წარსულში დარჩენილი ვაჟკაცობა? - კვირის პალიტრა

წარსულში დარჩენილი ვაჟკაცობა?

ამ საღამოს უსიამო ამბავს შევესწარი, გალეშილი, ყოფილი პატიმრის (როგორც მერე გავიგე) ხულიგნობას. მხოლოდ მისმა საქციელმა კი არა, ფაქტის შემსწრე საზოგადოების გულგრილობამ და ხულიგნის მიმართ ხალხის შემწყნარებულობამ გამაოცა. მთვრალი მამრობითი სქესის არსება ახალგაზრდა ქალს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა იმის გამო, რომ მისგან გაცნობაზე და ტელეფონის ნომრის მიცემაზე უარი მიიღო. ხალხი აღელვებულ ქალს მოუწოდებდა ხულიგნისთვის შეენდო დანაშაული, მთვრალია და ეპატიებაო. დაზარალებული იძულებული გახდა პოლიციისთვის ეხმო დასახმარებლად. მოსეირეებმა ამის გამო ქალის საქციელი დაგმეს, კაცი ციხიდან ახალი გამოსულია და რას უპირებ, გინდა, ისევ ციხეში დააბრუნონო? საბედნიეროდ, იმ ქალის პრინციპულობა ვერანაირმა შეგონებამ ვერ გატეხა. შეურაცხყოფილმა საკადრისად მოითხოვა ხულიგნის დასჯა.

რა გვჭირს? ზნე სულ წაგვიხდა? ზოგი საკუთარ დედას იგინება, ზოგიც სხვას აგინებს და დანარჩენები მაგინებლებს იცავენ? ნუთუ წინათაც ასეთები ვიყავით? მომხდარმა იმდენად იმოქმედა ჩემს განწყობაზე, რომ პოზიტიური განცდებისთვის ჩემს საინფორმაციო სკივრში ქართველთა ვაჟკაცობის ამბები ამოვქექე. ვფიქრობ, სანაქებო ადამიანების შესახებ ხშირად უნდა ვწერო, რომ მათი მაგალითი გადამდები აღმოჩნდეს სხვებისთვის.

ბევრმა არაფერი იცის სპირიდონ (კეჭოუკა) გოცირიძის შესახებ, რომელმაც გულჩვილობის გამო თოფის ხელში აღებაზე და ომში ბრძოლაზე უარი თქვა, მაგრამ იაპონელ ფალავნებს სახალხოდ აჭამა სირცხვილი.

დიახ, 1905 წელს, ბედის უკუღმართობით იაპონელებთან მოხვედრილ რაჭველ მეპურეს ორი, იმ დროისთვის ცნობილი ძიუდოისტი თვალის დახამხამებაში გაუკრავს ტატამზე. ამ ამბავს შესწრებია რუსულ გარნიზონში სამბოს დამამკვიდრებელი ანატოლი ხარლამპიევი და აღფრთოვანებულს მემუარებში ჩაუწერია: "მე გახლდით პორტ-არტურში, სადაც ქართველი მოჭიდავის ჩატარებული საოცარი ილეთები ვნახე".

ხარლამპიევის მემუარებში ერთი პატარა აბზაცით გადმოცემულ სპირიდონის თავგადასავალს საქართველოში ძებნას არავინ დაუწყებდა, რომ არა ერთი შემთხვევა: ჩემს კოლეგას, მიხეილ ლაბაძეს, რამდენიმე წლის წინ ბებია გახდომია ავად და საავადმყოფოში დაუწვენიათ. მოსიყვარულე შვილიშვილი თურმე ყოველდღე აკითხავდა მოხუცს. ერთ დღესაც მიხეილს უთქვამს, წავედი ახლა, კარატეზე მაგვიანდებაო. ეგ კარატე რაღააო, - უკითხავს ბებიას და შვილიშვილსაც ორიოდე სიტყვით განუმარტავს, იაპონური საბრძოლო ხელოვნებააო. იაპონიის ხსენებაზე გვერდით საწოლიდან მოხუცს წამოუწევია თავი: "რაო, იაპონიაო? ბოშო, ეგ იაპონელი მებრძოლები ჩემმა ძამია კეჭოუკამ რაჭული ჭიდაობით ცხვირ-პირით გააკრა მიწას და პირები დააფჩენიაო", და ქალბატონ ანეტას წვრილად უამბია სპირიდონ გოცირიძის ამბავი.

მიხეილ ლაბაძე: - ქალბატონი ანეტა სპირიდონის ერთადერთი და ყოფილა. სპირიდონ (კეჭოუკა) გოცირიძე ზემო რაჭაში დაბადებულა. ბავშვობიდანვე ღონიერს, მაგრამ მშვიდსა და ალალს არასდროს ჰქონია პრობლემები, თუმცა, ბედს ერთ დღეს რუსის ჟანდარმთან შეუხვედრებია... 1904 წელს ქუთაისში საქმეზე ჩამოსულა კეჭოუკა. ეს ის დრო იყო, რუსები განსაკუთრებული სიფრთხილით რომ აკვირდებოდნენ ამბოხისა და წინააღმდეგობის მოყვარულ ქართველებს, რომელთაც რუსულ ჯარში სამსახური არ სურდათ. მოკლედ, დაინახეს ჟანდარმებმა შუა ქუჩაში ზანტად მომავალი ახოვანი ბიჭი, რომელიც ერთ ჭამაზე ერთ ხარს შეჭამდა. დაუძახეს: "მოდი, ერთი ჭიქა არაყი დაგვილიეო. პირველ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და დაათვრეს კეჭოუკა. როგორც ჩანს, არაყში რაღაც გაურიეს. რომ გამოიღვიძა, უკვე გვიანი იყო - მატარებელში იჯდა და ხელფეხშეკრული თბილისისკენ მიჰყავდათ...

