დაფიქრიდთ, რა ძვირად შეიძლება დაგიჯდეთ იაფი მომსახურება - კვირის პალიტრა

დაფიქრიდთ, რა ძვირად შეიძლება დაგიჯდეთ იაფი მომსახურება

ახალგაზრდა, 25 წლის გოგო რომ დაქორწინდა და დაორსულდა, ვირუსებზე სავალდებულო გამოკვლევების შედეგად შეიტყო, რომ C ჰეპატიტით იყო დაინფიცირებული (ეს ვირუსი ფარული მკვლელია, დიდი ხნის განმავლობაში ფარულად ცხოვრობს ორგანიზმში და მის არსებობას ადამიანი მხოლოდ მაშინ გრძნობს, როდესაც ღვიძლის ქსოვილს სახიფათოდ დაუზიანებს). საბრალოს ნერვიულობაზე მუცელი მოეშალა

"სილამაზის სალონები ახალი კანონებით შეზღუდეს და იძულებული გახდნენ მომსახურება გაეძვირებინათ. ამიტომაც მანიკიურის და პედიკიურის გამკეთებელ გოგოს სახლში ვიძახებ, აქ არც სადეზინფექციო სითხეს თხოვს ვინმე, არც სტერილიზაციის აპარატს და არც იმ რაღაც მკლავს, რაშიც თურმე მე რომ ფრჩხილებს მომაჭრის, ან ბამბებს რომ გამოიყენებს, ის უნდა დაწვას. შესაბამისად, რახან ამ ყველაფერზე ფულის დახარჯვა არ უწევს, იმასაც ურჩევნია, რომ სახლში მესტუმროს და მეც კმაყოფილი ვარ, როცა მინდა, მაშინ წამოვიცვამ ფეხზე ფეხსაცმელს და იმის შიში არ მექნება, რომ პედიკიური გამიფუჭდა." - ამ ტექსტით დამოძღვრა ჩემი მეგობარი მეზობლის გოგომ, რომელმაც თურმე რჩევაც არ დაიშურა და შესთავაზა, ჩემი მანიკიურ-პედიკიურის ქალი შენც სახლში გამოიძახეო. მეგობარმა ეს ამბავი რომ მითხრა, დიდი ხმით შევკივლე, არც გაბედო-მეთქი. არ ვაპირებ, მაგრამ ასე რამ შეგაშინაო? ვეჭვობ, როგორც ჩემმა მეგობარმა და მით უფრო მისმა მეზობელმა ახალგაზრდა ქალმა, ბევრმა ადამიანმა არ იცის რეალურად რა ხდება.

სილამაზის სალონები ახალი კანონებით კი არ შეზღუდეს, სახელმწიფო ასე შეეცადა დაემყარებინა წესრიგი, რომელმაც სილამაზის სალონების და ესთეტიკური მომსახურების სახლების მომსახურებით მოსარგებლე პირები სისხლით გადამდებით დაავადებებისგან უნდა დაიცვას.

შეგახსენებთ, საქართველო C ჰეპატიტის გავრცელებით ერთ-ერთი მაღალი რისკის ქვეყანაა, სადაც შესაბამისი გათვლების საფუძველზე თითქმის 200 000 ვირუსით დაინფიცირებული უნდა ცხოვრობდეს და ეს ხალხი სრულად რომ გამოვლინდეს, აუცილებელი და საჭიროა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გაიკეთოს გამოკვლევა ვირუსზე. სხვათა შორის, კვლევა უფასოა.

არ იკითხავთ საიდან დაინფიცირდა ამდენი ხალხი? სხვადასხვა რისკ-ფაქტორებს შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფრთხის მატარებელია სილამაზის სალონები და ესთეტიკური მომსახურების ცენტრები. თუ არ იცით, გაითვალისწინეთ, რომ C ჰეპატიტი მხოლოდ სისხლით და შესაბამისად იმ საგნებით გადადის, რომლებსაც დაინფიცირებულ სისხლთან შეიძლება ჰქონდეს შეხება, მათ შორის არის ის ხელსაწყოები, რითაც პედიკიურს და მანიკიურს ვიკეთებთ. როგორც ზოგიერთ, ამ საქმის ხელოსანს ჰგონია, გამდინარე წყალში ხანგრძლივი რეცხვის, შემდეგ მდუღარეში ჩაგდების და ბოლოს სპირტით დამუშავების შედეგად C ჰეპატიტის ვირუსი არ კვდება. მის განადგურებას ჯერ კარგი გარეცხვა სჭირდება (სხვათა შორის, სპეციალური ხელთათმნით დაცული ხელებით), შემდეგ სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება და ბოლოს თითქმის ერთ საათიანი სტერილიზაცია სპეციალურ აპარატში.

