საქართველო - 112, სომხეთი - 113, ანუ რეიტინგი, რომელიც იმედს არ იძლევა - კვირის პალიტრა

საქართველო - 112, სომხეთი - 113, ანუ რეიტინგი, რომელიც იმედს არ იძლევა

მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი), ანუ ცხოვრების დონის საზომი - ამ მონეცემებით საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის, მაგალითად აზერბაიჯანს ბევრად ჩამორჩება, სომხეთს კი მხოლოდ ერთი ადგილით უსწრებს. ეკონომიკური კვლევების ცენტრმა "რია-ანალიტიკმა" მსოფლიო ქვეყნების მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის რეიტინგი გამოაქვეყნა. ამ რეიტინგის მიხედვით საქართველო 180 ქვეყანას შორის 112 ადგილზეა, 113 ადგილზეა მეზობელი სომხეთი, აზერბაიჯანი კი მე-80 პოზიციაზე იმყოფება.

როგორც რეიტინგიდან ირკვევა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნები ყატარი (88 383 დოლარი მშპ ერთ სულზე), ლუქსემბურგი (81 383 დოლარი) და სინგაპური (56 522 დოლარი) არიან. მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ამერიკა მე-7 ადგილზე დგას - 47 284 დოლარი მშპ–თი თითოეულ მოქალაქეზე.

ოფიციალურ სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, საქართველოს ეკონომიკა იზრდება და შესაბამისად იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტიც. მაგალითად, გასულ წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ სტატისტიკის თანახმად 6,4% შეადგინა, მიმდინარე ფასებში კი მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2 629 დოლარია.

ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში: "ეს მონაცემები, რომლებიც ამ რეიტინგის მიხედვით გამოქვეყნდა, რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის არ არის სახარბიელო. დაახლოებით 2 700 დოლარამდე ნომინალური წლიური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, ძალიან მცირე მაჩვენებელია და ფაქტობრივად ეს არის საშუალოზე უფრო დაბალი შემოსავლების ქვეყნების ჯგუფი. მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლიდან ჩვენს ქვეყანაში იყო ეკონომიკური ზრდა (რა თქმა უნდა თუ არ ჩავთვლით 2008-2009 წლებს), ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ მიგვეღწია თუნდაც აზერბაიჯანის, ყაზახეთის და უკრაინის დონემდე. ჩამოთვლილი ქვეყნები მიჩნეულია უფრო მაღალი შემოსავლის მქეონე ქვეყნებად და ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ბევრად უფრო უკეთ იყენებენ იმ რესურსებს და იმ ეკონომიკურ პოტენციალს, რომელიც მათ გააჩნიათ და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში, ამ ქვეყნებთან შედარებით უფრო მაღალია.

ის, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის მშპ-ს ოდენობით წინ ვუსწრებთ მხოლოდ სომხეთს, ხოლო სომხეთი, მოლდოვა და შუა აზიის რამდენიმე ქვეყანაა ამ რეიტინგში ჩვენს შემდეგ, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უახლოესი წლების განმავლობაში გვჭირდება საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იმისათვის, რომ დავეწიოთ აზერბაიჯანს, გადავასწროთ უკრაინისა და ბელორუსიის მაჩვენებელს და დავწინაურდეთ ამ რეიტინგში, როგორც მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყანა. ცხადია, ჩვენი ზრდის პარალელურად სხვა ქვეყნების ეკონომიკებიც გაიზრდება, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის მინიმუმ 8-9%-იანი ზრდა ყოველწლიურად, იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად წავიწიოთ წინ.

აზერბაიჯანის მაღალ მაჩვენებლებს რაც შეეხება - ეს, რა თქმა უნდა, ნავთობით არის განპირობებული, რადგან აზერბაიჯანის ეკონომიკის უდიდესი შემოსავალი ნავთობის სეგმენტიდან მიიღება. სწორედ ეს არის განმაპირობებელი იმისა, რომ ეს ქვეყანა მშპ-ს რეიტინგში საკმაოდ წინ გვისწრებს.

რაც შეეხება რუსეთს, ყაზახეთსა და უკარინას, ისინიც ასევე დიდი რესურსების მქონე ქვყნებია, და ამ რსურსების სათანადოდ ექსპორტირებით იღებენ ბევრად უფრო მეტ შემოსავალს. ეს ყველაფერი აისახება მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაზე, რომელიც შემდეგ მოსახლეობის რაოდენობაზე გაყოფით გვაძლევს მშპ-ს ოდენობას ერთ სულ მოსახლეზე.

იმისათვის, რომ კარგად განვითარებადი ქვეყნების გვერდით დავდგეთ ამ რეიტინგში, ერთ სულ მოსახლეზე გვჭირდება, რომ ნომინალური შემოსავალი დაახლოებით 9 000 დოლარზე მეტი გვქონდეს. ეს არის მსოფლიოს საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე. როგორც ხედავთ, ამ მაჩვენებელს ჯერ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით."

(სპეციალურად საიტისთვის)