ოქროს "ცეცხლი ეკიდება" - კვირის პალიტრა

ოქროს "ცეცხლი ეკიდება"

საქართველოს ცოტა ხნის წინ ზოდების დამზადების უფლება მისცეს

მეორე კვირაა, მსოფლიო ბირჟებზე ოქროს გაძვირების ახალი ტალღა დაიწყო. გასული კვირის ბოლოს უნცია ოქროს ფასი 1173 დოლარამდეც ავიდა. ივნისის ფიუჩერსის ფასმა კი 1156 დოლარს გადააჭარბა. უცხოეთის ბირჟებზე დაწყებული გაძვირება საქართველოს ოქროს ბაზარმაც იგრძნო, თუმცა შედარებით ნაკლები მასშტაბით. ექსპერტები ოქროს ფასის ზრდას კვლავ ელიან.

ეკონომიკური კრიზისის დროს ძვირფას ლითონებზე ფასების ზრდა ჩვეულებრივი მოვლენაა. ამჯერად კი ოქროს გაძვირების მიზეზი საბერძნეთის ფინანსური პრობლემები გახდა. უფრო ზუსტად, ის გაურკვევლობა, რაც ევროკავშირისა და სავალუტო ფონდის მიერ საბერძნეთისთვის დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით შეიქმნა. საბერძნეთის კრიზისმა ევროპის ბაზრებზე არასტაბილური სიტუაცია შექმნა, ამიტომაც ინვესტორები ცდილობენ, კაპიტალი ძვირფას ლითონებში დააბანდონ (ამის მიუხედავად, კრიზისმა საიუველირო ბიზნესიც დიდად დააზარალა), უფრო საიმედოდ შესანახავად. აქციებში დაბანდება კრიზისის დროს სარისკოა, უძრავი ქონება, რომელიც საიმედო ინვესტიციად ითვლებოდა, სტაბილურობით ვეღარ დაიკვეხნის. ამიტომ ინვესტორების არჩევანი ძვირფას ლითონებზე ჩერდება. ისინი ევრობაზარზე შექმნილი ვითარების ფონზე ძვირფასი ლითონების გაძვირებას ელიან.

ნებისმიერი სინჯის გრამი ოქრო საქართველოს ბაზარზე საშუალოდ 1-2 ლარით გაძვირდა. როგორც ოქროს ნაკეთობებით მოვაჭრეები ამბობენ, ჩვენს ბაზარზე ოქროს ფასზე დოლარის მიმართ ლარის კურსის ცვლილება უფრო მოქმედებს.

ეთერ ყიფიანი (ოქროს ბირჟა "ოქროს სამყაროს" დირექტორი): "რამდენიმე დღეა, ოქროს ფასებმა ზრდა დაიწყო. 583-585 სინჯის ერთ გრამ ოქროს ახლა ბირჟაზე 34-35 ლარად იბარებენ, გრამ ბაჯაღლოს კი, სულ ცოტა, 56 ლარად, თუმცა ამ სინჯის ოქროს ხალხი ახლა იშვიათად აბარებს. შემდგომ გრამი ბაჯაღლო ბირჟაზე 62-64 ლარად იყიდება. აგვისტოს ომის შემდეგ ძვირად ღირებულ ნაკეთობებზე მოთხოვნა დაეცა. ადრე კარგად იყიდებოდა, სანამ რუსეთში და ჩეჩნეთში გადიოდა, მაგრამ მაღალფასიან, ძვირფას ნაკეთობას ახლა იშვიათად თუ ვინმე იძენს. ოქროს საინვესტიციოდ ახლა ვეღარ ყიდულობენ, უფრი დაბალფასიან, 100-დან 200 ლარამდე ნივთებს იძენენ, უმეტესად საჩუქრებად.

