"ძალადობას ვგმობ, მაგრამ" - კვირის პალიტრა

"ძალადობას ვგმობ, მაგრამ"

და კვლავ 17 მაისი. ამ თემაზე ბევრი ილაპარაკეს და დაწერეს, თუმცა მომხდარის სრულიად გააზრება მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ ვერ შეძლო. ჩემი ბლოგი ამჟამად არა კონკრეტულად იმ დღეს განვითარებულ მოვლენებს, არამედ მასზე საზოგადოების რეაქციას შეეხება.

ერთი რამ აშკარაა - ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი თუ არ ამართლებს აქციის დარბევას, არ აპროტესტებს მაინც. თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც "ძალადობას ვგმობ, მაგრამ" ფენომენია, რომელიც უფრო მავნებელია საზოგადოებისთვის, ვიდრე ტაბურეტით მორბენალი მღვდელია. ამ ფრაზას ხშირად "განვითარებული პაპუასები" იყენებენ, რომლებსაც ინტელექტის ქონაზე აქვთ პრეტენზია და ორი-სამი წიგნიც კი აქვთ წაკითხული. პრობლემა იმაშია, რომ თუ რამე წაუკითხავთ, იმ წაკითხულიდან მხოლოდ იმას იმახსოვრებენ, რაც მათ უკვე ჩამოყალიბებულ აზრს ამძლავრებს, სიმართლის და ობიექტურობის ძიება მათვის უცხოა, მათ ჭეშმარიტება უკვე იპოვეს, წიგნები კი მხოლოდ მათი სიმართლის გასამტკიცებლად არის საჭირო. ამიტომაცაა, რომ როდესაც ჰომოსექსუალიზმზე საუბრობენ, "ძალადობას ვგმობ, მაგრამ" ადამიანები იყენებენ მათივე მსგავსი შეხედულებების ადამიანების ნაშრომებს (ამის აშკარა მაგალითია პეტრე მამრაძის მიერ ამავე საიტზე გამოქვეყნებული ორი ბლოგი "ცოტა ჰომოფილიაზე") და სრულიად ივიწყებენ, რომ 1990 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალიზმი დავადებათა სიიდან ამოიღო. ასეთი ხალხი იმაზეც გულმოდგინედ ხუჭავს თვალს, რომ ჰომოსექსუალიზმი ბუნებაში ისეთივე ჩვეული მოვლენაა როგორც ჰეტეროსექსუალობა და ბისექსუალობა, ხოლო იმის ხსენებაზე, რომ მსოფლიო გენიოსების მესამედი მაინც არატრადიციული ორიენტაციის იყო, მათი რისხვის გამოწვევის უტყუარი საშუალებაა. ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ "მთავარ არგუმენტს" მხოლოდ რელიგიური ტექსტებიდან თუ მოიყვან. იმის განხილვა, თუ რამდენად მართებულია ასეთი მიდგომა შორს წაგვიყვანს, კმარა მხოლოდ იმის თქმა, რომ რწმენა ყოველი ადამიანის პირადი საქმეა, მაშინ კი როდესაც ადამიანი მხოლოდ თავის პირად შეხედულებებს აღიარებს და სხვისას არა მხოლოდ არ იზიარებს, არამედ არსებობის საშუალებას არ აძლევს, იბადება ფაშიზმი. ფაშიზმის ერთ ერთი დამახასიათებელი არის უმრავლესობის უფლებების უმცირესობისგან დაცვის რიტორიკაც, როდესაც მათი "უფლებების შელახვა" უმცირესობასთან გათანასწორებაში გამოიხატება.

როგორც უკვე ვახსენე, ამავე საიტზე, რამდენიმე დღის წინ დაიდო პეტრე მამრაძის ბლოგი, რომელიც ჰომოფილიასა და სხვა წარმოსახვით ურჩხულებთან ბრძოლას ეძღვნებოდა. ავტორმა ისეთ ზეადამიანებად გამოიყვანა ჰომოსექსუალები, რომ გავიფიქრე ცნობილი ფრენჩაიზის იქს-ადამიანების გმირებში ხომ არ ეშლება-მეთქი. თურმე ეს უმცირესობა იმხელა ინტელექტუალურ ძალას ფლობს, რომ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნების მთავრობების, მეცნიერების, ხელოვანების და საერთოდ ყველას გაცურება შეძლეს და დააჯერეს, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და არა ავადმყოფი, დეგრადირებული ადამიანები. შეთქმულების თეორიებს არ ვწყალობ და ვერც მაინც და მაინც ვერც ამ სტატიის წაკითხვას გირჩევთ, მე თვითონ ამის გასაკეთებლად არაადამიანური ძალისხმევა დამჭირდა. საკმარისია ითქვას, რომ თავის და უნებურად ავტორმა ჰომოსექსუალების ინტელექტს ისეთი ხოტბა შეასხა, ხოლო მათ წინააღმდეგ განწყობილი მოსახლეობის ინტელექტი ისე გაასწორა მიწასთან, რომ "ავადსახსენებელი გეების" ჩანერგილი მეგონა.

იმაზე საუბარი, თითქოს ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი დასავლური მედიაწყარო ამ "გარყვნილებას" უწევს პროპაგანდას, როგორც მინიმუმ, სიბრმავეა. ეტყობა, ავტორს ავიწყდება, რომ მემარჯვენეები და კონსერვატორები ძირითადად გეი უფლებების დაცვით არ გამოირჩევიან, შესაბამისად მათი ლობისტებიც და მათ განკარგულებაში არსებული მედია საშუალებებიც ისევე ქმნიან ანტი გეი პროპაგანდას, როგორც ლიბერალური გაზეთები შვებიან ამის საწინააღმდეგოს (ეს, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, აბსოლუტიზმში საუბარი ჩემი სტილი არ არის, თუმცა მგონია, რომ ასეთ პრიმიტიულ ლოგიკასთან შერკინებისას რაც შეიძლება მარტივად უნდა ვისაუბრო).

ნუთუ მხოლოდ ჩვენ გაუნათლებელ, მშიერ, უმუშევარ, დაბოღმილ ხალხს შეუძლია სიმართლეს ჩახედოს თვალებში და დაინახოს ჰომოსექსუალიზმის ნამდვილი სახე? ნუთუ განვითარებულ ქვეყნებში ხალხი ასეთი ბრმაა, რომ ვერ ხედავენ ორი ადამიანის პირადი ცხოვრებიდან წამოსულ საშიშროებას? ნეტა როდის დაკარგეს მხედველობა? ალბათ მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებებზე და თანასწორობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას აშენებდნენ. არა ბატონო, ჩვენ აქ მსოფლხედველობაში ფუნდამენტალურ განსხვავებასთან გვაქვს საქმე, ყველა ადამიანი ან თანასწორია ან არა. ამას ჩვენ ვერ ვიაზრებთ. დიახ ჩვენ, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, რომლებსაც ჭუჭყიანი დასავლეთისგან განსხვავებით არ განვიცდით სულიერ და ზნეობრივ კრიზისს.