ფერმერები - ”იმპორტით” - კვირის პალიტრა

ფერმერები - ”იმპორტით”

მალე საქართველოში შესაძლოა აფრიკული ფერმები გაჩნდეს, სადაც იქაური თეთრი ემიგრანტების, ბურების შთამომავლები საქონელს მოაშენებენ და აფრიკულ ბოსტნეულსაც დათესენ. მერე მოწეულ მოსავალს ადგილობრივ ბაზარშიც გაყიდიან და საქმე კარგად თუ წაუვიდათ, ექსპორტითაც გაიტანენ. ბურების საქართველოში ჩამოსახლების იდეა სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაიას გაუჩნდა და იქაურ ფერმერებთან მოსალაპარაკებლად სამხრეთ აფრიკაშიც ჩავიდა.

ქართველ ფერმერებს მიწის დასამუშავებლად და ფერმერული მეურნეობების მოსაწყობად ფული არ აქვთ. წვრილი ფერმერული მეურნეობების გაერთიანებასაც საშველი არ დაადგა. ნათესებს მორწყვა სჭირდება, ერთი ჰექტარის მორწყვა კი 70 ლარამდე ღირს, ხოლო საკუთარი სარწყავი დანადგარის ყიდვა ძვირი ჯდება. ფერმერებს მოსავალს ან გვალვა უნადგურებს, ან სეტყვა, ხანაც კალია ან თაგვი, ამიტომ ბევრმა გლეხმა მიწაზე ხელი აიღო.

შესაბამისად, ქვეყანა თავისი მოსახლეობის სურსათით მომარაგებას ვერ ახერხებს და კვლავაც იმპორტულ პროდუქტზეა ჩამოკიდებული. მთავრობაში ფიქრობენ, რომ ამ პრობლემის სიმწვავე შესაძლოა ბურებმა შეარბილონ, რომლებიც სოფლის მეურნეობაში ჩადებენ ინვესტიციებს და საკუთარ მეურნეობებს სამხრეთ აფრიკიდან საქართველოში გადმოიტანენ.

ძირითადად ჰოლანდიიდან აფრიკაში XIX საუკუნეში ჩასახლებულ თეთრ ემიგრანტებს დღეს სამხრეთაფრიკელები ავიწროებენ. იქაურმა აბორიგენებმა ლამის ნაციონალიზაცია დაიწყეს და ჰოლანდიელ ემიგრანტთა შთამომავლებსაც შექმნილი ვითარება აშფოთებთ, მრავალი მათგანი უკვე წავიდა სხვა ქვეყნებში.

აპარტეიდის რეჟიმის დასრულების შემდეგ, როცა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შავკანიანთა ხელისუფლება მოვიდა, 3 ათასი თეთრი ფერმერი მოკლეს. შევიწროებამ ისეთი ფორმა მიიღო, რომ ბურებს შესაძლოა დღეისთვის კუთვნილი მიწებიც დაატოვებინონ. თეთრკანიანი აფრიკელები გასაქცევს ეძებენ და ასეთ დროს თავშესაფარი შესაძლოა საქართველოშიც იპოვონ. პაპუნა დავითაია აგვისტოში ფერმერთა ადგილობრივი ორგანიზაციის შეკრებაზე საგანგებო მემორანდუმით მივიდა.

მემორანდუმის ტექსტი ასე იწყება: "ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნისა და მისი ხელმძღვანელობისთვის და გთხოვთ, აკურთხოთ მათი და ჩვენი გადაწყვეტილებები..."

აფრიკელების 15-კაციანი დელეგაცია ქართული მხარის მოწვევით 29 სექტემბერს 41 ათასი ოჯახის სახელით ჩამოვიდა. ბურებს პომპეზურად დახვდნენ. სტუმრებს ქართული პოლიციის მუშაობა თვით შინაგან საქმეთა მინისტრმა გააცნო. აფროჰოლანდიელს მანქანის ნომერი, რომელზეც მისი სახელი იყო დატანილი, ვანო მერაბიშვილმა საჩუქრად თავად გადასცა და დაამატა, რომ სამხრეთ აფრიკისგან განსხვავებით, მართვის მოწმობის აღებას საქართველოში ერთი დღე სჭირდება.

