რატომ შემცირდა კარტოფილის მოყვანა? - კვირის პალიტრა

რატომ შემცირდა კარტოფილის მოყვანა?

"სათესლე კარტოფილი გაძვირდა, მისმა მოსავლიანობამ კი დაიკლო"

ნებისმიერი დიასახლისი დაგიდასტურებთ, რომ პური და კარტოფილი, რამდენიმე სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტთან ერთად, ყოველდღიური საკვები რაციონის მნიშვნელოვან წილს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ მარტში წლიურმა ინფლაციამ ქვეყანაში თითქმის 14% შეადგინა, ანუ ფულის მსყიდველობითი უნარი დაეცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ უფრო მეტად ის პროდუქტი გაგვიძვირდა, რომელსაც ყველაზე ხშირად მოვიხმართ. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2004 წელთან შედარებით, ქვეყანაში ფასები 60-85%-ით გაიზარდა. თუმცა დამოუკიდებელი ეკონომიკური ექსპერტები და რიგითი მომხმარებელიც ფიქრობენ, რომ ეს ციფრი უფრო მაღალია და ზოგ შემთხვევაში 300-500%-ს აღწევს.

კარტოფილის ფასებს თუ გადავხედავთ, 2004-2005 წლებში 1 კგ კარტოფილი 30-40 თეთრი ღირდა, დღეს კი საცალო ქსელში 1 კგ 1,50-1,60 ლარად იყიდება. იმ წლებში  ერთ ტომარა შაქარს 25 ლარად იყიდდით, დღეს კი მისი ფასი დაახლოებით 100 ლარია (ანუ 400%-ით მეტი). იმავე პერიოდთან შედარებით დაახლოებით სამჯერაა გაძვირებული პურის ფქვილი, გამომცხვარი პურის ფასმა 30-40 თეთრიდან 65-80 თეთრამდე მოიმატა. პურის გაძვირება ქვეყანაში ლამის პოლიტიკის რანგში აყვანილი საკითხია, ამიტომ ხელისუფლება ყველა ღონესა და ბერკეტს იყენებს, რომ ქვეყანაში პურის ფასი ინფლაციასთან ერთად არ ავარდეს.

სამომხმარებლო კალათა, რომლის მიხედვითაც სტატისტიკის სამსახური ინფლაციასა და ფასების დონის ზრდას ანგარიშობს, 266 დასახელების სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას ითვლის. ინფლაციის ბოლო მაჩვენებელში ყველაზე მაღალი წილი კარტოფილის უჭირავს, შემდეგ მოდის პური, ზეთი, ლობიო, ხორცი, წიწიბურა, საწვავი და მედიკამენტები. სამომხმარებლო კალათში ხვედრითი წილით კარტოფილი მეშვიდე პოზიციაზეა, პირველი ადგილი პურს უჭირავს.

შარშან ქვეყანაში კარტოფილის მოსავალი რეკორდულად დაბალი იყო და ადგილობრივი მოთხოვნის მხოლოდ 40%-ის დაკმაყოფილება შეძლო. მოსავალი ძირითადად უამინდობამ გააფუჭა, თუმცა გლეხებისა და მსხვილი ფერმერების განმარტებით, მოუსავლიანობას უხარისხო შხამ-ქიმიკატები, სასუქი და სათესლე მასალაც განაპირობებს. წალკისა და ახალქალაქის მოსახლეობას, სადაც კარტოფილის ყველაზე უხვი მოსავალი მოდის, ეჭვი აქვთ, რომ კარტოფილის ადგილობრივი წარმოების შემცირება მიზანმიმართულად ხდება, რათა ბაზარი მთლიანად იმპორტირებულმა დაიკავოს _ ძირითადად სომხეთიდან, თურქეთიდან და ირანიდან შემოტანილმა ბოსტნეულმა. კარტოფილის მცირე მოცულობით ექსპორტითაც გადის, უმეტესად აზერბაიჯანში.

შარშანდელი მონაცემებით, კარტოფილი ქვეყანაში დაახლოებით 20 ათას ჰექტარზე იყო დათესილი. კარგი მოსავლის შემთხვევაში ჰექტარზე 30-40 ტონა მოსავალი უნდა მოვიდეს. მაგრამ მიზეზთა გამო, წლეულს კარტოფილის ნათესები მნიშვნელოვნად შემცირდება.

გედევან გოზალიშვილი (სათესლე და სასურსათო კარტოფილის მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარე): "ვალეშიც კი ადგილობრივი სასურსათო კარტოფილის მარაგები რეკორდულად მცირეა, ამის გამო 1 კილოგრამი კარტოფილის საბითუმო ფასი ძალიან მაღალია და აქვე ღირს 1,25-1,30 ლარი. რაც შეეხება სასურსათო კარტოფილს, ჰოლანდიიდან შემოტანილი თესლის ფასი კილოგრამზე 2,75 ლარია. სათესლე კარტოფილის ფასიც გაზრდილია, შარშან იმავე კარტოფილის თესლი 2,45-2,50 ლარი ღირდა. საქართველოში კარტოფილის თესლის გამოყვანა არ ხდება, რადგან შესაბამისი ტექნოლოგიები არ არის. ფაქტია, რომ 5-7 წლის წინ ჰოლანდიიდან შემოტანილი კარტოფილის სათესლე ფრაქცია გაცილებით უფრო დიდ მოსავალს იძლეოდა, ვიდრე ახლა. თუ წლების წინ 1 ჰექტარზე 40 ტონამდე კარტოფილის მოყვანა შეგვეძლო, ახლა 20 ტონა თუ მოვიყვანეთ, ისიც გვახარებს. ალტერნატივაც არ გვაქვს. სათესლე კარტოფილი ქვეყანაში სულ რამდენიმე კომპანიას შემოაქვს და ისიც მხოლოდ ჰოლანდიიდან.

ვალეს მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ წლეულს კარტოფილის ნათესები კიდევ უფრო შემცირდება. მოხდა ისე, რომ კომბოსტოს ფასი წლეულს მნიშვნელოვნად გაიზარდა და თითქმის გაუტოლდა კარტოფილის ფასს. დიდი შეკვეთა იყო უკრაინიდან. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა წლეულსაც კომბოსტოს მოყვანა გადაწყვიტა. ვფიქრობ, კარტოფილზე არსებული ფასი მომავალშიც შენარჩუნდება".

(სპეციალურად საიტისთვის)