კიდევ 49 წიგნი,რომელიც უნდა წაიკითხო,სანამ ცოცხალი ხარ! - ახალი პროექტის დეტალები - კვირის პალიტრა

კიდევ 49 წიგნი,რომელიც უნდა წაიკითხო,სანამ ცოცხალი ხარ! - ახალი პროექტის დეტალები

ყველაფერს აქვს დასაწყისი და სასასრული. უბრალოდ, ადამიანების ბუნებრივი სურვილია, რომ ის, რაც კარგია, გავიხანგრძლივოთ…ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოველი თქვენგანის მოსაზრება, ასე რომ გთხოვთ, დააფიქსიროთ მოსაზრება - გავიხანგრძლივოთ სიამოვნება? :) პასუხებს თქვენს კომენტარებში ველით!

ასე დავასრულე ჩემი წინა პოსტი, სადაც "50 წიგნის" დასრულებასა და ამავდროულად, მის შესაძლო გაგრძელებასთან დაკავშირებით ვიუწყებოდი. პოსტის დაწერის შემდეგ, ვიჯექი, "ვარეფრეშებდი" გვერდს და სულმოუთმენლად ველოდი ყოველ გამოხმაურებას. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ინტერენტმომხმარებლების მოსაზრებებია, რადგან მათ მოსაზრებებს პროექტის მენეჯმენტს ვაცნობ, ერთად ვუკეთებთ ანალიზს და ისინი შემდგომ გადაწყვეტილებებს სწორედ ინტერნეტმომხმარებლების შეხედულებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით იღებენ.

არ ვიცი, ამას უნდა ვწერდე, თუ არა, მაგრამ მქონდა მცირე ეჭვი, რომ შესაძლოა, პროექტის გაგრძელებას არ მოჰყოლოდა მკითხველის ისეთი მხარდაჭერა, როგორც 3 წლის წინ, "50 წიგნს" ჰქონდა. წინა პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, სწორედ ამიტომ ვიჯექი სუნთქვაშეკრული კომპიუტერთან და ყოველ გამოხმაურებას საგულდაგულოდ ვეცნობოდი. პოსტს 209 გამოხმაურება მოჰყვა. ვისარგებლებ შემთხვევით და ყოველი კომენტარის ავტორს ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი აქტიურობისთვის, აზრის დაფიქსირებისთვის. მით უფრო მაშინ, როდესაც პროექტი ახალ, საეტაპო მდგომარეობაზე იყო მისული და გამომცმელობა "პალიტრა L"-სთვის და "50 წიგნის" სრული კოლექტივისთვის უმნიშვნელოვანესი იყო საზოგადოების აზრი - გაგვეგრძელებინა პროექტი, თუ შევჩერებულიყავით 50-ზე.

პროექტის გაგრძელებას არა მხოლოდ ამ ბლოგის მკითხველი, არამედ ფეისბუქზე, პროექტის ოფიციალური გვერდის 69 ათასზე მეტი "ლაიქერი", სხვადასხვა ინტერნეტფორუმების მომხმარებლები და გაზეთ "კვირის პალიტრის" მკითხველები პროექტის მსვლელობისასაც ითხოვდნენ. მათ უმრავლესობაში, სურვილი, რომ არ შევრჩერდეთ 50-ზე და მსოფლიოს რჩეული ნაწარმოებები 100-მდე გავზარდოთ, პროექტის დასკვნით ეტაპზე კიდევ უფრო გამძაფრდა. ერთის მხრივ, ცხადია, გამომცემლობას ჰქონდა სურვილი, რომ გაეგრძელებინა პროექტი და მეორეს მხრივ, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ამ გამოხმაურებების გათვალისწინებით, გამომცემლობას უფლება არ ჰქონდა, ეს ყველაფერი არ გაგრძელებულიყო!

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სურვილი, გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე აუცილებლად წასაკითხ ას წიგნამდე, ორმხრივია. ასე რომ, ახლა უკვე დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ "50 წიგნის" ბოლო, 50-ე წიგნის გამოსვლის შემდეგ ჩვენ წინ მთავარი წიგნი - ბიბლია გველოდება, და ამის შემდეგ - "კიდევ 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ!"

მაშ, ასე, ერთად გავაგრძელოთ საუკუნის პროექტი!

სწორედ მრავალრიცხოვან მკითხველთა თხოვნით, პროექტი "50 წიგნი, რომელიც უნდა, წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ", გრძელდება!

"50"  + ბიბლია + "კიდევ 49, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ!"

100 წიგნი  ჩვენს თაროზე და 1 საუკუნე სიცოცხლის გზა.