"ჩვენ ახალი ოცნებებისა და თავისუფლების ქვეყანა ვართ, - ასე უხსნიდა მერაბიშვილი სტუმრებს, - მართვის მოწმობა პირადობის მოწმობადაც გამოგადგებათ". სპორტის მინისტრმა ბურ სტუმრებთან რაგბი ითამაშა, კიდევ ორი მინისტრი - ბაკურ კვეზერელი და პაპუნა დავითაია ფერმერების თამაშს ტრიბუნიდან გულშემატკივრობდა. მეორე დღეს ბურებს არანაკლებ გასართობი მოგზაურობა ელოდათ. ისინი კახეთში სანდრა რულოვსთან ერთად რთველში წაიყვანეს. საფერავიც დაალევინეს, ყურძენიც დააწურინეს. ისეთი მასპინძლობა გაუმართეს, 41 ათასი კი არა, მგონი მთელი სამხრეთ აფრიკა საქართველოსკენ გამოეშუროს.

როგორც იდეის ავტორი ამბობს, ბურებს ფერმერობის დიდი გამოცდილება აქვთ, საქართველოში შესაძლოა ახალი კულტურებიც შემოიტანონ და კარგი იქნება, თუ აქ ფერმერულ მეურნეობებს მოაწყობენ. ბურები აზიურ და ევროპულ ბაზრებთან ახლო ადგილებს ეძებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ბურებს ბევრი ადგილი აჩვენეს და ახლა მათ დაინტერესებას ელოდებიან.

ნიკა ავალიანი (დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე): "ჩვენ ადგილები ვაჩვენეთ და ახლა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, გადმოიტანენ ბიზნესს თუ არა. სამხრეთ აფრიკაში ხორცის ინდუსტრია კარგადაა განვითარებული, მესაქონლეობაში დიდი გამოცდილებაც აქვთ და დიდი ფერმერული მეურნეობებიც. ბევრი ბური აფრიკიდან ავსტრალიაში, კანადაში წავიდა და იქ დიდი ფერმები გამართეს. რატომ არ შეიძლება, ჩვენთან წამოვიდნენ? სამხრეთ აფრიკა 24-ე ადგილზეა ეკონომიკური ზრდის მიხედვით, მართალია, სოფლის მეურნეობის წილი 4%-ზე მეტი არ არის, მაგრამ ეკონომიკის მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, ეს მაინც მაღალი მაჩვენებელია.

ადგილობრივი ფერმერები ხორცითა და ბოსტნეულით მთლიანად აკმაყოფილებენ ქვეყნის 50-მილიონიან მოსახლეობასაც და 10 მილიონ ტურისტსაც, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში ყოველწლიურად ჩადიან. ჩვენს სოფლის მეურნეობას წინ წასწევენ. სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში ამჟამად 8%-ია, თუ ჩამოვიდნენ და მეურნეობა ააწყვეს, 20%-მდე გაიზრდება. თითო რეგიონში თითო დღე იყვნენ, რომელ რეგიონში სურთ, ჯერ არ უთქვამთ. ახლა საუბარი მიმდინარეობს, ვის რა სფერო აინტერესებს. მსხვილი ფერმები შეუძლიათ შექმნან მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მებოსტნეობის მიმართულებით. ქართულ ცხვარზე დიდი მოთხოვნაა აზიის ბაზრებზე, ქართული თხილი კარგად გადის უცხოეთში.

- თანხები აქვთ, აქ ფერმები რომ მოაწყონ?

- ალბათ ექნებათ. მაგისი იმედი გვაქვს. იქაური ფერმები ჩვენისგან განსხვავდება, დიდი ბიზნესები აქვთ. დიდი ბრუნვებით.

- ფერმერებს ალბათ ოჯახებით ჩამოსვლა მოუწევთ, დიდი ფერმის მოსაწყობად საკმაოდ დიდი ფართობი დასჭირდებათ. იჯარით აიღებენ მიწებს თუ საკუთრებაში გადაეცემათ?

- ამაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს. აფრიკელი ფერმერები ზოგჯერ ოჯახებით ჩადიან საცხოვრებლად, შესაძლოა მეურნეობა დანიშნული მენეჯმენტითაც მართონ. ძალიან დიდი ძროხები ჰყავთ. ისეთი განვითარებული მეურნეობები აქვთ, რომ საკუთარი ლაბორატორიებიც აქვთ მოწყობილი, სადაც საქონლის ჯიშები გამოჰყავთ. შეჯვარება შეუძლიათ და იციან, საქონლის რომელი ჯიშები მოიდგამს ფეხს კარგად საქართველოში.