მაშინ იაპონიას ექიშპებოდა რუსეთის იმპერია, ამ ომში კი არა მხოლოდ ქართველებს, კაზაკებსაც არ სურდათ წასვლა - იაპონელ სამურაებს კაციჭამიების სახელი ჰქონდათ გავარდნილი.

მიუხედავად იმისა, რომ კეჭოუკა ჟანდარმების ტყვე იყო, ჯარისკაცობაზე ვერ დაუყოლიებიათ. იმდენი მოუხერხებია, რომ პორტ-არტურში ძალით გაგდებული რუსი გენერლის - ანატოლი სტესელის პირადი მზარეული გამხდარა. 1905 წლის 5 იანვარს პორტ-არტური სწორედ სტესელმა ჩააბარა იაპონელებს და კაპიტულაციაზე მოუწერა ხელი... ამის შემდეგ იაპონელმა გენერალმა ჰეიჰატირო ტოგომ (ძიუდოისტიც იყო) სტესელს უთხრა: თუ თქვენს გარნიზონში არიან ჯარისკაცები, რომლებსაც ჭიდაობა ეხერხებათ, ჩვენებურ ძიუდოისტებს შევაჯიბროთო" (ძიუდო ახალი "ხილი" იყო იმ დროს და ყველა იაპონელი ძიგორო კანოს, ძიუდოს შემქმნელის სახელს ფიცულობდა). სტესელიც რას ეტყოდა, დაბეჩავებული და უფლებააყრილი, სული კინაღამ გაეპარა, მაგრამ დათანხმდა. მოკლედ, გამოიყვანეს იაპონელებმა ძიუდოისტი, კოდოკანის (ძიუდოს მთავარი სკოლაა) მოსწავლე ვაკაბაიაში ტარო და კი წააქცია თორმეტი რუსის ფალავანი"... ჩამოყარა თურმე ყურები სტესელმა. ამ დროს მისი პირადი მზარეული კეჭოუკა იქვე, სახელდახელო თონეში პურს აცხობდა და დაინახა, როგორ ჭიდაობდნენ ჯარისკაცები. ჯერ ზანტად მოიჩრდილა ხელი, გახედა, მერე "წერეთელმა დაგვიბარას" ღიღინით გაემართა ჭიდაობის საყურებლად, მაგრამ ახლოს მისული დაღონდა: გოუთავებიათ უკვეო."

უკან გაბრუნება რომ დააპირა, თვით დიდმა ჰეიჰატირომ მოჰკრა თვალი და - ეს ფალავანი ვინააო? - იკითხა თურმე. - რა ფალავანი, მზარეულია და ისეთი კაცია, თოფი ვერ ავაღებინეთ ხელშიო, - უპასუხეს კაზაკებმა. ჰეიჰატირო კეჭოუკას დაეწია და ჰკითხა: ჭიდაობა იციო?" თან ხელით ანიშნა. კიო, - თავი დაუქნია კეჭოუკამ.

ჰოდა, აბა, ამას თუ წააქცევო, -ღიმილით ტაროზე მიუთითა ჰეიჰატირომ. კეჭოუკა დინჯად შესულა წრეში, დასჭიდებია ტაროს, უცებ გამოუდვია სარმა და ძირს დაუცია.

წამომხტარა ტარო, ეგ რა გამიბედაო, - მაგრამ ჰეიჰატიროს თვალით უნიშნებია, გაჩერდიო, წრეში კი იმაზე უფრო ძლიერი ძიუდოისტი, თვით ძიგორო კანოს "უჩიდეში" (მოსწავლე, რომელიც მწვრთნელის სახლში ცხოვრობს), ჯიუნიტირო ტორიგაი შეუგდია. ახლა ტორიგაი ეკვეთა თურმე რაჭველს და კისრულის ჩატარება დაუპირა, მაგრამ კეჭოუკამ კონტრილეთით ისიც ძირს დასცა, მერე კი რაჭული სიმშვიდით თონეში პურის საცხობად გაბრუნდა...

ჰეიჰატირო აღფრთოვანებულა ვაჟკაცი გადამთიელით, კაზაკებისთვის დამცინავად გადაუხედავს: წადით, თქვენი ასე და ისე, თქვენ მეომრები უნდა გერქვათ და ამას მზარეულიო? და კეჭოუკასთან მისულა მოწიწებით.

ეხვეწა, ემუდარა თურმე იაპონელი ქართველს, კოდოკანში შემოდი და იაპონიაში ყველაფერი გექნებაო, მაგრამ ვერაფერი გააწყო - სპირიდონს მშობლიურ რაჭაში დაბრუნებაზე მეტად არაფერი უნდოდა.

კეჭოუკა 1905 წლის ზაფხულში დაბრუნდა რაჭაში და მოგვიანებით თავგადასავალი შვილებს უამბო.

სამწუხაროდ, ქალბატონი ანეტაც 1995 წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისგან მხოლოდ ეს ამბავი და კეჭოუკას ფოტო დამრჩა. სპირიდონს ვაჟები ჰყოლია - პროკოფი და ბესარიონი, თავისნაირი ვაჟკაცები; მეორე მსოფლიო ომში დაკარგულან. არ ვიცი, რომელიმეს დარჩა თუ არა მემკვიდრე. სამწუხაროდ, ვერ მივაგენი, ანეტას კი შვილები არ ჰყავდა.

ანატოლი ხარლამპიევის მემუარებში კეჭოუკა ნამდვილი სახელით - სპირიდონით არის მოხსენიებული.

კეჭოუკასნაირები დადიან კიდევ ამქვეყნად?