თუ რომელიმე სალონში იწუწუნებენ, რომ ამ ყველაფერს ბევრი ფული სჭირდება და თან მუდმივი, სავალდებულო დამუშავების გამო ხელსაწყოები მალე ფუჭდება და ხშირად უწევთ ახლის შეძენა, ამ ყველაფრის მოსმენაზე ერთი წამითაც არ დაგეუფლოთ შეცოდების გრძნობა, რადგან ის, ვინც გარკვეული სერვისით უნდა მოგემსახუროთ და ასე წუწუნებს, მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე წუხს და არ ესმის ან არ სურს გაიგოს რა მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების ამ ზომებს. ერთ ამბავს გეტყვით, ჩემი ახლობელი, ახალგაზრდა, 25 წლის გოგო რომ დაქორწინდა და დაორსულდა, ვირუსებზე სავალდებულო გამოკვლევების შედეგად შეიტყო, რომ C ჰეპატიტით იყო დაინფიცირებული (ეს ვირუსი ფარული მკვლელია, დიდი ხნის განმავლობაში ფარულად ცხოვრობს ორგანიზმში და მის არსებობას ადამიანი მხოლოდ მაშინ გრძნობს, როდესაც ღვიძლის ქსოვილს სახიფათოდ დაუზიანებს). საბრალოს ნერვიულობაზე მუცელი მოეშალა, იმდენად ჯანმრთელი კბილები ჰქონდა, რომ სტომატოლოგთან ცხოვრებაში არ ყოფილა, შესაბამისად, ამ გზით დაინფიცირება გამოირიცხა, ქმარი ჯანმრთელი იყო, ე.ი. არც მისგან არ გადასდებია, ოჯახშიც ყველა ჯანმრთელი აღმოჩნდა, გინეკოლოგთანაც პირველად ორსულობის გამო მივიდა, სამედიცინო კლინიკებში სხვა ინვაზიური ჩარევა არ დასჭირვებია, შესაბამისად ვირუსის გადადების ყველა გზა გამოირიცხა ერთის გარდა, ის სილამაზის სალონების ხშირი სტუმარი იყო. როგორც ჩანს, ერთხელაც, სალონში იმ ქალს, ვინც პედიკიურს და მანიკიურს უკეთებდა, ანანოს მისვლამდე ვიღაც დაინფიცირებული სტუმრობდა. ალბათ იმ დღეს ანანოსავით რამდენი დაინფიცირდა?!

მოკლედ, გირჩევთ, თითოეულმა თქვენგანმა ასი ყური და თვალი გამოისხით და სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მოვლის ცენტრებში მოითხოვეთ ყველაფერი საგანგებოდ დამუშავებული როგორც დეზინფექციაზე, ისე სტერილიზაციაზე. თუ ტატუს ან პირსინგს იკეთებთ, არ დაუშვათ, რომ ნახმარი ნემსით მოგემსახურონ, თქვენს თვალწინ გახსნან დალუქული პაკეტი, იგივე მოითხოვეთ ელექტროელიპალიის დროსაც. ერთმა ჩემმა მეგობარმა ელექტროეპილაცია რომ გაიკეთა, სახეზე საშინელება დაემართა. სავარაუდოდ, სხვაზე გამოყენებული ნემსით მოემსახურენ და სოკოვანი დაავადება გადაედო. დიდხანს მკურნალობდა და იტანჯებოდა იმ დისკომფორტისგან, რაც უპასუხისმგებლო სპეციალისტთან სტუმრობისას სილამაზის ნაცვლად მიიღო.

ბოლოს, თუ ჩვენი უსაფრთოხებისთვის აუცილებლობის გამო სალონებში ერთი ორი ლარით გაძვირდება მომსახურება, იფიქრეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, ის, რომ რეალურად გქონდეთ უსაფრთხო მომსახურების გარანტია, თუ ორი ლარის ეკონომიის მიზნით სახლში გამოიძახოთ უპასუხისმგებლო "ხელოსანი", რომელიც არავინ იცის იაფი მომსახურების სახით საჩუქრად რა დაავადებას მოგიტანთ.

P.S. იმდენი არა, რამდენიც სილამაზის სალონია, მაგრამ თბილისში და საქართველოშიც ბევრ ადგილზე შეიგიძლიათ უფასოდ გაიკეთოთ გამოკვლევა C ჰეპატიტზე და 6 თვეში ერთხელ თავი აკონტროლოთ. სულ რაღაც პატარა ჩხვლეტა გჭირდებათ თითში, ვერც კი იგრძნობთ. პასუხს ათ წუთში გეტყვიან და თუ ვირუსი აღმოგაჩნდებათ, ნუ ჩავარდებით პანიკაში, რადგან საბედნიეროდ, C ჰეპატიტს საქართველოში უფასოდ მკურნალობენ.

ისეც ნუ იზამთ, რომ რახან მკურნალობა უფასოა, ჯანდაბას, თუ დაინფიცირდებით. შეგახსენებთ, მხოლოდ C ჰეპატიტი არ გადადის სისხლით, გაუფრთხილებლობის და უპასუხისმგებლობის შედეგად თქვენ ასევე შეიძლება გადაგედოთ სისხლით გადამდები B ჰეპატიტი, შიდსი და ვენერიული დაავადებები. შეგახსენებთ, არცერთი მათგანის არც გამოკვლევა და მით უფრო მკურნალობა უფასო არ არის და შედეგი არანაკლებ მძიმე მოაქვს, ვიდრე C ჰეპატიტს. ამიტომაც ვიდრე უაზრო ეკონომიას გასწევთ, დაფიქრდით, რამდენად ძვირი შეიძლება დაგიჯდეთ სილამაზის მისაღწევად მიღებული იაფი მომსახურება.