სამხრეთ აფრიკაში საქონლის ბევრნაირი დაავადებაა, რომელთა გადამტანი მწერებია. ასეთი დაავადებები ჩვენთან არ არის. თან კრიმინალის დონე იქ მაღალია. იქ თუ მომგებიანი მეურნეობები გააკეთეს, აქ მით უმეტეს, უკეთესი შედეგი ექნებათ.

საშუალო ზომის ფერმას იქ 50-100 ჰექტარი უკავია, მესაქონლეობის ფერმებს კი 200-300 ჰექტარი უჭირავთ, რომლის შედარებით მცირე ნაწილია ვარგისი. ჩვენთან კი უფრო ნაკლები ფართობები დასჭირდებათ, რადგან აქ 10-დან 9 ჰექტარი ვარგისია.

- მთავრობისგან შეღავათებს თუ მიიღებენ?

- საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობის სფეროში პირველად წარმოებას ისედაც აქვს. შეღავათიანი რეჟიმია ექსპორტიორებისთვისაც. სამხრეთ აფრიკაში დიფერენცირებული გადასახადები აქვთ - საშემოსავლოს ბრუნვის მიხედვით იხდიან, დღგ 14%-ია, ჩვენზე დაბალი, მაგრამ სამაგიეროდ სხვა უამრავი გადასახადი აქვთ - ბუნების დაცვის, სოციალური და სხვ. თანაც ჩვენთან ლიცენზიის აღება არ სჭირდებათ, ბიზნესის დაწყებაც ადვილია.

რამდენად მალე იქნება გამოხმაურება, ჯერ არ ვიცით. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენთან დიდი ფერმები გაკეთდეს".

გიორგი სადუნიშვილი (ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში, "მერსი კორპის" წარმომადგენელი საქართველოში): "თუ ბურები საქონლის ახალ ჯიშებს შემოიყვანენ, კარგი იქნება. რადგან ადგილობრივი ძროხის ჯიშებით მაღალი პროდუქტიულობის მიღწევა შეუძლებელია. თუ კარგი საქონელი ეყოლებათ და დიდ ფერმებს გააკეთებენ, კარგი ბიზნესი იქნება. აქ საკვებიც, ალბათ, უფრო იაფი დაუჯდებათ. მესაქონლეობის ბიზნესის აწყობას უფრო მეტი დრო უნდა, რამდენიმე წლის შემდეგ იძლევა შედეგს. მებოსტნეობის ბიზნესის აწყობა გაცილებით იოლი იქნება.

ქართველ გლეხს მეურნეობის აწყობა უჭირს. იმის გამო, რომ კარგი სათესლე მასალა არ აქვს და არც ყიდულობს, ისევ ურჩევნია, საკუთარი მოწეული კარტოფილი გამოიყენოს სათესლედ, ვიდრე კარგი სათესლე მასალა იყიდოს, რომელიც გაცილებით მეტ მოსავალს მისცემს. მაგრამ გლეხს ვერ დაარწმუნებ, რომ უმჯობესია ნახევარი დაამუშაოს, კარგი კარტოფილი დათესოს და მეტი აიღოს. ისევ ძველი მეთოდებით ურჩევნია მიწის დამუშავება. არადა, პოტენციალი აქვს, რადგან ჩვენი მიწაა კარგი, მაგრამ ვერ ვიყენებთ. ბევრი ნაკვეთი დასამუშავებელი რჩება.

ადგილობრივად მოწეული კარტოფილი მოთხოვნილების 40-45%-ს თუ აკმაყოფილებს, დანარჩენი იმპორტით ივსება. ასეა სხვა სეგმენტებშიც. გლეხებს რომ სცოდნოდათ, ნიორზე ასეთი ფასი ექნებოდა, ყველა დათესავდა, მაგრამ წინა წლებში ზოგიერთი ბოსტნეული ისეთი იაფი იყო, მოყვანა აღარ უღირდათ. მაგალითად, კიტრის, პომიდვრის მოყვანა გასაყიდ ფასზე უფრო ძვირი ჯდება. ადგილობრივ მოხმარებაში დიდი სივრცეა და შესაძლოა ის ინვესტორებმა შეავსონ".

ციფრების ენით

- საქართველოს მოსახლეობის 53% დღეს სოფლად ცხოვრობს. სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულია მოსახლეობის 40%.

- ადგილზე შექმნილი აგროპროდუქციის წილი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ია.

- შიდა ბაზრის მოთხოვნას ადგილობრივი აგროპროდუქცია 12%-ით აკმაყოფილებს.

ნონა ქვლივიძე