პროექტის პრეზენტაცია გაიმართება ამ სამშაბათს, 12 თებერვალს, 15:00-ზე, საბურთალოზე მდებარე "გუდვილში",  "ბიბლუსის" მაღაზიაში!

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ დღეს მოხდება ის არის, რომ 12 თებერვალს, მთელი დღის განმავლობაში შეგეძლებათ "50 წიგნის" პროექტში შემავალი ყველა ტომი შეიძინოთ აქციის ფასად - 7 ლარად! ეს მართლაც უნიკალური შანსია, შეავსოთ თქვენი ბიბლიოთეკა!

რაც შეეხება "49 წიგნს", ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ პროექტზეც იგივე "თამაშის წესები" იმოქმედებს, რაც "50 წიგნის" შემთხვევაში იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამომცემლობა არ მიიღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა წიგნებით დაკომპლექტდეს 49 ტომეული. აქაც, ისევე როგორც "50 წიგნის" შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა თქვენს მოსაზრებებს, თქვენს სურვილებს ექნება!

ვინც უკვე სამი წელია ჩვენთან ხართ, კარგად გემახსოვრებათ, ხოლო მათ, ვინც არ იცის, მინდა მოგიყვეთ ერთი "ქეისის" შესახებ, რომლითაც ნათელი ხდება თქვენი გავლენა გამომცემლობაზე.

"50 წიგნის" გამოკითხვების პირველი ნაკადის გათვალისწინებით, ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ  "50 წიგნში'' დოსტოევკის "დანაშაული და სასჯელი" შევიდოდა. გამომცემლობამ დაიწყო წიგნის მომზადებაზე ზრუნვა, რაც მოგეხსენებათ, კომპლექსურად, უამრავი ადამიანის ჩართულობასა და საკმაოდ დიდ შრომას ითვალისწინებს. და სწოდედ იმ დროს, როდესაც უკვე გაცემული იყო განკარგულება წიგნის დაბეჭდვასთან დაკავშირებით, ფორუმ.გე-ზე და ფეისბუქზე გამოჩდნენ ადამიანები, რომლებმაც შექმნეს "ძმები კარამაზოვების" ფანკლუბი, აქტიურად დაიწყეს წიგნის მხარდამჭერი ინტერნეტკამპანია და სხვა ინტერენეტმომხმარებლების მომხრობას შეეცადნენ.

გარკვევით იყო ცნობილი მათი მოტივაციაც: ცხადია, არავის უფიქრია "დანაშაული და სასჯელის" დაკნინება. უბრალოდ, ისინი მიიჩნევდნენ, რომ ამ ორი არაჩვეულებრივი ნაწარმოებიდან, უმჯობესია, ორმოცდაათეულში შესულიყო და, შესაბამისად, დაბეჭდილიყო "ძმები კარამაზოვები", რომლის ქართული თარგმანი, იმ დროისათვის, ფაქტობრივად არ მოიძებნებოდა.

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა, თითქმის უკვე დასაბეჭდად გაგზავნილი წიგნი ამოიღო "ორმოცდაათეულიდან" და ის "ძმები კარამაზოვებით" ჩაანაცვლა.

ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა მნიშვნელოვანია თქვენი აზრი ჩვენთვის. თუ რა მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის ჩართულობა პროექტში; ასე რომ, კვლავ იაქტიურეთ, კვლავ დაასახელეთ თქვენი ფავორიტი წიგნები, მოიყვანეთ არგუმენტები, თუ რომელ ნაწარმოებს რა მიზეზით უჭერთ მხარს, და 49 ტომეულიც სწორედ ისევე იქნება თითოეული ჩვენგანის, როგორც წინა 50 წიგნი!

მომდევნო პოსტში იხილავთ "49 წიგნის" პირველ, სასტარტო ხუთეულს, რომელიც დაკომპლექტდა წიგნებით, რომლებიც მოთხოვნადი იყო "50 წიგნის" გამოკითხვებში.

უახლოეს მომავალში შეიქმნება ხმის მიცემისათვის განკუთვნილი სპეციალური გვერდი, სადაც მარტივად და მოსახერხებლად შეძლებთ თქვენი ფავორიტი წიგნების სიის შედგენას, თუმცა მანამდე, წიგნები, რომელიც გსურთ იხილოთ "49 წიგნში",  აქ, ამ პოსტის ქვეშ, კომენტარის სახით დაგვიტოვეთ.

დაგვისახელეთ წიგნები, რომელმაც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

არ დაგავიწყდეთ, წინ გველის "კიდევ 49 წიგნი" ... წიგნები, რომელიც თქვენი არჩეული იქნება!