ტენდერი სულ სხვა რამეზე იყო გამოცხადებული და გამოყოფილი ფულით სულ სხვა მომსახურების შესყიდვა განხორციელდა. წესით, უნდა შეწყვეტილიყო "ტექსერვისთან" ხელშეკრულება და თავიდან გამოცხადებულიყო ტენდერი.

- საინტერესოა დუშეთის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომელთა ესთეტიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურების საბიუჯეტო ფულით დაფინანსება...

- ამგვარი პროცედურებისთვის სულ 2.800 ლარი დაიხარჯა, რაც რაოდენობრივად არცთუ არსებითია (სხვა შემთხვევებში საქმე ასიათასობით ფინანსურ ზარალს ეხება), მაგრამ მართლაც მნიშვნელოვანი ფაქტებია. მუნიციპალიტეტს სოციალური დახმარების პროგრამა აქვს, რომლის ფარგლებშიც განსაზღვრულია, ვის გაეწიოს დახმარება. ესენი არიან: ონკოლოგიური ავადმყოფები, მარტოხელა ან მრავალშვილიანი დედები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრები და ა.შ.

- გამგებელი აცხადებს, რომ იხელმძღვანელეს დებულებით...

- ასეთი დებულება ჩვენთვის არავის მოუწოდებია. ვიდრე ამ ანგარიშს დავამტკიცებდით, ტექსტი გამგეობას გავუგზავნეთ. თუკი რომელიღაც ნაწილს არ ეთანხმებოდნენ, არგუმენტირებული პასუხი მოეწერათ, ან აქ მოყვანილი ფაქტების საწინააღმდეგოდ რამე დოკუმენტი წარმოედგინათ... მსგავსი არაფერი გაუკეთებიათ.

ეკა ასათიანი