კრიზისის ნიშნები ახლა უფრო ჩანს, ბირჟაზე ვაჭრობა თანდათან მცირდება. მოთხოვნა ბირჟაზე უფრო ე.წ. რუსულ ოქროზეა, რომელიც სულაც არ არის რუსული. 583-585 სინჯის ოქროს რუსულს ეძახიან, არადა რუსეთიდან ოქრო აღარ შემოდის. ძველ ოქროს, ზოგსაც იმპორტირებულს ადნობენ, ამუშავებენ და შემდეგ ბირჟაზე გასაყიდად შეაქვთ. ძვირფასეულობა ბირჟაზე ბანკებიდან და ლომბარდებიდან ხვდება. იტალიურიც კარგად იყიდება. ოქრო სომხეთიდან და თურქეთიდან შემოდის. თეთრი ოქრო ახალგაზრდებს მოსწონთ, მაგრამ ის ჩასაბარებლად იშვიათად შემოაქვთ".

როგორც ადგილობრივი სპეციალისტები ამბობენ, ჩვენთან ოქროს ღირებულებაზე საერთაშორისო ბაზრის ფასებზე მეტად მოთხოვნა-მიწოდება მოქმედებს. რადგან მოთხოვნა შემცირებულია, ფასიც ნელი ტემპით მატულობს. იმის მიუხედავად, რომ იანვრიდან ოქროს ნაკეთობების განბაჟების ფასმა მოიმატა, საიუველირო მაღაზიები ცდილობენ, ფასი აღარ გაზარდონ.

ვასო სურგულაძე (საიუველირო მაღაზიათა ქსელ "კლონდაიკის" მენეჯერი): "ფასები 3-4 თვეა არ გაგვიზრდია. მას ძველი რესურსის ხარჯზე ვინარჩუნებთ. კლიენტს უკვე უმნიშვნელო გაძვირებაც აფრთხობს, ამიტომ ვცდილობთ, კლიენტი არ დავკარგოთ. ჯერჯერობით ძველი მარაგი გვაქვს და ახალი, გაძვირებული ფასით ჯერ არ შემოგვიტანია. თუ სამკაული ბრენდია, წონას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, ამიტომ მაღალი ფასი ადევს. იტალიური, 585 სინჯის ოქრო გრამი 79 ლარამდე ღირს. 583 სინჯის რუსული ოქრო უფრო იაფია".

საიუველირო ნაკეთობა საინვესტიციოდ ნაკლებად გამოდგება, რადგან თუ მისი გაყიდვა დაგჭირდათ, ჩაბარებისას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას და ძვირფას ლითონს წონის მიხედვით აფასებენ, ოქროს ბირჟაზეც და ლომბარდშიც ოქროს ნივთებს წონით იბარებენ. ამიტომ ყველაზე ადვილად გასაყიდი საქორწინო ბეჭდები, რგოლებია. სპეციალისტების განმარტებით, ოქროს შესანახად საუკეთესოა ეროვნული ბანკის (სებ) მიერ გამოშვებული საინვესტიციო მონეტა, რომელიც დატანილ სინჯს ზუსტად ემთხვევა. ეროვნული ბანკი მონეტებს 6 სხვადასხვა წონით უშვებს 3,1-დან 311 გრამამდე. ყველაზე მცირე, 3,1-გრამიანი ოქროს მონეტა 138 ლარამდე გაძვირდა, რაც ერთ თვეში 6%-იანი ზრდაა.

სებ-ს ცოტა ხნის წინ ოქროს ზოდების დამზადების უფლება მისცეს და მალე მის საცავში ოქროს ზოდებიც გამოჩნდება, რაც საუკეთესო საინვესტიციო საშუალებაა. ამჟამად 999 სინჯის, ანუ უმაღლესი ხარისხის კილოგრამიანი ოქროს ზოდები, უმეტესად კონტრაბანდული გზით შემოდის. კანონდარღვევით შემოტანილ, ჩამორთმეულ ზოდებს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო შემდეგ აუქციონზე ყიდის. მას უმეტესად იუველირები გადასამუშავებლად იძენენ. სავარაუდოდ, ოქროს ფასი კიდევ მოიმატებს, რადგან ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა ისევ მაღალია. ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ საბერძნეთის, პორტუგალიისა და ესპანეთის პრობლემების ფონზე, უნცია ოქროს ფასი წლეულს შესაძლოა 1500 დოლარამდეც გაიზარდოს.

ნონა ქვლივიძე