ექსპერტები "ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედისა" და შპს "თ & რ დისტრიბუშენისთვის" დაკისრებული 100 მლნ დოლარზე მეტი ჯარიმის გაუქმებას სასამართლოს გაჯანსაღებით ხსნიან - კვირის პალიტრა

ექსპერტები "ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედისა" და შპს "თ & რ დისტრიბუშენისთვის" დაკისრებული 100 მლნ დოლარზე მეტი ჯარიმის გაუქმებას სასამართლოს გაჯანსაღებით ხსნიან

"ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედისა" და შპს "თ & რ დისტრიბუშენისთვის" დაკისრებული 100 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმის გაუქმებას ეკონომიკის ექსპერტები სასამართლოს გაჯანსაღებით ხსნიან. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები იმის ნათელი მაგალითია, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმ მოსამართლეთა კვალიფიკაცია, რომლებიც ბიზნესის დავებს განიხილავენ.

მათივე შეფასებით, ეს გადაწყვეტილებები მიანიშნებს, რომ სასამართლო არის აბსოლუტურად მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებისას, ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონმდებლობის თანახმად და არ რეაგირებს ცალკეულ გავლენებზე.

ეკონომიკის ექსპერტის აკაკი ცომაიას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვებს ნამდვილად ბადებდა, რადგან კანონი დემპინგის შესახებ საქართველოში არ გვაქვს და აქედან გამომდინარე, ძალიან საეჭვო იყო ის გადაწყვეტილება, რაც საქალაქო სასამართლომ გამოიტანა.

"ფილიპ მორისი" მსოფლიო ბაზარზე ცნობილი კომპანიაა და საკმაოდ დიდი რეიტინგი გააჩნია, აქედან გამომდინარე, მის წინააღმდეგ უსამართლო მოქმედება და უსამართლო განჩინება ან მისი გადევნება ბაზრიდან საქართველოს იმიჯსაც დააზარალებს და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო გარემოსაც, რადგან მომავალში ეს აუცილებლად აისახება ეკონომიკის ზრდაზე. კარგია, რომ სააპელაციო სასამართლომ ქვეყნისთვისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის საზიანო გადაწყვეტილება გარკვეულწილად, გარკვეული დოზით სცადა და გამოასწორა", - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

აღნიშნული საქმე შეისწავლა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ", ორგანიზაციის იურისტის გია გვილავას განცხადებით, საქმეში ძალიან ბევრი დარღვევა იყო, რამაც გააჩინა ეჭვის საფუძველი, რომ ერთი მხრივ, შეიძლება ყოფილიყო არაკომპეტენტურობა და ჩვეულებრივი სამართლებრივი ხარვეზი. მისივე თქმით, შეცდომა სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით გამოსწორდა.

"ორივე შემთხვევაში საუბარი იყო იმაზე, რომ კომპანიები ბაზარზე არიან მონოპოლისტები. თუმცა,საქართველოში მონოპოლიური მდგომარეობა არ იკრძალება და არც დომინირებული მდგომარეობა. მაგრამ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კომპანიას შეიძლება სანქცია დაეკისროს, ეს არის დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევა, მაგრამ ამისთვის სასამართლომ უნდა დაადგინოს არის თუ არა დომინირებული მდგომარეობა, რომელსაც დამოწმება სჭირდება და დადგენა, არის თუ არა ბოროტად გამოყენების ფაქტი. ჩვენი კონკურენციის კანონმდებლობა არის გადმოღებული ევროკავშირის კანონმდებლობიდან, ეს არის სტანდარი ევროკავშირის და იქ არსებობს უზარმაზარი სასამართლო პრაქტიკა და ყველა შემთხვევაში, პირველ რიგში, ხდება იმის დადგენა, არის თუ არა კომპანია დომინირებულ მდგომარეობაში და არის თუ არა ბოროტად გამოყენებული მდგომარეობა. ამას მხოლოდ იურისტი ვერ დაადგენს, ამას სჭირდება სპეციალისტი, რომელიც გამოთვლის კომპანიის წილს ბაზარზე, შემდეგ კი იმას შეფასება არის თუ არა დარღვევა", - აღნიშნავს გია გვალავა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება "ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედისა" და შპს "თ & რ დისტრიბუშენისთვის" 100 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმის დაკისრებაზე გააუქმა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა ვალერიან ცერცვაძის თავმჯდომარეობის დროს დაიწყო და მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნის შემდეგ დასრულდა. მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ 29 მაისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 12 წევრის მხარდაჭერით დაინიშნა.

"ინტერპრესნიუსი"