"სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სწორია" - კვირის პალიტრა

"სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სწორია"

ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალი საინვესტიციო გარემოს შექმნა ერთ-ერთი უნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია, რაზეც პირდაპირ აისახება იმ ბინზესდავების სასამართლო განხილვის შედეგები, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს არა მხოლოდ კონკრეტული ბიზნესსაქმიანობის მომავალს, არამედ ქვეყნის იმიჯს და მის საინვესტიციო მიმზიდველობას.

შესაბამისად, თებერვალში პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც "ფილიპ მორის საქართველოსა" და "ფილიპ მორის ეს.ეის" 92 მილიონიანი ჯარიმა დაეკისრა, გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამგვარ ვერდიქტებს შესაძლოა უზარმაზარი ზიანი მიეყენებინა როგორც ადგილობრივი ბიზნესისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის. პირველი ინსტანციის სასამართლომ 100 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა დააკისრა "ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედსსა" და შპს ,,თ & რ დისტრიბუშენსს"

შეგახსენებთ, ამ დავებში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა კომპანია "თბილისის თამბაქო" და "ომეგა ჯგუფში" შემავალი კომპანია OGT. ჯარიმების დაკისრების საფუძვლად კი გამოცხადდა მოსარჩელის მტკიცება, რომ აღნიშნული ორი კომპანია სიგარეტის გარკვეულ ბრენდებს საქართველოს ბაზარზე წლების განმავლობაში თვითღირებულებაზე იაფ ფასად ყიდდა.

დაისვა შეკითხვა, მაშინ, როდესაც საქართველოში არ არსებობს ანტიდემპინგური კანონი, გაუგებარი იყო რის საფუძველზე მიიღო პირველი ინსტანციის სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება?

როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა და "ფილიპ მორის საქართველოსა" და "ფილიპ მორის ეს.ეი" 92 მილიონი ლარის გადახდის ვალდებულებისგან გაათავისუფლა..

სააპელაციო სასამართლომ ასევე გააუქმა "ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედისა" და შპს ,,თ & რ დისტრიბუშენისთვის" დაკისრებული 100 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა. შეგახსენებთ, 29 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა. ჩინჩალაძის კანდიდატურას მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებს არ ვიცნობ, ვფიქრობ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სწორია. ჩემი აზრით, ბიზნესისთვის ასეთი დიდი ოდენობის ჯარიმების დაკისრება ძალიან ცუდი პრეცედენტია, რაც დამაზინებელი შეიძლება ყოფილიყო არა მხოლოდ კონკრეტული ბინზესისთვის, არამედ ქვეყნის იმიჯისთვისაც. დამერწმუნეთ, 100-მილიონიანი ჯარიმა, სახელმწიფოს საბოლოოდ შესაძლოა მილიარდად დაუჯდეს.

ბიზნესგარემოს მოფრთხილება სჭირდება, იმიჯის შელახვა ძალიან ადვილია, მისი მოპოვება კი რთული. არ შეიძლება სასამართლო ბინზესდავებისას არ ითვალისწინებდეს საინვესტიციო გარემოს. გასაგებია, რომ "ფილიპ მორისი" გადასახადებს არ მალავდა, ამაზე ლაპარაკიც კი აბსურდია. თუ რაღაც დარღვევები იყო, ეს დარღვევები შესაძლოა ყოფილიყო შეცდომიდან გამომდინარე და არა შეგნებული ბოროტმოქმედებიდან. როდესაც გადასახადის გადამხდელი შეცდომას უშვებს, შენ შეიძლება მცირე ჯარიმა დაუწესო, მაგრამ არა ასეთი...

ასევე ცოტა სასაცილოა ამხელა კომპანიას დემპინგურ ფასებში ადანაშაულებდე, გადახედეთ კომპანიის ბიუჯეტს და მიხვდებით ბრალდების აბსურდულობას. იმედია, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავის დადებით გავლენას მოახდენს ზოგადად ბიზნესგარემოსა და ამ მნიშვნელოვანი საკითხისადმი მიდგომებში. ბიზნესმენმა უნდა იცოდეს, რომ ბაზარზე უპირატესობის მოპოვება მხოლოდ კეთილსინდისიერი კონკურენციით მიიღწევა და არა რაღაც კულუარული გარიგებებით.